GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის გამოსვლა რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით

2012 წლის 29 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში  სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი საიტის - www.religiebi.info-ს პრეზენტაციას დაესწრო. მან ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ახალ ცვლილებებს ეხებოდა. სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა რელიგიური უმცირესობების პრობლემები და საკანონმდებლო ცვლილებებს წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის სიტყვა 

სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით 

მივესალმები შეხვედრის  მონაწილეებს და მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს მოწვევისთვის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასევე იმისთვის, რომ ეს საკითხი გახდა თქვენი ინტერესისა და განხილვის საგანი.

რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაცია საყოველთაოდ დამკვიდრებული და, ერთი შეხედვით, მარტივი პროცედურაა. თუმცა, რეგისტრაციის საკითხი საქართველოში ხანგრძლივი და მწვავე დისკუსიის საგანი გახდა. გასულ წელს, ამასთან დაკავშირებით  განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თემის სენსიტიურობა.

საკითხს სირთულეს მატებდა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო დონეზე არ არის ჩამოყალიბებული რელიგიური გაერთიანენების რეგისტრაციისა და სტატუსისადმი ერთიანი მიდგომა. არსებობს მხოლოდ ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც 2004 წელს მოამზადა ეუთოს რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხების საკონსულტაციო ექსპერტთა საბჭომ ვენეციის კომისიის მონაწილეობით[1]. აღნიშნული დოკუმენტი  რეგისტრაციისთვის საჭირო ზოგად სტანდარტებს ადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2005 წლამდე რელიგიური უმცირესობების გაერთიანებებს ფაქტობრივად არ ქონდათ რეალური შესაძლებლობა გაევლოთ რეგისტრაცია. 2005 წელს სამოქალაქო კოდექსის  1506–ე მუხლში  შევიდა ცვლილება, რომლითაც რელიგიურ გაერთიანებებს მიეცათ ფონდის ან კავშირის სახით დარეგისტრირების უფლება. 

მოგვიანებით, რეგისტრაციის წესი მაქსიმალურად გამარტივდა და სამოქალაქო კოდექში „კავშირისა“ და „ფონდის“  ნაცვლად არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის შესახებ გაჩნდა ჩანაწერი.

თუმცა, რამდენიმე რელიგიური გაერთიანება: კათოლიკე, სომეხთა სამოციქულო, ლუთერული, ბაპტისტური ეკლესიები, იუდაური და მუსლიმთა თემები, სხვადასხვა მიზეზის გამო, უარს აცხადებდნენ კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით სარგებლობაზე. 

ამდენად, საკითხი წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩებოდა. პრობლემის მოგვარების აუცილებლობა მუდმივად ხაზგასმული იყო სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში.

აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ თუკი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს მხოლოდ რამდენიმე რელიგიურ გაერთიანება მიიღებდა, სხვებს კი ამა თუ იმ კრიტერიუმით დაუწესდებოდა ამ სტატუსით სარგებლობის ბარიერი, მაშინ ეს უმცირესობათა კონფესიებს შორის უთანასწორობის წარმოშობის წინაპირობა გახდებოდა.

მეორე მხრივ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრაცია სახელმწიფოს მხრიდან რელიგიურ გაერთიანებებზე კონტროლის დაწესების საფრთხესაც შეიცავდა,  რაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონითაა გათვალისწინებული.

აქვე უნდა აღინიშნოს,  რომ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოში ამ საკითხის შესახებ, განსაკუთრებით 2010–2011 წლებში, ექსპერტების მონაწილეობით, არაერთი დისკუსია გაიმართა. საბჭოს სხდომებზე ასევე მოწვეული იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომლებმაც უარი თქვეს ამ ფორმატით საკითხის განხილვაში მონაწილების მიღებაზე.

საბოლოოდ, რელიგიათა საბჭოს წევრმა რელიგიურმა გაერთიანებებმა შეიმუშავეს საერთო პოზიცია და ერთობლივი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსისადმი.

მიმართვაში ნათქვამი იყო რომ:

  • ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის  თანასწორ საფუძველზე შესაძლებელი უნდა ყოფილიყო რეგისტრაცია და მათთვის მისაღები სტატუსის მოპოვება;
  • ამას არ უნდა გამოეწვია რელიგიური გაერთიანებების იერარქიზაცია და განსხვავებები უფლებებისა და პრივილეგიების კუთხით;
  • რეგისტრაციის რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონოდა რელიგიური გაერთიანებების კონტროლის შესაძლებლობა.

2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს არჩევანის სშუალებას აძლევს – მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. ამავე დროს კანონის ეს ნორმა არ ზღუდავს რელიგიურ გაერთიანებას,  სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდეს კერძო სამართლის არაკომერციულ იურიდიულ პირად  ან  საერთოდ არ გაიაროს რეგისტრაცია და იარსებოს არარეგისტრირებული კავშირის სახით.

ცვლილების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად შეუძლია დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები, ან ისეთი მიმდინარეობები, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

აღნიშნული ორი კრიტერიუმი საქართველოში არსებული კონფესიების საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ რელიგიური გაერთიანება ვერ დააკმაყოფილებს ამ ორიდან რომელიმე ერთ პირობას, არსებითად, ეს უთანასწორო სამართლებრივ მგდომარეობაში არ ჩააყენებს მას, რადგან, როგორც აღვნიშნე, რელიგიურ გაერთიანებებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ ასევე კერძო სამართლის იურიდიულ პირებად.

უნდა ითქვას, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი და კერძო სამართლის იურიდიული პირის შესახებ არსებული რეგულაციების სივრცეში რჩება.

ყოველივე აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება ეხმაურება და ასახავს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებულ პოზიციებს. 

მოგახსენებთ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი უკვე შვიდმა რელიგიურმა გაერთიანებამ მოიპოვა. ხოლო რამდენიმე კონფესია, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამზადებს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

აქვე მიზენშეწონილად მიმაჩნია შეხვედრის მონაწილეებს შევახსენო, რომ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებას მწვავე და, არ მოვერიდები ამ შეფასებას, არაჯანსაღი რეაქციები მოყვა. ადგილი ჰქონდა ქსენოფობიის, კონკრეტულად კი არმენოფობიის გამოვლინებებს.

ყოველივე ამან დაგვანახა, რომ  რელიგიური უმრავლესობის, ოპოზიციური პოლიტიკურ სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და, ზოგადად, საზოგადოების ნაწილში ტოლერანტობისა და თანასწორობის პრინციპებზე მყარი კონსესუსი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

ამავდროულად ხაზგასასმელი და მისასალმებელილა ისიც, რომ შეუწყნარევლობის ესკალაციის შესაჩერებლად სინოდის მიერ მიღებულმა  გადაწყვეტილებამ უაღრესად პოზიტიური როლი შეასრულა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა, და განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნებსმიერი ადამიანისა და რელიგიური გაერთიანების კანონის წინაშე თანასწორობასა და რელიგიის თავისუფლებას.

საბოლოო ჯამში, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვანი წინსვლა იყო თანასწორუფლებიანობის მიღწევის გზაზე.

სახელმწიფოს მიერ გადგმულ ამ ნაბიჯს საერთაშორისო საზოგადოების პოზიტიური  შეფასებები მოჰყვა. საკანონმდებლობლო ცვლილებას სპეციალური განცხადებებით გამოეხმაურნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. ხოლო რომის პაპმა ეს პროცესი ზოგადად რელიგიის თავისუფლების სფეროში დამაიმედებელ ნიშნად მიიჩნია.

დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ რეგისტრაციის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების გარდა ბოლო პერიოდში რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა:

  • სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა 2010 წლის 30 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ სასულიერო პირებს, პატიმართა რელიგიური მოთხოვნილებების შესაბამისად, საშუალება მიეცათ, დაუბრკოლებლად შევიდნენ  თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში არსებული დისკრიმინაციული ნორმა, რომელიც რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე გამორიცხავდა ალტერნატიული, არასამხედრო შრომითი სამსახურის გავლის შესაძლებლობას.  

მოხარული ვარ, რომ ამ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, რომელთა რეკომენდაციებისა და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღწეულ იქნა ზემოხსენებული პროგრესი.

მაგრამ, ყოველივე ეს არ გვაძლევს უფლებას განვაცხადოთ, რომ რელიგიის თავისუფლების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს განვითარების თვალსაზრისით, გადაიჭრა რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული ყველა პრობლემა.

ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც როგორც სახელმწიფოს, ისე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ადექვატურ რეაგირებას მოითხოვს.

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group