GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

იაკობ გოგებაშვილი თანამედროვე პერსპექტივიდან

თეონა ბექიშვილი

  

საუბარი ლიბერალიზმზე, ქალთა უფლებებზე, თანასწორობაზე, ინტერნაციონალიზმზე,  დღეს რომ ლამის სალანძღავ სიტყვებად აქცია  პრესისა და საზოგადოების, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანმა ნაწილმა, საქართველოში მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო. ქართველი მოქალაქის შექმნა სწორი ღირებულებებით, შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით სამოციანელთა მთავარი ამოცანა გახლდათ. მათი დანატოვარის, განსაკუთრებით პუბლიცისტიკის გადახედვისას ჩნდება შეგრძნება, რომ ისევ იქ ვართ, იმ საუკუნეში, იმავე სიბნელეს ვებრძვით და ვერც ვებრძვით. მათი შრომა თითქოს წყალში გადაყრილია. საუკუნე და მეტიცაა გასული და ბევრი ელემენტარული ჭეშმარიტება ისევ დასაცავია, თანამედროვე ქართველიც - ისევ აღსაზრდელი. თერგდალეულებმა  თავიანთი საუკუნე იხსნეს. ტრაგიკული წყვეტის გამო, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოც სახსნელია. რაც მთავარია, ბევრი რამ ახლო ისტორიიდან თავიდანაა გასააზრებელი.

 

სამოციანელებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს სოფელ ვარიანში დაიბადა. ვარიანის გვერდით ჭაობი იყო, რომელიც ფილტვებს უწამლავდა სოფლის მოსახლეობას. იაკობის ცხოვრებას ამ ჭაობმა თავისი დაღი დაასვა. ჯერ იყო და, სრულიად პატარა სასწავლებლად გორში შეიყვანეს და არა - თბილისში, სუსტი ფილტვების გამო. (მოგვიანებით, 1855 წელს, უფროსმა ძმამ ჩუმად გადაიყვანა თბილისში). სტუდენტობისასაც თავი შეახსენა ავადმყოფობამ და 1863 წელს იძულებული გახდა კიევის სასულიერო სემინარია მიეტოვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. ცოლიც იმიტომ არ შეირთო, დაავადების გავრცელებას მოერიდა. სხვა მრავალთან ერთად ტუბერკულიოზით 72 წლამდე სიცოცხლე ერთგვარი გმირობა იყო, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმს, ქართველისთვის ასე ძნელ - ცხოვრების ზომიერ წესს მოითხოვდა. თანამედროვენი იგონებდნენ: თბილისელი მოქეიფეები იაკობს რომ დაინახავდნენ, ხუმრობდნენ, არიქათ, დავიმალოთ, თორემ სადმე რძეზე დაგვპატიჟებსო. სტამბაში შესვლასაც ერიდებოდა და კორექტურა ასოთამწყობებს გარეთ გამოჰქონდათ. მათთვის თითოეული შეცდომის პოვნაზე პრემია ჰქონდა დაწესებული, თვითონაც 3-4-ჯერ კითხულობდა, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდებოდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

 

იაკობის ბიოგრაფიაში 1874 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებლიდან გამოგდებაც გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდა. მეფის რუსეთის ბნელ საგანმანათლებლო პოლიტიკას, ფორმალურ განათლებას, მოსწავლეთა დასჯის სასტიკ მეთოდებს ის კონკრეტული პროგრამით დაუპირისპირდა. ბევრი რამის გამოსწორებაც შეძლო, მაგრამ საბოლოოდ მძიმე ბრალდება შეუთითხნეს, თავის მართლების საშუალებაც კი არ მისცეს. ამან საშინლად იმოქმედა იაკობზე და თვითმკვლელობის მცდელობას ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადაურჩა. გამოჯანმრთელებულმა დაწვა ყველა საბუთი და პირობა დადო, სახელმწიფო სამსახურში აღარასდროს შესულიყო, თავი მთლიანად ქვეყნისთვის მიეძღვნა.

 

მოგვიანებით, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობაში თავისი სახელი არ ჩააწერინა, გაფუჭებული საბუთები მაქვს და საზოგადოების საქმიანობას ხელი არ შეუშალოსო.

 

უამრავი სახელმძღვანელოს ავტორს კარგად ესმოდა, რომ მხოლოდ წიგნებით არ ეშველებოდა ქართულ განათლებას და ყველა ფრონტზე იბრძოდა: სკოლების გახსნა, ქართული  ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვება, ბიბლიოთეკის გახსნა, სასოფლო-სამეურნეო სკოლა,  ნიჭიერი სტუდენტების დაფინანსება... ყოფილა შემთხვევა, ბინის ქირა ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეფარებია, მაშინ, როდესაც  თავისი ფულით ეხმარებოდა ხელმოკლე მოსწავლეებს, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ სტუდენტებს. ზაქარია ფალიაშვილმა და დიმიტრი არაყიშვილმა უშუალოდ მისი შუამდგომლობით მიიღეს სტიპენდიები.

 

იაკობ გოგებაშვილის ქართული საბავშვო მწერლობის ფუძემდებელის შემოქმედებაში დიდაქტიკური მოტივი ბუნებრივად ერწყმის რეალიზმს. იაკობ გოგებაშვილის პროგრესული აზროვნება,  ჰუმანიზმი, რაღა თქმა უნდა,  შემოქმედებაშიც აისახა.

 

ქართული განათლების, ქართველი ადამიანის ცნობიერების სათავეში  პატარა, მშვენიერი ყვავილი დგას - ია. ქართველი დღესაც იაკობ გოგებაშვილის ამ გენიალური მიგნებით იწყებს  წერა-კითხვის, განათლების მთავარი იარაღის შეთვისებას.

 

ორი ხმოვნით სიტყვის, და ამ სიტყვებით წინადადების შექმნით წერა-კითხვის სწავლების დაწყება უპრეცედენტო შემთხვევაა.  ისიც თავისთავად ცხადია, რომ წინადადებით სწავლების დაწყება მეთოდოლოგიურად უპირისპირდება დოგმატურ-სქოლასტიკურ მიმართულებას და ადამიანს საწყისშივე აზროვნებას აჩვევს. არადა,  დოგმებისადმი სწრაფვა დღესაც საშიში რეალობაა. ის რასაც ებრძოდნენ  მეცხრამეტე საუკუნეში, მეოცეში, კომუნისტურ ეპოქაში შეფარული, მაგრამ უფრო საშიში სახით დამკვიდრდა ქართული განათლების სისტემაში. თაობები ქართულ ლიტერატურაში ერთსა და იმავე თემებს წერდნენ, მერე იზუთხავდნენ და ეს ლიტერატურის სწავლებად ითვლებოდა.

 

იის მხატვრული სახის თავიდან გააზრება შინაარსობრივი თვალსაზრისითაც საინტერესოა.

 

ყვავილი თითქმის ყოველთვის ქალური სახე-სიმბოლოა. მშვენიერება, ქალურობა, თუნდაც ერთგვარი სისუსტე ხშირად აღიწერება ყვავილით. რუსთაველთან „ვარდი“ ტარიელის მეტაფორაა, როგორც ყველაზე მშვენიერის, მაგრამ -იმ წუთას სუსტის და მძიმე მდგომარეობაში მყოფის. საინტერესოა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ ძლიერი, მამაკაცური საწყისის ყვავილით აღნიშვნის გამბედაობას ქართულ მწერობაში ვეღარ ვხვდებით.  ისიც საინტერესოა, როგორ ოსტატურად ასაბუთებს რუსთაველი თავისი ერთდროულად მშვენიერი, მსხვრევადი, მაგრამ ყველაზე ძლიერი პერსონაჟის ვარდთან შედარების მართებულობას, მართალია, ვარდს ერთნაირად ემუქრება ზამთარიცა და ზაფხულიც, მაგრამ ვარდია ის, რაზეც ბულბული მღერის.

 

„ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივდიან,

ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან,

მაგრამ მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან,

სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯერვე სტკივიან.“

 

რუსთაველი გამონაკლისი შემთხვევაა; ყვავილი ქართულ ესთეტიკაში ბოლომდე ქალური საწყისის ნიშნად დარჩა.

 

მეცხრამეტე საუკუნის ქართულ მწერლობაში ქალურობა, როგორც ნაკლები ფიზიკური ძალის ქონა, თავისთავად ტრაგიკულთან ასოცირდება: „უღრანს ტყეში მოსული ვარ... მაგრამ მინამ ცოცხალი ვარ ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს“... აქ ერთდროულადაა მსახურების იდეაც: „დავატკბობ ტყეს “ და ტრაგიზმიც მცირეხნიანი ცხოვრების გამო: „მინამ ცოცხალი ვარ“. მოგვიანებით, მეოცე საუკუნის ქართული მწერლობაც იმავე ხაზით ავითარებს იის სახე-სიმბოლოს: „დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო, ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში“...  იწყებს თავის წიგნს გოგლა ლეონიძე  და მერეც აგრესიის ქვეშ მოყოლილი მშვენიერების შესახებ ყვება.

 

მაგრამ გოგებაშვილის  „ია“ ყველაზე მეტად ვაჟას „პირიმზეს“ ჰგავს, რომელიც  უფსკრულს დასცქერს  მოღერებულის ყელითა. სიამაყე (მოღერებულის ყელითა) საკუთარი მშვენიერების, სინათლის, ქმედითობის გამო და მარადიული საფრთხე აძლევს ძალას სუსტს და ნაზს, უფსკრულზე ძლიერი გახდეს და მარადიულად იდგეს სიბნელის პირისპირ. სწორედ ასეთია იაკობ გოგებაშვილის იის სიმბოლური დატვირთვაც.

 

ქართული ლიტერატურა საეჭვოდ გაივსო მსხვერპლი ქალების სახეებით და სკოლებში დღესაც ასწავლიან, რომ ყველა მსხვერპლი ქალი საქართველოს სახე-სიმბოლოა. თუმცა, ასეთი სტერეოტიპების დასამსხვრევად გოგებაშვილის მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილი დანატოვრის ახლდებურად დანახვაც საკმარისია.

 

გავიხსენოთ ყველასთვის ცნობილი მოთხრობა: „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი.“

 

მეფეს ელემენტარული ჭეშმარიტების  (მას, წინამძღოლს, მტრის ქუდი არ უნდა ეხუროს) მიხვედრაში პატარა ინგილო ქალი ეხმარება. ის ქლიავს აყრის თავზე ერეკლეს, რომელსაც სპარსული ქუდი ახურავს. მეფეს ეს საქციელი არათუ აბრაზებს, ახალისებს. ხოლო როდესაც  მიზეზს იგებს, ღებულობს გოგოსგან შენიშვნას, ასაჩუქრებს და თავშიშველი აგრძელებს გზას.

 

ამ მოთხრობის გამო იაკობ გოგებაშვილს გვარიანი კრიტიკა ხვდა წილად. გიორგი ერისთავმა  ქართველი ქალისთვის მიუღებელ, „უტიფარ“ საქციელად მიიჩნია ხეზე ჯდომა და იქიდან კაცისთვის თავზე ქლიავის დაყრა. გაიმართა პოლემიკა. გოგებაშვილმა  წერეთლის ასეთი კრიტიკა „უძლურ ბოროტებად“ მონათლა და საფუძვლიანი პასუხიც გასცა. მან ყურადღება გაამახვილა გოგონას ასაკზე და თქვა, რომ თორმეტი-ცამეტი წელი ის დროა ქალის ცხოვრებაში, როდესაც დაძლეულია ბავშვური შიში და ჯერ არ არის განვითარებული ქალური მორცხვობა.

 

ქმედითი და ძლიერია „იავნანამ რა ჰქმნას?“ მთავარი პერსონაჟიც, ქეთოს დედა, მაგდანი.

 

მისი მნიშვნელობა და უპირატესობა ქმართან შედარებით, მოთხრობის დასაწყისიდანვე ხდება  ცხადი. ლუარსაბ ქართველაძე სულ ორიოდ სიტყვით ხასიათდება:  „განთქმული იყო თავის სიმდიდრითა და პურადობით“ მაშინ როცა მაგდანის პორტრეტს, მის სიკეთეს, ნიჭს მთელი მოზრდილი აბზაცი ეთმობა.

 

მოულოდნელი არაა, რომ ეროვნულობის მატარებელი უპირველესად ქალია და მისი ნამღერი იავნანას მეშვეობით უბრუნდება ქეთოს ეროვნული და პიროვნული იდენტობა. ის, რომ ეროვნულობა უპირველესად ქალურ საწყისთან მოიაზრება, კარგად ჩანს ქართულ ლექსიკაში - დედაენა, დედასამშობლო, მაგრამ გოგებაშვილთან  უფრო მნიშვნელოვანია მაგდანის პერსონაჟის სხვა ასპექტები. ის გაცილებით უფრო მებრძოლი სულის მატარებელია და უფრო ჭკვიანიცაა, ვიდრე მისი მეუღლე. როდესაც დაღესტნიდან უკან დაბრუნებული ქეთო ვერავის ცნობს და ცუდადაა,  ლუარსაბი ხელს ჩაიქნევს და გადაწყვეტს ქეთო უკან დააბრუნოს. ერთი შეხედვით სასტიკი ჩანს ამაზე მაგდანას კომენტარი, ის მზადაა თავის ახლოს დამარხოს შვილი, ვიდრე სამუდამოდ გაგზავნოს უკან, დაღესტანში.

 

წლების წინ, როცა სკოლაში ვმუშაობდი, ამ დეტალმა მეექვსეკლასელ ბავშვებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. დედის გულქვაობის გამო უმრავლესობა აღშფოთდა. ბევრი იყაყანეს და ბოლოს ერთი მიხვდა: მაგდანი უფრო ჭკვინია, რეალურად ხომ ქეთოს არაფერი აქვს სასიკვდილო. უბრალოდ, ის  უფრო სწორად აფასებს სიტუაციას და ხვდება, რომ დარდი შვილს არ მოუკლავს და სანამ შეუძლია, იბრძვის, თორემ ქეთოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი რომ იდგეს, მაგდანაც დათმობდა. ყველა იძულებული გახდა, დათანხმებოდა.

 

დღეს ქართული სკოლა და მედია სავსეა შემთხვევებით, როცა ბიჭის ჭკუას უპირობოდ ანიჭებენ უპირატესობას. ხშირად ისმის ფრაზები: ბიჭია, ბოლოს დაჯდება და ერთბაშად ისწავლის... არადა, ის რომ კაცი უპირობოდ ქალზე ჭკვიანი არაა, იაკობ გოგებაშვილმა მშვენივრად იცოდა. ვინმე ზრუნავს, თუნდაც ამ ტექსტის სწავლებისას დასვას სწორი აქცენტები და ქართველ გოგონებს სკოლის მერხიდანვე არ უჩიჩინოს, რომ კაცებზე ნაკლებნი არიან? ალბათ არა.

მნიშვნელოვანია, როგორ კულტურულად იცავს ბალანსს იაკობ გოგებაშვილი ლეკებთან მიმართებაშიც. ჯერ ერთი  - გამტაცებელი უარყოფითი გმირების დახატვისას ტაქტიანად აღნიშნავს: „სოფელ ვაშლოვანში დაიარებოდა სავაჭროდ კაი ხნიდან ორი ბაჯაჯგუნა ლეკი. ესენი ისე წყალწაღებულნი იყვნენ, თვითონ ლეკებსაც აბუჩად ჰყავდათ აგდებული.“ცხადზე ცხადი ხდება, რომ მათი საქციელი არაფრით არ ეხება ზოგადად ლეკებს. გოგებაშვილი ამას არ ჯერდება და უდიდესი პატივისცემით აღწერს ნაიბისა და მისი ცოლის პორტრეტებს. ნაიბის ცოლის დახასიათებისას ხაზს უსვამს, რომ ის „შემკული იყო ვაჟკაცური გამბედაობითა და ნაზი გულით.“ სიუჟეტურად იაკობს ნაიბის ცოლის „ვაჟკაცობა“ არაფერში სჭირდება. მაგრამ გოგებაშვილი ყველგან, სადაც შეუძლია, ცდილობს დაინახოს ქალის ძალა და ამის არ ეშინია.

 

რადგან მოთხრობის სათაურია  „იავნანამ რა ჰქმნა?!“,  ლოგიკურია, რომ ბოლო თავიც ის იყოს. თუკი პრობლემა გადაჭრილია, ქეთო დაბრუნებულია, რატომ არ წყდება თხრობა? დარჩენილია კიდევ ერთი მთავარი სათქმელი: მეგობრობა, რომელიც შეიძლება მტრობიდანაც  დაიბადოს: „ზურაბი და ნაიბი დამეგობრდნენ, მაგდანამაც გულით შეიყვარა ნაიბის ცოლი და ამიტომ მათი რთველში მოყვანა წესად დასდვეს“.

 

ჯანსაღი ნაციონალიზმი, ჩასახული ყველაზე ბუნებრივ, დედობრივ წიაღში, ქალური ძალა და გამბედაობა, შემწყნარებლობა, მოთმინება აღადგენენ მოთხრობის ფინალში ყველაზე მნიშვნელოვან ჰარმონიას, ადამიანურ ურთიერთობებს, მიუხედავად პერსონაჟების სქესობრივი, ასაკობრივი და ეროვნული კუთვნილებისა.

 

რუსთაველთან ორი სხვადასხვა ეროვნების გმირი, ტარიელი და ავთანდილი პირველი შეხვედრისას ერთმანეთს კოცნიან, „უცხოობით არ დაჰრიდესო“, - წერს რუსთაველი, შედეგი კი ქაჯეთის ციხის აღებაა. ვაჟასთან ქისტი ჯოყოლასა და ხევსური ზვიადაურის შეხვედრა ტრაგედიით სრულდება. არსადაა ქორწილი, მაგრამ ვაჟა მაინც ახერხებს თავისი პერსონაჟების მარადიულ, ესქატოლოგიურ დროში გადაყვანას. ჯოყოლა, ზვიადაური და აღაზა ისევ იმ კლდის თავზე  ყვებიან „ერთურთის დანდობისასა.“  იაკობ გოგებაშვილიც მტრობიდან იწყებს ქართული და ლეკური ოჯახების ურთიერთობას და მაინც  სრულიად ბუნებრივად აღადგენს პირველქმნილ წესრიგს.  თუმცაღა გოგებაშვილი რეალისტი მწერალია, რომელსაც არ ავიწყდება, რომ რეალობა სულ სხვაა. კეთილი დასასრულით გულაჩუყებულნი მწარედ ვბრუნდებით ნაწარმოების მოთხრობის დასაწყისში და გვახსენდება, რომ სოფელი ვაშლოვანი ნასახლარია: „თუ გაღმა მხარისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთ ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდს ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია, მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნაზე და განაპირა ადგილას კარგად გაარჩევ ქვითკირის ნაშთებს. ეს ნაშთები უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ეს ადგილი ნასოფლარია.“

 

შემწყნარებლობას სხვდასხვა რელიგიების, ეროვნებების მიმართ იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტიკაშიც ვხვდებით. ერთგან წერს, „ქართველებს, მიუხედავად ბევრი მათი ხარვეზისა, ერთი იშვიათი თვისება მოსდგამთ: რასობრივი განსაკუთრებულობის, შთამომავლობითი უპირატესობების არ არსებობა და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებისადმი უდავო პატივისცემა. ეს თვისება მჟღავნდება არა მარტო საერო ცხოვრებაში, არამედ რელიგიურ სფეროშიც. ყოველი რელიგია ამტკიცებს რომ მხოლოდ თვითონაა მაცხონებელი, სხვა რელიგიებს კი ჯოჯოხეთში მივყავართო. ქართველი ხალხი კი ყოველთვის ფიქრობდა და ახლაც ფიქრობს, რომ მაცხონებელი ყველა რელიგიაა, მაგრამ უკეთესი ცხონება, უკეთესი სამოთხე მხოლოდ მართლმადიდებლური ხვედრია. აქედან ქართული ხალხური ანდაზა: ყველა თავის რჯულზე ცხონდებაო“.

 

იაკობ გოგებაშვილის ამ მოსაზრებების ლოგიკური ფინალი იყო მისი ანდერძიც, სადაც სხვა მრავალთან ერთად თავისი ჰონორარებით დაგროვილი ქონება საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ეროვნების საზოგადოებებსაც დაუტოვა. თავისთავად ცხადია, მას ესმოდა ქვეყნისთვის ამ  საზოგადოებების განვითარების მნიშვნელობა.

 

საბჭოთა, სამოცდაათწლიანი ტყუილიდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერი „ფსევდო“ დაგვატყდა თავს: ფსევდონაციონალიზმი, ფსევდოჰუმანიზმი, ფსევდოთანასწორობა... ჭირს ნამდვილის მიგნება. მთავარი პრობლემა კი დღესაც, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში, განათლების ნაკლებობაა.

 

უნდა შევიძლოთ და უნდა შევქმნათ „დროის შესაფერი“ განათლების სისტემა, თორემ მოჩვენებითს, მხოლოდ სხვის დასანახს, იაკობ გოგებაშვილმა თავის „თხა და გიგოში“ უკვე დასცინა.

 

 

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 21 სექტემბერი

როშ ჰაშანა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group