GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეკლესია და სატაძრო პოლიტიკა

მოამზადა დავით თინიკაშვილმა

 

 

საქართველოში საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებული დავები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ კარგავს თავის აქტუალობასა თუ სიმძაფრეს. დღემდე გადაუწყვეტელია რამდენიმე ქრისტიანული (მაგ., კათოლიკური და სომხური) ეკლესიის კუთვნილი ტაძრების ბედი, უფრო ზუსტად, მათი კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნების საკითხი. ფორმალურად არაერთხელ შექმნილა სპეციალური კომისიები სადავო რელიგიური დანიშნულების ნაგებობების ისტორიული წარმოშობის გასარკვევად, თუმცა რაიმე ხელშესახები შედეგები მათ მუშაობას ჯერ არ მოჰყოლია.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით გვსურს თვალი გადავავლოთ დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში არსებულ მდგომარეობას და რამდენადაც ეს ჩვენთვის ხელმისაწვდომია, წარმოვადგინოთ ქრისტიანულ ეკლესიებს შორის ურთიერთობებში არსებული ფაქტები და განწყობები ამ მიმართულებით.

 

პირველ რიგში, გადავხედოთ სწორედ კათოლიკური სამყაროში არსებულ ვითარებას. კერძოდ, რომის კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებას მართლმადიდებელი (მათ შორის ქართული) სამრევლოებისა და ეპარქიებისადმი.

 

დასავლეთ საქართველოს ლათინური წესის კათოლიკეთა წინამძღვრის, მამა გაბრიელე ბრაგანტინის თქმით, კათოლიკური ეკლესიის მხრიდან სხვა ქრისტიანული ეკლესიებისადმი ტაძრების გადაცემის მრავალი ფაქტი არსებობს: „უსასყიდლოდ გადაეცათ ტაძრები ასევე ბულგარეთის საპატრიარქოს ქალაქ რომში და რუმინეთის საპატრიარქოსა და მოლდავეთის ეკლესიას ქალაქ ვერონაში. გარდა ამისა, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ბევრი მართლმადიდებელი სასულიერო პირი ატარებს ღვთისმსახურებას კათოლიკურ ტაძრებში და შემდეგ იგივე საკურთხეველზე კათოლიკე ღვთისმსახურები სწირავენ და არავის ეჩვენება ეს უცნაურად ან მიუღებლად“.

 

კონკრეტული ფაქტები:

 

2006 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართოლომეოს I-ის ფლორენციაში ვიზიტის შედეგად, ნიკოლაოს პაპანდოპულოსის წინამძღვრობით, კათოლიკებმა ბერძენ მართლმადიდებელებს წმ. იაკობის ეკლესია უსასყიდლოდ გადასცეს.

 

2010 წლის ნოემბერში, ქართული საკრებულოს წარმომადგენლებმაც ითხოვეს საკულტო ნაგებობის გამოყოფა, მილტონის ხეივანში მყოფი რუსებისაგან დამოუკიდებლად. თავდაპირველად, მათ დროებით გადაეცათ ორი ადგილობრივი შენობა, ერთი ქალაქ ემპოლში და ერთიც ქალაქ ფლორენციაში, სტუდიოს ქუჩაზე, სადაც წირვას რომიდან ჩამოსული ქართველი მღვდელი უძღვებოდა. 2011 წლის იანვარში კი, კავკასიის ამ ქვეყნიდან ჩამოსული მამა ანდრიას წყალობით, მათ გადაეცათ ქ. ფლორენციის გულში მდებარე წმ. ელისაბედის სახელობის შუასაუკუნეობრივი ეკლესია. ასევე ფლორენციის ეპარქიამ შეუზღუდავი დროით და უანგაროდ გადასცა ემიგრანტების ახალ ქრისტიანულ საკრებულოებს წმიდა გიორგის, წმიდა ელისაბედის, წმიდა იაკობისა და წმიდა ბართოლომეოს ოთხი კათოლიკური ეკლესია (იხ. ჟურნ. „საბა“, #6, 2011).

 

2011 წლის 29 მაისს ქართულ მართლმადიდებლურ სათვისტომოს ფლორენციაში, სერალის ქუჩაზე მდებარე უძველესი ტაძარი გადასცეს, რომლის ხელმეორე კურთხევაც მიტროპოლიტმა აბრაამ გარმელიამ აღასრულა. რომაული წესით აგებული ეს ტაძარი წმინდა ელისაბედის სახელობისა იყო. ამ დღიდან კი ის წმინდა ნინოს სახელობისაა, რომელშიც ქართულ ენაზე აღესრულება ღვთისმსახურება. პირველივე საზეიმო წირვას ესწრებოდა ფლორენციის საკათედრო ტაძრის დიაკონი, მამა ალესანდრო ბიკი, კურსიის ეკუმენური კომისიის წევრი და ქართულ საკრებულოსთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი. ქართველებისთვის ნაჩუქარ ხსენებულ ტაძარში მამა ანდრია ლაცაბიძე მსახურობს (ჟურნ. „საბა“ #7, 2011; ინფორმაცია იტალიურიდან თარგმნა ბესიკ ანდრიაძემ).

 

ცნობილია, მაგალითად, რომში, კასიოს ქუჩის მე-16 კილომეტრზე, ეგნატე ლოიოლას სახელობის ტაძარში ყოველ სამშაბათს მართლმადიდებლურ სამრევლოს კათოლიკური ეკლესია საშუალებას აძლევს აღასრულოს საკუთარი ღვთისმსახურება. ასევე რომში, ჩეზანოს ქუჩაზე, წმინდა სებასტიანეს სახელობის კათოლიკურ ტაძარში ოთხშაბათობით მართლმადიდებლური სამრევლო იკრიბება.

 

ქალაქ ბოლონიაში კი მართლმადიდებელ მრევლს ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით დაეთმო შემდეგი ეკლესიები: 1) სანტა მარია ინკორონატა კაპრარაში, დეი გრიფონის ქუჩაზე ტაძარი კონსტანტინოპოლის ეკუმენური საპატრიარქოს ბერძენ მართლმადიდებლებს; 2) პრატელოს ქუჩაზე სან როკოს ეკლესია რუმინელ მართლმადიდებლებს; 3) ასევე პორეტა თერმეში მდებარე ალბერგატის კოლეჯის ეკლესია - რუმინელ მართლმადიდებლებს.

 

გარდა ამისა, არსებობს დროებითი და კათოლიკეებთან ერთობლივი სარგებლობის შესაძლებლობა შემდეგ ეკლესიებში, სადაც მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ტარდება. ესენია: 1) სავენას სან ლაძაროს მრევლის სან მარკოს ორატორია - კვირაობით ალექსანდრიის საპატრიარქოს კოპტი მართლმადიდებლების მსახურება; 2) კაზალეკიო დი რენოში სან მარტინოს მრევლის დარბაზი რუმინელი მართლმადიდებლებისთვის; 3) ოპერა პადრე მარელა მრევლის სან ჯუზეპეს ეკლესია, შრომის ქუჩაზე (ვია დი ლავორო): კვირა დილას მოლდოველი მართლმადიდებლებისთვის.

 

ბოლონიის ყოფილ კათოლიკურ ეკლესიაში კი, წმ. ესაიას ქუჩაზე განთავსდა წმ. ბასილის სახელობის მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესია.

პალო ლაციალეში, ლადისპოლიში, პალოს მრევლის ეკლესიის მახლობლად მართლმადიდებელ მრევლს უსასყიდლოდ გადაეცა მოზრდილი ფართი, რომელსაც იყენებენ ღვთისმსახურების ჩასატარებლად და მისი სარგებლობის ექსკლუზიური უფლება აქვთ.

 

როგორც ვხედავთ, რომის კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება სხვა ქრისტიანული ეკლესიებისადმი (ქართული მართლმადიდებლური სამრევლოების ჩათვლით), მათთვის ტაძრების დაბრუნების, დროებითი გაზიარების თუ უსასყიდლოდ გადაცემის თვალსაზრისით ძმური ქრისტიანული სიყვარულით არის აღბეჭდილი. ასეთ ფონზე კი, საქართველოში ბათუმის, ქუთაისისა და გორის აშკარად კათოლიკური ტაძრები ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებული მისი კანონიერი მესაკუთრისთვის.

 

მიუხედავად ასეთი ვითარებისა, საქართველოში არსებობს პრეცედენტები, როდესაც კათოლიკური ეკლესიის დაფინანსებით შენდება მართლმადიდებლური ტაძარი მართლმადიდებელი მრევლისთვის: მაგ., რომის პაპმა იოანე-პავლე II-მ საქართველოში მოქმედი კათოლიკური საქველმოქმედო ფონდის “საქართველოს კარიტასის” თბილისის საბავშვო კომპლექსს “თანხა შემოსწირა მართლმადიდებელი ეკლესიის ასაგებად, რათა მოზარდები საკუთარ რელიგიურ ტრადიციაზე აღიზარდონ” (ჟურნ. „საბა“ #8, 2006, გვ. 5). დღეს ბაზილიკური ტიპის ტაძრის ხილვა ყველას შეუძლია ამ დაწესებულების წინ.

 

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში ანტიკათოლიკური აგრესიის გამოხატვას საკმაოდ მძიმე ფორმებიც ჰქონია, რომლებიც დროის გარკვეულ მომენტებში საკმაოდ უარყოფით გავლენას ახდენდა როგორც ზოგადად ამ ორი ეკლესიის ურთიერთობაზე, ისე კონკრეტულად ტაძრების უკვე დაგეგმილი გადაცემის თვალსაზრისით. მაგ., 2003 წელს ვატიკანი მზად იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიისთვის გადაეცა ტაძარი ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. მაგრამ ეს პროცესი შეჩერდა ამავე წლის სექტემბერში წმ. საყდარსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის მომზადებული ხელშეკრულების წინააღმდეგ თბილისის ქუჩებში სმე-ს ზოგიერთი იერარქის მიერ ორგანიზებით მოწყობილი ანტიკათოლიკური გამოსვლების მიზეზით.

 

სხვა ქრისტიანული ეკლესიებისთვის ტაძრების გადაცემის ფაქტები ანგლიკანურ სამყაროშიც უხვად არსებობს. ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტის, არქიეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის თქმით, „მაგ., ქალაქ ნორვიჩსა და კემბრიჯში მართლმადიდებლური ტაძრები ყოფილ ანგლიკანურ ტაძრებში ფუნქციონირებს. მისივე მითითებით, არსებობს ორმაგი საკურთხევლების პრაქტიკაც. მაგ., ქალაქ ლონდონში, St Dunsten-ის ეკლესიაში ერთდროულად ორი საკურთხეველი არსებობს - ერთზე ანგლიკანები ატარებენ წირვას, მეორეზე რუმინელი მართლმადიდებლები“.

 

ანგლიკანურ სამყაროში (ანუ არა მხოლოდ ინგლისის ეკლესიაში) არაანგლიკანური ქრისტიანული ეკლესიებისთვის ტაძრების დროებითი დათმობის, უსასყიდლოდ გადაცემასა თუ ზიარი გამოყენების საკითხთან დაკავშირებით არავითარი სირთულე და დაბრკოლება არ არსებობს, როგორც თეოლოგიური, ისე საეკლესიო ხელისუფლებისა თუ კონკრეტული იერარქების მხრიდან კეთილი ნების გამოვლენის თვალსაზრისით. ამგვარი დამოკიდებულება ლოგიკური გამოვლინებაა იმ ქრისტიანული სიყვარულისა და, გნებავთ, ეკუმენური სულისკვეთებისა, რომელიც დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროში არსებობს. ერთადერთი, რამაც ბრიტანეთში ცხარე დისკუსია გამოიწვია, იყო საკითხი იმის შესახებ, დაეთმოთ თუ არა ანგლიკანური ტაძარი მუსლიმებისთვის.

 

შეიძლებოდა გაგვეგრძელებინა ფაქტების ჩამონათვალი: მაგ., ლონდონის ანგლიკანურმა დიოცეზმა All Saints Ennismore Gardens-ის ტაძარი სუროჟის რუსულ დიოცეზს გადასცა, ხოლო წმინდა მარკოზის სახელობის ტაძარი ლონდონის სერბულ მართლმადიდებლურ სამრევლოს. გარდა ამისა, ხშირად მართლმადიდებლური საკრებულოები იყენებენ ანგლიკანურ ტაძრებს, რომელთაგან ზოგიერთი ნაყიდი აქვთ, ზოგიც ნაჩუქარი ინგლისის ეკლესიისგან.

 

ბრიტანეთში არსებობს სამართლებრივი აქტებიც ამ საკითხზე. მაგ., 1969 წლის საპარლამენტო აქტით Sharing of Church Buildings Act  და 1970 წლის დოკუმენტით Sharing of Church Buildings Measure (ეს უკანასკნელი ინგლისის ეკლესიის სინოდის განჩინებაა, რომელსაც იგივე ძალა აქვს, რაც საპარლამენტო გადაწყვეტილებას) დადგენილია, რომ ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი შენობების გაზიარება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე უნდა მოხდეს იმ ქრისტიანული ეკლესიებისთვის, რომლებიც აღიარებენ წმინდა სამებას!

 

ვფიქრობთ, ზემოთწარმოდგენილი ფაქტები, რომელიც ზღვაში წვეთს წარმოადგენს, სრულიად საკმარისია იმის გაცნობიერებისთვის, რომ თანამედროვე ცივილიზებულ ეკლესიას არ შეშვენის ქრისტიანთა შორის დაძაბულობის და, მით უმეტეს, დაპირისპირების შექმნა აღნიშნულ საკითხზე. ტაძრების, - ამ წარმავალი მატერიალური ნაგებობების, - დატყვევებისა და კანონიერი მეპატრონისთვის არ დაბრუნების გაჯიუტებული სურვილი უკადრისია რელიგიური იდეალების მქონე სუბიექტისთვის მაშინ, როცა ტაძრის ისტორიული წარსულიც და მისი თანამედროვე სახე (არქიტექტურული ნიშნები, ინტერიერ-ექსტერიერი და სხვა) აშკარად სხვა კონფესიისადმი კუთვნილებაზე მეტყველებს.

 

წინამდებარე წერილი მსურს დავასრულო ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგის, დეკანოზ იოანე მეიენდორფის ბრწყინვალე სიტყვებით, რომელიც, როგორც ჩანს, აღმოთქმულია, იგივე ვითარებით შეწუხებული მეცნიერის ღრმად ქრისტიანული შეგნებიდან: “...ამჟამად მიმდინარე, ხშირად ძალიან უხეში, ბრძოლა თითოეული ტაძრის ან მიწის ნაგლეჯის გამო, რომელიც ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებს ქრისტიანებს, ჭეშმარიტად დემონურია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ქრისტიანული რწმენა თავს ირცხვენს ურწმუნოთა წინაშე, არამედ ასევე იმიტომ, რომ ამას არ გააჩნია არავითარი სულიერი და საღვთისმეტყველო შინაარსი” (И. Мейендорф. Рим, Константинополь, Москва. М., 2005, გვ. 8).

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group