GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეპისკოპოსი გაბრიელი სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შესახებ

ნუგზარ პაპუაშვილი


იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს (ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე; 1825-1896) დიდების შარავანდი სიცოცხლეშიც მოსავდა და სიკვდილის შემდეგაც, თუმცა კრიტიკის ქარცეცხლიც არ დაკლებია არც მტრისგან და არც მოკეთისაგან. იმდენად დიდი და ცხადი იყო მისი დამსახურება არამარტო საკუთრივ ეკლესიისა და სარწმუნოების, არამედ სახალხო განათლებისა და მეცნიერების წინაშეც, რომ ამ ფაქტის მიჩქმალვას ათეისტურ-კომუნისტური რეჟიმი ვერ ახერხებდა.


მას შემდეგ, რაც ეპ. გაბრიელი მცხეთის საეკლესიო კრებამ წმინდანად გამოაცხადა (1995 წლის 18-19 სექტემბერს), ქართველ მართლმადიდებელთა შორის და, შეიძლება ითქვას, ფართო საზოგადოებრიობაშიც მისი ღვთისმოსაობისა და სამოძღვრო პრაქტიკისადმი ინტერესი გაიზარდა. უკვე რამდენიმე ათეულს, ალბათ ასეულსაც, აღწევს იმ წერილების რიცხვი, რომელიც დიდი მღვდელმთავრის სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეობის წარმოჩენას ისახავს მიზნად.

 

მორწმუნეობის კულტურა


ჩატარებული სამუშაოს მასშტაბის მიუხედავად სათანადო სიღრმით არ არის შესწავლილი წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სარწმუნოებრივი და სამოძღვრო ცხოვრების შინაგანი მხარე. არ არის გარკვეული ამ ცხოვრების დამახასიათებელი ნიშანი; მისი ფორმა, სახე, სტილი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, არ არის შესწავლილი და გარკვეული ამ ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი სასულიერო პირის მორწმუნეობის, ე. ი. პირადი რელიგიური მრწამსისა და გრძნობების გამოვლენის (ექსპრესიის) კულტურა ზოგადად და, კერძოდ, სამოქალაქო, ე. ი., ღია საზოგადოებაში. ეს კულტურა (ეს რეგლამენტი) თავის თავში ისეთ საკითხებსაც მოიცავს (ანდა გადაჯაჭვულია ისეთ საკითხებთან), როგორიცაა სხვა სარწმუნოების ადამიანებთან ურთიერთობა, ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებთან დამოკიდებულება, თანამედროვეობასთან და რეალობასთან ადაპტაცია, სახელმწიფოსთან და სახელმწიფოში მოქმედ რეჟიმთან ურთიერთობა (ლოიალურობა, დიპლომატობა თუ ექსტრემისტობა?), ასევე: რამდენად ჰუმანისტი და ტოლერანტი იყო ის?

 

იყო თუ არა წმ. გაბრიელი ნაციონალისტი და ფუნდამენტალისტი?


ამ საკითხების კომპაქტურად შეუსწავლელობა არის ჩვენი მეცნიერების ხარვეზი და იმის მიზეზი, რომ დღევანდელ, ასე ვთქვათ, პატრიოტული სარწმუნოებით აღბეჭდილ ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომლის მიხედვით წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი მართლმადიდებელ ფუნდამენტალისტად, ანდა ნაციონალისტად, ანდა ერთდროულად ნაციონალისტადაც და ფუნდამენტალისტადაც წარმოგვიდგება. ასეთი სითამამე და მაქსიმალიზმი, ცხადია, უფრო ბულვარულ პუბლიკაციებს ახასიათებს, მაგრამ გვხვდება სოლიდურ გამოცემებშიც. გაბრიელის რელიგიური ნაციონალისტობა ერთგან ისეთი ტონითაა გადმოცემული, თითქოს ეს ცხადზე უცხადესი და თანაც მართლმადიდებელი სარწმუნოების ნორმა იყოს. ეპ. გაბრიელის ,,მთავარი მიზანი იყო, ახალგაზრდობის ცნობიერებაში ჩაენერგა იდეა, რომ ქართველობა და ქრისტიანობა ერთი და იგივეა", - წერს ცირა ელიდაშვილი და ასახელებს სიტყვას, წარმოთქმულს 1876 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მოსწავლეთა წინაშე (ედილაშვილი 2001: 104). ვინც ამ ქადაგების ტექსტს წაიკითხავს, დარწმუნდება, რომ იქ მსგავსი არაფერია. მასში, მევენახეთა იგავზე დაყრდნობით (მათე 21, 33-44), განხილულია ქრისტიანობის როლი ერის (ხალხის) სულიერი და მატერიალური ცხოვრების წინსვლის საქმეში. ამ თვალსაზრისით ერთმანეთთანაა შედარებული ქართველებისა და კავკასიის მთიელი ტომების ცხოვრება და გამოტანილია დასკვნა: რადგან ,,ყოველნი სხვანი კავკასიის ერნი არ გამოჩნდნენ კარგნი მუშაკნი ქრისტეს ვენახისანი", მაშინ, როდესაც ,,ქრისტიანობა გარდაიქცა სისხლად და ხორცად ჩვენთა მამათა", ამის გამო ,,მრავალთა კავკასიის ტომთა და ერთა შორის მხოლოდ ჩვენთა წინაპართა მიიღეს ცოტაოდენი წარმატება და განათლება". ის გარემოება, რომ დღეს საქართველო დაცულია ,,მძლავრი რუსეთის ხელმწიფის მოწყალებისა და მფარველობისაგან", სწორედ ქრისტიანული სარწმუნოების დამსახურებაა, რადგან, მოძღვრის თქმით, ,,ჩვენთა წინაპართა მეფეთა, დიდებულთა ამით (ე.ი., ქრისტიანობით. _ ნ.პ.) შეაბრალეს ეს ქვეყანა... რუსეთის ხელმწიფეს და მიაღებინეს [იგი მას მფარველობაში], რომ [რადგან] მართლმადიდებელნი იყვნენ, ვითარცა რუსეთის მცხოვრებნიცა". სხვა საკითხია, როგორ ჟღერს ეს სიტყვები დღეს და რამდენად სასიამოვნოდ აღსაქმელია ეს ხედვა თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური ელიტისათვის, მაგრამ ფაქტია, რომ დამოწმებულ სამოძღვრო სიტყვაში (და სხვა სიტყვებშიც) ერისა და ეკლესიის, ქართველობისა და ქრისტიანობის გაიგივებაზე ლაპარაკი არ არის. არც შეიძლება იყოს, რადგან ასეთი იდენტიფიკაცია, ანუ ეკლესიების ეროვნებებად (ეროვნული და არა ტერიტორიული პრინციპის მიხედვით) დაყოფა, დაგმობილია ეკლესიის მამებისა და, ზოგადად, ძველი საეკლესიო ტრადიციის მიერ. ასეთ მოვლენას კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ 1872 წელს ერესის კვალიფიკაცია მისცა, ,,ფილეტიზმი" (მეტომეობა) უწოდა და ამის თაობაზე სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლები მკაცრად გააფრთხილა (შედარებით ვრცლად: პაპუაშვილი 2008: 430-436), რაც შეუძლებელია არ სცოდნოდა განათლებულ მღვდელმთავარს. ასე რომ, თანამედროვე საქართველოსათვის ნიშანდობლივი საეკლესიო ნაციონალიზმის წინამორბედად ეპისკოპოს გაბრიელის მიჩნევას საფუძველი არ გააჩნია.


წმ. გაბრიელი და დასავლური ღირებულებები

ქვემოთ წარმოდგენილი მასალებისა და მსჯელობის მიზანია მომზადდეს პასუხი კითხვაზე: როგორი სტილი და პროფილი ახასიათებდა გაბრიელ ქიქოძეს, მის სამოძღვრო და სამღვდელმთავრო პრაქტიკას და მის ურთიერთობას სამოქალაქო ანუ სეკულარულ საზოგადოებასთან? ეს კითხვა შესაძლებელია ასე შეივსოს და დაზუსტდეს: გასაგებია, რომ იგი თავს ცარისტული რუსეთის მოქალაქედ მოიაზრებდა და ამით თითქოს კმაყოფილიც იყო; საკითხავია, რა დამოკიდებულება ჰქონდა მას, როგორც მოაზროვნეს და მოღვაწეს, ინტელექტუალური, სამოქალაქო და ზნეობრივი ცხოვრების იმ ნორმებთან, რასაც ჩვენ დღეს დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ? რომელი საზოგადოების წყობილება და ცხოვრების რომელი მოდელი მოსწონდა მას, _ დასავლეთევროპული თუ აღმოსავლურევროპული? უფრო დემოკრატიისაკენ მიისწრაფოდა იგი თუ ტრადიციული აღმოსავლური (ბიზანტიურ-რუსული) ავტორიტარიზმისაკენ? _ ყოველ შემთხვევაში, არა იმისაკენ, რასაც დემოკრატია და ლიბერალიზმი ჰქვია. კიდევ მეტად რომ დავაკონკრეტოთ: მოიწონებდა თუ არა მისი უსამღვდელოესობა რომისა და მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსების შეხვედრას საქართველოს ეკლესიის ემბაზში, სვეტიცხოველში, და როგორ მოიქცეოდა იგი, რომის პაპს ამ ეკლესიის საკურთხეველში შესვლის სურვილი რომ გამოეხატა?

 


წმ. გაბრიელი ლოგიკის, ნებისა და სინდისის თავისუფლების შესახებ


გადავავლოთ თვალი წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ინტელექტუალურ და სულიერ ბიოგრაფიას და ვნახოთ, რამდენად ახლოს დგას მისი პიროვნება დასავლურ, ე.ი., ლიბერალურ, ღირებულებებთან.

 

დასავლურ ღირებულებათა ქვაკუთხედი არის ნების თავისუფლება, რომლის არსება მხოლოდ ფართო, ნათელი და ლოგიკური აზროვნების პირობებში ხორციელდება. სწორედ ასეთი აზროვნება ახასიათებს წმ. გაბრიელს. პირველი, რაც მისი წერილობითი მემკვიდრეობის შესწავლის დროს თვალში გეცემა, არის ფაქტებისა და მოვლენების განსჯა-გამოწვლილვის კულტურა. ამის დასტურია პირველ ყოვლისა ფუნდამენტური ნაშრომი ,,Основания опытной психологий", რომელიც მან ბერობის, არქიმანდრიტობის, დროს დაწერა, როდესაც იგი კეთილშობილ ქალთა ამიერკავკასიის ინსტიტუტის მასწავლებლად და თბილისის სასულიერო სემინარიის პროფესორად მუშაობდა, და რომელიც სანკტ-პეტერბურგში გამოქვეყნდა 1858 წელს (თარგმნილია ქართულად: გაბრიელი 1993). საკმარისია, მოვისმინოთ შეფასებები, რაც ამ წიგნის მისამართით გამოითქვა როგორც რუსეთის იმპერიაში, ისე დასავლეთ ევროპასა თუ საქართველოში, რათა დავრწმუნდეთ, თუ რაოდენ ჰქონდა ათვისებული მის ავტორს აზროვნების ევროპული დონე და დასავლური ღირებულებები.


      
ამ წიგნის პირველ წამკითხველად და შემფასებლად ა. რუდაკოვი წარმოგვიდგება. მან გამოცემის მთელი სირთულე იკისრა: სტილისტური და ტექნიკური რედაქცია, ცენზორებთან და სტამბასთან ურთიერთობა და ნაირგვარი დაბრკოლებების გადალახვა. ერთ-ერთი სერიოზული დაბრკოლება თურმე საეკლესიო ცენზურა აღმოჩნდა. ბევრმა ეს თხზულება მართლმადიდებლობისათვის შეუფერებლად მიიჩნია, მასში რაციონალიზმი და ეკლესიისათვის მიუღებელი სხვა მოტივებიც დაინახა. ამის გამო რუდაკოვმა არქიმანდრიტ გაბრიელს შემდეგი წინადადებით მიმართა: ,,შენი ფსიქოლოგიის გამოცემისას მე დამებადა შემდეგი აზრი: ხომ არ გავნებს იგი შენ... ხომ არ ჩაგთვლიან ფილოსოფოსად? შენ იცი, როგორ იდეას უკავშირებს ასეთ სახელწოდებას ბევრი ბერი. ამიტომ... უმჯობესი არ იქნება, გაამჟღავნო ის შენი წარსულის სახელით ,,გერასიმე ქიქოძე"? შესაძლოა, მე სისულელეს ვამბობ, მაგრამ შენი სიყვარულით". ავტორი არ შეუშინდა მოსალოდნელ უსიამოვნებას და ტიტულზე ის ინფორმაცია დატოვა, რაც სინამდვილეს შეესაბამებოდა: ,,Сочинение архимандрита Гавриила". შედეგმაც არ დააყოვნა; კიევისა და პეტერბურგის სასულიერო აკადემიების პროფესორმა ვ. ნ. კარპოვმა და ზოგიერთმა სხვა პროფესორმაც ავტორს, არქიმანდრიტს, ქრისტიანული დოგმატების დამრღვევი და ერეტიკოსი უწოდა, თუმცა იმავე აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო ცენტრებშიც იყვნენ ისეთები, რომლებმაც ნაშრომს უმაღლესი შეფასება მისცეს და სასულიერო სემინარიებისათვის სახელმძღვანელოს სტატუსი მიანიჭეს (ვრცლად: ქუთელია 1943:120-121).

 


ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე ცივილიზაციისა და ჰუმანიზმის ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებაზე, როგორიცაა ნებისა და არჩევანის თავისუფლება. ესაა უნარიცა და ღირსებაც, რომელიც სამყაროს იერარქიაში მხოლოდ ადამიანს ამკობს, რადგან მას (და მხოლოდ მას) აქვს სული და გონი, რითაც იგი ღმერთს ემსგავსება. ამის გამო მხოლოდ მას გამოეცხადა უფალი და მხოლოდ მასთან დადო აღთქმა, რაც ორმხრივი აქტია და თანაც თავისუფალი და შემოქმედებითი. ასე აზიარა ღმერთმა ადამიანი თავის თავს და სცნო პიროვნების ნების თავისუფლების ლეგიტიმურობა. ამდენად, წმ. გაბრიელი იმ თეოლოგთა გვერდით დგას, რომლებიც აღიარებენ ნების თავისუფლებას, მაგრამ იმასაც დასძენენ და აზუსტებენ, რომ ეს თავისუფლება შემოსაზღვრულია და რომ თავის თავისუფლებაში უსაზღვრო მხოლოდ ღმერთია (ბუაჩიძე 2007: 38-43). აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა: თუკი ადამიანსა და ღმერთს მხოლოდ გონიერი სული ანათესავებთ, ადამიანის იდეალი თავის პიროვნებაში გონიერი სულის აღზრდა და განვითარება უნდა იყოს, რათა ღვთისგან ბოძებული ნებისა და არჩევანის თავისუფლება გონივრული გადაწყვეტილებისა და ქმედების შესაბამისად წარიმართოს. აქ კი ბუნებრივად იჩენს თავს პატიოსნების პრობლემა, რასაც გაბრიელმა ეპისკოპოსობის დროს სპეციალური ქადაგება მიუძღვნა (,,სიტყვა პატიოსნებასა ზედა") და აღნიშნა: ,,...პატიოსნება კაცისა, პირველად, უნდა იყოს დამყარებული მას ზედა, რომელ ყოველს კაცს, დიდსა და მცირეს, უნდა ახსოვდეს თავისი პატივი, თავის თავს პატივსცემდეს, ესე იგი, ერთ-ნაირი თავის მოყვარეობა უნდა ჰქონდეს, წმინდა ქრისტიანული თავის-მოყვარეობა... ეს შეიძლება მაშინ, როდესაც მას ახსოვს თავისი საკუთარი ღირსება, თავისი ბუნების სიმაღლე და დიდება. თუ გახსოვს შენ, ძმაო, რა ღირსება აქვს კაცის ბუნებასა, მაშინ შეგრცხვება ყოვლის სიცრუისა, მოტყუებისა და პირობის გატეხისა. კაცის ბუნებას აქვს დაუფასებელი ღირსება! გასინჯე, თუ რა ფასი აქვს კაცის ბუნებასა, თუ თვით ცისა და ქვეყნის შემოქმედმა ღმერთმა მხოლოდ-შობილი ძე თვისი არ დაზოგა ჩვენისა ცხოვნებისა და განათლებისათვის. აბა, როგორ არ ექმნება დიდი ღირსება კაცის ბუნებასა, თუკი უფალმან ღმერთმან იგი შეაერთა ღვთაებრივსა ბუნებასა-თანა!".

 


არჩევანის თავისუფლება და ,,საღი სარწმუნოება"


 
ნებისა და არჩევანის თავისუფლება არის ის თავსაკიდური ლოდი, რომელზეც ქრისტეს სარწმუნოება და ეკლესია დგას, რადგან ეკლესიას პიროვნებები, როგორც წესი, გონივრული გადაწყვეტილების საფუძველზე უერთდებიან. სადაც გონება აქტიურია, სადაც ლოგიკა მუშაობს და ნაბიჯი შემოქმედებითად გადაიდგმება, იქ (და მხოლოდ იქ) ისხამს ხორცს და რეალიზდება რელიგიურობის ის სახე, ის რეგისტრი, რომელსაც ზოგჯერ ,,საღ სარწმუნოებას" უწოდებენ. ამ ცნების ქვეშ გულისხმობენ არა სარწმუნოების დოგმატურ მხარეს და საღვთისმსახურო წეს-განგებას, არამედ იმას, რაც წინამდებარე სტატიის შესავალ ნაწილში ვახსენეთ, - მორწმუნეობის კულტურას. გავიმეორებთ: ესაა თავდაჭერილობა რელიგიურობის გამოვლენასა და გაცხადებაში, შინაგანი ეგზალტაციის გამომჟღავნებისა და ექსპრესიის მართვის უნარი, კეთილშობილება სხვა სარწმუნოების მიმდევრებთან ურთიერთობაში და კიდევ ის, რაც დამოკიდებულია ეკლესიის წევრების, მორწმუნეების, ზნეობასა და ტაქტიანობაზე. საღი სარწმუნოების მთავარი და არსებითი ნიშანი არის სიყვარული და, კერძოდ, რელიგიური სიყვარული, რომელიც დაუპირისპირდება სიძულვილს და დაძლევს მას, დაძლევს რელიგიურ ეჭვიანობას.

 

პარაგრაფში ,,ქრისტიანული ეჭვიანობა" ავტორი ასეთ შეგონებას გვთავაზობს: ,,თუ გვესმის ღვთის სახელის ძაგება, ის არის მისწრაფება იმისკენ, რომ ღვთის დიდება გავრცელდეს ადამიანებში. ის არის სიხარული, რომელსაც განვიცდით ღვთის წინაშე ჭეშმარიტი მოწიწების ხილვისას". ეს ნიშნავს: თუკი ვინმე ღმერთს გმობს, ანდა რომელიმე რელიგიურ სიწმინდეს შეურაცხყოფს, მორწმუნის (მორწმუნის და არა ფარისევლის!) ბუნებრივი რეაქცია იქნება არა აგრესია, არა ისტერია და ძალადობა, არა ქუჩის აქციები და სხვისი პრიფესიული საქმიანობისათვის ხელის შეშლა, არამედ გულმოდგინე ღვთისმოსაობა და რელიგიური სიხარულის გაძლიერება.

 

გაუკუღმართებული რელიგიური ცნობიერება


საღი სარწმუნოებრივი ცხოვრებისა და ცნობიერების გაუკუღმართება, ქრისტიანი ფსიქოლოგის თქმით, ხშირად ისეთ საშინელ მოვლენას ბადებს, როგორიცაა ფანატიზმი. მისივე განმარტებით, ,,ფანატიზმი არ შეიცავს თავის თავში არაფერს ისეთს, რაც ჭეშმარიტ ქრისტიანულ გრძნობათა მსგავსია. ამიტომ ეს გრძნობები არ შეიძლება შეუთავსდნენ ფანატიზმს ერთი ადამიანის სულში. ფანატიზმმა შეიძლება იპოვოს თავშესაფარი ისეთი ადამიანის სულში, რომელსაც სურს ბოროტი ვნებები - ღვარძლი, მრისხანება და ა. შ. - რელიგიის ნიღაბქვეშ დაფაროს. ფანატიზმისაკენ მიდრეკილება ჰქონდათ მხოლოდ ცრუ რელიგიებს, რომელთაც არ შეეძლოთ მოელბოთ ადამიანთა სული, პირიქით, ამძვინვარებდნენ მას" (გაბრიელი 1993: 157). შესიტყვებაში ,,ა. შ.", ცხადია, ბევრი რამ იგულისხმება: ნებისმიერ ცოდვაში დგომა და მათი დაფარვა ღრმადმორწმუნის როლის თამაშით (მზერის ერთ წერტილში კონცენტრირებით და აღარაფრის გაგონებისა და დანახვის სურვილის აფიშირებით), უვიცობა და მისი შენიღბვის ხრიკი, პათოლოგიური მისტიციზმი და მანია გრანდიოზა, რასაც ამპარტავნება და მთავრობისმოყვარება წარმოშობს.

 

გაუკუღმართებული რელიგიური ცნობიერების ნიმუშია აგრეთვე ცრუმორწმუნეობა, რაც, როგორც წესი, ფანატიზმთან ერთად მოქმედებს და ხშირად შეხორცებულია მასში. ცრურწმენის ნიმუშად არქიმანდრიტი გაბრიელი ასახელებს ხატებისა და საეკლესიო წიგნების საკრალიზაციას სიძველე-სიახლის მიხედვით: ძველი ხელნაწერი ხატებისა და წიგნების წმინდად და მადლმოსილად შერაცხვას, ახლებისას და სტამბაში დაბეჭდილებისას კი _ არაწმინდად და მადლმოკლებულად. ასეთ აზროვნებას იგი სექტანტობას უწოდებს (გაბრიელი 1993: 101) და მიგვანიშნებს, რომ სექტანტობა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშიც არსებობს, რაც ამავე ეკლესიისათვის მავნებლობაა.

 

სხვადასხვა წყაროს საფუძველზე ცნობილია, თუ რაოდენ ღრმად ჰქონდა (და აქვს) ცრუმორწმუნეობას ფესვები გადგმული დასავლეთ საქართველოში და, კერძოდ, იმერეთში (ჯადო, ფეხი, კუდი, თვალი და ა.შ.). ამიტომ ბუნებრივია, რომ გაბრიელ ეპისკოპოსის სამოძღვრო პრაქტიკაში დიდი ადგილი დაეთმო ისეთი ხალხური რწმენა-წარმოდგენებისა და რიტუალების მხილებას, რომლებსაც ქრისტეს მცნებებთან და მართლმადიდებლობასთან საერთო არაფერი აქვთ. ამის თაობაზე ჟურნალ ,,კვალის" ნომერში ვკითხულობთ: ,,ხალხი, როგორც ყველგან, უმეცრებისა და ცრუმორწმუნეობის ბურუსში იყო გახვეული. ამიტომ ყოვლად სამღვდელო გაბრიელი დაუზარებლად მოგზაურობდა მთელ ეპარქიაში. არ დარჩენილა არც ერთი მივარდნილი და მიუვალი სოფელი, სადაც თვით ყოვლად სამღვდელო არ ყოფილიყოს და იქ დარიგება არ ეთქვას, ქრისტიანობის სწავლა-მოძღვრება არ განემარტოს. ყველამ იცის, რომ დღემდე ზოგან ცრუმორწმუნეობა ისე გავრცელებული და გამტკიცებულია, რომ ხალხი სხვადასხვა ხეს, ეკლესიის გალავანში ან მივარდნილ ადგილას მდგომს, თაყვანს სცემს, ღვთაებრივ ღირსებას აწერს და ამისთანა ხის მოჭრას ვერავინ ბედავს. აი, ასეთი ცრუმორწმუნეობის აღმოსაკვეთათ ყოვლად სამღვდელო, გარდა დარიგებისა და ქადაგებისა, სხვა ღონეს და ხერხსაც ხმარობს. სანდო და სარწმუნო პირთაგან გაგვიგონია, რომ ერთხელ, სამეგრელოში ყოფნის დროს, თვით ყოვლად სამღვდელო იღებს ხელში ნაჯახს და ჭრის იმ მუხას, რომელიც ადგილობრივ მკვიდრთ ღვთაებად გამოესახათ და რომლის შეხებას ვერავინ ბედავდა. ამ მტკიცე საქციელს ხალხი სულგანაბული შეყურებდა და მოელოდა, რომ ღმერთი მუხისა ელვა-ტეხით გააპობდა კადნიერ მღვდელმთავარს. მაგრამ ლოდინმა ამაოთ ჩაუარათ. ამ სანახაობამ კი ღრმა და დიდი გავლენა იქონია იქ დამსწრეებზე".

 

ეპისკოპოს გაბრიელის ქადაგებები და აფხაზეთსა და სვანეთში სამისიონერო მოგზაურობის ანგარიშები (აფხაზეთთან დაკავშირებით: გაბრიელი 2007) ბევრ ისეთ მასალას შეიცავს, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის დასავლეთ საქართველოს როგორც მთის, ისე ბარის ადგილობრივ (სოფლურ) რელიგიურ ტრადიციებსა და მოსახლეობის სულიერ განწყობილებაზე. ამ თვალსაზრისით რელიგიათმცოდნეებსა და ეთნოლოგებს წმ. გაბრიელის წერილობით მემკვიდრეობაში უამრავი ფაქტისა და ანალიზის მოპოვება შეუძლიათ.

 

წმ. გაბრიელის სამოძღვრო პრაქტიკა


,,ქადაგებანის" პირველ ტომში (ქუთაისი, 1913) შესულია ,,მოძღვრება თქმული ოსთადმი კუდაროს ხეობის ეკლესიაში", რომელიც წარმოთქმულია როგორც ახალმონათლულების, ისე მოუნათლავების (კათაკმეველებისა თუ მონათლვის არმსურველთა) წინაშე. მოძღვარი შეახსნებს მათ, რომ ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანების შთამომავალნი არიან, რასაც მათ მხარეში მდგარი ძველი ეკლესია ცხადყოფს. დღეს იგი ნანგრევებადაა ქცეული, მაგრამ თქვენ მის მიმართ მაინც ,,ესოდენი შიში და მორჩილება" გაქვთო. ქრისტიანობა თქვენ შორის, ისე როგორც იმერეთის თითქმის ყველა მთის სოფელში, არეულობისა და ომების მიზეზით მოისპო. ახლა კი, ღვთის წყალობით, მთავრობამ მღვდელი გამოგიგზავნათ, რათა ,,იყოს უწინდელსავით ქრისტიანობა და განათლება თქვენში". მთავარი ის კი არ არის, რომ პირჯვარი გადაიწეროთ და ეკლესიაში იაროთ, არამედ ის, რომ გაიგოთ, რა არის ქრისტიანობა და იცხოვროთ ისე, როგორც ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს. ამიტომ მე ვუბრძანე მღვდელს, რომ ,,თქვენს ოსურს ენაზედ" თარგმნოს და ყოველ წირვაზე წაიკითხოს მთავარი ლოცვები, რადგან ამ ლოცვების დახმარებით თქვენ მიხვდებით, რა არის ქრისტიანობა. და თუ გინდათ, რომ ნამდვილი ქრისტიანი გახდეთ, თქვენ შორის სისხლგამჯდარ წეს-ჩვეულებებზე უარი უნდა თქვათო; უარი უნდა თქვათ, მაგალითად, დაფიცებისა და გამოტეხვის უცნაურ წესზე- გამოსატეხი კაცის წინაპრის საფლავზე დამღრჩვალი კატის, ძაღლისა თუ ვირის ჩამოკიდებაზე, ასევე - ქურდობაზე, რომელიც ძალზე გავრცელებულია თქვენში, მიცვალებულის მოსახსენებლად ურიცხვი საქონლის დაკვლაზე, ურიცხვი სტუმრის მოწვევაზე, ამ დროს დათრობასა და ჩხუბზე. ,,ვისაც სურს ნამდვილ ქრისტიანულად იცხოვროს, მან ორგვარი სიყვარული უნდა შეიძინოს გულითა თვისითა: ერთი ღვთისა და მეორე კაცისა... რა არის კაცის სიყვარული, ეს მოკლედ გამოგვიცხადა უფალმან იესო ქრისტემან: რაც გინდა, რომ გიყოს შენ კაცმან, შენც ის უყავი კაცსა".

 

არც ამ და არც სხვა მისიონერულ ქადაგებებში წმ. გაბრიელი არ ამახვილებს ყურადღებას არც პოლიტიკაზე, არც ეროვნებაზე და არც კონფესიურ თავისებურებებზე. მთავარია მსმენელი ცრურწმენებისაგან გათავისუფლდეს და ქრისტეს ეზიაროს, შეიძინოს ჯანსაღი სარწმუნოება, რომლის არსებითი ნიშანია (რაც უკვე აღვნიშნეთ) არა დოგმატური თავისებურებების აფიშირება, არამედ სახარების სული, რომელსაც პიროვნების გარდაქმნა და გაუმჯობესება შეუძლია. ამ გზაზე პირველი რიგის ამოცანაა ქრისტეს მოძღვრების შეცნობა და გათავისება, რაც ვერ მიიღწევა, თუკი მსმენელმა მოსმენილი ტექსტი ენის თვალსაზრისითაც კი ვერ გაიგო. ამიტომაა, რომ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მცდელობებს ღვთისმსახურების ნაციონალურ ენებზე გამართვისათვის. მან აფხაზი ხალხისთვისაც იზრუნა და დიდ ქალბატონს, კესარია შარვაშიძეს შესთავაზა, ჩამოეყალიბებინა კომიტეტი და ლიტურგიის ძირითადი ადგილების აფხაზურად თარგმნისათვის ეხელმძღვანელა (ამბროსი ხელაია 2005: 113,153).

 


წმ. გაბრიელი და საეკლესიო რეგლამენტის დემოკრატიზაცია


აფხაზეთთან დაკავშირებული ეს ინფორმაცია ჩვენთვის ორმხრივაა საყურადღებო:
1) აქედან ჩანს, რომ წმ. ეპისკოპოსი შორს იდგა ისეთი შეხედულებისაგან, რომელიც საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ,,გნოსტიკური ერესის ლინგვისტურ ნაირსახეობადაა" მიჩნეული და რომელსაც თანამედროვე მართლმადიდებელთა შორის ბევრი მომხრე ჰყავს (კიკნაძე 1998: 24). იგულისხმება ენების დახარისხება უფროსებად და უმცროსებად, ბუნებითად დიდუნარიანებად და ნაკლებუნარიანებად, ბუნებითად საკრალურებად და არასაკრალურებად, რაც სხვა არაფერია, თუარა მცირე ერებისა და ენების დისკრიმინაცია, _ სრულიად შეუთავსებელი ქრისტეს მოძღვრებასთან და მისი ეკლესიის სულთან.  
2) აქვე იმასაც ვხედავთ, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იგივე ეპისკოპოსი ქალის როლს საეკლესიო ცხოვრებაშიც კი. მას სრულიად კანონზომიერ მოვლენად მიაჩნია, რომ საღვთო და სამღვდელო წიგნების თარგმნაში მონაწილეობა მიიღოს ქალმა და არამარტო მონაწილეობა მიიღოს, არამედ ამ პროცესს უსელმძღვანელოს კიდეც. ეს ის ვითარებაა, რასაც დღეს ცივილიზებული კაცობრიობა გენდერული ბალანსის დაცვას უწოდებს და ცხოვრების ყველა უბანზე მისი რეალიზაციისათვის იღვწის. ქალის ბუნების სპეციფიკის განსაზღვრას, ისტორიასა და საზოგადოებაში მისი დანიშნულებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას, მისი ღირსების სიღრმისეულად წვდომას გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით.

 


წმ. გაბრიელი და ეროვნული თვითმყოფადობა


წმ. გაბრიელის დასავლეთევროპულ, კერძოდ კი რეფორმატორულ, ღირებულებებთან ნათესაობას ადგილობრივი, ნაციონალური და თვითმყოფადი კულტურების დაცვისა და განვითარებისათვის ზრუნვაც ასაჩინოებს. შეიძლება ითქვას, რომ ის აფხაზური და ოსური ენების სალიტერატურო ენებად გადაქცევის ერთ-ერთი წინამორბედია, რითაც მან ამ ხალხთა თვითმყოფადობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. უკვე ადვილი წარმოსადგენია, თუ რაოდენ ამაგს დასდებდა იგი საკუთარი ერისა და ქვეყნის, საქართველოს, თვითმყოფადობას. მის თანამედროვეებს, დიდსაც და პატარასაც, კარგად მოეხსენებოდათ, თუ რა შემართებით იცავდა იგი მშობლიური ენის უფლებას როგორც საეკლესიო, ისე საერო ცხოვრებაში. დღესაც ხშირად იხსენებენ და იმოწმებენ მის წერილობით პოლემიკას გიორგი მუხრანბატონთან (რაზეც ქვემოთაც შევჩერდებით), სასულიერო უწყების მოხელე ა. კერსკისთან და კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველ კ. იანოვსკისთან, როცა იგი იცავდა, ერთი მხრივ, ქართველების უფლებას სასულიერო განათლების მშობლიურ ენაზე მიღების თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, ქართული ენის უფლებას მეგრელებისა და სვანების საეკლესიო-საღვთისმსახურო პრაქტიკაში. მეორე საკითხში ეპისკოპოსი იმ ენათმეცნიერულ თეორიასაც ეყრდნობოდა, რომლის თანახმად ქართული, მეგრული და სვანური მოძმე ენებია, რის გამოც მეგრელები და სვანები ლიტერატურულ ქართულს ადვილად სწავლობენ და მათი სალიტერატურო ენა წარსულშიც და ახლაც ქართულია.

 

წმ. გაბრიელის პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოზიცია


სიმტკიცე მამულიშვილობაში, ფართო დიაპაზონი მეცნიერებში და თავისუფლება აზროვნებაში ასხივებს ეპ. გაბრიელის იმ პოლემიკური ნაშრომიდან, რომელიც ყველაზე მეტადაა ცნობილი _ ,,წერილი თ. გიორგი კონსტანტინეს ძის მუხრან-ბატონის მიმართ" (პირველი პუბლიკაცია: ,,მოამბე", 1896, #3, გვ. 92-100). მისი ისტორია ასეთია: სენატორმა გიორგი მუხრანბატონმა (ბაგრატიონმა; 1821-1877) 1872 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა ბროშურა ,,ნაციონალური ინდივიდუალობის ბუნება", რომელშიც განავითარა აზრი მცირე ერებისა და ენების დიდ ერებსა და ენებში გათქვეფის კანონზომიერების შესახებ, რადგან ეს სახელმწიფოს სიმტკიცის აუცილებელი პირობააო. მან მეგობრული წერილი,  ქართულად დაწერილი, გაუგზავნა იმერეთის ეპისკოპოსს და, როგორც ჩანს, აზრისა და პოზიციის გაზიარება სთხოვა. აი, ამ წერილზე (რომლის ტექსტი ცნობილი არაა) პასუხს წაროადგენს წმ. გაბრიელის ეპისტოლე, რომელიც ქართული პოლემიკური ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშად უნდა ჩაითვალოს. მეუფე აღფრთოვანებულია რუსეთის იმპერიის უმაღლესი მოხელის შესანიშნავი ქართულით და თავის მხრივ ბოდიშს იხდის, _ მე ასეთი ქართულით წერა არ შემიძლიაო. იგი დიდი პატივისცემით (თუმცა შინაურულად) და კეთილმოსურნის ტონით განიხილავს სენატორის ნაშრომს და საკუთარ შეხედულობებს გულწრფელად და მკაფიოდ გამოთქვამს. ეპისკოპოსი სენატორს როგორც კვლევის მეთოდს, ისე კონკრეტული მასალის ანალიზს უწუნებს: ,,თეორია გამოცდილებაზე უნდა იყოს დამყარებული, ფაქტებიდან უნდა იყოს გამოყვანილი და არა უკუღმა, ესე იგი ფაქტები თეორიიდან არ გამოიყვანება". სინამდვილე სწორედ შენი თეორიის საწინააღმდეგოდ მეტყველებსო, შენიშნავს ოპონენტი და დასძენს:  ,,დედამიწის ზურგზე, დასაბამიდან ქვეყნისა ვიდრე აქამომდე და ახლაც ჩვენ დროებაში, არ ყოფილა და არ არის ისეთი დიდი სახელმწიფო, რომელსა შინა ყოველნი მცხოვრებნი ლაპარაკობდნენ ერთი ენით: ყოველ დიდ-დიდ სახელმწიფოში ყოველთვინ და ყველგან, გარდა ერთი სამმართველო ენისა, ყოფილან სხვა წვრილ-წვრილნი ენები; გარნა ეს გარემოება არაფერს არ უშლიდა და არც ახლა უშლის, ე.ი. მარტო ამ გარემოებას სახელმწიფო არსად არ დაურღვევია, არ დაუსუსტებია". მუხრანბატონი არამდგრადი სახელმწიფოს ნიმუშად ასახელებს რესპუბლიკურ შვეიცარიას და მონარქიულ ავსტრიას და მათი არამდგრადობის მიზეზად ამ ქვეყნების ეთნიკურსა და ენობრივ მრავალფეროვნებას მიიჩნევს. გაბრიელი აკრიტიკებს როგორც ინფორმაციის ობიექტურობას, ისე ანალიზის ხარისხს: ,,შვეიცარიას უჩვენებთ და იტყვით, რომ აქ სამი ენა არისო, და ამისთვის აქ ერთი მკვიდრი სახელმწიფო არ არისო. შვეიცარია დიაღ მკვიდრი და მაგარი სახელმწიფო არის. ანუ ფედერაციას და რესპუბლიკას შენ სახელმწიფოდ არ სთვლი? ნუთუ მარტო მონარხია არის მკვიდრი და მაგარი სახელმწიფო და რესპუბლიკა არა? ვგონებ შვეიცარიისთანა განათლებული, მაგარი ერთობით და თანხმობით სავსე სახელმწიფო არც კი არის ევროპაში". რაც შეეხება ავსტრიას, იქ პრობლემებს, ოპონენტის დაკვირვებით, ეროვნული და ენობრივი პლურალიზმი კი არ წარმოშობს, არამედ მოქალაქეთა არათანასწორუფლებიანობა: ,,საუბედუროდ მათთა, მართებლობა სწორი სამართლით (равноправно) თანაბრად არ ეპყრობა ყოველ თესლებს: ნემცები და მადიარები ავიწროებდნენ ჩეხებს და სხვა სლავიანებთა... ამ მიზეზით და არა ენის განსხვავებით არის ავსტრიაში არეულობა და შფოთი".

    

ეპისტოლე მრავალი თვალსაზრისითაა შესანიშნავი, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოვყოფთ სამ იდეას, რომელიც სტრიქონსა და სტრიქონს შორის გამოკრთის: რესპუბლიკა უფრო სასურველი მოვლენაა, ვიდრე მონარქია; მოქალაქეთა დისკრიმინაცია სახელმწიფოს მტერია, ურთიერთთანხმობა და თანასწორობა კი მისი სიმტკიცის საფუძველი და, მესამე, _ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სიკეთეა! საკმარისია თვალი გადავავლოთ თუნდაც ზემოთ დამოწმებულ ციტატებს, რათა დავრწმუნდეთ: შვეიცარიის სულიერი და პოლიტიკური კლიმატი ეპ. გაბრიელს ლამის იდეალად და ეტალონად წარმოუდგება. ის ისეთი დადებითი ექსპრესიით ლაპარაკობს ამ ქვეყნის სტრუქტურასა და წესწყობილებაზე, კერძოდ იმაზე, რასაც დღეს დემოკრატიას ვეძახით, რომ მონარქიისათვის თითქოს აღარც კი რჩება ადგილი. მონარქიაა ავსტრიაში, მაგრამ რას შველის ეს ფორმაცია ამ ქვეყანას და მის პრობლემატიკას? ეს და მსგავსი კითხვები სტრიქონებს შორის თვალსაჩინოა. დავაკვირდეთ, რას ამბობს ფაქტობრივად მართლმადიდებელი ეპისკოპოსი: კათოლიკურ-პროტესტანტული შვეიცარია რუსეთის მართლმადიდებელ იმპერიაზე მეტად კულტურულიაო. ამის მიუხედავად ვერ ვიტყვით, რომ ეს ანტიმონარქიული გამწყობილებაა, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ საქმე დემოკრატიის მიმართ სიმპათიასთან გვაქვს.

 

საჭირბოროტო საკითხები, რის შესახებაც წმ. გაბრიელი ქადაგებდა


თვალში საცემია ის გარემოება, რომ წმ. გაბრიელის არცერთი ქადაგება არ ისახავს ვიწრო კონფესიურ მიზანს. პრობლემების განხილვის დროს არსად სვამს მახვილს მაინცდამაინც მართლმადიდებლობაზე; მსჯელობა მეტწილად ზოგადქრისტიანული თეოლოგიისა და ტრადიციის ფარგლებში მიმდინარეობს. მსმენელები ძირითადად, ცხადია, მართლმადიდებლები არიან და ქადაგებაც ზოგჯერ ასე იწყება: ,,მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!". ამის მიუხედავად ავტორი არასდროს არ მიმართავს მართლმადიდებლობის უპირატესობის დემონსტრირებას და სხვა ქრისტიანული აღმსარებლობების დამცრობას, რაც ჰომილეტიკაში ხშირია და მას ჩვენს დროში და ჩვენში მამხილებელ ღვთისმეტყველებას ეძახიან.  გაბრიელი ქადაგებებში თითქმის არ მიმართავს მამხილებელ ღვთისმეტყველებას, თუმცა იმ რეგიონში, დასავლეთ საქართველოში, სადაც იგი მოღვაწეობდა, სხვადასხვა კონფესიის ხალხი (როგორც იმ დროს ხშირად იტყოდნენ, _ სხვადმადიდებლები) მაშინაც ცხოვრობდა და ერთი კონფესიის ეკლესიიდან მეორეში გადასვლა მაშინაც ხდებოდა. მქადაგებელს აინტერესებს არა იმდენად ის, თუ რა კონფესიის (აღმსარებლობის) წარმომადგენლად მიიჩნევს თავს მისი ესა თუ ის მსმენელი, არამედ ის, თუ რა დონეზე დგას ამ მსმენელისა და მსმენელების ქრისტიანული ზნეობა, რამდენად არიან ისინი ქრისტიანები ან უნდათ, რომ გახდნენ ქრისტიანები. ესაა მიზეზი, რომ წმ. ეპისკოპოსი თითქმის განუწყვეტლივ საზოგადო და კერძო მორალის საკითხებზე გვესაუბრება. ამიტომაა, რომ მისი ქადაგებები დოგმატურ-პოლემიკური კი არა, არამედ სარწმუნოებრივ-ეთიკურია. მხილების ობიექტი არის არა სხვა კონფესია, არამედ საკუთარი კონფესიის ხალხი, ე.ი., საკუთარი მართლმადიდებელი ეკლესია (ეკლესია როგორც მორწმუნეთა კრებული). იგი ამხილებს და ებრძვის ისეთ მანკიერებებს, როგორიცაა სისხლის აღება, გულფიცხლობა (განსაკუთრებით გურულების, მისი თანამემამულეების), ადვილადმომდურაობა, შური, ამპარტავნება, მიცვალებულის დატირების გრძელი ცერემონია, რომელიც ,,ადვილად ასწავლის კაცს ფარისევლობას და პირმოთნეობას"; ანგარება, ჭორაობა და ა.შ. ამ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად ადამიანის ბუნების შესწავლაა საჭირო და ვის შეეძლო ამ მოვალეობისათვის უკეთ თავის გართმევა, თუარა ფსიქოლოგიურ დისციპლინათა საუკეთესო მცოდნე მოძღვარს?

 

დიდი საღვთისმეტყველო და ფსიქოლოგიური ალღო ჩანს ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე საუბრის დროს, როგორებიცაა ქურდობა, ცილისწამება, მართლმსაჯულება, პენიტენციალური სისტემა, პირუტყვთა შებრალება, სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა და სხვ. ბევრ შემთხვევაში ჩვენ, თანამედროვე მკითხველებიც, ახლებური ანალიზისა და ინტერპრეტაციის მხილველნი და აღმქმელნი ვხდებით. მათი ავტორი სოციალური თვალსაზრისით ერთობ აქტიურ პიროვნებად წარმოგვიდგება, რასაც თვითონ, როგორც ბერი ეპისკოპოსი, ასე ხსნის: ,,თუმცა ჩვენ ვართ თქვენნი მოძღვარნი და წინამძღოლნი ზეციერისა მხოლოდ მიმართ სასუფეველისა, გარნა,  ვითარცა მოძმეთა თქვენთა, არ შეგვიძლია არ მივიღოთ მონაწილეობა ხორციელსაცა შინა თქვენსა ცხოვრებასა; ყოველნი თქვენი წარმატება და ბედნიერება ამ სოფელში გვახარებს ჩვენცა, გარნა ყოველი თქვენი მწუხარება და გაჭირვება ჩვენთვისცა არის სამწუხარო" (ქადაგებანი, II, ქუთაისი, 1913, გვ. 444). მსჯელობა, რომელიც ასეთ პოზიციას ეფუძნება, არამარტო შემეცნების ველს აფართოებს, არამედ გულსა და გონებას მსჭვალავს და აფაქიზებს.

 

ქადაგებაში ,,ქურდობისათვის" წმ. გაბრიელი შეახსენებს მსმენელებს და შეგვახსენებს ჩვენც, რომ ღვთის ყოველ სიტყვას და მცნებას პირდაპირი და ვიწრო მნიშვნელობის გარდა აქვს `ფართო, მაღალი, ღრმა, ვრცელი აზრი და მნიშვნელობა~. ამ პრინციპს თუ გავითვალისწინებთ, ადვილად მივალთ იმ ჭეშმარიტებამდე,  რომ მცნება `არ მოიპარო!~ მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული საგნის (ფულისა თუ ნივთის) მალვით წაღებას და მითვისებას არ გულისხმობს. მღვდელმთავრის განმარტებით: ,,მპარავის მსგავსი შეიქმნება ის ხელმწიფის მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი, რომელიც დაუდევნელად და არა ერთგულად აღასრულებს თანამდებობასა თვისსა. ჯამაგირი და ჯილდო, რომელსაც იგი იღებს ხელმწიფისაგან, მოპარული აქვს ესრეთსა ჩინოვნიკსა. ვაჭარი, რომელი იღებს უზომო ფასს თავის საქონელში, ანუ, ნაცვლად კარგის საქონლისა, აძლევს ცუდს საქონელს და ფასს სრულს იღებს, ვგონებ, პირ-და-პირ უნდა შეირაცხოს მპარავთა შორის... ვინ იცის, იქნება წინაშე თვალთა მართლმსაჯულისა ღვთისა პირ-და-პირი ქურდი არ არის იმ ზომად ცოდვილი, ვითარცა ესრეთნი _ ფარულად და მზაკვარებით აღმასრულებელნი მპარაობისა" (ახალი პუბლიკაცია და მიმოხილვა: პაპუაშვილი 2003: #7).

 

დღესაც აქტუალურია ისეთი მოვლენის დეფინიცია და კვალიფიკაცია, როგორიცაა ცილისწამება: მხოლოდ პიროვნული ცოდვაა ის თუ დანაშაულიც; მარტოოდენ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება იგი თუ იურიდიულსაც? ეპ. გაბრიელი, რომელსაც, როგორც თვითონ აღნიშნავს, თავადაც არაერთგზის უწვნევია ბეზღებისა და ცილისწამების სუსხი, თვლის, რომ ცილისწამება და მაბეზღრობა არის ინდივიდუალური ცოდვა და, მაშასადამე, მორალური კატეგორია. იგი ამბობს: ,,დაბეზღება, შესმენა არის ცილის წამება, ნაყოფი მტრობისა და სიძულვილისა, ხოლო საღმრთო წერილი შურისძიებას, მტრობას და ცილისწამებას დაამზგავსებს და უწოდებს კაცის კვლად. მაშასადამე, ამისთანა საშინელ ცოდვას მიიღებს თავის თავზედ დამბეზღებელი, შემასმენელი, და თავის განზრახვას და მიზანს მაინც ვერ მიაღწევს", რადგან ბეზღების ანონიმურ თუ ფსევდონიმურ წერილებზე მთავრობა უკვე აღარ რეაგირებსო (ახალი პუბლიკაცია და მიმოხილვა: პაპუაშვილი 2003: #8).

 

როგორც საზოგადოებრივი, ისე მეცნიერული თვალსაზრისით საყურადღებოა ეპ. გაბრიელის გამოხმაურებები ბატონყმობის გაუქმებასა და სასამართლო რეფორმაზე. იგი მიესალმა ამ დემოკრატიულ მოვლენებს, რადგან მათში ქრისტიანული იდეალების ხორცშესხმის საშუალება დაინახა.

 

გაბრიელ ქიქოძის ხასიათის სიმტკიცე და პრინციპულობა განსაკუთრებით ბატონყმობის გაუქმებასთან დაკავშირებით გამოჩნდა. ალექსანდრე II-ის 1861 წლის 19 თებერვლის მანიფესტი რატომღაც ყველაზე გვიან ქუთაისის გუბერნიაში გამოცხადდა, - 1865 წლის 13 ოქტომბერს, რის შედეგადაც ბატონებმა ყმებზე უფლება დაკარგეს, ყმები კი გათავისუფლდნენ. ამ აქტის გამო იმერეთის ეპისკოპოსმა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში საგანგებო ქადაგება წარმოთქვა; აღნიშნა, რომ ბატონყმობის ინსტიტუტი ქრისტიანობასთან შეუთავსებელი მოვლენაა, ხოლო მისი გაუქმება _ კანონზომიერი და მისასალმებელი. იმის მიუხედავად, რომ ყმები ყველაზე გვიან იმერელ მებატონეებს ჩამოართვეს, ყველაზე დიდი პროტესტი ამ მებატონეებმა გამოხატეს. თავადებმა, რომლებმაც გაბრიელის ქადაგება მოისმინეს, ეკლესია ყვირილითა და დემარშით დატოვეს. ერთ თავადს, კანდელაკს, კიდეც დაუქადნია, გამოვა თუ არა ეს ბატონი ტაძრიდან, ამ ხანჯლით გავათავებო. მგრამ როდესაც მღვდელმთავარს სახლისაკენ გზა მშვიდად გაუგრძელებია, მას განზრახვა სისრულეში ვერ მოუყვანია, _ ხანჯალზე თითქოს ხელი შემახმაო. მკვლევარი ილია ჭყონია (ფსევდონიმი თ. მაგმაძე) დასძენს: თავადმა პეტრე მიქელაძემ ეპისკოპოსს პამფლეტი დაუწერა, რომელიც იმერეთის თავად-აზნაურებმა აიტაცეს და დაიზეპირესო: ,,დედაშენი ღომსა ცეხვდა, მამაშენსა ედგა კეხი. თუ მღვდელმთავრად აწ გინდომოთ, კისერს დაგვკარ შენი ფეხი!" (,,ივერია", 1901, 8.XI, #233).

 

1864 წლის 20 ნოემბრის დადგენილება, რომელიც სასამართლო სისტემის განახლებას ისახავდა მიზნად, ქუთაისის ეპისკოპოსმა იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ იგი ქადაგების თემად აქცია (ახალი პუბლიკაცია და მიმოხილვა: პაპუაშვილი 2003: #9). მისი დაკვირვებით, რეფორმის მთავარი სიკეთე და ძველთან შედარებით უპირატესობა სასამართლო პროცესის მეტ სიცხადეში, გამჭვირვალეობაში, სიმარტივეში, სისწრაფესა და საჯაროობაში მდგომარეობს. იგი ამასთანავე მიგვანიშნებს პიროვნების ღირსების ხელშეუხებლობაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე და მართლმსაჯულების სისტემაში საზოგადოების როლის გაფართოებაზე. ,,სად იყო იმერეთში, ანუ სად არის ახლაც ჯერედ სჯულის შიში, ცუდი საქმის მორიდება, ადამიანის პატივისცემა? ჩვენში პატივისცემა აქვს ტანისამოსს, სახელსა და სახესა; პატივისცემა აქვს სიმდიდრესა. ადამიანს კი პირადი პატივი არა აქვს... გარნა ამიერითგან იქმნება ახალმა სჯულმა (კანონმა. _ ნ. პ.) ჩვენ გვასწავოს პატივისცემა კაცისა, ვითარცა კაცისა, ადამიანისა". ამბობს მღვდელმთავარი და საზოგადოებას გააქტიურებისაკენ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მართლმსაჯულებაზე სახალხო კონტროლის დამყარებისაკენ მოუწოდებს: ,,გარნა, ძმაო, თუ გსურს, ამ დიდ ცვლილებას მიეცეს წარმატება; თუ გსურს, რომ ახალმა წყობილებამ უმეტესი კეთილი გიყოს შენ და ყოველსა საზოგადოებასა, მიიღე გულითადი მონაწილეობა მას შინა. რა სახით?... ხშირად შეხვიდოდე სასამართლოში და ყურს უგდებდე, როგორ სწარმოებს სამართალი. თუ შეიტყო, რომ მოსამართლე გონიერად მიუძღვის სამართალსა, აქე, დალოცე, წაახალისე. თუ სიმრუდე რაიმე შეიტყო, თამამად გაამტყუნე; ბევრი იყვირე საზოგადოებაში...". დაგვეთანხმება მკითხველი, რომ ამ სიტყვებს ფართო შინაარსი და განმაზოგადებელი ძალაც აქვს და აქ საქვეყნო-სახელმწიფო საქმეებში საზოგადოების ქმედითად ჩართულობა იგულისხმება.

 

წმ. ეპისკოპოსი საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ საქმიანობაში პატიმრებთან ურთიერთობას საპატიო ადგილს მიუჩენდა. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი მისი ქადაგებების ნუსხას გადავხედავთ. მკვლევრები იმოწმებენ მის უბის წიგნაკსაც, საიდანაც ირკვევა, რომ მეუფე წინასწარ საგულდაგულოდ ადგენდა სათნო საქმეების გრაფიკს და საზღვრავდა, როდის რა ვისთვის უნდა გაეკეთებინა: როდის უპოვართა და მიუსაფართათვის, როდის ხელმოკლე მოწაფეებისათვის, როდის ქვრივ-ობლებისათვის და როდის მსჯავრდებულებისათვის. იგი ყოველ აღდგომასა და შობას დიდ სუფრას აწყობდა და ეკლესიის მთელ კრებულს იწვევდა, შემდეგ კი საჭირო თანხას ციხეებში უგზავნიდა პატიმრებს. ეპ. გაბრიელი 1869 წელს პატიმრების მატერიალური და სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტადაც დაინიშნა. ქადაგებები, რომლებიც საპყრობილეებში წარმოითქვა, აღბეჭდილია დანაშაულის, სასჯელისა და მონანიების ფსიქოლოგიური ანალიზით. იგი პატიმრებს ასეთი ახსნა-განმარტებით მიმართავს: თქვენი მთავარი უბედურება ის კი არ არის, რომ თქვენ იძულებით სასჯელს იხდით და სატუსაღოში ხართ, არამედ ის, რომ თქვენ ცოდვის ტყვეები და სულიერად ეშმაკისაგან დაპატიმრებულები ხართ. ,,ცოდვა არის პირველი თქვენი მტერი და დამატყვევებელი, ცოდვამ შემოგაგდო თქვენ აქ და მოგაკლო თქვენ პირველი სიკეთე კაცისა _ თავისუფლება. დამიჯერეთ, ძმანო, როდესაც ცოდვას გააგდებ გულისაგან, თუ ოდესმე ცოდვისაგან დაგიხსნა ღმერთმან, მაშინ ამ საპყრობილედგანაც გამოხვალ... ძმაო ჩემო, დაჰფიქრდი შენ გულში, ჰკითხე შენს თავს: რისთვის დაგემართა შენ ეს უბედურება, ესე იგი საპყრობილეში შესვლა? ნუ ეფერები შენს თავს, ნუღარ დაჰმალავ შენს გულში შენს ბრალს. მოინანე შენი ცოდვა. ევედრე ღმერთს, რომ გამოგიყვანოს სულიერისა ტყვეობისაგან, და მით განთავისუფლდე ხორციელისა ტყვეობისაგანაც. ვისაც ჭკუა სრულიად არ დაუკარგავს, ვინც სრულიად არ გამოსულა სირცხვილისაგან, ვისაც აჩნია კიდევ ცოტაოდენი ადამიანობა და კაცის სინიდისი, მას შუძლია ისარგებლოს თავისი უბედურებით, თავისი უბედურება გადააქციოს ბედნიერებად: ამ საპყრობილესაგან გამოვიდეს განათლებული და განთავისუფლებული".

 

წმ. გაბრიელი გვარწმუნებს, რომ სიკეთისა და სათნოების განუყოფელი ნაწილი არის ცხოველების სიყვარული და პატივისცემა, ე.ი. საფუძველი იმისა, რასაც დღეს ცხოველების უფლებათა დაცვას ეძახიან, ზოგადად კი - ეკოლოგიას. მისმა ქადაგებამ ,,პირუტყვების შებრალებისათვის" საყოველთაო ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც რუსულენოვან, ისე ინგლისურენოვან სამყაროში (რადგან ორივე ენაზე ითარგმნა). იგი ეყრდნობა სოლომონ ბრძენს, რომელიც ამბობს: ,,მართალნი სწყალობენ სულსა ცხოვართა თვისთასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო" (იგავ. 12,10). ვინაიდან ამ წინადადების (ძველი ქართული თარგმანის) მეორე ნაწილი გაუგებარია (რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ,,ნაწლევი"?), მქადაგებელი ციტატას ჯერ ენობრივად განმარტავს* და თემის საგანს შემდეგ განიხილავს. მისი თქმით, სოლომონის სიტყვები შეიცავს ,,ზნეობრივ სწავლას", რაც სულაც არაა მეორეხარისხოვანი, როგორც შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოსო. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენში, საქართველოში, რადგან აქ პირუტყვებს ,,ერთობ უწყალოდ და უგვანოდ" ეპყრობიან, რაც ,,წინააღმდეგია კეთილისა და ქრისტიანულის ზნეობისა". მოყვანილია ასეთი მაგალითი: ,,ერთხელ ერთმა აქაურმა გადარეულმა აზნაურ-შვილმა, როდესაც მისმა უჭმელმა და გატანჯულმა ცხენმა ვეღარ შეიძლო კარგად გაჭენება აღმართზე, ჩამოხტა, სატევარი ჰკრა მუცელში და მოჰკლა". მღვდელმთავარი დასძენს: ,,კეთილი და მოწყალე ადამიანი არა თუ მხოლოდ კაცს უნდა სწყალობდეს, არამედ პირუტყვსაც; საქონელი და პირუტყვი არის გატანჯული და წამხდარი მხოლოდ იმ ქვეყანაში და იმ ხალხში, სადაც არ არის კეთილი ზნეობა, სწავლა. გაგვიგონია მოგზაურთა[გა]ნ, რომელთა უნახავთ განათლებული ევროპის ქვეყნები, რომელ მუნ მარტო შინაური პირუტყვის შეხედვა აჩვენებს კეთილ-ზნეობასა და განათლებას ადგილის მცხოვრებთა, ვინაითგან მუნ ყოველი საქონელი არის საკვირველად მოშენებული და გაკეთებული... ღმერთმან პირუტყვნი დაგვიმორჩილნა ჩვენ და მოგვცა ჩვენ მოსამსახურედ, ვითარცა იტყვის საღმრთო წერილი: მთავრობდეთ თევზთა ზღვათასა და ფრინველთა ცისათა და ყოველთა პირუტყვთა. გარნა ღმერთს ნება არ მოუცია ჩვენთვის, რომ ვტანჯოთ პირუტყვი". ღმერთი აქ წარმოდგენილია იმ მოსიყვარულე და ყოველთათვის მადლის მფენ მამად, რომელსაც არ ეამება, ,,რომ უფროსმან და უმჯობესმან მისმან ქმნილებამან, ესე იგი, კაცმან, სტანჯოს და აწვალოს უმცროსნი მისნი ქმნილებანი _ პირუტყვნი" (ქადაგებანი, I, 1913,  გვ. 448-451).

             

როდესაც გაბრიელ ეპოსკოპოსის იმ სტრიქონებს ვკითხულობთ, რომლებშიც ახსნილია შრომის როლი და მნიშვნელობა, თვალწინ ილია ჭავჭავაძე წარმოგვიდგება და ვრწმუნდებით, რომ მათი შინაარსი მან სრულყოფილად განჭვრიტა და წარმოაჩინა:


,,რომ მარტო იგი ქება-დიდება შრომისა დაგვრჩენოდა, რომელიც მან გვიღაღადა ერთს თავისს დაუვიწყარ ქადაგებაში და სხვა არარა, ისიც საკმაო იქნებოდა, რომ მისი სახელი ქვეყანას მოჰფენოდა და ჩვენც გვეგრძნო, რა დიდებული და ბრძენი მღვდელმთავარი დავკარგეთ. `მე თვითონ არ მინახავსო, _ ამბობს იგი, _ ხოლო გამიგონია სარწმუნო კაცთაგან, რომელ ერთს ძველად-ძველს ეკლესიაში კედელზედ არის დახატული ყოვლად-წმიდა ღვთისმშობელი და მის წინ სძევს მატყლი, ხელში უჭირავს ტარი და ჰქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემის თვალით მენახაო! _ ჰნატრულობს ამ საუცხოვო ხატით აღტაცებული მღვდელმთავარი: _ მაშინ მე გავიცნობდიო მეორესა კერძოსა საღმრთოისა მისის ხასიათისასა და უდიდესს პატივსა და კრძალვასა მისდამი იგრძნობდა გული ჩემიო! რა კარგი რამ იქნებოდა, რომ ყოველსა ქალსა მარადის ჰქონდეს წინაშე თვალთა ესრეთი ხატი... ესრეთი ხატი იქნებოდა ჭეშმარიტი დროშა, ანუ სიმბოლო, ესე იგი ნიშანი ყოველის ქალის მოვალეობისა, ღირსებისა და მნიშვნელობისაო...~ განაღა შეიძლება ამაზე მეტი გაპატიოსნება, ზეაწევა შრომისა და გამრჯელობისა, რომელიც ბევრსა გვგონია, ვითომც წილად-ხდომილია მარტო მდაბიოსიო".


  

ჰქონდა თუ არა წმ. გაბრიელის მოღვაწეობასა და ქადაგებას ეკუმენური შინაარსი?


თემებს, რომელთა შესახებ ეპისკოპოსი გვესაუბარება, თანაბარი ინტერესით მოისმენს როგორც მართლმადიდებელი, ისე კათოლიკე და ევანგელისტი-პროტესტანტი (და ისმენდნენ კიდეც). ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპ. გაბრიელის საზოგადო მოღვაწეობა და, გარკვეულწილად, სამოძღვრო პრაქტიკაც ინტერკონფესიურ ხასიათს ატარებდა. რადგან ასეა, რადგან მისი ქადაგებები მეტწილად ზოგადქრისტიანულ შინაარსს გამოხატავს, მათ, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა რჯულისა და კულტურული ტრადიციების ხალხთა ინტერესი დაიმსახურეს. წმ. გაბრიელი ერთადერთი ქართველია, რომლის ქადაგებები უცხო ენებზე _ რუსულად და ინგლისურად _ არის თარგმნილი. აი, რა უთქვამს ივანე ზურაბიშვილისათვის კიევის უნივერსიტეტში ერთ ბულგარელ სტუდენტს: გაბრიელ ეპისკოპოსის სახელი დიდად არის ცნობილი ბულგარეთში, მე მისი ქადაგებებიც წამიკითხავს, თუმცა საქართველოს შესახებ სხვა არაფერი ვიციო (ზურაბიშვილი 2006:177-78).

 

ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსთან ერთად ალბათ ინტერკონფესიურმა ხასიათმაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ეპ. გაბრიელის ქადაგებებით არამართლმადიდებელი სასულიერო პირებიც დაინტერესდნენ. ანგლიკანმა პასტორმა (მღვდელმა) სოლომონ სიზარ მალანმა, რომელიც ითვლება ქართველოლოგიის პიონერად ინგლისში, გაბრიელ ეპისკოპოსის 15 ქადაგება ქართულიდან ინგლისურად თარგმნა და 1867 წელს გამოაქვეყნა. ამასთანავე ირკვევა, რომ იმ დროს ანგლიკანურ ეკლესიას დიდი ეკუმენური მიზნები დაუსახავს და ეკლესიების გაერთიანებისათვის ზრუნვა დაუწყია. მან პირველ ყოვლისა მართლმადიდებელ ეკლესიასთან დიალოგი და მისი ტრადიციის პირველწყაროთა საფუძველზე გაცნობა მოინდომა. პასტორი მალანი ამ წამოწყების სამსახურში იდგა, რასაც ქართული საზოგადოება და, კერძოდ, გაზეთი ,,დროება" მიესალმა (შარაძე 1984: 20-22). მიესალმა ამას გაბრიელ ეპისკოპოსიც, რომელმაც იგი, ანგლიკანი მღვდელი სოლომონი, 1872 წლის 23 მაისს ქუთაისის რეზიდენციაში დიდი პატივისცემით მიიღო. ამ ვიზიტს ინგლისელი მკვლევარი დევიდ ლენგი ასე აღწერს: ,,მან ერთი კვირა დაჰყო ეპისკოპოსთან; თან ახლდა წირვასა და ღვდელმსახურებაზე... დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რიტუალის ზვიადმა იერმა და გალობის ხმატკბილობამ, ხელზე მთხვევის ცერემონიამ და სხვა. თვითონ მალანმა ქართულად წარმოთქვა ქადაგება საკათედრო ტაძარში. გაბრიელ ეპისკოპოსთან მუსაიფში მან განმარტა ინგლისური ლოცვანის დიდი ნაწილი. საინტერესო ურთიერთობა დაამყარა მან ზოგიერთ ბერთან, რომელთაც დაათვალიერებინეს დავით მეფის აგებული ტაძარი, სადაც მერვე საუკუნის ხელნაწერი სახარება იყო" (ლენგი 1957: 140). ანგლიკანი მღვდლის მართლმადიდებელთა ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, სახარების წაკითხვა (სტუმრობის პირველ დღეს მალანმა იოანეს მე-11 თავი, ლაზარეს აღდგინების ამბავი, წაიკითხა), ქადაგების წარმოთქმა და ლოცვის აღვლენა სხვა არაფერია, თუ არა ეკუმენური თანალოცვა. ამდენად, მითითებული გამოკვლევის მიხედვით, წმ. გაბრიელი შესაძლებელია იყოს ის პირველი ქართველი ეპისკოპოსი, რომელმაც ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენელთან ერთად ილოცა.

 

წმ. გაბრიელის მიერ დასავლეთ ევროპის მოსახლეთა ზნეობრივი და ინტელექტუალური ცხოვრების მაღალი შეფასება, რის თაობაზეც თავის ქადაგებებში ხშირად გვესაუბრება და ეს ზემოთ მოყვანილი ციტატებიდანაც თვალსაჩინოა, გვარწმუნებს, რომ ის აღნიშნული სამყაროს სარწმუნოებრივ და სულიერ ცხოვრებაში ბევრ მისაბაძ ფაქტსა და მოვლენას ხედავდა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მას თბილი და მეგობრული ურთიერთობა სხვა ტრადიციის ქრისტიანებთან, სხვადმადიდებლებთანაც ჰქონდა. ამას, პასტორ მალანთან ურთიერთობის გარდა, მისი ბიოგრაფიის ერთი, თუმცა ტრაგიკული დეტალი მეტყველებს. როდესაც მისი მეუღლე გარდაიცვალა (1856 წ.), მან ჩვილი ბავშვი გასაზრდელად მიაბარა ,,ძიძას, ნემცის ქალს, ნემცების კოლონიაში", მაგრამ ის და მეორე ბავშვიც, რომელიც სემინარიის ერთ ცოლშვილიან მღვდელს მიაბარა, მალე გარდაიცვალნენ (კელენჯერიძე 1913: 57). ცნობილია აგრეთვე მისი მეგობრობა მარჯორი და ოლივერ უორდროპებთან. 1895 წელს ისინი მის მეუფებას, უკვე უკურნებელი სენით შეპყრობილს, ქუთაისში ეწვივნენ. ცნობილია მარჯორის სიტყვები: ,,მნახველი გულდამშვიდებით ვერ შეხვდებოდა მისი ცხოვრების დაისს". მას ინგლისიდან მისთვის მოუწერია: ,,დრონი იცვლებიან მრავალგვარად და ჩვენც დროთა კვალად. უცვლელია მხოლოდ მეგობრობა" (კიკნაძე 2009: 25).


წუთისოფლიდან მარადისობაში

  
წმ. მღვდელმთავარი 1896 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გარდაიცვალა. გვამი მეორე დღეს ქუთაისის საკათედრო ტაძარში (სობოროში) გადაასვენეს. გადაიხადეს წირვა და პანაშვიდი და წაიკითხეს ანდერძი, რომელშიც გამოხატულია შენდობა ყველას მიმართ და ვედრება ყველას მიმართ, რათა მასაც შეუნდონ ცოდვანი ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

ამ დოკუმენტის საქველმოქმედო მუხლების თაობაზე ჟურნალი ,,კვალი" იუწყებოდა: ,,გასაკვირველია, რომ ეპისკოპოსი, ბერი, განდეგილი თითქმის მთელ თავის შეძლებას სასწავლებლებს უტოვებს, მხოლოთ სასწავლებლებს. დიახ, ასეთი ძლიერი იყო მისი უმეცრებისადმი სიძულვილი! ასე ძლიერი იყო სიყვარული სწავლისა და განათლებისადმი! მან მთელი თავის სიცოცხლითა, მოღვაწეობით და ბოლოს ანდერძით გადაჭრით დაამტკიცა, რომ ზნეობრივი მხარე და სათნოება მაღლა ვერ აიწევს, თუ მას წინ არ მიუძღვის გონება საღი, განვითარებული".

 

იმ დროს ქუთაისში უჩვეულო დიდთოვლობა იყო (თითქოს ბუნებაც გლოვობდა და ადამიანებს თანაუგრძნობდა). ამის გამო დაკრძალვა ერთი თვის შემდეგ, 10 მარტს, გელათის ტაძარში შედგა. იქ ათასობით ერმა და ბერმა, ქალმა და კაცმა, მართლმადიდებელმა და სხვადმადიდებელმა, ქრისტიანმა და არაქრისტიანმა მოიყარა თავი. ეს გასვენება ერებისა და სარწმუნოებების თანალმობის აქტად გადაიქცა. რაბინს ხავერდის ყდაში ჩასმული ათი მცნება მიჰქონდა. წარმოითქვა გულშიჩამწვდომი სიტყვები, მათ შორის ილია ჭავჭავაძისა. ვრცელი და შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა ეგზარქოსმა ვლადიმირმა, რომელშიც მან განსვენებულს უწოდა ,,თავისი სამწყსოს თანამოძმე", ,,ჭეშმარიტად ხე კეთილ-ჩრდილოვან-ფოთლოვანი, მრავალნაყოფიერი და კეთილნაყოფიერი" (ტექსტი _ კელენჯერიძე 1913: 239-248), მაგრამ საზოგადოება გაანაწყენა იმის გამო, რომ ქუთაისის სომხური ეკლესიის დეკანოზს იარალიანცის ამბიონზე ასვლისა და სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა.

 

მწერალი დავით კლდიაშვილი, რომელიც ამ ინციდენტს დეტალურად აღწერს, ამბობს: ეგზარქოსის ,,საქციელი პირდაპირ შეურაცხყოფა იყო დიდებული მოღვაწისა, რომელიც, ამგვარი რამე რომ შეხვედროდა სადმე სიცოცხლეში, მთელი თავისი არსებით წინაუდგებოდა და სასტიკად შეაჩვენებდა. ეპისკოპოზი გაბრიელი მეტად დაშორებული იყო ისეთ თვისებებს, რომელიც გამოიჩინა სარწმუნოების უმაღლესმა წარმომადგენელმა. იგი უყვარდა ხალხს მისი კლერიკალური მიმართულების გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ იგი იყო ნამდვილი გულწრფელი საზოგადოებრივი მოღვაწე, მებრძოლი ბერი, რომელსაც არც ერთ თავის ქადაგებაში ეშმაკი არ უხსენებია..." (დ. კლდიაშვილი, მემუარები, თბ., 1932, გვ. 10-12).

 

საყოველთაო გლოვას ქართველი კათოლიკეებიც შეუერთდნენ. ახალციხის მღვდელმა, ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, ივანე გვარამაძემ, განსვენებულის სულის საოხად 29 იანვარს პანაშვილი გადაიხადა და სამგლოვიარო სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც აღნიშნა: ეპისკოპოსი გაბრიელი არის ,,ჩვენი დროის ერთადერთი ღირსი მეცნიერი, რომელმაც აამაღლა ზნეობრივად საიმერეთო თუ საქართველო, გაანათლა საკმარისად სასულიერონი, ჩააფიქრა ყველა სწავლულნი, გონება გაუხსნა ღვთისმსახურებაზედ ყოველ სამღვდელო პირს..." (,,საბა", 1995, V).

 


 ლიტერარურა

  

ამბროსი ხელაია რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში, გამოსაცემად მოამზადა, თარგმნა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო ნ. პაპუაშვილმა, თბ., 2006

 

თ. ბუაჩიძე, ნიკოლაი დობროლიუბოვი _ არქიმანდრიტ გაბრიელის წიგნის რეცენზენტი. ,,მნათობი", 2001, #11-12

 

თ. ბუაჩიძე, ნების თავისუფლების პრობლემა გაბრიელ ეპისკოპოსის ,,ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში". გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი 2007, #2

 

გაბრიელ ეპისკოპოსი, ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები, თარგმნეს ო.ტაბიძემ, თ.ბუაჩიძემ, ვ.გოგობერიშვილმა, თბ., 1993

 

გაბრიელი: წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) და აფხაზეთი, კრებული შეადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ჯემალ გამახარიამ, თბ., 2007

 

ვ. გურგენიძე, მღვდელმთავარი, მეცნიერი, განმანათლებელი (გ. ქიქოძის დაბადების 160 წლისთავის გამო). საღვთისმეტყველო კრებული, 1985, #3 (რემინგტონზე)

 

ნ. ა. დობროლიუბოვი, ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები _ თხზულება არქიმანდრიტ გაბრიელისა (ქიქოძისა) (ალ. ქუთელიას თარგმანი). ,,მნათობი", 1943, #7

 

ც. ედილაშვილი, გაბრიელ ეპისკოპოსი მართლმადიდებელი ქრისტიანობისა და ეკლესიის ეროვნული მნიშვნელობის შესახებ. ,,მნათობი", 2001, #3-4

 

ი. ზურაბიშვილი, კარგ ქართველთა ხსოვნისათვის, თბ., 2006

 

მ. კელენჯერიძე, გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა (მისი დრო, ცხოვრება და მოღვაწეობა), ტ. 1, ქუთაისი, 1913

 

ვ. კიკნაძე, ეროვნული და საკაცობრიო პრობლემატიკა XIX ს. ქართველი სასულიერო მოღვაწეების შემოქმედებაში (ეპისკოპოსები: გაბრიელ ქიქოძე, კირიონ საძაგლიშვილი, პეტრე კონჭოშვილი, ღვთისმეტყველების კანდიდატი მიხეილ საბინინი), თბ., 2009

 

ზ. კიკნაძე, ბიბლიის თანამედროვე თარგმანისათვის. ,,სიტყვა", 1898, #1

 

დ. მ. ლენგი, ქართველოლოგიური კვლევა-ძიება ოქსფორდში. ,,ცისკარი", 1957, #4

 

თ. მუმლაძე, გაბრიელ ქიქოძის რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებები, ნაწ. 1,2,3, თბ., 2005

 

ა. ნიკოლაძე, გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), თბ., 1990 

              

ნ. პაპუაშვილი, კორნელი კეკელიძეპირველ საეკლესიო კრებაზე და ამ კრების ორი კანონიკური დოკუმენტის ატრიბუციის საკითხი. ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი 1, თბ., 2008

 

ნ. პაპუაშვილი, გაბრიელ ეპისკოპოსი <> შესახებ. ,,თავისუფლება", 2003, #7

 

ნ. პაპუაშვილი, წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი ცილისწამების შესახებ. ,,თავისუფლება", 2003, #8

 

დ. სუმბაძე, ,,შესდექ, რუსეთის დელმწიფევ!". მოგონება _ იმერეთის ეპისკოპოსის ხსოვნისათვის. ,,ახალი ეპოქა", 2003, 14-20.XI, #45.

 

დ. სუმბაძე, მიდმოგონება ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძეზე ანუ ეროვნული დიდხასიათობის პიროვნული გამოვლენა, თ., 2004.

 

ნ. ტარყაშვილი, ,,არა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო". ,,კვირის პალიპრა", 1999, 1-7.XI, #44.

 

ლ. ფრუიძე, მოამაგე და მზრუნველი. ,,ახალი ეპოქა", 2003, 14-20.XI, #45.

 

ალ. ქუთელია, ნ. ა. დობროლიუბოვი არქიმანდრიტ გაბრიელის ,,ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლების" შესახებ. ,,მნათობი", 1943, #7

 

თ. შაკიაშვილი, საქართველოს საეგზარქოსოს ისტორიიდან. სამეცნიერო შრომების კრებული, თბ., 1999

 

გ. შარაძე, ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე, თბ., 1984
                

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group