GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ჰოლოკოსტის დღე

მოამზადა დავით ბარბაქაძემ 

სიტყვით “ჰოლოკოსტი” აღინიშნება 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი. ოფიციალურად მიღებული საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს.

 

“ჰოლოკოსტი” ბერძნული სიტყვაა და “სრულიად დაწვას” ნიშნავს. დღესდღეობით დამკვიდრებული მნიშვნელობით ეს ცნება 1910-იანი წლებიდან გამოიყენება. ამ დროიდან პოლიტიკოსები და ისტორიკოსები “ჰოლოკოსტით” აღნიშნავდნენ ოსმალეთის იმპერიაში სომეხი მოსახლეობის განადგურებას და რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ებრაელების მასობრივ დარბევას. 1942 წლიდან კი, ფართო გაგებით, ამ სიტყვით აღინიშნება ნაცისტების მსხვერპლთა გენოციდი.

 

ჰოლოკოსტს, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ განსაკუთრებულ დანაშაულს, ახასიათებს მთელი რიგი ნიშნებისა, რითაც იგი განსხვავდება უმძიმესი ისტორიული შედეგების მქონე სხვა მოვლენებისგან. აი, ეს ნიშნები:

 

  1. ჰოლოკოსტი წარმოადგენდა მთელი ერის მიზანმიმართული განადგურების მცდელობას, რამაც გამოიწვია ევროპის ებრაული მოსახლეობის 60%-ის და მსოფლიო ებრაული მოსახლეობის მესამედის მოსპობა;
  2. ბოშა ხალხის ერთი მეოთხედიდან ერთ მესამედამდე რაოდენობის განადგურება;
  3. პოლონელი ერის 10%-ის განადგურება (არ იგულისხმება უშუალოდ ომში დაღუპულთა რაოდენობა, ასევე – ლიტველი და უკრაინელი მოკავშირეების მიერ დახვრეტილთა რაოდენობა);
  4. გერმანელი ნაცისტების ხელთ მოხვედრილი დაახლოებით 3 მილიონამდე საბჭოთა სამხედრო ტყვის განადგურება;
  5. გერმანიის შავკანიანი მოსახლეობის ტოტალური განადგურება;
  6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განადგურება;
  7. დაახლოებით 9 ათასი ჰომოსექსუალის განადგურება;
  8. ადამიანთა მასობრივი განადგურების მეთოდების შემუშავება და ამ მეთოდების მუდმივი სრულყოფა ე. წ. სიკვდილის ბანაკებში; გარდა ამისა, დოკუმენტები მოწმობენ, რომ ნაცისტები გეგმავდნენ სამომავლოდ ებრაელების, ბოშების და ჰომოსექსუალების განადგურებას ყველა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის დაპყრობაც განზრახული ჰქონდათ;
  9. მრავალი ეროვნების ადამიანთა განადგურების გრანდიოზული მასშტაბები;
  10. უსასტიკესი სამედიცინო ექსპერიმენტები, რომლებსაც გერმანელი ექიმები ატარებდნენ ჰოლოკოსტის მსხვერპლ მოსახლეობაზე. ამ ექსპერიმენტების უმრავლესობა მსხვერპლთა სიკვდილით მთავრდებოდა.

 

დღესდღეობით ებრაელები ნაცისტების მიერ უშუალოდ ებრაელი ხალხის გეგმაზომიერი განადგურების პოლიტიკას და ამ პოლიტიკის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს აღნიშნავენ ებრაული სიტყვით “შოა”, რაც “კატასტროფას” ნიშნავს და “ჰოლოკოსტზე” ბევრად უფრო კორექტულ სიტყვად არის მიჩნეული. ისრაელის კატასტროფისა და ჰეროიზმის ინსტიტუტის, “იად ვა-შემ”-ის კრიტერიუმებით, შოას მსხვერპლად მიიჩნევიან ადამიანები, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის პირობებში ცხოვრობდნენ ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განადგურებული იქნენ მასობრივი დახვრეტების ადგილებზე, ბანაკებში, გეტოებში, ციხეებში, თავშესაფრებში, ტყეებში. ამავე კატეგორიას განეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც ორგანიზებული ან არაორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის დროს დაიღუპნენ, ასევე – პარტიზანული მოძრაობის, იატაკქვეშა მოძრაობის, აჯანყების მონაწილეები და ადამიანები, რომლებიც თავის გადარჩენის მიზნით საზღვრების არალეგალური გადაკვეთის და გაქცევის დროს ნაცისტების, ადგილობრივი მოსახლეობის და ნაცისტების მოკავშირეთა ხელით დაიღუპნენ. შოას მსხვერპლთა შორის არიან ის ებრაელებიც, რომლებიც დაბომბვის და 1941-42 წლების ევაკუაციის დროს, ასევე გერმანიის შეიარაღებულ ძალებთან და მათ მოკავშირეებთან პირდაპირი შეტაკების დროს დაიღუპნენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ შოას მსხვერპლთა რაოდენობა, ტრადიციულად მიღებული მონაცემებით, 6 მილიონია, მსხვერპლთა სრული სია დღემდე არ არსებობს და ვარაუდობენ, რომ ის გაცილებით მეტი უნდა იყოს. საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს გერმანელი ნაცისტები სიკვდილის ბანაკების ყველა კვალს ანადგურებდნენ. უფრო მეტიც, არსებობს მრავალრიცხოვანი გადმოცემები, რომ გერმანიაში მოკავშირეთა ჯარების შესვლამდე ცოტა ხნით ადრე ნაცისტები უკვე დამარხული ადამიანების ამოთხრას და გვამების განადგურებას ეწეოდნენ. იერუსალიმში ინახება პერსონალური დოკუმენტაციები, რომლებიც ნაცისტების მიერ დაახლოებით 4 მილიონი ადამიანის განადგურების მაჩვენებელია. ესენი არიან სწორედ იდენტიფიცირებული, ამოცნობილი ადამიანები. არსებობს მონაცემთა სრული ბაზის არარსებობის სხვა მიზეზებიც: მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე ცოცხლად დარჩენილი ებრაელები უარს აცხადებდნენ მათი და-ძმების, ნათესავებისა და ახლობლების დაღუპულად გამოცხადებაზე, რადგან მათი პოვნის იმედი ჰქონდათ. ბევრი ებრაული თემი საბოლოოდ განადგურდა და მათგან დამმოწმებელიც კი არ დარჩენილა. ადამიანთა დიდძალი რაოდენობა განადგურდა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მერე საბჭოთა კავშირის მიერ აღმოჩნდა ოკუპირებული, ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა და კვლევა-ძიება კი უცხოელ მკვლევარებს ეკრძალებოდათ. საბჭოთა კავშირის ოფიციალური სტატისტიკა კი ლაპარაკობდა მხოლოდ ომის დროს დაღუპულ “საბჭოთა მსხვერპლზე” და მათ წარმომავლობაზე სდუმდა.

 

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მეცნიერების თავდაუზოგავი შრომისა და კვლევა-ძიების შედეგად მაინც მოხერხდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა შედარებით ზუსტი სტატისტიკის დადგენა. ევროპული ებრაელობის კატასტროფის შესახებ ძირითად სტატისტიკურ წყაროს წარმოადგენს მოსახლეობის ომისწინარე აღწერები და მათი შედარება ომისშემდგომ სტატისტიკურ აღწერებთან. მეცნიერული ანალიზის შედეგებმა თავი მოიყარა “იად ვა-შემ”-ის მუზეუმის მიერ გამოცემულ “ჰოლოკოსტის ენციკლოპედიაში”. აღნიშნული ენციკლოპედიის თანახმად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სია ასე გამოიყურება:

 

3 მილიონი პოლონელი ებრაელი;

1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი;

800 ათასი ბელორუსი ებრაელი;

140 ათასი ლიტველი ებრაელი;

70 ათასი ლატვიელი ებრაელი;

560 ათასი უნგრელი ებრაელი;

280 ათასი რუმინელი ებრაელი;

140 ათასი გერმანელი ებრაელი;

100 ათასი ჰოლანდიელი ებრაელი;

80 ათასი ფრანგი ებრაელი;

80 ათასი ჩეხი ებრაელი;

70 ათასი სლოვაკი ებრაელი;

65 ათასი ბერძენი ებრაელი;

60 ათასი იუგოსლავიელი ებრაელი.

 

დაღუპულთა სრული სურათის აღსადგენად გამოყენებული იქნა მეორე მსოფლიო ომის მერე გასამართლებული მაღალჩინოსანი ნაცისტი ოფიცრების, მათ შორის უშუალოდ საკონცენტრაციო ბანაკების განმკარგულებელ ოფიცერთა დაკითხვის ოქმებიც. 1946 წელს მთავარი სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ ჩატარებულ ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე, ნაცისტი ოფიცრების დაკითხვამ 4 მილიონი დაღუპული ადამიანის სტატისტიკა აჩვენა; 2-დან 3 მილიონამდე მსხვერპლს ასახელებდნენ საკონცენტრაციო ბანაკთა ოფიცრები. ჩეხი მკვლევარების მონაცემებით, საქმე ეხება 3,8 მილიონ დაღუპულ ადამიანს. ზოგიერთი მკვლევარი 1-დან 1,5 მილიონამდე ადამიანს ასახელებს.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეუძლებელია მასობრივი წამების მსხვერპლთა სტატისტიკის დადგენა, რადგან ასეთ წამებებს ეწირებოდნენ ებრაელებიც და არაებრაელებიც. არ არსებობს მონაცემები არც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაქცეული ებრაელების და იმ ებრაელი სამხედრო ტყვეების შესახებ, რომლებსაც რასობრივი მოსაზრებით ხვრეტდნენ. დემოგრაფიულ სურათზე ასახული დამღუპველი რასისტული პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც შობადობის შემცირებას და ბავშვების სიკვდილიანობას იწვევდა, ზოგიერთი ცნობილი მეცნიერი (მაგ. ლევ პოლიაკოვი) მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჰოლოკოსტმა 8 მილიონი ებრაელი შეიწირა.

 

„მცირე ებრაული ენციკლოპედიის“ მიხედვით, რომელიც ოფიციალური საერთაშორისო ისტორიოგრაფიისთვის სარწმუნო წყაროს წარმოადგენს, ჰოლოკოსტი ოთხ ეტაპად იყოფა:

 

I. 1933 წლის იანვრიდან 1939 წლის აგვისტომდე: 1933 წლის 30 იანვარს ადოლფ ჰიტლერი გერმანიის კანცლერი გახდა, სულ მალე კი გერმანიაში ებრაელების დისკრიმინაცია და დევნა დაიწყო. ნაცისტები ცდილობდნენ გერმანიიდან ებრაელების განდევნას, მაგრამ ებრაელებს წასასვლელი არსად ჰქონდათ. ებრაელთა მასობრივი დევნის ღია დასაწყისად იქცა 1933 წლის 1 აპრილი. ამ დღეს ნაცისტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს გერმანიაში ებრაულ საწარმოებს. 1935 წლის 15 სექტემბერს, ჰიტლერის უშუალო ინიციატივით, ნაცისტებმა მიიღეს „კანონი გერმანული სისხლისა და გერმანული ღირსების დაცვის შესახებ“. ამ კანონის თანახმად, გერმანელებს ეკრძალებოდათ ებრაელებთან ქორწინება, მეტიც, ამ კანონის ამოქმედებისთანავე იურიდიულ ძალას კარგავდა თვით გერმანიის საზღვრებს გარეთ გერმანიის მოქალაქესა და ებრაელს შორის ხელმოწერილი ქორწინება; იკრძალებოდა გერმანიის მოქალაქეებსა და ებრაელებს შორის სქესობრივი კავშირი; ებრაელებს ეკრძალებოდათ 45 წლამდე ასაკის გერმანელი მოქალაქის დაქირავება ოჯახში სამუშაოდ; იკრძალებოდა რაიხის დროშის გამოფენა ებრაელთა სახლების აივნებზე. იმავე წლის 14 ნოემბერს კი გერმანიის ებრაულ მოსახლეობას ჩამოერთვა მოქალაქეობის უფლება, აეკრძალა პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხმის მიცემის და საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. ამას მოჰყვა გერმანიიდან ებრაული მოსახლეობის მასობრივი გადინება. სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ 1938 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის ინიციატივით, საფრანგეთში გაიმართა ლტოლვილთა საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სავალალოდ დამთავრდა: კონფერენციაში მონაწილე 32 ქვეყნიდან, დომინიკელთა რესპუბლიკის გამოკლებით, ყველა სახელმწიფომ უარი განაცხადა ებრაელი დევნილების მიღებაზე. მეტიც, დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდა მის დაქვემდებარებაში მყოფი პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელი მიგრანტების მიღება. 1938 წლის 9 ნოემბრის ღამეს მთელ გერმანიაში ნაცისტების გასამხედროებული ძალებისა და მოქალაქეების მიერ მოხდა ებრაული მაღაზიების, საწარმოების და სინაგოგების დარბევა. იმის გამო, რომ მომდევნო დილით ჩალეწილი იყო უამრავი ვიტრინა, ეს ღამე ისტორიაში „ბროლის ღამის“ სახელით შევიდა. მთავრობას ამ აქციისთვის ხელი არ შეუშლია. მეტიც, ბრძანება უშუალოდ ჰიტლერმა გასცა. დარბევის შედეგად დაიღუპა 91 ებრაელი, ასობით ადამიანი დაშავდა, 3 ათასზე მეტი ადამიანი კი საქსენჰაუსენის, დახაუს და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებში გამოამწყვდიეს. გარდა ამისა, დაწვეს და დაანგრიეს 267 სინაგოგა, 7,5 ათასზე მეტი სავაჭრო და კომერციული დაწესებულება, ებრაელთა ასობით სახლი. 1933-1939 წლებში გერმანიიდან და ავსტრიიდან მეზობელ სახელმწიფოებში 330 ათასი ებრაელი გაიქცა, მათ შორის 110 ათასმა გერმანიის მეზობელ სახელმწოფოებს შეაფარა თავი. ეს უკანასკნელნი ნაცისტების და მათი მოკავშირეების მიერ უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს იდევნებოდნენ.

 

II. 1939 წლის სექტემბრიდან 1941 წლის ივნისამდე: 1939 წლის სექტემბერში გერმანიამ დასავლეთ პოლონეთი მიიერთა და სსრკ-ზე თავდასასხმელად მოემზადა. ჯერ კიდევ 1939 წლის დასაწყისში დაავალა ჰიტლერმა რაიხსთაგის პრეზიდენტს, ჰერმან გიორინგს გერმანიიდან ებრაელთა გასახლების გეგმის მომზადება. გერმანიისთვის დასავლეთ პოლონეთის მიერთებამ და მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ კიდევ უფრო გაართულა ებრაელთა ლეგალური ემიგრაციის პროცესი. 1940-41 წლებში გერმანელებმა რამდენიმე გეგმა მოამზადეს, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ განახორციელეს. მაგალითად, კრემლს შესთავაზეს გერმანიაში მცხოვრები ებრაელების დასახლება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე; სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის ნაპირებთან მდებარე მადაგასკარის კუნძულზე მათი გადასახლება; ებრაული რეზერვაციის შექმნა პოლონეთის ტერიტორიაზე. 1940 წლის 20 მაისს კი მათ დაიწყეს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა.

 

III. 1941 წლის ივნისიდან 1943 წლის შემოდგომამდე: მას მერე, რაც გერმანიამ პოლონეთი შეიერთა, 1941 წლის 22 ივნისს კი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, ნაცისტების ხელში აღმოჩნდა ებრაელებით კომპაქტურად დასახლებული ტერიტორიები – პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა და ბელორუსია. დაპყრობილი ტერიტორიების მსხვილ ქალაქებში ნაცისტებმა დაიწყეს ებრაული გეტოების ანუ ისეთი დასახლებული ზონების შექმნა, სადაც იძულების წესით თავს უყრიდნენ ებრაელებს, არაებრაელი მოსახლეობისგან მათი იზოლაციის მიზნით. პირველი გეტოები ჯერ კიდევ 1939 წელს შეიქმნა პოლონეთის ქალაქებში. მთლიანად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 800-დან 1000-მდე ასეთი გეტო იყო შექმნილი და მათში 1 მილიონზე მეტი ებრაელი იყო იზოლირებული. პოლონეთის ტერიტორიაზე თავმოყრილი იყო ყველაზე დიდი გეტოები, მათ შორის – ვარშავის (450 ათასი იზოლირებული ადამიანი) და ლოძის (204 ათასი იზოლირებული ადამიანი) გეტოები. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უმსხვილესი იყო ლვოვის გეტო, რომელიც თავს უყრიდა 100 ათას ადამიანს და – მინსკის გეტო, რომელიც თავს უყრიდა 80 ათას ადამიანს. მსხვილი გეტოები არსებობდა ჩეხეთსა და უნგრეთში. ყველგან, სადაც ნაცისტებს ხელი მიუწვდებოდათ, ებრაელებს აძევებდნენ ეკონომიკური ცხოვრებიდან, ართმევდნენ ქონებას და ცდილობდნენ მათ ჩაყენებას ისეთ პირობებში, რომ მათი არსებობის შენარჩუნების ერთადერთ წყაროდ მონური ფიზიკური შრომა ქცეულიყო. გეტოებში ებრაელების იზოლაცია წარმოადგენდა „ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტის“ პოლიტიკის ნაწილს. მაგრამ რას ნიშნავდა „ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“? საერთაშორისო ისტორიოგრაფიაში დიდი ხანია დადასტურებულია, რომ ეს გულისხმობდა ევროპის ებრაული მოსახლეობის მასობრივ განადგურებას. საყურადღებოა, რომ ჰიტლერის ლექსიკონში აღნიშნული ფორმულირება ჯერ კიდევ 1919 წელს გაჩნდა, რასაც მისი ერთი პირადი წერილი ადასტურებს. მაშინ ჰიტლერი ამ სიტყვათშეთანხმებაში გულისხმობდა ებრაელების, როგორც „რასობრივად არასრულფასოვანი“ (მისი სიტყვებია) ხალხის შეზღუდვას კანონით. დღესდღეობით ჰოლოკოსტის მკვლევრები ბევრს კამათობენ იმაზე, „ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“ ანუ მათი მასობრივი განადგურება თანდათანობით და ლოგიკურად მომწიფდა თუ ის თავიდანვე ჰქონდა ჰიტლერს ჩაფიქრებული. საქმე ისაა, რომ უკვე 1939 წლის 30 იანვარს ჰიტლერი რაიხსთაგში იმუქრებოდა: „თუ ებრაელები ევროპას ომში ჩაითრევენ, ომის შედეგი იქნება არა მსოფლიოს ბოლშევიზაცია და, შესაბამისად, ებრაელობის ტრიუმფი, არამედ – ევროპაში ებრაული რასის განადგურება“. ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ 1942 წლის გაზაფხულზე ნაცისტებმა დაიწყეს დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ებრაელთა მასობრივი დეპორტაცია სიკვდილის ბანაკებში. ამას წინ უძღოდა 1942 წლის 20 იანვარს ბერლინში ნაცისტების მიერ მოწვეულ კონფერენციაზე „ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტის“ მოწონება და პრაქტიკულად მისი განხორციელების გადაწყვეტილების მიღება ანუ ევროპის ებრაული მოსახლეობის გენოციდის პროგრამის ამოქმედება. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებული იყო და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ ევროპელმა ებრაელებმა. გერმანიაში, საფრანგეთში და ბელგიაში მცხოვრებ ებრაელებს თავს უყრიდნენ და გზავნიდნენ პოლონეთის და ბელორუსიის საკონცენტრაციო ბანაკებში, რომლებიც საერთოდ არ იყო საარსებო პირობებით უზრუნველყოფილი. სწორედ ამ ბანაკებში უსწორდებოდნენ ებრაელებს მხუთავი გაზით, რისთვისაც გამოიყენებოდა სპეციალური საკნები, რომლებსაც ისტორიკოსები გაზის საკნებს უწოდებენ. ასევე გამოიყენებოდა ამ მიზნით შექმნილი მანქანის ძარები. 1941 წლის დეკემბერში ამოქმედდა პირველი ასეთი სიკვდილის ბანაკი ჰელმნოში. 1942 წლის ივლისში დაიწყო ვარშავის გეტოდან ტრებლინკის სიკვდილის ბანაკში ებრაელების მასობრივი დეპორტაცია. 1942 წლის 13 სექტემბრამდე სიკვდილის ბანაკებში დეპორტირებული იქნა და დაიღუპა 300 ათასი ვარშაველი ებრაელი. ლოძის გეტოდან ჰელმნოს და სხვა სიკვდილის ბანაკებში ებრაელთა გადაყვანა 1942 წლის იანვრიდან მაისამდე გრძელდებოდა. ლიუბლინის ებრაელთა გეტოს მოსახლეობა ბელჟეცის სიკვდილის ბანაკში გადაჰყავდათ. მხოლოდ 1942 წლის 17 მარტიდან 14 აპრილამდე ბელჟეცის საკონცენტრაციო ბანაკში სასიკვდილოდ გაგზავნეს 37 ათასი ებრაელი. იმავე წლის ივნისსა და ოქტომბერში ბელჟეცში გაგზავნეს კრაკოვის გეტოში კონცენტრირებული ებრაელებიც. 1943 წლის მარტში კი კრაკოვში დარჩენილი 6 ათასი ებრაელი გადაიყვანეს პლაშუვის სამუშაო ბანაკში, ხოლო 3 ათასი ადამიანი – აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში. მხოლოდ რადომის რაიონიდან სიკვდილის ბანაკებში 300 ათასი ებრაელი გადაიყვანეს და ამ აქციის შედაგად, 1942 წლის ბოლოს რადომის რაიონში 30 ათასი ებრაელი იყო დარჩენილი. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონცენტრირებულ ებრაელებს, ბოშებს, „რასობრივად არასრულფასოვან“ ადამიანებს, „ასოციალურ ელემენტებს“, პოლიტიკურ ინტელიგენციას, კომუნისტებს და პარტიზანებს, მათ მესამე რაიხის საგანგებო დანიშნულების დამსჯელი ბრიგადები უშუალოდ ადგილებზე ანადგურებდნენ. ამ ჯგუფებთან თანამშრომლობდნენ უკრაინელი და ბალტიისპირელი კოლაბორაციონისტები, ანუ, მტრის ძალებთან შეგნებულად, თავისი ნებით დაკავშირებული და საკუთარი ქვეყნის საზიანოდ მოქმედი ადამიანები. ოკუპირებული ოდესის მხარეში შეპყრობილ ებრაელებს და ბოშებს რუმინეთის ჯარები ანადგურებდნენ. მხოლოდ 1941 წლის შემოდგომიდან 1942 წლის ზამთრის ჩათვლით რუმინეთის სამხედრო ჯარებმა ოდესასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დახვრიტეს ან ცოცხლად დაწვეს 130 ათასზე მეტი უკრაინელი ებრაელი. ბალტიისპირეთის მთელ ტერიტორიაზე, ასევე უკრაინასა და ბელორუსიაში, თითქმის ყველა დიდი ქალაქის და მრავალი სოფლის განაპირას არსებობდა ე. წ. ორმოები – ბუნებრივი თხრილები, სადაც ნაცისტები ხვრეტდნენ უამრავ ადამიანს, მათი ასაკის და სქესის განურჩევლად. 1941 წლის ბოლოს გერმანელებს და ლიტველებს დახვრეტილი ჰყავდათ ათასობით კაუნასელი ებრაელი. ვილნიუსში მცხოვრები 60 ათასი ებრაელიდან 45 ათასი ებრაელი შეეწირა მასობრივ დახვრეტებს. 1942 წლის დასაწყისისთვის მხოლოდ რამდენიმე ებრაული თემი იყო შემორჩენილი კაუნასში, ვილნიუსში და კიდევ ერთი-ორ ქალაქში. ლატვიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში პატარა ქალაქებში მცხოვრები მთელი ებრაული მოსახლეობა გაანადგურეს. რიგაში მცხოვრები 33 ათასი ებრაელიდან 1941 წლის ბოლოს მხოლოდ 6 ათასი ებრაელი იყო დაღუპვას გადარჩენილი. ესტონეთის არამრავალრიცხოვანი, 4,5 ათასიანი ებრაული მოსახლეობის დიდი ნაწილი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. დაახლოებით 500 ებრაელი, 10 ათას ესტონელთან ერთად, სტალინმა ციმბირში გადაასახლა, კიდევ 500-მდე ებრაელი მამაკაცი გაწვეული იქნა წითელ არმიაში, 2,5 ათასმა ადამიანმა კი მოახერხა ქვეყნის სიღრმეში ევაკუაცია. მხოლოდ 950-მა ადამიანმა თქვა უარი ევაკუაციაზე. ესენი იყვნენ ის ებრაელები, რომლებსაც საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურების სისასტიკე ახსოვდათ და გულუბრყვილოდ სჯეროდათ გერმანელთა საოკუპაციო ჯარების ჰუმანიზმის. ისინი გერმანელებმა ესტონეთის აღებისთანავე დახვრიტეს. ასეთივე ბედი ეწიათ ბელორუსიაში მცხოვრებ ებრაელებს. რამდენიმე ათასი ადამიანი გერმანელებმა 1941 წლის ივნისში დახვრიტეს, 80 ათას მინსკელ ებრაელს კი თავი მოუყარეს 27 ივლისს შექმნილ გეტოში. 50 ათასი მათგანი იმავე წელს დახვრიტეს. სწორედ ამის გამო გააუქმეს გერმანელებმა ბელორუსიის და რუსეთის ოკუპირებული ნაწილების ტერიტორიაზე არსებული 23 გეტოდან თორმეტი, მერე კი – 1942 წლის პირველ თვეებში – კიდევ ექვსი გეტო, ებრაელთა განადგურების მერე მათი საჭიროება აღარ არსებობდა. დასავლეთ უკრაინაში მარტო 1941 წელს ნაცისტებმა და უკრაინის ადგილობრივმა მოსახლეობამ 9 ათასი ებრაელი ადამიანი დახვრიტეს. უკრაინაში ომამდე არსებული 70 ებრაული ცენტრიდან 43 უკვალოდ გაქრა ჯერ კიდევ 1941 წელს, ხოლო დანარჩენი – 1942 წელს. ყირიმში, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, გერმანელებმა 23 ათასი ყირიმელი ებრაელი დახვრიტეს. რუსეთის ტერიტორიაზე ყველგან, სადაც გერმანიის საოკუპაციო ჯარები შედიოდნენ, დაუყოვნებლივ ქმნიდნენ ებრაულ გეტოებს, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის განმავლობაში არსებობდა, ანუ მანამ, სანამ ებრაელების დახვრეტას არ დაასრულებდნენ. ამ გეგმის განხორციელება გერმანელებმა მხოლოდ კალუგის და კალინინის ოლქებში ვერ შეძლეს, რადგან 1941 წლის 30 სექტემბრიდან 1942 წლის 20 აპრილამდე მოსკოვის დასაცავად წარმოებული თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად საბჭოთა ჯარებმა შეძლეს გერმანელი დამპყრობლების მოგერიება და ომის მსვლელობაში გადამწყვეტი გარდატეხის შეტანა. უმძიმესი შედეგით დამთავრდა გერმანელების მიერ დონის როსტოვის და მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაცია. ისტორიკოსების გამოანგარიშებით, მხოლოდ დონის როსტოვში გერმანელებმა 15 ათასიდან 30 ათასამდე ებრაელი დახვრიტეს. 1942 წლის გაზაფხულიდან შემოდგომამდე რუსეთის სამ ავტონომიურ რესპუბლიკაში, ორ მხარეში და სამ ოლქში ნაცისტებმა 70 ათასი ებრაელი დახვრიტეს. 1942 წლის მარტში ლვოვიდან ბელჟეცის საკონცენტრაციო ბანაკში მოსაკლავად 15 ათასი ებრაელი გაგზავნეს, იმავე წლის აგვისტოში – კიდევ 50 ათასი ადამიანი.

 

IV. 1943 წლის ზამთრიდან 1945 წლის მაისამდე: სტალინგრადის ბრძოლის მერე, რომელიც 1943 წლის 2 თებერვლამდე მიმდინარეობდა, ომის ბედი უკვე, პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ, რასაც გერმანელები კარგად ხვდებოდნენ. ამის მერე მათ დაჩქარებული ტემპებით დაიწყეს ებრაელების განადგურება და უკანასკნელი გეტოებისა და მუშათა ბანაკების ანუ, საერთო ჯამში, თავიანთი დანაშაულის კვალის წაშლა. შეიქმნა სპეციალური ბრიგადა (საგანგებო დანიშნულების ბრიგადა-1005), რომელსაც დაევალა მასობრივი დახვრეტის ადგილებში გვამების დაწვა და დახვრეტილთა კვალის მოსპობა. ბრიგადებმა ძალები არ დაზოგეს, რომ პოლონეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ლატვიის და ლიტვის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არსებული უკანასკნელი გეტოების კვალი წაეშალათ და სიკვდილის საკონცენტრაციო ბანაკების ლიკვიდაცია მოეხდინათ. 1942 წელს ვილნიუსის გეტოში ებრაელთა გაერთიანებული პარტიზანული ორგანიზაცია შეიქმნა და აჯანყებაც მომზადდა, მაგრამ ნაცისტებმა იგი ჩაახშეს და 1943 წლის 23 სექტემბერს ამ გეტოდან უკანასკნელი რამდენიმე ათასი ებრაელი გაიგზავნა ესტონეთის ბანაკებში. 1944 წლის ოქტომბრამდე გრძელდებოდა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში იტალიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ბელგიის, სლოვაკიისა და საბარძნეთის ებრაული მოსახლეობის გაგზავნა. უნგრელი ებრაელების განადგურება ნაცისტებმა მას მერე დაიწყეს, როცა ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორიები საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს.

 

რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების „საკითხის გადაწყვეტას“, ამისთვის ნაცისტებმა შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობდა ფსიქიკური პრობლემების მქონე, გონებრივად ჩამორჩენილი და გენეტიკური დაავადებების მქონე პირთა სტერილიზაციას, მერე კი – მათ ფიზიკურ განადგურებას. მალე გასანადგურებელთა კატეგორიაში აღმოჩნდნენ შრომის უუნარო პირები და ის პირები, ვინც 5 წელზე მეტხანს ავადმყოფობდნენ. ამ პროგრამის განხორციელება გერმანელებმა დაიწყეს 1939 წელს და გაზის საკნებიც ამ პროგრამის განსახორციელებლად იყო მოფიქრებული. პირველი ასეთი საკნები ნაცისტებმა 1939 წლის ბოლოს ჰადამარში გამოსცადეს. 1941 წლის სექტემბრამდე მათ უკვე განადგურებული ჰყავდათ 70 ათასზე მეტი ადამიანი. ამ პროგრამას ისინი ჯერ გერმანიის, მერე კი პოლონეთის და სხვა ოკუპირებული ქვეყნების ტერიტორიებზე ახორციელებდნენ.

 

ნაცისტებმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მკაცრი საპოლიციო კონტროლი დაუწესეს სექსუალურ უმცირესობებს. მეცნიერთა გამოანგარიშებით, სულ 1933-1944 წლებში ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით გასამართლდა 60 ათასამდე ადამიანი, ხოლო სიკვდილის ბანაკებში დაიღუპა 9 ათასზე მეტი ჰომოსექსუალი.

 

ნაცისტები სლავური წარმოშობის მოსახლეობას – პოლონელებს, უკრაინელებს, ბელორუსებს, რუსებს და საბჭოთა ტყვეებს – განიხილავდნენ, როგორც დაბალი რასის წარმომადგენლებს, ამიტომ მათი ჩანაფიქრი იყო სლავების ჯერ დამონება, მერე კი განადგურება. სავარაუდოდ, ნაცისტების რასობრივ პოლიტიკას 10 მილიონზე მეტი სლავური წარმოშობის ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 2,4 მილიონი პოლონელის, 3 მილიონი უკრაინელის, 1,4 მილიონი ბელორუსის და 1,6 მილიონი რუსის.

 

ჰიტლერის წიგნი „ჩემი ბრძოლა“ შეიცავს საიდუმლო ორგანიზაციების, მათ შორის პირველ რიგში ფრანკომასონების დაუნდობელ კრიტიკას და მათი განადგურების მოწოდებას. ჰიტლერს მიაჩნდა, რომ მასონები კარგი იარაღი აღმოჩნდნენ მსოფლიო ბატონობისთვის მებრძოლი ებრაელების ხელში და რომ ებრაელებმა, მასონების მოსყიდვით, მოახერხეს ევროპის ქვეყნების მთავრობების მოსყიდვაც, თაღლითური პოლიტიკური სქემების განხორციელებაც და ფინანსურ ქსელში ევროპის გახვევაც. შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსულმა ნაცისტებმა დაიწყეს მასონებზე ნადირობა და საკონცენტრაციო ბანაკებში მათი ამოხოცვა. ჰოლოკოსტის ამერიკული მემორიალური მუზეუმის მონაცემებით, ნაცისტების მიერ დაპატიმრებული მასონების უმრავლესობა ან ებრაელი იყო, ან – პოლიტიკური ოპოზიციის წევრი, ამიტომ უცნობია, რამდენი ადამიანი დაიღუპა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მასონი იყო. შოტლანდიის დიდი ლოჟის გამოანგარიშებით, ნაცისტებმა 80 ათასიდან 200 ათასამდე ფრანკომასონი გამოასალმეს სიცოცხლეს. ასეთივე ბედი ხვდათ წილად იეჰოვას მოწმეებს. გერმანელებმა 2 ათასზე მეტი იეჰოვას მოწმე აწამეს და დახოცეს საკონცენტრაციო ბანაკებში.

 

ჰოლოკოსტმა შეიწირა 150 ათასიდან 200 ათასამდე ბოშა ადამიანის სიცოცხლე. ნაცისტებმა სტერილიზაციის ოპერაციას დაუქვემდებარეს 400-დან 3000-მდე შავკანიანი, მათ შორის – ბავშვები.

 

მიუხედავად ნაცისტთა სისასტიკის უტყუარი ფაქტებისა და პირუთვნელი, მეცნიერულად დადასტურებული დოკუმენტაციებისა, XX საუკუნის 50-იანი წლებიდან გამოჩნდნენ ავტორები, რომლებიც უარყოფდნენ ჰოლოკოსტს, როგორც მოვლენას იმ სახით, როგორც ის აღიწერება საყოველთაოდ აღიარებულ ისტორიოგრაფიაში. ეს ავტორები (ძირითადად ნეონაცისტები და რევიზიონისტები), რომელთა წიგნები შეთქმულების თეორიის პარანოიდული სულისკვეთებით არის გაჟღენთილი, ამტკიცებდენ და ამტკიცებენ, თითქოს საქმე ეხებოდეს ებრაელების სასარგებლოდ დოკუმენტების მასობრივ გაყალბებას და ფაქტების დამალვას.

 

ჰოლოკოსტის კრიტიკა სამ ძირითად თეზისამდე დაიყვანება: 1. ებრაელების დაღუპვა არ ყოფილა ნაცისტების მიზანმიმართული პოლიტიკა; 2. არ არსებულა არავითარი სიკვდილის ბანაკები და გაზის საკნები; 3. ნაცისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე დაღუპული ებრაული მოსახლეობის რაოდენობა 6 მილიონი არ ყოფილა.

 

პროფესიონალი ისტორიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა ჰოლოკოსტის კრიტიკას უსაფუძვლოდ და არამეცნიერულად მიიჩნევს. გარდა ამისა, მეცნიერებს თავიდანვე მიაჩნდათ, რომ ჰოლოკოსტის კრიტიკა ხელს აძლევდა ანტისემიტებს და ნეონაცისტებს, ამიტომ მსოფლიოს მოუწოდებდნენ ჰოლოკოსტის კრიტიკაზე სათანადო რეაგირებისკენ. სწორედ ამიტომ, 2005 წლის 21 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის გარეშე, უპირობოდ დაამტკიცა #60/7 რეზოლუცია, რომელიც არ აღიარებს ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის ნებისმიერ სრულ ან ნაწილობრივ უარყოფას. 2007 წლის 26 იანვარს კი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღემდე ერთი დღით ადრე, მიიღო რეზოლუცია #61/255, რომელიც გმობს ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული ფაქტის უარყოფას. ბევრ ქვეყანაში კი ჰოლოკოსტის უარყოფა კანონით ისჯება.

 

ჰოლოკოსტის თემას არაერთმა სახელგანთქმულმა მხატვარმა, მუსიკოსმა, მწერალმა თუ რეჟისორმა მიუძღვნა მხატვრული ნაწარმოები. წიგნებს შორის, ალბათ, ყველაზე ცნობილია ნაცისტების სისასტიკის უშუალო მსხვერპლის, პატარა ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის დღიურები, რომლებიც მსოფლიოს ყველა ენაზეა თარგმნილი და კაცობრიობის მიერ აღიქმება, როგორც ძალადობის და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი მანიფესტი.

 

ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებული და დღესდღეობით ყველაზე ცნობილი ფილმებია რომან პოლანსკის „მუსიკოსი“, სტივენ სპილბერგის „შინდლერის სია“, რობერტო ბენინის „ცხოვრება მშვენიერია“, მარკ ჰერმანის და როზი ელისონის „დაზოლილპიჟამოიანი ბიჭუნა“.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group