GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

"მე მაქვს ოცნება"- ანტირასისტული მოძრაობის ისტორიიიდან

ფრიდონ საყვარელიძე

1955 წლის პირველ დეკემბერს, მონტგომერიში ავტობუსით მგზავრობისას, შავკანიანთა უფლებების ცნობილმა დამცველმა როზა პარკსმა უარი უთხრა მძღოლს თეთრკანიანი მგზავრისათვის ადგილის გათავისუფლების მოთხოვნაზე. როზა პარკსი დააკავეს და ბრალი დასდეს "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში”. ამ ინციდენტმა მონტგომერის "ავტობუსების ბოიკოტის” სახელწოდებით ცნობილი შავკანიანთა დიდი საპროტესტო აქცია გამოიწვია, რომელიც მიმართული იყო საზოგადოებრივ ტრანსპორტში რასისტული სეგრეგაციის წინააღმდეგ. მარტინ ლუთერ კინგის ინიციატივით შავკანიანმა მოსახლეობამ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ბოიკოტი გამოუცხადა.

ჯიმ კროუს კანონები

ჯიმ კროუს სახელმა პირველად 1865 წელს გაიჟღერა, როდესაც მურით გათხუპნულმა ინგლისელმა ემიგრანტმა ტომას რაისმა შეასრულა სიმღერა "ისკუპე, ჯიმ კროუ”. ეს სიმღერა მალე ქუჩის მუსიკოსების ჰიტად იქცა, სახელი ჯიმ კროუ კი ყველა ცუდად ჩაცმული და გაუნათლებელი შავკანიანის მეტსახელად. ასევე უწოდებდნენ არაოფიციალურად, აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კანონებს რასობრივი სეგრეგაციის შესახებ, რომლებიც ითვალისწინებდა თეთრებისა და შავების სეგრეგაციას საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტში, სკოლებში და ა.შ.

"ჯიმ კროუს კანონების” დაბადების თარიღია 1890 წელი, როდესაც შავკანიანი მოსახლეობისადმი ყველაზე შეუწყნარებელ შტატ ლუიზიანაში ოფიციალურად დაკანონდა სეგრეგაცია რკინიგზის ტრანსპორტზე. როგორც ჯერ კიდევ 1883 წელს დაადგინა უზენაესმა სასამართლომ "ორი რასის იძულებითი გაყოფაში არ იგულისხმება ფერადკანიანი რასის არასრულყოფილების იდეა”. ძალაში თანდათან შევიდა პრინციპი "გაყოფილები, მაგრამ თანაბრები”. 1915 წლიდან სეგრეგაცია ყველა შტატში დაკანონდა. შავკანიანებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გადაეხადათ მაღალი გადასახადი და ჩაებარებინათ ტესტი, რაც ითვალისწინებდა კონსტიტუციისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ზეპირად (sic!) ცოდნას.


ზანგისა და თეთრის ერთ კამპანიაში თამაში კანონსაწინააღმდეგოა, იქნება ეს პული თუ ბილიარდი (ალაბამა).

თეთრი სისხლის მქონე ადამიანის შერეული ქორწინება ზანგთან, მონღოლთან, მალაელთან ან ინდუსთან გაუქმდება და არ ექნება კანონიერი ძალა (არიზონა).

ყველა, ვისაც აქვს ღვინის ან ლუდის გაყიდვის ლიცენზია, ვალდებულია მოემსახუროს მხოლოდ თეთრებს ან მხოლოდ ფერადკანიანებს და არ უნდა მიჰყიდონ ორ რასას ერთდროულად, ერთი და იმავე ადგილას, სხვადასხვა დროს (ჯორჯია).

რომელიმე ზანგი ან თეთრი ქალი, ან თეთრი მამაკაცი და ზანგი ქალი, რომლებიც არ არიან დაქორწინებული და რომლებიც ცხოვრობენ ერთად ან ღამით ერთ ოთახში იძინებენ, დაისჯებიან პატიმრობით (არაუმეტეს 12 თვისა) ან ჯარიმით (არაუმეტეს 500 დოლარისა) (ფლორიდა).

სეგრეგაციული კანონები შეეხო არა მარტო არჩევნის უფლებას, არამედ ბიბლიოთეკებს, კვების ობიექტებს, თეატრებს, ეკლესიებს, საავადმყოფოებს, სასაფლაოებს, საცურაო აუზებს. აიკრძალა შერეული ქორწინებები. კანონის დარღვევისას თეთრკანიანი ჯარიმას იხდიდა, შავკანიანს კი ელოდა ციხე ან ლინჩის წესით გასამართლება.

ლინჩის სასამართლოები ზოგიერთი შტატის საყვარელ შოუდ” იქცა. ყელზე საბელგამობმულ "დამნაშავე” შავკანიანს ქუჩა-ქუჩა აქეთ-იქით ატარებდნენ და აწამებდნენ. მისი ჩამოხრჩობის "ცერემონიალს” უამრავი მოსეირე ესწრებოდა. შემდეგ კი მიზანში სროლაში ვარჯიშობდნენ და გვამს ტყვიებს უშენდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ "ერთობოდნენ”. სახრჩობელისთვის გამოყენებულ თოკს ანაკუწებდნენ და სუვენირებად ყიდდნენ, ისევე როგორც დამნაშავის ყურებს, თითებს და ა.შ. ლინჩის წესით გასამართლების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მცდელობები არაერთხელ ჩავარდა (უკანასკნელად 1940 წელს), რადგან სამხრეთელი სენატორები და კონგრესმენები კანონპროექტს ხმას არ აძლევდნენ, ხოლო პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა შავკანიანი ორგანიზაციების თხოვნას ლინჩის წესით გასამართლების აკრძალვასთან დაკავშირებით უპასუხა, რომ არ სურს მოამავალი არჩევნების წაგება. აი ასე! 

სეგრეგაცია საქალაქო ავტობუსებში

ქალაქ მონტგომერის კანონების მიხედვით შავკანიანებს არ ქონდათ ავტობუსში პირველი ოთხი რიგის დაკავების უფლება. ეს რიგები თეთრკანიანებისთვის იყო განკუთვნილი. თუ ეს რიგები დაკავებული იყო შავკანიანებს თავიანთი ადგილები უნდა დაეთმოთ ავტობუსში ამოსული თეთრკანიანებისათვის.

როგორც შემდგომში იგონებდა კინგი, ავტობუსის მძღოლები თეთრკანიანები იყვნენ. მათი უმრავლესობა შეურაცხყოფას აყენებდა შავკანიანებს, მათ ნიგერებსა და მაიმუნებს უწოდებდა. ზანგებს არ აძლევდნენ წინა რიგებში დაჯდომის უფლებას მაშინაც კი, როცა ავტობუსში არცერთი თეთრკანიანი არ იყო. მეტიც, თუ მისთვის განკუთვნილ ადგილას მჯდომი შავკანიანი არ უთმობდა ადგილს თეთრკანიანს, როდესაც წინა რიგები უკვე შევსებული იყო, მას აპატიმრებდნენ.

როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, მარტინ ლუთერ კინგის თაოსნობით, შავკანიანმა მოსახლეობამ საქალაქო ავტობუსებს ბოიკოტი გამოუცხადა. აქ ყურადღება მინდა შევაჩერო ერთ გარემოებაზე. როგორც ვხედავთ, მარტინ ლუთერ კინგმა სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლისას ერთადერთი მოთხოვნა დააყენა – სეგრეგაციის გაუქმება საქალაქო ავტობუსებში. და, რა თქმა უნდა, ეს იმიტომ არ გაუკეთებია, რომ სეგრეგაცია სკოლებში, რესტორნებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში მისთვის ნაკლებმნიშვნელოვანი იყო. პირიქით. მაგრამ კინგმა შესანიშნავად იცოდა, რომ თუ თეთრკანიანი და შავკანიანი ერთმანეთის გვერდით დასხდნებოდნენ საქალაქო ავტობუსებში, მაშინ აზრი ეკარგებოდა აკრძალვებს ყველა დანარჩენ ადგილას და ადრე თუ გვიან სეგრეგაცია სხვა საზოგადოებრივ ადგილებშიც გაუქმდებოდა. 

ასე იყო თუ ისე, ბოიკოტის შედეგად ავტობუსის კამპანიებმა დიდი ზარალი ნახეს. შავკანიანები ხომ ქალაქის მოსახლეობის 70 პროცენტს შეადგენდნენ. თავდაპირველად ქალაქის ხელისუფალნი შეეცადნენ მოძრაობის გახლეჩას და აქტივისტების დისკრედიტაციას მასმედიის დახმარებით. წარუმატებლობის შემდეგ კი აქტივისტების დევნა დაიწყეს. შავკანიან მძღოლებს, რომლებსაც საკუთარი მანქანებით გადაჰყავდათ ბოიკოტის მონაწილენი, აჩერებდნენ გამოგონილი მიზეზებით, შემდეგ აქტივისტების სახლებში კუ-კლუს-კლანიდან მუქარები გაისმა. 1956 წლის იანვარში კინგის სახლში ბომბი შეაგდეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ, 1921 წელს მიღებული "ანიტიბოიკოტის” კანონი გამოიყენა. 100-მდე აქტივისტი დააპატიმრეს. ინფორმაცია სასამართლო პროცესების შესახებ კი გასცდა აშშ-ს ფარგლებს.


ბოიკოტის აქტივისტებმა ფედერალურ სასამართლოში შეტანეს სარჩელი, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ავტობუსებში სეგრეგაციის დაუშვებლობის შესახებ. მონტგომერის პროკურატურამ აპელაციით აშშ-ს უზენაეს სასამართლოს მიმართა, რომელმაც გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამგვარად, აქცია, რომელიც 380 დღე გრძელდებოდა, 1956 წლის 20 დეკემბერს წარმატებით დასრულდა. ალაბამას შტატში, მათ შორის ქალაქ მონტგომერიში, საქალაქო ავტობუსებში სეგრეგაცია გაუქმდა. თუმცა, იმავე ღამეს კუ-კლუს-კლანის წევრები 40 მანქანით ჩავიდნენ მონტგომერიში და მოსახლეობის დასაშინებლად მსვლელობა მოაწყვეს. ტერორი კარგა ხანს გრძელდებოდა. შავკანიანებით დასახლებულ რაიონებში გახშირდა ბომბების აფეთქება, მოსახლეობას უმოწყალოდ სცემდნენ და არბევდნენ.

"ავტობუსების ბოიკოტმა” როზა პარკსი რასობრივი სეგრეგაციიისადმი წინააღმდეგობის სიმბოლოდ აქცია, აქციების სულისჩმადგმელი და ორგანიზატორი მარტინ ლუთერ კინგი კი ფერადკანიანთა სამოქალაქო უფლებების დამცველი მოძრაობის უდავო ლიდერი გახდა. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ ამ, მაჰათმა განდის დარი მოღვაწის ცხოვრებას კიდევ ერთხელ გავიხსენებთ.

მარტინ ლუთერ კინგი

დაიბადა 1929 წ. 15 იანვარს, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, ბაპტისტური ეკლესიის მღვდლის ოჯახში. მის მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო. ქონდა ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიასა და ღვთისმეტყველებაში. 1955 წელს გახდა ბოსტონის უნივერსიტეტის დოქტორი თეოლოგიაში. 15 წლისამ გაიმარჯვა ორატორების კონკურსში, რომელსაც ატარებდა ჯორჯიის აფრო–ამერიკული ორგანიზაცია. შემდგომში ის აშშ–ს ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი ორატორი გახდა.

1957 წ. დააფუძნა აფრო–ამერიკელების უფლებების დამცველი ორგანიზაცია „სამხრეთელ ქრისტიანთა ხელძღვანელობის კონფერენცია“, რომლის პრეზიდენტი თავად იყო.

1960 წელს ჯავახარლალ ნერუს მიწვევით იმოგზაურა ინდოეთში, სადაც შეისწავლა მაჰათმა განდის მოღვაწეობა.
მოაწყო არაერთი საპროტესტო მსვლელობა შავკანიანთა უფლებების დასაცავად, არჩევნებში მონაწილეობის და ხმის უფლებისთვის. მათი უმრავლესობა წარმატებულად დასრულდა: მიღებულ იქნა შესაბამისი კანონები.

1968 წ. 28 მარტს, კინგმა მოაწყო 6 ათასიანი საპროტესტო მსვლელობა მემფისის ცენტრში, რომლის მიზანი გაფიცულ მუშათა მხარდაჭერა იყო. 3 აპრილს, გარდაცვალების წინა დღეს, მან გამოსვლაში თქვა: „ჩვენ წინ გველის ძნელი დღეები. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ, რომ მე ვიყავი მთის წვერზე… გავიხედე წინ და დავინახე აღთქმული მიწა. მე, შეიძლება, აღარ ვიყო თქვენთან, მაგრამ მინდა, რომ თქვენ ახლა იცოდეთ – ჩვენ ყველა, მთელი ერი, დავინახავთ აღთქმულ მიწას“.

თავის გამოსვლებში (რომელთაგან ზოგიერთი ამჟამად ორატარული ხელოვნების კლასიკად მიიჩნევა) ის ხშირად იყენებდა რელიგიურ ფრაზეოლოგიას და ქრისტიანული სიყვარულისკენ მოუწოდებდა. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობებს ენერგიას მატებდა – იწყებოდა მსვლელობები, ეკონომიკური ბოიკოტები, მასიური გამოსვლები.
მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლაა “მე მაქვს ოცნება” (”I have a dream”), წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას, ვაშინგტონში, 1963 წელს, ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან, 300 ათასი ამერიკელის წინ.

ამერიკული საზოგადოების დემოკრატიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლისთვის, 1964 წელს 35 წლის მარტინ ლუთერს ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა.

39 წლის ასაკში, 1968 წ 4 აპრილს, მემფისში, ტენესი, როდესაც კინგი მემფისის სასტუმრო „ლორეინის“ აივანზე იდგა, ის სასიკვდილოდ დაჭრა სნაიპერმა.

ამან მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. დაიწყო მასობრივი გამოსვლები, რომელსაც 46 ადამიანი შეეწირა, 2,5 ათასი კი დაიჭრა. მთავრობამ, არეულობის ჩასახშობად 70 ათასი ჯარისკაცი გამოიყვანა.
მკვლელს, ჯეიმს ერლ რეი, 99 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ოფიციალურად განაცხადეს, რომ მკვლელი მარტო მოქმედებდა, თუმცა ფიქრობენ, რომ კინგი შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

ეპისკოპალურმა ეკლესიამ ის წამებულად შერაცხა. მისი ქანდაკება განათავსეს ინგლისში, ვესტმინსტერის სააბატოში, მე–20 საუკუნის სხვა წამებულების გვერდით.

1986 წლიდან, ამერიკაში, იანვრის მესამე ორშაბათი მარტინ ლუთერ კინგის დღეა და ეროვნულ დღესასწაულად ითვლება.
კინგის ბიოგრაფი ტეილორ ბრანჩი წერს, რომ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 39 წლის ლუთერ კინგს 60 წლის ასაკის ადამიანის გული ჰქონდა. გასაკვირიც არ არის, რომ ცამეტწლიანმა მუდმივმა სტრესმა თავისი კვალი დატოვა მის გულზე.

სეგრეგაცია სკოლებში

1951 წელს კანზასის შტატის შავკანიანმა მცხოვრებმა ოლივერ ბრაუნმა საკუთარი რვა წლის გოგონას სახელით სარჩელით მიმართა სასამართლოს სკოლის საქალაქო საბჭოს წინააღმდეგ ("ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ”). სარჩელში ბრაუნი უთითებდა, რომ მის გოგონას თეთრკანიანებისათვის განკუთვნილ სკოლაში უნდა ესწავლა, რომელიც მისი სახლიდან 5 კვარტალში მდებარეობდა, მაშინ როდესაც შავკანიანების სკოლა 21 კვარტალით იყო დაშორებული. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, ანალოგიური სარჩელებით სხვა შავკანიანებმაც მიმართეს სამხრეთ კაროლინის, ვირჯინიის და დელავერის შტატების სასამართლოებს.განხილვების სერიის შემდეგ საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც დაადგინა, რომ სეგრეგაცია სკოლებში ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც "კანონების მხრიდან თანაბარ დაცვას” ითვალისწინებს.

ამ გადაწყვეტილებით აშშ-ის სკოლებში სეგრეგაცია იურიდიულად აიკრძალა, მაგრამ მას რიგ შტატში გააფთრებული წინააღმდეგობა შეხვდა. ასე მაგალითად, ალაბამის სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის შტატის კანონმდებლობასთან.

1957 წლის სექტემბერში, არკანზასის შტატის ქალაქ ლითლ-როკში სწავლის დაწყების დღეს, 9 შავკანიანმა ბავშვმა (შემდგომში მათ "ლითლ-როკელი ცხრიანი” უწოდეს) სკოლაში შესვლა გადაწყვიტა, მაგრამ მათ წინ აღუდგნენ ხიშტებშემართული ჯარისკაცები. საქმე იმაში იყო, რომ შტატის გუბერნატორმა ორვალ ფობუსმა, რომელსაც არჩევნების წინ სეგრეგაციის მომხრეების გულის მოგება უნდოდა, შტატის ეროვნულ გვარდიას სკოლისათვის ალყის შემორტყმა უბრძანა. ჯარისკაცებს იქვე შეკრებილი თეთრკანიანი რასისტებიც დაემატნენ, რომლებიც შავკანიან ბავშვებს შეურაცხყოფდნენ. როგორც შემდგომში იგონებდნენ ,,ლითლ-როკელი ცხრიანის” წევრები, ისმოდა პირდაპირი მუქარები: "ლინჩის წესით გავასამართლოთ!”, "ხეზე ჩამოვკიდოთ ყველანი!”. 
19 დღის განმავლობაში შავკანიანი მოსწავლეები იძულებული იყვნენ სახლში დარჩენილიყვნენ. ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით გუბერნატორს სკოლიდან ჯარების გაყვანა ებრძანა. თუმცა, 23 სექტემბერს, როცა შავკანიანი მოსაწავლეები სკოლაში მივიდნენ, ქუჩაში კვლავ შეიკრიბა აგრესიული ბრბო, რომელთანაც პოლიციამაც ვერაფერი გააწყო. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ბავშვები დიდი გაჭირვებით გამოაპარეს სკოლიდან.

მას შემდეგ რაც ლითლ-როკის კრიზისმა მედიის ყურადღება მიიპყრო და ფართო საერთაშორისო რეზონანსი ჰპოვა, პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა იქ ფედერალური ჯარები გაგზავნა. ფორტ-კემპბელის საჰაერო-სადესანტო დივიზიის 1200 ჯარისკაცი, რომლის წინაშე ბრბო გაიფანტა, აცილებდა მოსწავლეებს გაკვეთილების დაწყებამდე და მის შემდეგ, იცავდა მათ სკოლის დერეფნებში. 

როგორც კი ორი თვის შემდეგ ჯარისკაცები წავიდნენ დაიწყო შავკანიანი მოსაწავლეების შეურაცხყოფა, სკოლის დატოვების მოთხოვნები, მაგრამ ბავშვებმა ყველაფერი აიტანეს და სწავლის გაგრძელება გადაწყვიტეს. მათგან რვამ სკოლა დაამთავრა, ერთი კი მაინც გარიცხეს, მხოლოდ იმიტომ რომ შეურაცხყოფას უპასუხა.

1958 წელს უზენაესმა სასამართლო იძულებული იყო კვლავ დაედასტურებინა საკუთარი გადაწყვეტილება აშშ-ის სკოლებში სეგრეგაციის იურიდიულად აკრძალვის შესახებ.

სეგრეგაცია საზოგადოებრივ ადგილებში

1961 წელს ჯორჯიის სტატის ქალაქ ოლბანში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაიწყეს კამპანია საზოგადოებრივი ადგილების დესეგრეგაციის მიზნით. აქტივისტების დასახმარებლად ადგილზე ჩავიდა მარტინ ლუთერ კინგი, რომლის ორგანიზებით მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. საპასუხოდ ქალაქის ხელისუფლებამ დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, დაიკეტა პარკები, ბიბლიოთეკები, გაჩერდა ავტობუსები, რათა სეგრეგაცია შენარჩუნებულიყო. ქალაქის შავკანიანი მოსახლეობის 5 პროცენტი ციხეში მოხვდა. Kკამპანია ამჯერად წარუმატებელი აღმოჩნდა. მაშინ, იმავე წელს, ,,რასობრივი თანასწორობის კონგრესის” (The Comgress of Racila Equality(CORE) წევრებმა დაიწყეს ე.წ. ,,თავისუფლების მოგზაურობების” ორგანიზება. თეთრები და შავკანიანები ერთიანდებოდნენ და მიემგზავრებოდნენ სამხრეთში. აქ ისინი ერთად სადილობდნენ სეგრეგირებულ სასტუმროებსა და რესტორნებში და ასე გამოდიოდნენ დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ამასთან ერთად მეოცე საუკუნის შუა ხანებში სულ უფრო იზრდებოდა საერთაშორისო ზეწოლა აშშ-ზე სეგრეგაციასა და ლინჩის წესით გასამართლებასთან დაკავშირებით, ხოლო აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაიწყო ,,ჯიმ კროუს” ზოგიერთი კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობა. 1964 წელს პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა გამოსცა აქტი სამოქალაქო უფლებების შესახებ. რასობრივი დისკრიმინაცია საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიცაა თეატრები, ეკლესიები, სასტუმროები და საავადმყოფოები _ აიკრძალა. თეთრებსა და შავებს სამუშაოს დაკავების თანაბარი უფლება მიეცათ.

დღეს ამერიკას შავკანიანი პრეზიდენტი ჰყავს, თუმცა სეგრეგაციის (ყოველ შემთხვევაში დე ფაქტო) ელემენტები აშშ-ში კვლავ გვხვდება, რასაც, წარსულში მიმდინარე მოვლენების გამო, გეტოების ჩამოყალიბებამაც შეუწყო ხელი.

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group