GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ოსკარ რომერო - სალვადორის მთავარეპისკოპოსი

დავით თინიკაშვილი


“ეს წმინდა წირვა, ეს ევქარისტია რწმენის აქტია: ქრისტიანული რწმენით, თითქოს დიატრიბას ხმა უფლის სხეულად გარდაიქმნება, რომელიც ქვეყნის ხსნას შეეწირა, ბარძიმის ღვინო კი - სისხლად. ეს მსხვერპლშეწირული სხეული და კაცთათვის დაღვრილი სისხლი თითქოს გვიბიძგებს, იესოსთან ერთად ჩვენც გავიღოთ ჩვენი სხეული და სისხლი, მაგრამ არა ჩვენივე თავისთვის, არამედ ჩვენი ხალხის მშვიდობისა და სამართლისთვის”. ამ დროს “საღვთო განგების” საავადმყოფოს სამლოცველოს დასავლეთი მხრიდან სროლის ხმა გაისმა. აქ, ღარიბთა და უმწეოთა გვერდით, სან სალვადორის მთავარეპისკოპოსი იმ დღიდან იჯდა, რაც ახალი საეპისკოპოსო რეზიდეენციის აშენებაზე მთავრობას უარი განუცხადა. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები.

 

 მოხმობა


ოსკარ არნულფო რომერო ი გალდამესი 1917 წელს დაიბადა; სწავლისადმი  მიდრეკილებისა და საუკეთესო დისციპლინის გამო განათლების მისაღებად რომში გაგზავნეს. 1970 წელს სამშობლოში დაბრუნებული უკვე სალვადორის მთავარეპისკოპოს ლუის ჩავესის თანაშემწეა. მისი გადადგომის შემდეგ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამო, ეჭვობს, რომ სალვადორის ეკლესიის მართვას შეძლებს. ეს პირდაპირი და გულმოდგინე ადამიანის სიფრთხილეა; თავის თავს ღვთის წინაშე ცდის, სირთულეებს ზომავს და კარიერას არაფრად აგდებს.

 

სამღვდელოება გულგრილად შეხვდა 1977 წლის 22 თებერვალს მის ჩამოსვლას სალვადორში. რეაქციონერად, მემარჯვენედ მიიჩნევდნენ. მოკრძალებული იყო მისი საეპისკოპოსო გამოცდილებაც.


ამ წლებში სალვადორში ძალადობა მძვინვარებდა.  ქვეყანა სამოქალაქო ომის პირას იდგა. ეკლესია და ქრისტიანები იდევნებოდნენ _ იყო უამრავი დაპატიმრებული, ნაწამები, გადასახლებული და დაშინებული; დახვრიტეს თერთმეტი მღვდელი. იყენებდნენ განადგურების შემდეგ ფორმას: არა მხოლოდ სიკვდილს, არამედ დაშინებას - ძალადობდნენ დასახიჩრებულ, ნაწამებ სხეულებზე. სახარების კითხვაც კი სახიფათო გახდა. ამას დაემატა ეკლესიის პროფანაცია. საშინელი დრო იდგა. მოგვიანებით რომერო თავის თავზე იტყვის, რომ მას წილად ხვდა “ცხედრების შემგროვებელი” ეპისკოპოსი ყოფილიყო.

 

ხელისუფლებაში ოლიგარქები იყვნენ მოკალათებული, მაგრამ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს სამხედრო რეჟიმს წარმაოდგენდა. კონსტიტუციით გარანტირებულ დემოკრატიას მთავრობა აბუჩად იგდებდა -  ყალბი არჩევნები, მინიმალური და გაუცემელი ხელფასები; თუკი ვინმე შეეცდებოდა სადავო გაეხადა პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება, მმართველი კლანი უმალვე ტერორით პასუხობდა. ამ ფონზე გაძლიერდა სახალხო ,,მემარცხენე" მოძრაობა, რომელიც პარტიზანულ ბრძოლასაც არ ერიდებოდა. არსებულ დაპირისპირებაში ყველა ეკლესიისკენ იშვერდა თითს. ამიტომ, ყველაზე მეტად სწორედ ეკლესია განიცდიდა შევიწროებას. “სიკვდილის ბრიგადების” წევრები კედლებზე წერდნენ: “იყავი პატრიოტი, მოკალი მღვდელი”. სწორედ ამ ვითარებაში მოუწოდეს რომეროს ყოფილიყო “მწყემსი კეთილი”.

 

ეპისკოპოსი სან სალვადორის მრავალმხრივი და ურთულესი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა მან მაშინვე ფართოდ გაშალა სამღვდელმთავრო საქმიანობა. რომეროს სათანადო კულტურული მზაობა და ადამიანური გამოცდილება შესაძლებლობას აძლევდა თავისი ეპარქიის ყველა სოციალურ ფენასთან წარემართა დიალოგი. ამასთან, გაუბედავი, მერყევი, მორცხვი და ფრთხილი ჩანდა. ხასიათის ეს მხარეები კარგად იცოდა, მაგრამ სამარცხვინოდ არ მიაჩნდა. როგორც ქრისტიანი, ფიქრობდა, რომ შინაგანი ძალა ხასიათიდან კი არა, რწმენიდან უნდა მოეპოვებინა. მისი სიმორცხვე არ იყო პროვინციალიზმი ან მოუმზადებლობა. სან სალვადორის არქიეპისკოპოსობა რომეროსგან ადაპტაციის, პასუხისმგებლობისა და შინაგანი გარდაქმნის დიდ ძალისხმევას ითხოვდა.

 

 
ეკლესია და პოლიტიკა - წონასწორობის მოპოვების მცდელობა


რომერო აცნობიერებდა, რომ პაპთან და ეპისკოპოსთა უმრავლესობასთან ერთად, საეკლესიო ნოვატორთა რიგს მიეკუთვნებოდა. მის მრევლში, როგორც კათოლიკური სამყაროს ბევრ სხვა ადგილას, ჩნდება განხეთქილება პროგრესისტებსა და ტრადიციონალისტებს შორის. რომერო თავს არ ზოგავს ამ განხეთქილების დასაძლევად. იცის, რომ არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ფრთის ეპისკოპოსი. მას სურს ყველასი იყოს.

 

მაგრამ ყველაზე მეტად რომეროს  სამრევლო ეკლესიას, ისევე როგორც 70-იანი წლების სხვა მრავალ ქრისტიანულ თემს, რწმენასა და პოლიტიკას შორის წონასწორობის დადგენის ტვირთი დააწვა. მთელს ქვეყანაში იდეოლოგიური ქარიშხალი ტრიალებდა. უმთავრესი გამოწვევა - ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობა - ყოველი შეკრების დღის წესრიგში იდგა. მაშინ ეს თემა იმდენად უარყოფითად აისახებოდა პიროვნებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ურთიერთობაზე, რომ უმნიშვნელოვანეს სულიერ და ადამიანურ ფასეულობებსაც კი არყევდა.

 

ეპისკოპოსს, ერთი მხრივ, პოლიტიზაციის ეშინოდა, მეორე მხრივ, მოქმედი, ცოცხალი რწმენა სჭირდებოდა. მისი აზრით, ქვეყნის პრობლემები სოციალური უსამართლობიდანაა აღმოცენებული: სიმდიდრე მცირე ჯგუფის ხელშია, ხალხი კი - უკიდურესად გაღატაკებული. საერთო სიკეთისთვის ამ უსამართლობის დაძლევა,  აუცილებელი საქმე იყო. მაგრამ, როცა ქრისტიანები მემარცხენე იდეოლოგიის მქონე საბრძოლო რაზმებს უერთდებოდნენ, მოუწოდებდა არ დაეკარგათ თავიანთი ქრისტიანული ფესვები და პოლიტიკურ საქმიანობაში გამოეყენებინათ.


რომერო გრძნობდა, რომ პოლიტიკურ ექსპერტად არ გამოდგებოდა. ამის თაობაზე ირონიულიც იყო: “ამ ორს (არქიეპისკოპოსი რომეროს და სახელმწიფოს პრეზიდენტ გენერალ რომეროს) მხოლოდ სახელი კი არა, ის ფაქტიც აერთიანებს, რომ “პოლიტიკოსი” არც ერთი არ არის”.

 

მისი ხედვით, ეკლესია საზოგადოების ზნეობრივი წინამძღოლი, ხოლო პოლიტიკისთვის შთაგონების წყარო უნდა ყოფილიყო, როგორც ეთიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. თუმცა ეკლესიის პოლიტიკურ, მით უფრო, პარტიულ ბრძოლაში ჩაბმას ეწინააღმდეგებოდა. საჯარო გამოსვლებისას მისი "პოლიტიკური დისკურსი" სიცოცხლისა და ადამიანის უფლებების ხელყოფის მხილებით, სოციალური სამართლიანობისა და ღარიბების მიმართ ყურადღების გამოჩენის მოთხოვნით იყო გაჯერებული. იგი ხშირად იგონებდა პიუს XI-ის სიტყვებს: “ეკლესია პოლიტიკის მიღმა დგას, მაგრამ როდესაც პოლიტიკა საკურთხეველს ეხლება, ეკლესია იცავს საკურთხეველს”.

 

რომერო ძალას არ იშურებდა, პოლიტიკას რელიგია არ ჩაეთრია. იყვნენ სასულიერო პირები და მორწმუნეებიც, ღვთის სასუფეველს რევოლუციასთან რომ აიგივებდნენ. მის არქივში შემონახულია წერილი ერთ-ერთი მღვდლისადმი, რომელიც სახალხო ორგანიზაციებსა და პარტიზანულ ბრძოლაში იყო ჩაბმული: “თუნდაც საქები იყოს თქვენი გულწრფელი სულისკვეთება, რომ მუშათა კლასის ნაწილად მოიაზროთ თავი, მინდა შემთხვევით ვისარგებლო, არ დავმალო ჩემი შეშფოთება და თანამშრომლობისკენ მოგიწოდოთ, რათა არ განმეორდეს ის, რაც 24 რიცხვში, შაბათს, “ფაბრიკა ლეონში” თქვენი მსახურებისას მოხდა: არც სტიქარი, არც ლოცვანი, არც სანთლები. ვეკითხები თავს: შესაძლებელია კი რწმენის გაზიარება ხალხთან ერთად, რომელსაც მოღერებული მუშტის სიმბოლო ჯვარზე მეტად ხიბლავს?”.

 

სხვაგვარია მისი პოზიცია სამოქალაქო პირების მიმართ. რომერო არ არის მათი პოლიტიკური საქმიანობის წინააღმდეგი, პირიქით, უფასებს იმას, რასაც “სინდისით შემსჭვალვა” ჰქვია. მხარს უჭერს პოლიტიკურ აქტივობას როგორც კეთილშობილების გამოვლინებას, საერთო სიკეთის მსახურებას და არა კარიერის, ძალაუფლებისა და გამდიდრების საშუალებას. ამავდროულად, ქრისტიანებს  არაძალადობრივი ბრძოლისკენ მოუწოდებს, მოუწოდებს არ დააყენონ პოლიტიკა რელიგიაზე მაღლა, რაც სალვადორში, სისხლიან და დასახიჩრებულ ქვეყანაში, ადვილი არ იყო. “ჩემი მთავარი სატკივარი და ამოცანა ისაა, რომ ქრისტიანი მრევლი, რომელშიც რწმენა და სიკეთე უნდა დაითესოს, განვასხვავოთ პოლიტიკური ორგანიზაციისგან... ქრისტიანს შეუძლია შევიდეს პარტიაში, დაკავდეს პოლიტიკით, მაგრამ მან იქ ქრისტიანობის ჩანასახი უნდა მიიტანოს... თუკი ქრისტიანია, თავისი რწმენის პრინციპი უნდა დაიცვას, შეძლოს თქვას “არა”, არ გაყვეს დინებას გზააბნეული ცხვარივით. ადამიანი პასუხისმგებელია თავისი არჩევანის გამო; თუ ქრისტიანია, საკუთარი რწმენა უნდა გადაარჩინოს, საფუარი უნდა გახდეს მასისთვის. ქრისტიანს არ შეუძლია იცხოვროს თავისი პოლიტიკური არჩევანით და, იმავდროულად, ეკლესია პოლიტიკური პარტიისთვის მომხრეების შესაძენად გამოიყენოს. ეს ორი რამ მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს”.

 

რომერო არ იყო რევოლუციონერი, მას სძულდა ძალადობა. ხშირად მოჰყავდა პავლე VI-ის გამონათქვამი “სიყვარულის ცივილიზაციის” შესახებ. საზოგადოებრივი ცხოვრება სიყვარულმა უნდა ასაზრდოოს _ ამბობდა იგი. ეს ღვთისმოშიში ადამიანის გულუბრყვილობა კი არა, იმის რწმენა იყო, რომ ქვეყნის ხსნა უფრო გულის მოქცევაშია, ვიდრე პოლიტიკაში და არ ემყარება ძალადობას.

 

1978 წლის დიდ ხუთშაბათს რომერომ საგანგებოდ მიმართა ახალგაზრდებს: “ძვირფასო ახალგაზრდებო, რომელნიც ძალადობასა და მანკიერებას მისცემიხართ, რომელთაც უკვე დაკარგეთ სიყვარულის რწმენა და გგონიათ, რომ მას არაფერი ძალუძს, აი, თქვენ ნიშანი, რომ სიყვარული იხსნის ყოველივეს: ქრისტეს ჩვენი გადარჩენა ძალადობით, ცეცხლითა და მახვილით რომ მოენდომებინა, ვერაფერს გახდებოდა..., მაგრამ, რაკი ხსნა მან ჯვარცმას დაუკავშირა, ამ ღამით გვეუბნება კიდეც: “ესაა ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ფუყე სიტყვები არ არის, მოიცადეთ ამ ღამეს, ამ ღამეს, როცა მოვალ, რათა კაცთა უკეთურების გამო სისხლი დავათხიო; ხვალ კი, როდესაც მიხილავთ უტყვ კრავს, რომელიც მხრებზე გადებული ჯვრით აივლის გოლგოთაზე და მოკვდება, შეიმეცნეთ, რომ არავისთვის მომაქვს ღვარძლი, რომ სულის სიღრმიდან ამოვთქვამ: მიუტევე, მამაო, რამეთუ არ უწყიან რასა იქმან!”.

 

რომეროს ორი სხვა მემარცხენე მღვდელმთავარი რომ შევადაროთ: ბატისტას დიქტატურასთან მებრძოლი კუბის ეპისკოპოსი პერეზ სერანტესი, 1953 წელს ფიდელ კასტრო რომ გადაარჩინა, და დიქტატორ სომოსას მოწინააღმდეგე ნიკარაგუას ეპისკოპოსი ობანდო ი ბრავო დი მანაგუა, უკეთ გავიგებთ მის პოზიციას. მათ ფონზე კარგად ჩანს სალვადორელის ზომიერება. ამაში ის “თავის თავს კი არ ენდობა, ღვთაებრივი სიგიჟის მაგივრად” (ლათინური ამერიკის კიდევ ერთი დიდი  ეპისკოპოსის, ჰელდერ კამარას სიტყვები რომ მოვიშველიოთ), არამედ ღვთისმსახურის სულიერ საიდუმლოს, იმ შინაგან პასუხისმგებლობას, ღირსებითა და პირდაპირობით რომ რეაგირებს დაღვრილ სისხლზე, ტკივილზე, ცოდვაზე, სიღატაკეზე; ამისათვის არ არის საჭირო იყო მემარცხენე ან მემარჯვენე, უბრალოდ, უნდა გქონდეს გული; რომერო არის მისტიკოსი, რომელსაც ისტორია და ყოველდღიურობა გააზრებული აქვს, როგორც ღვთისკენ სავალი ბილიკი. მისი ცხოვრება უფრო გულის, თანაგრძნობის, თანალმობისა და სიყვარულის კატეგორიებით საზრსოობს, ვიდრე პოლიტიკური კრიტერიუმებით.

 

 
მღვდელმთავრის მოქცევა


უმძიმესი იყო რომეროს მთავარეპისკოპოსობის სამი წელი: დევნიდნენ და კლავდნენ მღვდლებს, კატეხიზატორებს, ადამიანებს, რომლებიც სახარებით ხელში სამართლიანობისთვის იბრძოდნენ. რომერო ბოლომდე იცავდა მათ სიცოცხლესა და ხსოვნას. ეპარქიაში შესვლიდან სულ რაღაც 18 დღის შემდეგ მის ერთ-ერთი მღვდელს, რუტილიო გრანდესს, მოხუცთან და ბავშვთან ერთად კლავენ. რომერო ყველა ეკლესიაში წირვის შეწყვეტას ბრძანებს, დროებით ხურავს კათოლიკურ სკოლებსა და სემინარიებს, ეკლესიიდან განკვეთს დანაშაულში ეჭვმიტანილებს, დანაშაულზე მკაცრ რეაგირებას მოითხოვს ხელისუფლებისგან. მთელს ქვეყანაში წყვეტს ყველა საკვირაო წირვას. სამი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი წირვა ტარდება კათედრალურ ტაძარში, რომლის წინაც 80 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. ამ ფაქტს ზოგი მის შემობრუნებად, მოქცევად მიიჩნევს, რადგან მისი მოთხოვნის პასუხად, მკვლელებსა და დამკვეთებს მხოლოდ ხელი დააფარეს. მაგრამ თუ “მოქცვაზე” უნდა ვისაუბროთ, ეს მარადიული მოქცევაა ქრისტიანისა და ეპისკოპოსისა, რომელიც ბოლომდე აცნობიერებს თავის სამღვდელმთავრო მოწოდებას: პირველი ქრისტიანი საეკლესიო მამებივით, “მოქალაქეების დამცველი” ხდება. მხარში უდგას დევნილ მღვდლებსა და ღარიბების თანაგრძნობით ცხოვრობს. ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა: “ნუთუ მართლა მოექეცით?”, უპასუხა: “ნეტავ მართლა ასე იყოს! მოქცევა მუდამ ღვთისკენაა მიმართული, ღარიბი კი სწორედ ღმერთის ჩარევის აუცილებლობას მოწმობს. მასთან საუბრით ხვდები, რომ ეს ის ადამიანია, ვინც თავის ნდობას სხვისკენ მიმართავს. თუ ეს “სხვა” - ღმერთია, მაშინ, მართლაც, მოქცევასთან გვქონია საქმე.” სიკვდილამდე ოთხი თვით ადრე რომერო ვენესუელელ ჟურნალისტს ეტყვის: “ჩემი ერთადერთი მოქცევა ქრისტესკენაა, და მთელი ცხოვრება გრძელდება”.
რომეროს, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალად დასდეს პოლიტიკაში ჩაბმულ სოციალისტურად, ე.ი. იმ დროისთვის რევოლუციურად განწყობილ მღვდლებთან და საეკლესიო პირებთან გარიგება; სინამდვილეში მას არასოდეს უფიქრია დაკავშირებოდა ან ეკლესია დაეკავშირებინა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. მას სამღვდელოებისა და მრევლის პოლიტიზაციის ეშინოდა. მაგრამ საჯაროდ მათ, ,,პოლიტიზებულებს~ არასდროს გმობდა, რადგან ამას, მთავრობის მხრიდან, უმალვე რეპრესიები მოყვებოდა; ეს რომელიმე მხარეს დგომა კი არა, ეპისკოპოსის წინდახედულება და პასუხისმგებლობა იყო. ამ მხრივ სამაგალითოა მღვდელი ნეტოს დაკრძალვაზე ეპისკოპოსის მისვლის ისტორია: რომერო ყველანაირად ცდილობდა გაექარწყლებინა წარმოდგენა, ვითომდა რევოლუციონერებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ დაკრძალვაზე მისვლის გამო ყოყმანობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა ,,პარტიზან~ მღვდლთან დასამშვიდობებლად მისულიყო _ თუ ნეტოს დედა იქ არის, თავადაც იქ უნდა ყოფილიყო.
რომერო მხოლოდ იმას ცდილობდა, მოსახლეობა ძალადობისგან დაეცვა, საიდანაც არ უნდა წამოსულიყო იგი. მას შემდეგ, რაც მან სიმართლის გარკვევა მრავალჯერ მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ, ახალი სტრატეგია შეიმუშავა. დაიწყო ცილისწამებისა და ჩადენილი ძალადობის საჯაროდ მხილება. იგი ქვეყანაში ერთადერთი ხმა გახდა, რომელსაც შეეძლო ელაპარაკა მათ მაგიერ, ვისაც ხმა წართმეული ჰქონდა. კვირაობით, წირვისას, გადაჭედილ ტაძარში, სახარების განმარტების შემდეგ, იმ უსამართლობისა და სისასტიკის საჯაროდ მხილება დაიწყო, რასაც “სიკვდილის ბრიგადები” და სამხედროები იქმოდნენ. ამ ქადაგებებს, რადიოს საშუალებით, მთელი ქვეყანა უგდებდა ყურს. მანამდე, სანამ ხელისუფლების დავალებით რადიო არ ააფეთქეს (ამის შემდეგ ქადაგებები ტელეფონით ვრცელდებოდა).

 

რომერო "კაბინეტში" გამოკეტილი ეპისკოპოსი არ იყო. პირდაპირი ქადაგების, ღარიბი და შორეული დასახლებების შემოვლისას ყველაზე უკეთ გრძნობდა თავს. მისი ცხოვრების ამსახველი ფილმები, თეატრალური წარმოდგენები თუ პუბლიკაციები მას წარმოაჩენენ ზეადამიანად, რომელსაც “სიკვდილის ბრიგადების”, პოლიტიკოსებისა და მდიდრების არ ეშინია. თუმცა, რაც უნდა უცნაურად გვეჩვენოს, იგი უფრო შინაგანი, მისტიკური ცხოვრებისკენ მიდრეკილი პიროვნება იყო; ის იყო სახარებისა და ეკლესიის სამსახურში მდგომი ეპისკოპოსი, რასაც მისი საეპისკოპოსო დევიზი მოწმობს: "განიცადო ეკლესიასთან ერთად".

 

რომერომ მოკლე ხანში საერთაშორისო სახელი მოიხვეჭა. იგი თავისი ქვეყნის სიმბოლო და სინდისი გახდა. ინგლისელმა ლორდებმა ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ეს, შესაძლოა, მედიის დამსახურებადაც ჩავთვალოთ, მაგრამ მედიისათვის იგი ვერაფრით გახდებოდა საინტერესო, ხალხის ფართო მხარდაჭერა და სიყვარული რომ არ მოეპოვებინა -  გაბედული ქადაგების, ცოცხალი რწმენის, თავისი ხალხის ერთგულების შედეგად.

 

მკვლელობა


“1980 წლის 24 მარტი. ნაშუადღევის 6 საათი და 20 წუთი. მონსინიორი ტაძარში მსახურებდა. ტყვია მას გულში მაშინ მოხვდა, როცა კვეთას იწყებდა. მკვლელობისას იქ, სამლოცველოში, საკურთხევლიდან დაახლოებით ოთხ მეტრში ვიდექი.…გულში დაჭრილი, ინსტიქტურად საკურთხეველს მოეჭიდა, სეფისკვერები ზედ დაეყარა. ჯვარცმის წინ სისხლის გუბეში დაეცა. ამ დროს მას თითქოს ღმერთმა უთხრა: ოსკარ, ახლა შენ ხარ მსხვერპლი”. ასე აღწერს რომეროს მკვლელობას ერთ-ერთი მონაზონი. წირვამდე, ჩვეულებისამებრ, აღსარება თქვა. წინა დღით კი თავისი, ალბათ, ყველაზე ცნობილი ქადაგება წარმოთქვა: ”მინდა განსაკუთრებით მოვუწოდო სამხედროებს, კონკრეტულად კი, ეროვნულ გვარდიასა და პოლიციას. ძმებო, ჩვენივე ხალხის ნაწილი ხართ და თქვენსავე ძმებს, გლეხებს ხოცავთ მავანისგან წამოსული ბრძანებით, რაც გარდასვლაა ღვთის კანონისა: “არა კაც კლა”.… არცერთი ჯარისკაცი არ არის ვალდებული დაემორჩილოს ბრძანებას, რომელიც ღვთის კანონს ეწინააღმდეგება.…უზნეო კანონი არ უნდა შეასრულოთ!…
და ახლა უკვე დროა აღიდგინოთ სინდისი და, უპირველესყოვლისა, მას დაემორჩილოთ, ვიდრე ცოდვის ბრძანებას...; …ეკლესია, რომელიც ღმერთის, ღვთის კანონის, ადამიანური ღირსების, პიროვნების უფლებების დამცველია, შეუძლებელია უსაზღვრო საძაგლობის წინაშე დუმდეს. გვსურს მთავრობამ სერიოზულად გააცნობიეროს, რომ რეფორმა უსარგებლოა, თუ სისხლშია მოსვრილი... ღვთის სახელითა, და ამდენად, ამ ტანჯული ხალხის სახელით, რომელთა გოდებაც ცას სწვდება, გევედრებით, გთხოვთ, ღვთის სახელით გიბრძანებთ: შეწყვიტეთ რეპრესია!...”

 

საკათედრო ტაძრის მოედანზე რომეროს დაკრძალვის ცერემონიალი, რომელსაც კარდინალები, ეპისკოპოსები და ასობით მღვდელი უძღვებოდნენ, ახალმა სისხლისღვრამ შეწყვიტა: ჯარმა ხალხს ყუმბარები და ტყვიები დაუშინა. უცნობი დარჩა იმ დღეს დაღუპულთა რიცხვი, ისევე, როგორც არავინ იცის, იმ წლების რეპრესიების ათიათასობით მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა. პაპის წარმომადგენელმა, კარდინალმა კორიპიომ, ქადაგებისას განაცხადა: “დღეს მსოფლიო ეკლესია იერუსალიმში იესოს შესვლას აღნიშნავს. ერთნი მოსასხამებს გზად აფენდნენ და პალმის რტოებს არწევდნენ, მეორენი დაბნეულნი კითხულობდნენ: - ვინ არის იგი? ახლა სან სალვადორი იმავე კითხვას სვამს მონსინიორ რომეროს შესახებ: - ვინ არის ის? ჩვენ ვიცნობთ მას და ვპასუხობთ: ის არის მოძღვარი, ბოლომდე დამორჩილებული სინდისს”.

 

მისი მკვლელობის დღე ყველა იმ ადამიანის გასახსენებლად დაწესდა, ვინც მთელ მსოფლიოში სახარების ქადაგებასა და ჩაგრულთა დაცვას შეეწირა.


ახალგაზრდა იტალიელმა ეპისკოპოსმა, ტონინო ბელომ ასე მიმართა რომეროს:


“ილოცე, ეპისკოპოსო რომერო, რათა ღატაკთა სიყვარულისთვის არ დადუმდეს ქრისტეს ეკლესია; შესთხოვე სულიწმინდას, რომ უხვად მომადლოს მეტყველების ნიჭი, რათა ბოლოს და ბოლოს შეძლოს მიატოვოს მოზომილი ენით ლაპარაკი და დაუფარავად ათქმევინე, რომ უზნეოა ეს გამალებული შეიარაღება, დანაშაულია სიკვდილის იარაღის შექმნა, რომ კოსმოსის კვლევა შიმშილის ზღვარზე მყოფ ხალხთა სიღატაკის აბუჩად აგდებაა, რომ ტერიტორიის მზარდი მილიტარიზაცია არის გარემოს ბუნებრივი მიდრეკილების ყველაზე ბარბაროსული დამახინჯება”.

 

“რომერო ჩვენია” ბევრჯერ, მტკიცედ და რაღაც განსაკუთრებული სიჯიუტით იტყვის იოანე-პავლე II 1983 წელს სალვადორში ვიზიტისას, მაშინ, როცა მკვეთრად შეცვლის ვიზიტის ოფიციალურ პროტოკოლს, რომელმაც სამარცხვინოდ უგულებელჰყო საკურთხეველთან მოკლული რომეროს ხსოვნისთვის პატივის მიგება.


ეპისკოპოსის სიკვდილი მოწამეობაა, თუ პოლიტიკური ძალადობა? ღატაკებს ეს არ ეეჭვებათ; მათ ვისაც ახსოვს, ვატიკანის II კრების დადგენილება: ეკლესია ღატაკებსა და ტანჯულთა შორის თავისი მხსნელის სახეს ხედავს; მაგრამ არის გარემოებები, როდესაც ღატაკებთან ერთად ყოფნა პოლიტიკასაც ნიშნავს.

 

იოანე-პავლე II-ემ, როცა მონსინიორ რომეროს ლოცვის შედეგად მომხდარი სასწაულის შესახებ მოახსენეს, უპასუხა: არავითარი სასწაული არ არის საჭირო, რადგან “მონსინიორი მოწამეა”.

 

ვინ და რატომ გადაწყვიტა მოეკლათ მღვდელმთავარი? “ამ საქმეს სრული სინათლე ჯერაც არ მოჰფენია”, დაიწერა საგაზეთო სტატიაში მისი მკვლელობიდან 25 წლის შემდეგ, “ელ სალვადორში სამშვიდობო შეთანხმების შედეგად 1980 და 1992 წლებში ჩადენილ ყველა დამნაშავეს ამნისტია შეეხო. საერთაშორისო მოკვლევების შედეგად ორგანიზატორად მაიორი რობერტო დ’ობისონი გამოიკვეთა _ უკიდურეს მემერჯვენეთა ლიდერი და “სიკვდილის ბრიგადების” დამაარსებელი. ის 1991 წელს გარდაიცვალა. რომეროს მკვლელობაში უფრო დიდი თანამდებობის პირების მონაწილეობა დღემდე გაურკვეველია”.

 

რომეროს მეგობარმა, იგნაციო ელაკურიამ, რომელიც ცხრა წლის შემდეგ ხუთ თანამოძმე იეზუიტთან და სალვადორის უნივერსიტეტის ორ თანამშრომელ ქალთან ერთად, დახვრიტეს, თქვა: “მონსინიორ რომეროსთან ერთად ღმერთმა გაიარა სალვადორში!”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group