GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ანა პოლიტკოვსკია -ჟურნალისტი, როგორც მეომარი

ნინო ბექიშვილი      


"ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პოლიტიკური მკვლელობა, და ასეთი ათობით იყო, ბოლომდე არ გამოძიებულა. რამდენჯერმე შემსრულებლები დააკავეს, მაგრამ ვერც ერთხელ _ დამკვეთები. ესეც ამტკიცებს, რომ დამკვეთები ზედა ეშელონებში სხედან, ხელისუფლებასთან ძალიან ახლოს. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა გაიხსნება? ეს მწარე რეალობაა".

 ლუდმილა ალექსეევა

 

2006 წლის 7 ოქტომბერს, მოსკოვში, საკუთარ სადარბაზოში მოკლეს რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია. შაბათი დღე იყო, ანა მაღაზიიდან შინ პროდუქტებით დატვირთული დაბრუნდა, ლიფტში შევიდა, ბარგის ნაწილი სახლის კართან დატოვა და როცა დარჩენილი პაკეტების ასატანად ბრუნდებოდა, სწორედ იმ დროს ესროლეს. სახლის სადარბაზოში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა მკვლელი, კაპიუშონდახურული, გამხდარი ახალგაზრდა მამაკაცი.

  

"მოკლეს რუსეთის სინდისი", "მოკლეს მსოფლიოს ყველაზე ღირსეული ჟურნალისტი", ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა რუსული და მსოფლიო პრესა ანა პოლიტკოვსკაიას. დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა, ისინი, ძირითადად, მისი სტატიების უბრალო მკითხველები, უბრალო ადამიანები იყვნენ, ვისაც სიცოცხლეში ერთხელაც არ ენახათ ის. ემშვიდობებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის ელჩები. პანაშვიდებზე იდგნენ მუსლიმური თავსაფრებით თავდაბურული ქალებიც, შეიძლება სწორედ ისინი, ვის შესახებაც ანა პოლტკოვსკაია წერდა. ფორმიანები არ ჩანდნენ, მაგრამ ამდენ ხალხში იოლად გამოარჩევდით სამხედრო ყაიდაზე გაჯგიმულ მამაკაცებს. თუ არ ჩავთვლით ომბუდსმენ ვლადიმირ ლუკინს, დაკრძალვაზე რუსეთის ხელისუფალთა მხრიდან არავინ მოსულა.

  

პოლიტკოვსკია რუსულ და, ალბათ, მსოფლიო ჟურნალისტიკაშიც, მართლაც, მოვლენა გახლდათ. ერთი შეხედვით სუსტი ქალი იმას ახერხებდა, რასაც სხვები ვერ ბედავდნენ   ძირითადად ჩეჩნეთის ომზე წერდა, უფრო სწორად, ამ ომს და მის მიზეზებს იკვლევდა, იძიებდა კონკრეტული ადამიანების ისტორიებს და შემდეგ, რითიც შეეძლო ეხმარებოდა მათ  დაჰყვებოდა სასამართლოებში და ჩინოვნიკების კაბინეტებში; ცდილობდა, ყველაზე მძიმე წუთებში არ მიეტოვებინა ისინი. უნიკალური მისი მოღვაწეობა სწორედ იმით იყო, რომ როგორღაც ახერხებდა და მათ გვერდით აღმოჩნდებოდა ხოლმე, ვისაც ძალიან უჭირდა. პოლიტკოვსკაია აკრედიტაციის გარეშეც ახერხებდა იქ მოხვედრას, სადაც შეღწევა ნამდვილად წარმოუდგენელი იყო. მას ბევრჯერ ჰქონდა შემოთავაზება ეკსკლუზიური ინტერვიუ ჩაეწერა ბასაევთან და სხვა ჩეჩენ საველე მეთაურებთან, მაგრამ რადგანაც სენსაცია, სახელი და დიდება არ აინტერესებდა, ყოველთვის უარობდა ხოლმე  აბა, რაზე უნდა ველაპარაკო ბასაევსო.

 


ბევრი მიტოვებული და გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანი სწორედ ანა პოლიტკოვსკაიასგან ელოდა დახმარებას. ყოველდღიურად ურეკავდნენ, სწერდნენ წერილებს, რედაქციაში აკითხავდნენ. მისი ძალიან ბევრს სჯეროდა. რუსეთის ხელისუფლებასა და გენერალიტეტს, ბუნებრივია, არ უყვარდათ; ეშინოდათ კიდეც მისი და როცა ვერაფერს გახდნენ - ვერ დააშინეს და ვერ გააჩუმეს - მოკლეს და ასე მოიშორეს თავიდან.

 

 
ანა პოლიტკოვსკია ისე წერდა, რომ სრულიად შესაძლებელია შურისძიების საბაბად მისი ნებისმიერი სტატია ქცეულიყო. ჟურნალისტებს, ანალიტიკოსებს, პოლიტიკოსებს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მრავალი ვერსია ჰქონდათ. მაგრამ ეს მკვლელობა რომ სწორედ მის საქმიანობას უკავშირდებოდა, ამაზე არავინ კამათობდა. ბევრს, ძალიან ბევრს უშლიდა ეს ქალი ხელს. შეიძლება ამიტომაც ახერხებდა უამრავი ადამიანისთვის რეალური დახმარების გაწევას.

 

მისი სიკვდილის პირველივე დღეებში ეჭვი ჩეჩნეთის პრეზიდენტ კადიროვზე აიღეს, რომელსაც პოლიტკოვსკაია ძალიან ხშირად ამხილებდა და აკრიტიკებდა, სიკვდილის წინა დღეებშიც სწორედ მის შესახებ ამზადებდა სტატიას. შემდეგ გაახსენდათ მილიციის ოფიცერი ლაპინი, რომელსაც პოლიტკოვსკაიმ 2001 წელს თავის პუბლიკაციაში  "ადამიანები, რომლებიც ქრებიან" ბრალი  დასდო მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში, სტატიის საფუძველზე აღიძრა საქმე და 2005 წლის მარტში ლაპინს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ მხოლოდ ერთი ლაპინი ხომ არ ყოფილა? მსოფლიო და რუსული პრესა, უამრავი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი პირდაპირ თუ ირიბად ბრალს პუტინის ხელისუფლებას სდებდა. რუსეთის პრეზიდენტი იძულებული გახდა ოფიციალურად განეცხადებინა, რომ `პოლიტკოვსკაიას სიკვდილმა გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის ხელისუფლებას, ვიდრე ჟურნალისტს თავისი პუბლიკაციებითა და მოღვაწეობით მოჰქონდა~. ეს ცინიკური განცხადება, ალბათ, კარგად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რაც რუსეთის პრეზიდენტს არა მხოლოდ პოლიტკოვსკაიას, არამედ, ზოგადად, მედიის, უფრო ზოგადად კი - საკუთარი მოქალაქეების მიმართ ჰქონდა. თუმცა პუტინი იმასაც მშვენივრად მიხვდა, რომ იმ ჟურნალისტის მკვლელობა, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, უსმენდნენ და პატივს სცემდნენ, დიდი დარტყმა იყო რუსული სახელმწიფოსთვის და 2007 წლის აგვისტოში პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს. თუმცა, ვინ იყო დამკვეთი, დღემდე უცნობია და ალბათ უცნობად დარჩება ბოლომდე.

 

 
2007 წლის 25 იანვარს ევროპარლამენტის სესიაზე მოისმინეს ბრიტანელი დეპუტატის ენდრიუ მაკინტოშის მოხსენება "მუქარა და ჟურნალისტების მიერ აზრის გამოთქმის თავისუფლება". მოხსენებაში შეშფოთება იყო გამოთქმული 2006-2007 წლებში ევროპაში ჟურნალისტებზე განხორციელებული მრავალი თავდახსმის გამო. მომხსენებელმა ცალკე ისაუბრა თურქეთში მოკლული სომეხი ჟურნალისტის გრანტ დინკისა და ანა პოლიტკოვსკაიას შესახებ. ევროპარლამენტმა მოუწოდა რუს პარლამეტარებს ამ მკვლელობის `დამოუკიდებლელი საპარლამენტო გამოძიება~ ეწარმოებინათ. რეზოლუციაში ამ პუნქტის შეტანა რუსულმა დელეგაციამ გააპროტესტა. რუსული დეპუტაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კასაჩოვმა დაურიდებლად აღნიშნა, რომ "პარლამენტარებს არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ ეჭვი შეეტანათ სამართლადამცავთა მუშაობაში და რომ პოლიტკოვსკიას ოჯახის წევრებსაც და კოლეგებსაც არანაირი პრეტენზიები არა აქვთ გამოძიების მიმართ~. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად მთელი ცივილიზებული მსოფლიოს აღშფოთებისა, პოლიტკოვსკაიას სიკვდილის შემდეგ რუსულ პრესაში გაჩნდა სტატიები, სადაც ავტორები ამტკიცებდნენ, რომ, მართალია, ქალი არ უნდა მოკლა, მაგრამ, მტერს სქესი არა აქვს; შესაბამისად, პოლიტკოვსკაიამაც "დაიმსახურა" სიკვდილი, ის ხომ მტერი იყო - ტერორისტებს თანაუგრძნობდა.

 

 
ანა პოლიტკოვსკაია 1958 წელს ნიუ-იორკში დაიბადა, სადაც მისი მშობლები დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდნენ. მამამისი, საპან მაპზეპა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭოთა კავშირის წამომადგენლობაში მუშაობდა. ანა მოსკოვში გაიზარდა და შემდეგ იგონებდა, რომ ბავშვობაში ძალიან ეშინოდა, სკოლიდან საყვედური არ გაეგზავნათ ამერიკაში, მშობლებთან; ამიტომაც ფრიადებზე სწავლობდა. შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სადიპლომო ნაშრომი მარინა ცვეტაევას შესახებ დაწერა. ცვეტაევას სახელს უკავშირდება ანას და მისი მომავალი ქმრის, ცნობილი ჟურნალისტის, "ვზგლიადის" ერთ-ერთი დამაარსებლის, ალექსანდრ პოლიტკოვსკის შეხვედრაც. ანას მშობლების მიერ ამერიკიდან ჩამოტანილი ცვეტაევას კრებულები ჰქონდა, რაც მაშინ, საბჭოთა ეპოქაში, დიდი იშვიათობა გახლდათ. ამ კრებულებმა დააახლოვა ისინი და ძალიან მალე ანა უკვე ორი შვილის დედა გახდა. სანამ შვილები არ წარმოიზარდნენ, ანას მუშაობის საშუალება არ ჰქონია. იწყებდა ხოლმე სამსახურს, მაგრამ რადგან ბავშვების მიმხედავი არავინ ჰყავდა, მალე ისევ თავს ანებებდა. თანაც მაშინ, როცა შვილები პატარები ჰყავდათ და მარტო ქმარი მუშაობდა, ძალიან უჭირდათ. ანას კი უნდოდა ბავშვებისათვის მუსიკალური განათლება მიეცა და ფორტეპიანო და ვიოლინო ეყიდა მათთვის. ამ მიზნის მისაღწევად თურმე ღამღამობით დამლაგებლად მუშაობდა - იატაკს რეცხავდა და ამით მოაგროვა ფული. შემორჩენილია კადრები, სადაც ის ამბობს: "ძალიან არ მინდა ჩემი შვილები პოლიტიკოსები ან ჟურნალისტები გახდნენ, კარგი სმენა და მონაცმები აქვთ და, დაე, დაუკრანო".

 

 
ანამ აქტიური ჟურნალისტური მოღვაწეობა 1994 წლიდან დაიწყო, ჯერ "ობშჩაია გაზეტას" განსაკუთრებული მოვლენების განყოფილების გამგედ მუშაობდა. 1999 წლიდან სიკვდილამდე კი "ნოვაია გაზეტას" სპეც-კორესპონდენტი იყო. დაწერა სამი წიგნი - "მოგზაურობა ჯოჯოხეთში. ჩეჩნური დღიური", "ჩეჩნეთის მეორე ომი" და "პუტინის რუსეთი", სადაც წერდა:
"რატომ არ მიყვარს პუტინი? გულგრილობის გამო, რომელიც დანაშულზე უარესია, ცინიზმის გამო; რასიზმის გამო; ტყუილის გამო; იმ გაზის გამო, რომელიც ნორდ-ოსტის აღებისას გამოიყენა, უდანაშაულო ბავშვების დახოცვის გამო, რომელიც მისი პრეზიდენტობის მთელი პირველი ვადის განმავლობაში გრძელდებოდა".

 

 
ანა პოლიტკოვსკაიას მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული. 2002 წელს რეპორტაჟების სერიისთვის რუსეთის ჟურნალისტთა ფედერაციის პრემია "ოქროს კალამი" მიენიჭა, იმავე წელს კორუფციასთან ბრძოლისათვის - "ოქროს გონგი". მას სიცოცხლეშივე აღიარებდნენ უცხოეთშიც.

 

თავიდან ანა პოლიტკოვსკაია კორესპონდენტად მუშაობდა, მაგრამ თანდათან, მას შემდეგ, რაც უამრავი უსამართლობა და სისასტიკე ნახა, უნებურად, ადამიანის უფლებების დამცველად იქცა. მისთვის ჟურნალისტიკა მხოლოდ სტატიების წერა არ იყო: ცდილობდა გაჭირვებასა და უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანებს რეალურად დახმარებოდა. მას ასე ესმოდა თავისი მისია: არა მარტო წერდა და აქვეყნებდა სტატიებს, არამედ დაუღალავად დადიოდა ჩინოვნიკების კაბინეტებში, სასამართლო დარბაზებში და სიმართლეს ეძებდა.
1999 წელს მან წარმოუდგენელი რამ შეძლო. თითქმის დაცლილ გროზნოში, როცა უკვე გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობდა ჩეჩნებსა და ფედერალურ ძალებს შორის, ორივე მხარესთან მოახერხა მოლაპარაკება და ცეცხლი რამდენიმე საათით შეწყვიტეს, რათა გროზნოს მოხუცებულთა სახლის ევაკუაცია მოეხდინათ. სწორედ პოლიტკოვსკაიამ გამოიყვანა ალმოდებული გროზნოდან და უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა 89 უმწეო მოხუცებული. ამისთვის მას ტყუილის თქმა დასჭირდა _ რუსი ჩინოვნიკები მოატყუა, გროზნოს მოხუცებულთა სახლში მხოლოდ ეთნიკურად რუსი მოხუცებიღა არიან დარჩენილიო. შემდეგ დაწერს, ამას რომ ვაკეთებდი, ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო საიმისოდ, რომ რუსი ჩინოვნიკები დამეყოლიებინა და ამ მოხუცებულთა სახლის ევაკუაცია მომეხერხებინაო. შემდეგ, ერთ-ერთ მინისტრს მისთვის საყვედურიც კი უთქვამს, ევაკუირებულთა შორის თხუთმეტი ჩეჩენი აღმოჩნდაო. ერთი წლის შემდეგ ჩეჩნეთის მთავრობამ, იმ საბაბით, რომ თითქოს ჩეჩნეთში მშვიდობა დამყარდა და უკვე აღარაფერი იყო საშიში, 22 მოხუცებული ისევ გროზნოში დააბრუნა. პოლიტკოვსკაიამ მოინახულა მოხუცები და როცა ნახა, რა მძიმე დღეში იყვნენ ისინი, კვლავ დაწერა მათზე და მკითხველთა დახმარებით მოახერხა საკვები და ფული მოეგროვებინა ამ გაჭირვებული ადამიანებისათვის.

 

 
ანა პოლიტკოვსკაია რამდენჯერმე დააკავეს ჩეჩნეთში და ანტიტერორისტული ოპერაციის დროს აკრედიტაციის უქონლობის გამო გამოაძევეს იქიდან. ის კვლავ და კვლავ ბრუნდებოდა ჩეჩნეთში, ისევ და ისევ წერდა ომზე და ცდილობდა აეხსნა, რატომ და როგორ გადაიქცნენ ტერორისტებად ერთ დროს ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები. თავისი წიგნის ("ჩეჩნეთის მეორე ომი") შესავალში პოლიტკოვსკაია წერდა:


"ვინ ვარ და რატომ ვწერ ჩეჩნეთის ომზე?
ჟურნალისტი ვარ. "ნოვაია გაზეტას" სპეცკორესპონდენტად ვმუშაობ და მხოლოდ ამის შედეგია ის, რომ ვნახე ჩეჩნეთის ომი. ამიტომაც 1999 წლიდან თითქმის ყოველთვე დავდივარ ჩეჩნეთში. ბუნებრივია, უკვე მთელი ჩეჩნეთი მაქვს მოვლილი....
ხშირად მისვამენ ერთსა და იმავე შეკითხვებს - "რატომ წერთ ყველაფერ ამას? რატომ გვაშინებთ? რა საჭიროა?"
მჯერა, ეს აუცილებელია. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ამ ომის თანამედროვეები ვართ და, სულ ერთია, მაინც უნდა ვაგოთ პასუხი. და მაშინ ვეღარ მოვიშველიებთ კლასიკურ საბჭოურ ფრაზებს: არ ვყოფილვარ, არ მინახავს, არ ვმონაწილეობდი...იცოდეთ. მხოლოდ ასე გათავისუფლდებით ცინიზმისაგან. რასიზმისაგან, რომელშიც უფრო და უფრო ეფლობა ჩვენი საზოგადოება."


ომის მთავარ დამნაშავედ პოლიტკოვსკაია პუტინის ხელისუფლებას მიიჩნევდა. ფიქრობდა, რომ ჩეჩნეთის ომი არ ყოფილა ეთნიკური კონფლიქტი, რომ ორივე მხარე, ჩეჩნებიცა და რუსებიც, რუსეთის ხელისუფლებისა და სისტემის მსხვერპლი იყვნენ და რომ რუსული ხელისუფლება არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ, მთელ რუსეთში ისეთ წყობას სთავაზობდა მოსახლეობას, რომელიც ხელს უწყობდა ანტიკავკასიური და ანტისემიტური განწყობების გაღვივებას. მისი აზრით, სწორედ პუტინის ხელისუფლებამ დააბრუნა რუსი ხალხი იმგვარ წყობილებაში, რომელშიც ბესლანისა და ნორდ-ოსტის ტრაგედიების შემდეგ ხალხი ისევე არ ითხოვდა პასუხს ხელისუფლებისაგან და არ ინტერესდებოდა იმით, რა მოხდა სინამდვილეში, როგორც საბჭოეთში, იმ ქვეყანაში, სადაც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველას სჯეროდა ოფიციალური განცხადებებისა. ანა პოლიტკოვსკაიას მესამე წიგნი "პუტინის რუსეთი", ასე მთავრდება:


"ძნელი ასატანი იქნება, თუ პოლიტიკური ზამთარი რუსეთში ათწლეულობით გაიჭიმება. ჩვენ გვინდა, რომ ცხოვრება გაგრძელდეს. გვინდა, რომ შვილები თავისუფლებაში გავზარდოთ, გვინდა, რომ ჩვენი შვილიშვილებიც თავისუფლებაში დაიბადონ. ამიტომაც გვინდა მალე დათბეს. მაგრამ მინუს გრადუსის პლიუსად ქცევა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, სხვას არავის. დათბობას რომ კრემლიდან ველოდოთ, ისე, როგორც გორბაჩოვის დროს მოხდა, არარეალური და სულელურია. არც დასავლეთი მოგვეხმარება... დასავლეთს ბევრი რამ აწყობს - არაყი, ხიზილალა, გაზი, ნავთობი, დათვები, განსაკუთრებული ადამიანები. რუსულმა ეგზოტიკურმა ბაზარმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი. ევროპასა და მსოფლიოს სხვა აღარაფერი უნდა ჩვენი პლანეტის ერთი მეშვიდედისგან...
და ისევ ისმის "ალ-ქაიდა, ალ-ქაიდა" - ეს დაწყევლილი და მარტივი სიტყვები, რომელთაც შეიძლება გადააბარო პასუხისმგებლობა  ყოველი ახალი სისხლიანი ტრაგედიის გამო; თანაც ყველაზე პრიმიტიულიც - რითაც შეგიძლია მიაძინო საზოგადოების ცნობიერება, რომელსაც ისედაც სურს, მიძინებული იყოს".

 

თავის რეპორტაჟებსა და წიგნებში ანა პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთის მეორე ომის კატასტროფას აღწერდა, აღწერდა ადამიანების წამების სცენებს, დაკვეთილ მკვლელობებს, სახელმწიფოსა და ჩინოვნიკების ცინიზმს, მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას რუსულ საკონცენტრაციო ბანაკებში. ამხილებდა პრეზიდენტს, გენერლებს, რუსულ არმიას. მისი სტატიებისა და წიგნების ენა მარტივია, პირდაპირი და მოურიდებელი. არაფერს ალამაზებს, ცდილობს ფაქტების აღწერით რეალობა ასახოს და იკვლიოს კიდეც. მისი წიგნები სავსეა სულისშემძვრელი ეპიზოდებით - ფედერალური ჯარების თანამშრომლები ბომბავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, იტაცებდნენ ადამიანებს, ხოცავდნენ ბავშვებს და ქალებს, 45-ე პოლკის ტერიტორიაზე ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი იყო მოწყობილი ჩეჩნებისათვის. დოკუმენტურადაა აღწერილი როგორ ეპყრობოდნენ რუსი ოფიცერები ჩეჩენ ქალებსა და ბავშვებს, როგორ ხოცავდნენ და აწამებდნენ უდანაშაულო, მშვიდობიან მოსახლეობას. მშვიდობიანი, ჩვეულებრივი ადამიანები თანდათან, სწორედ ხელისუფლებისა და გენერალიტეტის პოლიტიკის მეშვეობით ტერორისტებად იქცნენ. ეს შემზარავი პროცესია. აი, მიადგა ოჯახის მამა დაბომბილ სოფელს და საზარელი სურათი დახვდა - დაბომბილ სახლში მისი ცოლი და ხუთი მცირეწლოვანი შვილი დახოცილები ეყარნენ, დედა ცდილობდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ბავშვები, ვერ შეძლო, ყველანი ერთად დაიღუპნენ. რაღა დარჩენია კაცს? ან თავი უნდა მოიკლას, ან პაციფისტი უნდა გახდეს, ან ტერორისტი. და რადგან გარემოც, ტრადიციაც და რელიგიაც ამას სთავაზობს, ის შაჰიდი ხდება. შაჰიდებად, ანუ სარწმუნოებისათვის წამებულებად აცხადებენ მის დაღუპულ ცოლ-შვილსაც. ანდა საზღვარს გადადიან, ჩეჩნეთს ტოვებენ ბავშვები და ქალები. ბავშვებს რუსი ოფიცრები ასაკის მიხედვით არჩევენ, 14 წლამდე ბიჭუნებს არაფერს ერჩიან, 14 წლისებს დედებს კალთებიდან აგლეჯენ და ტყვედ იტოვებენ, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ 14 წლისაა და უკვე შეიძლება ბასაევის რაზმში ჩაეწეროს. ჟურნალისტის აზრით, ბავშვმა, რომელიც ყოველივე ამას ნახავს და მოისმენს, თუ ცოცხალი გადარჩება, შეიძლება მართლაც მიაკითხოს ბასაევის ან რომელიმე სხვა საველე მეთაურის დაჯგუფებას. რუსული არმია თვითონვე ქმნის ტერორისტებს.

 


ომს საშინელი კანონები აქვს, ადამიანები ნელ-ნელა იცვლებიან. სწორედ ამ ცვლილებას მიიჩნევს პოლიტკოვსკაია ომის ყველაზე დიდ დანაშაულად:


"1999 წლის შემოდგომასა და 2000 წლის ზამთარში, მიუხედავად უმძიმესი ბრძოლებისა, ყველაზე გაჭირვებული და საცოდავი ადამიანების გვერდით ყოველთვის იდგა კეთილი მეზობელი. ზაფხულისათვის ყველაფერი შეიცვალა - ის ადამიანები, რომლებიც ომის დასაწყისში სტოიკურად ეხმარებოდნენ ერთმანეთს და ყოველი ახალი დღის აზრს იმაში ხედავდნენ, რომ ლუკმაპური იმისთვის გაენაწილებინათ, ვისაც უფრო უჭირდა, შეიცვალნენ. მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე დაიწყეს ზრუნვა."

 

 
პოლიტკოვსკაიას ყოველი ვიზიტი ჩეჩნეთში სახიფათო იყო, შეიძლება იქიდან ვეღარც დაბრუნებულიყო. 2002 წელს, თებერვალში, ჩეჩნეთში მივლინების დროს ანა რამდენიმე დღით დაიკარგა და შემდეგ, ინგუშეთში აღმოჩნდა. როგორც თვითონ განაცხადა, იგი დამალვია უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცრებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების გამოძიებაში უშლიდნენ ხელს.

 


2005 წლის 2 სექტემბერს ანა პოლიტკოვსკაია ბესლანში მიფრინავდა - მას სკოლაში გამოკეტილი ბავშვების მშობლები ელოდნენ როგორც ერთადერთ მშველელს, მაგრამ ჟურნალისტი თვითმფრინავში მოწამლეს. ჩაი დალია და 10 წუთით გონება დაკარგა. მაშინვე გადაიყვნეს როსტოვის საავადმყოფოში. ანალიზები, რომლებიც აუღეს, რატომღაც გაქრა. ვერც ის დაადგინეს, რომელი შხამით იყო მოწამლული. ანამ მაშინვე განაცხადა, უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა მომწამლეს, გზიდან ჩამომიშორეს, რათა სიტუაციის დარეგულირების საშუალება არ მოეცათ ჩემთვისო. მოწამვლამდეც და მას შემდეგაც ანას სულ ემუქრებოდნენ, ურეკავდნენ, ანონიმურ წერილებს სწერდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ ასეთ ქმედებებს არ აპატიებდნენ. ღიადაც, საჯაროდ აცხადებდნენ, პოლიტკოვსკაია ტერორისტების მხარეს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის და რუსეთის მტერიაო. ესეც ერთ-ერთი მითი გახლდათ, რომელიც მასზე ოფიციალურმა პროპაგანდამ შექმნა. ის, რომ მისი სტატიები გენერლებს აცოფებდა და ისინი ხმამაღლა აცხადებდნენ მას "ხალხის მტრად", ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ გენერლების ხმა ყველას ესმოდა. მაგრამ ვინ იფიქრებდა დედაზე, რომელმაც ერთადერთი შვილი ჩეჩნეთის ომში დაკარგა, ან 18 წლის ჯარისკაცზე, რომელიც ამ უსამართლო და უაზრო ომში დაინვალიდდა და ახლა აღარავის ახსოვს და სჭირდება? ანა პოლიტკოვსკაია გვერდით ედგა ბრძოლებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს, ზრუნავდა და წერდა ომში დასახიჩრებულ პირტიტველა ყმაწვილებზე, არ ასვენებდა ჩინოვნიკებს, ითხოვდა დაჭრილთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯების ანაზღაურებას...  პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ "ნოვაია გაზეტას" რედაქციაში ანონიმური წერილი მივიდა, წერილის ავტორები, ჩეჩნეთში მყოფი რუსი ოფიცრები წერილის გამოქვეყნებას ითხოვდნენ, ანონიმურობისთვის ბოდიშს იხდიდნენ და წერდნენ:


"როგორც თვითონ ამბობდა, ის არ ყოფილა მართლმადიდებელი, მაგრამ ღმერთი მას წმინდანებთან მიუჩენს ადგილს. ღმერთი არ განსჯის იმის მიხედვით, დადიხარ თუ არა შობასა და აღდგომას ეკლესიაში, ღმერთი იმახსოვრებს, ვფიქრობთ თუ არა მასზე არჩევანის წუთებში, არჩევანისა, რომელსაც ანა სტეპანოვნა ყოველთვის სინდისის კარნახით აკეთებდა.
ანა სტეპანოვნა არასდროს მალავდა თავის ანტიპათიას მილიტარიზმისა და რუსი სამხედროების წინაშე, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვემსახურებით. მაგრამ ანა სტეპანოვნას  არ ადარდებდა, რას იფიქრებდნენ მასზე სხვა უფლებების დამცველები, როცა ის მოქმედ რუს ოფიცრებს ეხმარებოდა. ის ცოცხალ ადამიანებზე ზრუნავდა. და მსურს იცოდეთ, რომ ის ბევრ რუს სამხედროს უყვარს და ბევრი - ისინი, ვისაც ეხმარებოდა, და ისინიც, ვინც ამას ხედავდა - წმინდანადაც თვლის მას. ანა დაგვამახსოვრდება როგორც წმინდანი, რადგან მხოლოდ წმინდანს შუძლია დაეხმაროს მას, ვინც მის წინააღმდეგ იბრძვის.

 
ანა სტეპანოვნა "ეპოლეტებიანების" მოწინააღმდეგე იყო, ლიბერალების და უფლებების დამცველების მხარეს იბრძოდა, მაგრამ რეალურად ის ყველა ჩვენგანზე მაღლა იდგა. იქ იყო, სადაც არ არიან თეთრგვარდიელები და წითელი ოფიცრები... იქ იყო, საითაც ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიხედებით, როცა ხანდახან, თავს მაღლა, ცისაკენ ვწევთ ხოლმე."


1998 წელს ჩეჩნეთში მოხდა ის, რისი გახსენებაც არც გენერლებს, არც ხელისუფლებას არ უყვართ. ვიღაცას რაღაც აერია და რუსულმა არმიამ საკუთარი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყვანა სპეცრაზმი, ბრძოლაში ავიაციაც ჩაერთო. მოხდა ისე, რომ მთელ რუსეთში ათობით თუთიის კუბო დააგზავნეს. ბუნებრივია, ხელისუფლებამ და გენერლებმა ამ ფაქტის მიჩუმათება სცადეს, არც დაღუპული ჯარისკაცების დედებისათვის აუხსნიათ რამე... მაგრამ მიჩქმალვა არ მოხერხდა. ამ ფაქტზე მაშინ ბევრს წერდნენ. ვინ იყო დამნაშავე, ვინ გასცა დანაშაულებრივი ბრძანება? გამოძიება მაშინვე დაიწყო. მაშინაც ანა პოლიტკოვსკიას ყველასაგან განსხვავებული და მარტივი კითხვა ჰქონდა: რა ეშველებათ იმ მოხუც, მარტოხელა დედებს, რომელთათვისაც ეს დაღუპული ჯარისკაცები ერთადერთი იმედი და საყრდენი იყვნენ? ვინ უპატრონებდა მათ? სასამართლოდან და ჩინოვნიკების კაბინეტებიდან ჯარისკაცების მშობლებს უარით ისტუმრებდნენ, ისიც კი არ უნდოდათ, რომ მატერიალურად დახმარებოდნენ. ანა პოლიტკოვსკაია სასამართლოს ყველა სხდომას ესწრებოდა; სხვა რომ ვერაფერი გააკეთა - სტატია გამოაქვეყნა და მკითხველებს სთხოვა, რადგანაც სასამართლო ღია იყო, მოსულიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ უსამართლოდ დახოცილი ჯარისკაცების მშობლებისთვის. იმ დღეს მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. სასამართლოს დარბაზი გადაიჭედა და ამდენი ხალხის თვალწინ, მოსამართლეებმა ვეღარაფერი გაბედეს - დაღუპული ჯარისკაცების მარტოხელა დედებს სოლიდური კომპენსაცია გადაუხადეს. პირველად ისტორიაში მოსახლეობამ რუსეთის არმიას მოუგო.

 
2003 წლის ნორდ-ოსტის მოვლენების დროს ანა პოლიტკოვსკაია იყო ერთადერთი, ვისაც ჩეჩნები ენდნენ, ვისთანაც დალაპარაკება მოინდომეს, მან მოახერხა ჩვილი ბავშვების გამოყვანა და მძევლებისათვის წყლისა და წვენების შეტანა. მოგვიანებით ანა იგონებდა, ტერორისტები მხოლოდ იმიტომ მენდნენ, რომ მათთან ერთად ვიჯექი ჩეჩნეთში ფედერალური არმიის მებრძოლების მიერ გათხრილ ორმოშიო. "ეს ადამიანები მარტო იმიტომ მენდნენ, რომ ჩვენ ერთნაირი რამ ვნახეთ და გადავიტანეთ. მე არა მაქვს ამ ტიპის სოლიდარობის განცდა. მათ კი აქვთ."


რა შეუძლია ადამიანს, როცა უკვე ყველაფერი დაკარგულია? როცა ერთადერთ შვილს მოგიკლავენ და გვამის საძებნად მორგიდან მორგში დადიხარ? თურმე კიდევ შეუძლია რაღაც - ანა პოლიტკოვსკიამ მაშინ, ნორდ-ოსტის ტრაგედიის შემდეგ ბევრი ქალი გადაარჩინა. გადაარჩინა ისინი, ვისაც უკვე აღარაფერი შველოდა, არც წამლები, არც ექიმები, არც ნათესავებისა და მეგობრების თანადგომა - ქალები, ვისაც შვილები ნორდ-ოსტის აღების დროს დაეხოცათ. გადაარჩინა ისინი თანაგრძნობით, თანაზიარობით, მოქმედებით. წერდა სტატიებს სრულიად უბრალო, არაფრით გამორჩეულ ადამიანებზე, ვინც იქ ხელისუფლების მიერ გაშვებული გაზით გაიგუდნენ. ეს სტატიები ერთადერთი ნუგეში იყო გამწარებული დედებისათვის. მისი წერილები ამხნევებდა და ძალას მატებდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ქალებს. არა მარტო წერდა მათზე, არამედ სასაფლაოებზე დაჰყვებოდა, ღამღამობით ტელეფონით საათობით ელაპარაკებოდა სასოწარკვეთილ ადამიანებს; აიძულებდა მათ ებრძოლათ საკუთარი უფლებებისათვის, მოეთხოვათ კომპენსაციები ხელისუფლებისგან. მოგვიანებით აღიარა, ყველაზე ძნელი ჩემთვის ის იყო, დედები დაღუპული შვილების ამოსაცნობად მორგში გაყოლას რომ მთხოვდნენო. `მიდიხარ მათთან ერთად და სახეზე არაფერი არ უნდა გეწეროს, გეშინია, მაგრამ არ უნდა შეიმჩნიო - ეს ქალები ელიან, რომ შვილების გვამებს იპოვიან. ჩემი მოვალეობა მათი დამშვიდება იყო."


უცნაურია, საიდან ჰქონდა სუსტსა და პატარა ქალს ამდენი ძალა, დრო, ენერგია? როცა ნორდ-ოსტის ტრაგედიის დროს დაღუპული 17 წლის ბიჭის უკვე სიგიჟის ზღვარზე მყოფმა დედამ ბავშვთა სახლებში დაუსრულებელი სიარული დაიწყო, რათა ეპოვა ბიჭუნა, რომელიც მის შვილს ემგვანებოდა, ანამ მას პირდაპირ უთხრა, რომ ასე შვილს ვერ დაიბრუნებდა. სამაგიეროდ დაჰყვებოდა ბავშვთა სახლებში, მერე წერდა სტატიებს უდედმამო ბავშვებზე და მათთვის მთელ რუსეთში დაეძებდა მშობლებს. სწორედ ამ სტატიების მეშვეობით რამდენიმე ბავშვმა მართლაც "იპოვა" ახალი მშობლები და ოჯახი.

 
მასზე მოგვიანებით იტყვიან-

ცხოვრობდა როგორც მეომარი და მოკვდა როგორც მეომარიო. ის მარტოხელა გმირი იყო ვინც საკუთარი ცხოვრებითა და სიკვდილით დაამტკიცა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება ბევრი გადაარჩინოს შიმშილს და სიკვდილს, რომ უსამართლობისა და ჯოჯოხეთის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - თუნდაც მარტო იბრძოდე, თუნდაც მოგკლან.


 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group