GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სადღეისო პრობლემებიდან: ისლამი და საქართველო

ნუგზარ პაპუაშვილი

 

ამ სტატიის მიზანია ბოლო პერიოდში ნიგვზიანსა და წინწყაროში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში ქართულ–მუსლიმური ურთიერთობების ისტორია გაანალიზოს.

 

ნიგვზიანელმა და წინწყაროელმა მუსლიმებმა თავ-თავიანთ სოფლებში საერთო ლოცვების ჩატარების მიზნით შეიძინეს სახლები, რათა შეიკრიბონ, ერთად ილოცონ, ყურანი წაიკითხონ და ქადაგება მოისმინონ. ასეთ სახლებს ეწოდება მეჩეთი ანუ ჯამე იმის მიუხედავად, თუ როგორი არიან ისინი არქიტექტურულად. საერთო ლოცვებისათვის თითქოს არავის და არაფერს არ უნდა შეეშალა ხელი და თითქოს მაგრამ, აი, ამა (2012) წლის ოქტომბერ-ნოემბერში ცივილიზებული მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილამდე მიაღწია ხმამ იმის თაობაზე, რომ ნიგვზიანელი და წინწყაროელი მართლმადიდებლები თანასოფლელ მუსლიმებს სალოცავად შეკრებისა და თანამორწმუნეების სტუმრად მიღების საშუალებას არ აძლევენ; ამბობენ, ჩვენი სოფლები ქრისტიანული სოფლებიაო და, თუ ჩვენი თანხმობა არ იქნება, ვერავინ აქ მეჩეთს ვერ ააშენებს, _ მეჩეთის ფუნქციას აქ, ჩვენს უბანში, ვერც ერთი სახლი ვერ შეასრულებსო. სოციალურ ქსელებში შემაშფოთებელი აუდიო და ვიდეო რგოლები დაიდო, რომლებშიც ჩანან სახეალეწილი, მუშტმოღერილი და ჯოხმომარჯვებული ადამიანები: ქალებიც და კაცებიც. ისინი თავიანთ თავს მამაპაპეული სარწმუნოების დამცველებად წარმოაჩენენ, ამ სარწმუნოებას მართლმადიდებლობას ეძახიან და გაიძახიან: ამ სარწმუნოების გულისათვის ,,სისხლს დავღვრით!”. აფორიაქების და აღელვების მიზეზად წინწყაროელი აქტივისტები და მათთან მისული პარლამენტის წევრები: სოსო ჯაჭვლიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ასახელებენ იმ ჯვრების გაუჩინარების ფაქტს, რომლებიც ქრისტიანთა და მუსლიმთა საერთო სასაფლაოს გალავანსა და კარობჭეზე დაუმაგრებიათ და რომლებიც ვიღაცას მალულად მოუხსნია თუ მოუგლეჯია.

 

ადგილობრივი მართლმადიდებელი აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ ჯვრები მუსლიმებმა მოგლიჯეს. ამიტომ, მათი სიტყვით, უნდა დაისაჯოს ყველა მუსლიმი, იმ სოფელში მცხოვრები, იმით, რომ აეკრძალოთ ერთად ლოცვა და თანამლოცველი სტუმრების თავიანთ სამლოცველო სახლში (მეჩეთში) შეშვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს ერთი მანდილოსანი, ჯობია, ჩემი ქმარიც და შვილიც ციხეში ჩაამწყვდიონო. მოკლედ, გაისმის ხმები, რომელთა დედააზრი ასეთია: ქრისტესა და მისი ეკლესიის გულისათვის, _ მართლმადიდებლობის გულისათვის, _ შური უნდა ვიძიოთ და, თუ საჭირო იქნება, კაციც უნდა მოვკლათ! მაშ ჩვენი სიწმინდის, ჯვრის, შეურაცხყოფა ვინმეს შევარჩინოთ?! და როგორია რეაქცია იმ პარლამენტარების, რომლებიც ვახსენე და რომლებიც, ჩანს, თავს ასევე მართლმადიდებლებად განიხილავენ? – ,,დაპირისპირება თუ არ შეწყდა, სისხლისღვრა გარდაუვალია”. სათანადოდ არ აღშფოთებულა ვინმეს მთავრობასა და პოლიტიკურ სპექტრში, წინწყაროელი ზურაბ ჭელიძის სიტყვებით: ,,შეხვედრა სისხლიანი იქნება!”.

 

კიდევ უფრო გაუგებარი და აუხსნელია მართლმადიდებელი იერარქების, დუმილი.  წესით კი მათგან ამგვარი შეგონება უნდა გვესმოდეს: შვილებო, წინწყაროელო მართლმადიდებლებო, თქვენი საქციელი და ის, რაც თქვენ მართლმადიდებლობა გგონიათ, მართლმადიდებლობა არ არის! თუკი თქვენ ჩაიდენთ იმას, ანდა თუნდაც იფიქრებთ იმას, რასაც იმუქრებით, იცოდეთ, რომ ამით თქვენ ქრისტეს ხელმეორედ აცვამთ ჯვარზე! თქვენ, რომლებსაც ასეთი აზრები გაქვთ და ასე იქცევით, უფრო მეტად შეურაცხყოფთ ღმერთსაც და ჯვარსაც, ვირდე ის ბარბაროსები, რომლებმაც ჯვარი მოგლიჯეს! გაიხსენეთ და გაითვალისწინეთ, რას ამბობს უფალი: ,,ჩემი არს შურისგება და მე მივაგო!” (მეორე რჯული 32:35; ებრ. 10:30). დასანანია, რომ ასეთ ხმას დღემდე (2012 წლის 12 დეკემბერი) არ გაუჟღერია.

 

ბოლო ინფორმაცია ასეთია: 7 დეკემბერს წინწყაროში ჩავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მართლმადიდებლების ეპარხოზი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, რომელიც ეკლესიის ისტორიის პროფესორიცაა. შედგა მოლაპარაკება სოფლის აქტივისტებთან და შეთანხმდნენ: წინწყაროელ მუსლიმებს ექნებათ საშუალება შეიკრიბონ სალოცავად ოღონდ თანამლოცველი სტუმრების გარეშე!

 

რაც შეეხება ჯვრის მოხსნისა თუ მოგლეჯის ფაქტს, აქ ორი პრობლემა ერთიანდება:

1.     რამდენად კანონზომიერია, რომ ჯვრით შევამკოთ ქრისტიანთა და მუსლიმთა საერთო სასაფლაო? ჯვარი მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანთა ეკლესიის სიწმინდე და თაყვანისცემის საგანია, მაგრამ სხვა სარწმუნოების ხალხისათვის, პავლე მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, არის ,,საცთური” და ,,სისულელე” (1 კორ. 1:23). ამის გამო არ არის მიზანშეწონილი და, პირველ რიგში, სწორედ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით გამართლებული, იგი საერთო სიმბოლოს ფუნქციით თუ ნიშნით აღიმართოს იმ სასაფლაოზე, სადაც ჯვრის თაყვანისმცემელთა და ჯვრის უარმყოფელთა გვამები გვერდიგვერდ განისვენებენ. ასეთი რამ მხოლოდ კონფესიურ ანუ სარწმუნოებრივ სასაფლაოებზეა დასაშვებიც და სასურველიც. ამდენად, თუკი ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის მართლმადიდებლებს თავიანთ სასაფლაოზე ჯვრის აღმართვა სურთ, მათ ეს სასაფლაო მართლმადიდებელთა სასაფლაოდ უნდა გამოაცხადონ, რაც ბუნებრივად და ლოგიკურად გადააწყვეტინებს ნებისმიერი სხვა სარწმუნოების ადგილობრივ მოქალაქეებს, რომ მათაც გაიჩინონ თავიანთი, ასევე კონფესიური, სასაფლაო და შეამკონ ის თავიანთი რელიგიის ატრიბუტიკით (მუსლიმების შემთხვევაში, ნახევარმთვარით). ამის უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს.

 

2.     მეორე საკითხია, აქვს თუ არა ვინმეს უფლება, ხელყოს ამა თუ იმ რელიგიის წმინდა საგანი ანუ თვითნებურად, ცხდად თუ მალვით, მოშალოს და მოარღვიოს ის. ცხადია, არა! ასეთი ქმედება განეკუთვნება დანაშაულის იმ კატეგორიას, რომლის სახელია ,,სიწმინდეთა ხელყოფა”, რაც სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური ნიშნით აღბეჭდილი ხულიგნობა. ამის მოქმედი ისჯება როგორც ხულიგანი. ამის გამო, წინწყაროს სასაფლაოს შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან, გამოიძიონ ეს საქმე და დასაჯონ დამნაშავეები. კეთილი. მაგრამ რა ვქნათ, თუ გამოძიება უძლური აღმოჩნდება? სისხლი დავღვაროთ? ვისი სისხლი? საკანონმდებლო ორგანოსა და სამღვდელოების წარმომადგენლები, იმედია, რომ აუხსნიან და გააგებინებენ შურისძიებით ანთებულ ადამიანებს, იქნებიან ისინი წინწყაროელები, ნიგვზიანელები თუ სხვანი, რას გვასწავლის ასეთ შემთხვევაში ერთი მხრივ სამოქალაქო კანონი და მეორე შემთხვევაში რჯულის კანონი.

 

მაგრამ საკითხი იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგვიდგება. ესაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილში ფესვგადგმული რწმენა, რომლის თანახმად საქართველოში მართლმადიდებლობა და ქართველობა ერთი და იგივეა. და თუ ეს ასეა, გამოდის, რომ ამ ქვეყნის ყველა არამართლმადიდებელი ქართველი არამც თუ აღარაა სრულყოფილი ქართველი, არამედ საქართველოსა და ქართველი ერის პოტენციური მტერი და შინაური ემიგრანტია.

 

აღნიშნული საკითხი და თემა შემდეგ კითხვამდე დაიყვანება: გვაქვს თუ არა საფუძველი ისლამი და ისლამური ტრადიცია ქართული კულტურის შემადგენელ ნაწილად მოვიაზროთ? აქ, ამ შემთხვევაში, ობიექტური პასუხის ძიების გზაზე, ახალი კითხვა და პრობლემა წამოიჭრება: ქართველი ერი და ის ქვეყანა, რომელიც ამ ერის სახელს ატარებს, არსით და შინაარსით მონოეთნიური და მონოკონფესიურია თუ მრავალეთნიური და მრავალკონფესიური? ანუ, მეტად რომ დავაკონკრეტოთ: არიან თუ არა ქართველი და საქართველოს არაქართველი მუსლიმები ამ ქვეყნისა და მისი ერის (მისი ხალხის და საზოგადოების) სრულუფლებიანი წევრები და არიან თუ არა ისინი ღირსი, ისარგებლონ იმავე და ისეთივე მოქალაქეობრივი უფლებითა და სინდისის ისეთივე თავისუფლებით, როგორითაც ქართველი მართლმადიდებლები სარგებლობენ?

 

კაცმა რომ თქვას, ეს არაა ახალი კითხვა. იგი საქართველოში საუკუნის წინ დაისვა და მას დიდმა მამულიშვილებმა, რომელთაგან ზოგი წმინდანადაა შერაცხილი: ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ივანე ჯავახიშვილმა და სხვებმაც, მათ შორის წმინდა ეპისკოპოსებსაც კი, დადებითი პასუხი გასცეს: დიახ და ჭეშმარიტად, ქართველი მუსლიმები ქართველი ერის და საქართველოს ისეთივე სისხლი სისხლთაგანნი და ძვალი ძვალთაგანნი არიან, როგორც ქრისტიანი ქართველები! მათ ერთი და იგივე უფლებები აქვთ!

 

ამ საკითხს თითქოს საბოლოოდ მოეფინა ნათელი და დავაც, ერთი შეხედვით, დასრულდა; განახლება მოსალოდნელი აღარ იყო მით უფრო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განახლებისა და დემოკრატიზაციის პროცესში. გავიხსენოთ და გავითვალისწინოთ, რომ მუსლიმი და ქრისტიანი ქართველების ერთი და იმავე სხეულის ორ ცოცხალ ფილტვად გააზრება იმ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოზიციაა, რომელსაც მე-19 საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო და რომლის წინამძღვრებმა _ ილიამ და აკაკიმ _ ერის კონსოლიდაციის საშვილიშვილო პროგრამა შეიმუშავეს. ეს მპროგრამა მიზნად ისახავდა არა მარტო სამშობლოს კოლონიური უღლისაგან გათავისუფლებას, არამედ მის გადაქცევას ისეთ ქვეყნად და სახელმწიფოდ, რომლის არსებითი ნიშანი, ილია მართლის თქმით, იქნებოდა ,,ძმობა, ერთობა, თავისუფლება და თანასწორობა”. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ამ იდეების მესაძირკვლეებს დემოკრატიისა და ,,კაცთა შორის სათნოებისაგან” განუყოფლად ჰქონდათ მოაზრებული.

 

თავისუფლება და დამოუკიდებლობა საქართველომ ჩვენს ეპოქაში, საბჭოთა კავშირის დაშლის თანავე მოიპოვა და ველოდებოდით, რომ ამ პირობებში დემოკრატიასა და კანონის საყოველთაობას ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის რეალიზაციას ხელს აღარაფერი შეუშლიდა; თანამედროვე ცივილიზაციის ეს ღირებულებები მოსახლეობის გულსა და გონებაში ადვილად დაინერგებოდა. დემოკრატიისა და სამართლებრივი ცნობიერების ხელისშემშლელად მაშინ, კომუნისტების დროს, კომუნისტური რეჟიმი და იდეოლოგია წარმოგვიდგებოდა, რადგან ისინი გაბატონებული მხარის სამსახურში იდგნენ და სამართალიც შერჩევითი ჰქონდათ. ასეთი ტოტალიტარიზმის ჟამს თანაბრად იჩაგრებოდნენ როგორც მართლმადიდებლები, ისე მუსლიმები. და, აჰა, კომუნიზმი და მისი მანქანა დაიშალა. ეს მოსაწონი იყო და მოგვწონდა კიდეც, მაგრამ რა დავინახეთ და რას ვხედავთ ახლა? პრობლემები პრობლემებად დარჩა. ყველაფერმა, რაც ტოტალიტარიზმის მარწუხებით დაგმანული და დაფარული იყო, დღეს თავი აიშვა და ერიც და ბერიც სავალალო ვითარების პირისპირ აღმოჩნდა. რა გვაქვს მხედველობაში და რა გვაიძულებს, რომ ამ თემაზე ხმა ამოვიღოთ? _ ის, რომ მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის განხორციელებას პოსტსაბჭოურ საქართველოში მართლმადიდებლური ნაციონალიზმი აბრკოლებს.

 

ყველაზე დიდ და მძიმე პრობლემად მაინც ის გარემოება მიგვაჩნია, რომ მართლმადიდებლობის დამჩემებელ მოქალექეებს ეს მოვლენა მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებისა და ცხოვრების ნორმა ჰგონიათ. არის თუ არა ეს ასე? ყოველთვის ასე იყო? რას გვასწავლი ჩვენი ქვეყნის ისტორია და რას გვასწავლიან ამ ქვეყნის ჩინებული შვილები? პასუხისათვის ორი გზა არსებობს: გამორკვევა იმისა, თუ რა ადგილი აქვს საქართველოს წარსულში ისლამს, და რა გვასწავლიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ისტორიის მესაძირკვლეები, მათ შორის წმინდანები, ქართველი მუსლიმების ქართველობისა და მათი სინდისის ხელშეუხებლობის შესახებ. ეს ვრცელი თემებია. შევეცდებით მოკლე პასუხებით შემოვიფარგლოთ.         

 

საქართველოში ისლამის გავრცელება არაბობის ხანიდან (VII-IX სს-იდან) დაიწყო. არაბები კი სომხეთსა და საქართველოში 644-645 წლებში გამოჩნდნენ. მათ თბილისის მოსახლეობას მისცეს "დაცვის სიგელი" ანუ შეუვალობის წიგნი, რითაც განისაზღვრა ურთიერთობა მუსლიმ არაბებსა და ქრისტიან თბილისელებს შორის. ვარაუდობენ, რომ მსგავსი ხელშეკრულობები ქართლის სხვა მხარეებთანაც გაფორმდა. ამ ხელშეკრულებათა პირობა ასეთი იყო: ან ისლამის აღიარება, ან ხარკი (ჯიზია), ნაცვლად კი მშვიდობა და ხელშეუხებლობის გარანტია. როგორც ქართული, ისე არაბული წყაროები მოწმობს, რომ იყო ომი და სისხლისღვრაც, მაგრამ ასეთი ამბების შემდეგ ქართველებსა და არაბებს შორის მშვიდობა ისადგურებდა და ქართველებსა და არაბებს დიალოგის, კერძოდ რელიგიურ-თეოლოგიური დიალოგის, შესაძლებლობა ჰქონდათ, რის გამოც ქართველების ნაწილი ნებაყოფლობით უერთდებოდა მუსლიმთა საზოგადოებას. ამასვე ადასტურებს VIII საუკუნის ქრისტიანი მწერალი იოანე საბანისძე. იგი ამბობს: მართალია, დამპყრობლების ძალმომრეობის გამო არა მარტო არაბი აბო ეწამა ქრისტეს რჯულისათვის, არამედ ქართველებიც ეწამნენო, მაგრამ არა ერთმა და ორმა ქართველმა ისლამი ნებაყოფლობითაც მიიღოო. ცხადია, ეს ასე იქნებოდა. არაბებმა, ისე როგორც სხვა დამპყრობლებმა, საქართველოში მარტო ცეცხლი და მახვილი კი არ შემოიტანეს, არამედ კულტურაც, ერთობ მდიდარი და მომხიბვლელი ისლამურ-არაბული კულტურა. გავიხსენოთ და გავითვალისწინოთ: რამდენი მუსლიმი ცხოვრობდა საქართველოში დავით აღმაშენებლის დროს. განა მათი ნახევარი მაინც ქართველი არ იქნებოდა? როდესაც ამ მეფემ არაბთა უკანასკნელი ბასტიონი საქართველოში, თბილისის საამირო, დაამარცხა და თბილისი გაათავისუფლა (1122), მუსლიმებს ეშინოდათ, ქრისტიანი მეფე ჩვენს სარწმუნოებრივ უფლებებს შელახავსო, ვაი თუ მან ჩვენზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე, შური იძიოსო. მაგრამ ეს ეჭვები არ გამართლდა. პირიქით. საბრძოლო ოპერაციების დასრულების თანავე მეფემ გამოსცა ბრძანება, რომელიც მუსლიმთა ყოველგვარი დისკრიმინაციის აღკვეთას ითვალისწინებდა. არაბი და თურქი ისტორიკოსები გვარწმუნებენ: გამარჯვებულმა მეფემ დედაქალაქის მუსლიმ მოქალაქეებს საგადასახადო სისტემაში გარკვეული პრივილეგიებიც კი მიანიჭა; მუსლიმთა უბანში ღორის დაკვლა აკრძალა; მუსლიმთათვის მოჭრილ მონეტებზე ალაჰის, მისი მოციქულისა და ხალიფას სახელების ამოკვეთა დაიწყო; ქართველებს, ებრაელებსა და სომხებს მუსლიმთა აბანოში შესვლა აუკრძალა. იგი ,,ყოველ პარასკევს შედიოდა მეჩეთში, მასთან ერთად იყო ხოლმე მისი შვილი დიმიტრი; ისმენდა ხუტბასა (ქადაგებას) და ყურანის კითხვას და აძლევდა ხატიბსა და მუეძინებს მრავალ ოქროს". XII ს-ის ერთი სირიელი ავტორი და XIII ს-ის არაბი ისტორიკოსი აღნიშნავენ, რომ მეფე დავითი ყურანს კარგად იცნობდა და კამათი ჰქონდა განჯის ყადისთან იმის თაობაზე, ,,ალლაჰის სიტყვა” ანუ, ამ შემთხვევაში (გოჩა ჯაფარიძის დაკვირვების თანახმად), იესო ქრისტე (ისა ბეიხანბერი) შექმნილია თუ მარადიულიო. ქრისტიანი მეფისა და მუსლიმი სწავლულის ეს საღვთისმეტყველო დიალოგი საერთაშორისო მასშტაბითაც საყურადღებო ფაქტია.  

 

VIII-XIII სს-ის არაბულენოვან მწერლობაში ბევრი ავტორი მოხსენიებულია როგორც ათ-თიფლისი, რაც თბილისელს ნიშნავს. ესენი არიან ღვთისმეტყველები, იურისტები, მწერლები, ექიმები და ა.შ. ეჭვი არაა, რომ მათგან არა ერთი და ორი ეთნიურადაც ქართველი იყო, რაც ბუნებრივია და, თანაც, ქართველი ერის ისტორიის სიმდიდრე. სამხრეთ საქართველოს (აჭარის, ტაო-კლარჯეთისა და სამცხე-ჯავახეთის) ინტენსიურ ისლამიზაციას ადგილი XVI-XVIII სს-ში, ოსმალობის ეპოქაში, ჰქონდა. მაშინდელ ქართველ მეფეებს შორის არა ერთი და ორი იყო გულწრფელი მუსლიმი. მართლმორწმუნეობით გამოირჩეოდნენ კონსტანტინე I, როსტომ ხანი, ვახტანგ V შაჰნავაზი, დავით იმამყულიხანი, კინსნტანტინე II მაჰმადყულიხანი და სხვ. მათგან როსტომი და ვახტავგ V დაკრძალული არიან ირანის უდიდეს რელიგიურ ცენტრში, ყუმში, დიდ შიიტ წმინდანთა გვერდით.  ქართველი მუსლიმების რიცხვს ის კახელებიც შეემატნენ, რომლებიც შაჰ-აბასმა ირანში გადაასახლა და მათი შთამომავალნი დღესაც იქ ცხოვრობენ (ფერეიდნელი ქართველები), ასევე _ ინგილოები, რომლებიც ორ რაიონში მოსახლეობენ: ზაქათალასა და ბელაქანში (აზერბაიჯანი). ასე რომ, ქართველი მუსლიმების რიცხვი საკმაოდ მასშტაბურია.

 

გავითვალისწინოთ ისიც, რომ არსებობს ქართულ-ისლამური წერილობითი კულტურაც, რომლის საუკეთესო წარმომადგენლებად უნდა დავასახელოთ XVII ს-ის ისტორიკოსი და ლექსიკოგრაფი ფარსადან გორგიჯანიძე და პოეტი იასე. ასევე: ცნობილია ქართული წარმოშობის ათობით სპარსელი პოეტის სახელი (მავჯი, მირზა მოჰამედ თაჰერ ნასრაბატი, ქაიხოსრო-ხანი, ზეინალ-ბეგი,ზურაბ-ბეგი, ქუჩუკ-ბეგი, მირზა ახმად გორჯი, იუსუფ გორჯი და ბევრი სხვა), რომელთა არაერთი სტრიქონი მსოფლიო პოეზიის შედევრთა შორის დგას. საყურადღებოა აგრეთვე ,,ისლამური არქიტექტურა" საქართველოში. 1785 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე ხუთი მეჩეთია დატანილი. XIX ს-ში მათგან ერთი დარჩა. ბევრი მეჩეთი, ჯამე და მედრესე, რომელთაგან ზოგიერთი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა, საბჭოთა რეჟიმის დროს განადგურდა. მათ შორის გამორჩეული ადგილი ეჭირა ბათუმის აზიზიეს მეჩეთს და ომარის მეჩეთს (ცისფერ მეჩეთს) თბილისში, რომელიც 1951 წელს დაანგრიეს.

 

საგანგებო მსჯელობას მოითხოვს თემა ,,ისლამი და ქართული სახელმწიფო”, თუმცა აქ მოკლე მონახაზით დავკმაყოფილდებით. XIX ს-ში, როდესაც თურქეთის ხელში მყოფი ,,სამუსლიმანო საქართველო” (სამცხე-ჯავახეთი, აჭარა და ტაო-კლარჯეთი) საქართველოს შემოუერთდა, გამუსლიმებული ქართველები, შუასაუკუნეობრივი ეროვნულ-პოლიტიკური ხედვისა და მენტალიტეტის გავლენით, ქართველებად აღარ ითვლებოდნენ. ამ გაუგებრობისაგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გათავისუფლებული დღესაც არ არის, რაც ეროვნული ერთიანობის მიღწევას ხელს უშლის. ქართველი სახელმწიფო მოღვაწეები და ჰუმანისტები, _ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვანი თანამემამულეებს თითოეული მოქალაქის სინდისისა და სარწმუნოების პატივისცემისაკენ მოუწოდებდნენ; ითვალისწინებდნენ იმ ფაქტს, რომ რელიგიური პლურალიზმი ცივილიზებული მსოფლიოს სტანდარტია და ამ მოვლენაში სახიფათო არაფერია. ი.გოგებაშვილმა, მაგალითად, მუსლიმი ბავშვებისათვის დედაენის საგანგებო ვარიანტი ჩამოაყალიბა, ხოლო ი.ჭავჭავაძემ და ზ.ჭიჭინაძემ ქართველ მუსლიმებთან ეროვნულ-საგანმანათლებლო მუშაობის ისეთი პროგმამები და მეთოდები შეიმუშავეს, რაც სარწმუნოებრივ აქცენტებს გამორიცხავდა. იმდროინდელი პრესა ყოველდღიურად აქვეყნებდა მასალებს მუსლიმთა სულიერი და ყოფითი პრობლემების შესახებ. XIX-XX სს-ის მიჯნაზე მემედ და ჰაიდარ აბაშიძეებმა ,,ქართველ მუსლიმთა საქველმოქმედო საზოგადოება" და ,,სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი" ჩამოაყალიბეს. 1919-1921 წწ-ში გამოდიოდა გაზეთი ,,სამუსლიმანო საქართველო". ქართველი მუსლიმები (მათი მეტი ნაწილი) მიესალმნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1919 წელს ჩატარდა ქართველ მუსლიმთა ყრილობა, რომელმაც თანამორწმუნეებს ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემების მოგვარებაში ძალისხმევის გააქტიურებისაკენ მოუწოდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ქართველ მუსლიმთა პარტია (მ.აბაშიძის მეთაურობით), რომელსაც საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის ინტერესების გამოხატვა ევალებოდა. მ.აბაშიძემ ერთ-ერთ ოფიციალურ სხდომაზე განაცხადა: ,,ნურავინ იფიქრებს, რომ სარწმუნოება და ეროვნება ერთი და იგივეა! გახსოვდეთ, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი ბედნიერება საქართველოს ერთიანობაშია. გაუმარჯოს მთლიან საქართველოს!".

 

მივადექით წინამდებარე თემისათვის ყველაზე არსებითსა და მნიშვნელოვან საკითხს და კითხვას: მაშინ, როდესაც ,,სამუსლიმანო საქართველოს” საქართველოსთან შემოერთება დაიწყო (ამის ბოლო ფაზა კი 1878 წელი გახლდათ), რა პოზიციაზე იდგნენ ქართველი სასულიერო პირები თანამემამულე მუსლიმების, კერძოდ კი აჭარელი მუსლიმების, სინდისის თავისუფლების საკითხში? აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე ჩვენ მოგვეპოვება მდიდარ წყაროთმცოდნეობით ბაზაზე დაფუძნებული ნაშრომი ,,აჭარის შემოერთება და ქართველი სამღვდელოება”, რომლის ავტორია თბილისის მართლმადიდებლური აკადემიის პრეფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ელდარ ბუბულაშვილი (საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, V, თბ., 2001, გვ. 198-209).

 

ამ ნაშრომში წარმოდგენილია პირველხარისხოვანი ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ იმდროინდელი ქართველი სამღვდელოებისა და, კერძოდ, მღვდელმთავრების: ალექსანდრე ოქროპირიძისა და გაბრიელ ქიქოძის ხედვებს და პოზიციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აუცილებელია, რომ ადამიანებმა, თუკი ადამიანობაზე პრეტენზია გვაქვს, პატივი ვცეთ სხვა სარწმუნოების ადამიანთა გრძნობებს და სინდისს. ეს მღვდელმთავრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხილნი, რის გამოც მათ სიტყვას და აზრს დიდი ავტორიტეტი მოსავს და ეს სიტყვები და აზრები მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის ანდერძის ტოლფასია. ისინი მკაფიოდ გვეუბნებიან და გვავალებენ: არ შევუშალოთ ხელი აჭარელ თანამემამულეებს სარწმუნოების მიხედვით ლოცვასა და ცხოვრებაში არც ცხადად და არც შეფარვით; ვიქონიოთ მათი სარწმუნოებრივი გრძნობების მიმართ გულწრფელი პატივისცემა.

 

დამოწმებული გამოკვლევა ჩვენ რამდენიმე პირველხარისხოვან ფაქტს გვთავაზობს.

 

აჭარის შემოერთების შემდეგ თბილისს იქაური მაჰმადიანების დელეგაცია ეწვია. ეს დელეგაცია, სხვათა შორის, გორის ეპისკოპოსმა, ალექსანდრე ოქროპირიძემ, მიიღო და ამ სიტყვებით მიმართა მას: ,,ძმანო და შვილნი, ქართველო მაჰმადიანებო, თქვენ არ შედრკეთ... მასზედ, რომ ქართველი ეპისკოპოსი გეახლათ... ჩემი მიზანი იყო და არის თქვენი მშვიდობა, თქვენი კარგათ ყოფნა და დაწინაურება... ღმერთმა აკურთხოს თქვენი სამშობლო ქვეყანა, ღმერთმა გააძლიეროს თქვენი ოჯახი და თქვენი სარწმუნოება ისლამი. იყავით კარგად და დამერწმუნეთ, რომ ჩვენ, ქართველი ქრისტიანები, ყოველთვის ვიქნებით თქვენი სარწმუნოების მფარველნი და მადლობელნი. იქონიეთ იმედი, არც ერთი ჩვენთაგანი თქვენს სჯულს და ამას წესსა და ჩვეულებას არავინ შეეხება ავად... შინ მშვიდობით დაბრუნდით და თქვენს სჯულზედ იყავით ფრთხილად და ამსრულებელი ისევე, როგორც თქვენი ისლამის წესია და ვალდებულებანი”.

 

ამ სიტყვის გამომცემლის, პროფ. ელდარ ბუბულაშვილის კომენტარი ასეთია: ,,ალერსანდრე ეპისკოპოსი აღნიშნული სიტყვით გამოხატავდა იმდროინდელი ქართველი სამღვდელოების განწყობას”. დიახ, რა თქმა უნდა, ასეა! ამავე განწყობას გამოხატავდა აგრეთვე მეორე დიდი მღვდელმთავარი, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების უბადლო მცოდნე და მაღალი კვალიფიკაციის ფსიქოლოგი, გაბრიელ ეპისკოპოსი, როდესაც იმავე დელეგაციას მიმართავდა:

 

,,შვილებო და ძმანო ქართველო მაჰმადიანებო, მოგილოცავთ ძმათა ერთობას და სიყვარულს... ძმანო და შვილნო მუსულმანებო, თქვენ არ იფიქროთ, რომ თქვენს სჯულს ვინმე ჩვენთაგანი შეეხოს და ავად ახსენოს. არა, ეს არასდროს არ იქნება... აი, მე თვით მღვდელმთავარი არა ვარ ამის მოსურვე. ეს რომ მართალია, ამისთვის მე, აი, რას მოგახსენებთ. ერთი კვირის წინათ ჩემთან მოვიდა ერთი ქობულეთელი კაცი და მთხოვა, რომ მე მინდა თქვენი სჯული მივიღო და მოვინათლოო. მე მიზეზი ვკითხე ამისი. მან ასეთი ამბავი გადმომცა: ბათუმში ერთი გურული ქალი არის, მინდა ის ცოლად შევირთო, მაგრამ არ მომდევს, თათარი ხარ და არ გამოგყვებიო. მე მას ასეთი პასუხი გავეცი: კაცი, რომელიც ცოლის შერთვის გულისათვის სჯულს გამოიცვლის, ის შემდეგ იქნება მარად ჟამს უბედური, შესაბრალი და ნამეტურ მოძულებული ნაცნობთა, ნათესავთა და მეზობელთაგან. შენ რა გინდა, რომ ცოლის შერთვის გულისათვის მუდმივ უბედურ ცხოვრებაში ჩავარდე? წადი შენს ქვეყანაში და მოძებნე შენი სჯულის ქალი... ქობულეთელს ჩემი დარიგება მოეწონა, მადლობა მითხრა და თავის სახლში წავიდა. აქედან უნდა იცოდეთ, ძმანო და შვილები, ქართველო მაჰმადიანებო, რომ როცა მე, მღვდელმთავარიც კი, ასე მოვექეცი თქვენი სჯულის საქმეს, მაშ სხვა ქართველებისა რაღა ფიქრი უნდა გქონდეთ?”.

 

იმედია, დამეთანხმება მკითხველი, რომ სურათი ამ მაგალითებში იმდენად მკაფიო და გამჭვირვალეა, რომ სიტყვის გაგრძელება ზედმეტიც კი უნდა იყოს. ერთადერთი კითხვა, რომლის დასმასაც ახლა ვაპირებთ, არის შემდეგი: ის, რაც ბოლო ოცი თუ ოცდახუთი წლის განმავლობაში საქართველოში ხდება (ნიგვზიანისა და წინწყაროს ამბები ზოგადი ტენდენციის კერძო გამოვლენაა) და რისი მიზანიც ქართველი მუსლიმებისათვის სინდისის თავისუფლების შეზღუდვაა, წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის იმ ანდერძთან, რომელსაც წმინდა ეპისკოპოსების: ალექსანდრესა და გაბრიელის ზემოთ მოყვანილი სიტყვები  გულისხმობს?

 

იმ ჩვენი პოლიტიკოსებისათვის, რომლებიც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ანტიისლამური და ზოგადად არატოლერანტული გარემოს გაღვივებას უწყობენ ხელს, წარმოვადგენ საქართველოს დემოკრატიული მთავრობის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც 1920 წელს გაკეთდა:

 

`...ნურავინ იფიქრებს, რომ სარწმუნოება ხელს შეუშლის ქრისტიან და მაჰმადიან ქართველების ერთობას. რჯული რჯულია, მაგრამ სისხლი და ეროვნება კიდევ სხვაა. ჩვენ მაჰმადიან ძმებს რჯული აერთებს სხვა მაჰმადიანებთან, მაგრამ ენით, სისხლით, იერით ქრისტიან ქართველებთან არიან... ქრისტიანი ქართველები არ ვიცნობთ მაჰმადის სარწმუნოებას და ბევრს ჰგონია, რომ იგი საერთოდ განათლებისა და დაწინაურების წინაააღმდეგია. ეს მართალი არაა. არაბები და სპარსელები მაჰმადიანები არიან, მაგრამ ერთ დროს თავის განათლებით ევროპის ყველა ერზე მაღლა იდგნენ. თვითონ მოციქული მაჰმადი ქრისტიანების სახარებას დიდად აფასებდა და ამბობდა – სახარება ღვთისგან მოვლენილი წიგნიაო. ყურანში ბევრია ქადაგება სიყვარულისა და კეთილი საქმეების და ყოველი ქრისტიანი ქართველი ყოველთვის პატივს უნდა სცემდეს მაჰმადის რჯულს, რომლის აღმსარებელია მრავალი მილიონი სხვადასხვა ხალხი და რომელსაც მისდევს ჩვენი ღვიძლი ძმებიც. მაჰმადის რჯული ჩვენი ძმების რჯულია და მუდამ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვეპყრობოდეთ მას. პატივს უნდა ვსცემდეთ ყოველი ადამიანის რჯულს, მით უფრო ძმისას. უნდა გავიმეოროთ კიდევ ერთხელ: რჯული სხვადასხვა გვაქვს მაჰმადიან და ქრისტიან ქართველებს, მაგრამ ორივენი ერთი საქართველოს შვილები ვართ. ერთი ენა, ერთი სისხლი, ერთი ხასიათი გვაქვს. ჩვენი ძალა შეერთებაშია. ბედნიერებას მხოლოდ ერთობა და ძმობა მოგვიტანს. არავინ უნდა დაივიწყოს ეს. ამისათვის უნდა ვმუშაობდეთ ყველა”.

 

ამიტომ ისმის კითხვა მათ მიმართ, ვისაც ნაციონალიზმი ეკლესიაში მართლმადიდებელი სარწმუნოების ნორმა ჰგონიათ: ის ტენდენციები, რასაც ნებსით თუ უნებლიეთ ვაღვივებთ, წინააღმდეგობაში ხომ არ არის დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძისა და კიდევ იმ პოლიტიკოსების მსოფლმხედველობასა და პოზიციასთან, რომელმაც ზემოციტირებული სამთავრობო განცხადება დაწერა?

 

 

 

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group