GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტოლერანტობის დღის აღნიშვნა

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

2006 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი და ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

ამ დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობის ცენტრი ყოველწლიურად რელიგიურ და ეთნიკურ ორგანიზაციებთან ერთად აწყობს ბრიფინგსა და სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას, რომელშიც გამოვლენილია ამ სფეროში არსებული ტენდენციები, დარღვევები, სისტემური პრობლემები.

ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით მზადდება ბილბორდები და სარეკლამო აბრები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში იფინება მეტროს სადგურებში და ავტობუსებზე.

2007 წლიდან სამცხე-ჯავახეთში სახალხო დამცველის პატრონაჟით იმართება ტოლერანტობის ფესტივალი, რომლის ორგანიზატორები ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ფესტივალის ორგანიზებასა და წარმართვაში სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი აქტიურად არის ჩაბმული.

2010 წლის ტოლერანტობის დღის აღსანიშნავად, სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოეს „ტოლერანტობის ქომაგები“ – ის პიროვნებები, ორგანიზაციები და მედია საშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

რელიგიათა საბჭომ „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული მიანიჭა: კინომცოდნე გოგი გვახარიას, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი შემოქმედებით -  როგორც პუბლიცისტიკით, ასევე სატელევიზიო თუ რადიო პროექტებით ამსხვრევს საბჭოურ, ნაციონალისტურ, ფუნდამენტალისტურ სტერეოტიპებს და ცდილობს დაამკვიდროს საქართველოში პიროვნების თავისუფლების, მრავალფეროვნების და ტოლერანტობის პატივისცემის კულტურა; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც თავისი სამეცნიერო საქმიანობის ნაწილად მიიჩნევს სხვადასხვა რელიგიური ტრადიციების კვლევას და ამ გზით ხელს უწყობს რელგიათაშორის დიალოგის წახალისებას და ჟურნალებს ,,ლიბერალი“ და ,,ტაბულა“. გამოცემებს,  რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს.
 
ეთნიკურ უმცირესობათა საბჭომ „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული მიანიჭა ადამიანის უფლებათა დამცველ, ემილ ადელხანოვს, რომელიც საბჭოთა პერიოდში დისიდენტურ უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა . იგი დღესაც აქტიური უფლებადამცველია. მისი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს სწორედ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ასევე ლტოლვილების და სხვადსხვა დაუცველი ჯგუფების ინტერესების დაცვა წარმოადგენს; საქართველოს გაეროს ასოციაციას, ორგანიზაციას, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველკვირეული თოქშოუს,  „ჩვენი ეზო“, რომელიც მუდმივად აშუქებს ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკას და ხელს უწყობს მათი კულტურის წარმოჩენას. გადაცემაში, სხვა სტუმრებთან ერთად, მუდმივად მონაწილეობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.

2011 წლის 24  ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. 
  
ღონისძიება გახსნეს საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა. 
სახალხო დამცველმა მიმოიხილა 2011 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები. 
  

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა დააჯილდოეს ჟურნალისტური კონკურსის ”ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულები. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლელა დუმბაძე (გაზეთი „ბათუმელები“) – სტატია „რა არის ნაციონალური ფუნდამენტალიზმი“; მეორე ადგილი წილად ხვდა ლევან სუთიძეს („ტაბულა“) – სტატია „ნახევარმთვარის მოტაცება“, ხოლო  მესამე ადგილის მფლობელი გახდნენ  –  სალომე უგულავა და ლევან სუთიძე („ტაბულა“) – სტატია “დეპორტირებული მესხები: ფერგანამდე და უკან”. საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის პრიზი გადაეცა ახალციხის ტელეკომპანია მე–9 არხის ჟურნალისტებს: რუსუდან გვარამაძეს და სერგეი ფიდანიანს, სიუჟეტისთვის მუსლიმი მესხების შესახებ. 
  
ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ტრადიციად იქცა „ტოლერანტობის ქომაგების“ გამოვლენა და დაჯილდოება. სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ავლენენ და საპატიო სიგელებითა და პრიზებით აჯილდოებენ იმ პიროვნებებს, ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს. წელს ეთნიკურმა საბჭომ საპატიო ტიტული მიანიჭა კინომცოდნე ნინია კაკაბაძეს, ფონდ „ალპეს“ და გაზეთ „მრავალეროვან საქართველოს“. რელიგიათა საბჭოს რჩეულების გახდნენ: თეოლოგი ბასილ კობახიძე, „კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“ და ინტერნეტ გამოცემა „netგაზეთი)
  
დასასრულს გაიმართა სახალხო დამცველის ვებ–გვერდის www.tolerantoba.ge–ს პრეზენტაცია. 
  
ღონისძიებას, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმრათა ესწრებოდნენ მთავრობის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები. 
  

 

 

 


 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group