GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს გასვლითი სხდომა და კონსულტაციები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან

2012 წლის 7-9 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს გასვლითი სხდომა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართა.

რელიგიათა საბჭოს გასვლითი სხდომის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან საჯარო განათლების, რელიგიური  გარეთიანებების რეგისტრაციის, საშემოსავლო-საგადასახადო ვალდებულებებისა და შეღავათების და სხვა იურიდიულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება, ასევე საჯარო განათლების, საგადასახადო კანონმდებლობის, საკულტო ნაგებობების, სასჯელარსრულების დაწესებულებების, მედიის საკითხებზე საბჭოს რეკომენდაციების ტექსტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება, საბჭოს მომავალი სამუშაო სტრატეგიის განსაზღვრა და ანალიტიკური ჯგუფის წევრების შერჩევა, რომელსაც საბჭოს მიერ დაევალება სხვადასხვა რეგიონში თემატური შეხვედრების გამართვა, რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებული სიტუაციის შესწავლა – გაანალიზება და რელიგიათა საბჭოსთვის შესაბამისი წინადადებების შეთავაზება.

7 მაისს საბჭოს წევრებს მიესალმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავჯდომარე, თამარ კინწურაშვილი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ საბჭოს წევრები მათთვის საინტერესო საკითხებზე სრულფასოვან  ინფორმაციას მიიღებენ უშუალოდ სახელმწიფო უწყებების წარმომედგებლებისგან. თამარ კინწურაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ, ამ კონსულტაციების შემდეგ შემუშავებული საბჭოს რეკომენდაციები მნიშვნელოვანი გზამკვლევი იქნება ხელისუფლებისათვის, რათა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიაზროს თავისი პოლიტიკა რელიგიის თავისუფელბის დაცვის კუთხით და დაინტერესდეს იმ საკითხებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა განხილული.

7 მაისს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭოს წევრებმა საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირდებით კონსულტაციები გაიარეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან.  კონსულტაციებისას ისაუბრეს  იმის შესახებ , თუ რა შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური ორგანიზაციების რელიგიურ საქმიანობად, რა ტიპის საქმიანობა თავისუფლდება დაბეგვრისაგან და რა ჩაითვლება ეკონომიკურ საქმიანობად, ასევე სად უნდა გასაჩივრდეს საბაჟოზე დარღვეული უფლებები, როგორ უნდა მიიღოს დაინტერესებულმა პირმა ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია სხვადასხვა საგადასახადო საკითხთან დაკავშირებით.

რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის თაობაზე საბჭოს წევრებმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის უფროსისგან, იაგო ხვიჩიასგან  მოისმინეს ინფორმაცია.

საჯარო სკოლებში რელიიგისა და აკადემიური განათლების  ურთიერთმიმართების შესახებ საბჭოს წევრებს ესაუბრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი, ანა ქებაძე.

შეხვედრების მეორე დღეს, 8 მაისს, რელიგიათა საბჭოს წევრები შეთანხმდნენ რეკომენდაციების საბოლოო ტექსტზე განათლების,  საგადასახადო კანონმდებლობის, საკულტო ნაგებობების, სასჯელარსრულების დაწესებულებების, მედიისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის სხვა საკითხებზე. საბჭოს წევრებს რეკომენდაციების შემუშავებაში დახმარებას უწევდა შესაბამისი მიმართულებების ექსპერტთა ჯგუფი.

შეხვედრების მესამე დღეს, 9 მაისს, რელიგიათა საბჭოს წევრებმა შეარჩიეს საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის კანდიდატურები , რომლებიც შეიმუშავებენ წინადადებებს საბჭოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისათვის.

კაჭრეთში გამართული შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს საქმინოაბას ასევე მხარს უჭერს  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group