GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის 2011 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში

2012 წლის 18-20 მაისს, ბათუმში საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭოსა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა.

სხდომის მიზანი იყო საბჭოს წევრებს სახვადასხვა სამთავრობო უწყებებისგან მოესმინათ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის 2011 წლის   სამოქმედო გეგმის ანგარიში და თავის მხრივ, სახელმწიფო უწყებებისათვის მიეწოდებინათ რეკომენდაციები განათლების, კულტურის, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და რეგიონალური ინტეგრაციის მიმართულებით და  ასევე მედიის საკითხებზე.

მთელის წლის მანძილზე საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრები, დარგის ექსპერტებთან ერთად, ახორციელებდნენ  შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ამზადებდნენ რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებებისადმი. გაფართოებულ შეხვედრაზე სწორედ ამ რეკომენდაციების ტექსტის შეჯერება და დახვეწა მოხდა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ, საქართველოს  პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭოს თამჯდომარე, თამარ კინწურაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის სახელით, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი, საქართველოს გაეროს ასოციაციის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება” ხელმძღვანელი რამაზ აფციაური, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის რეგიონალური დირექტორი, ევა ჩილინსკი და გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორი თამარ ხიდაშელი.

2011 წლის სამოქმედო გეგმის ზოგადი ანგარიში წარადგინა რეინტეგრაციის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ ტანგიაშვილმა.

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ანგარიში განათლების მიმართულების შესახებ წარმოადგინეს ლეილა მამედოვამ, საქართველოს აზერბაიჯანელთა  ახალგაზრდობის კავშირის წევრმა, ელენე კურტანიძემ, საქართველოს უკრაინელ  პედაგოგთა კავშირის წარმომადგენელმა და ჯგუფის ექსპერტმა განათლების საკითხებში, შალვა ტაბატაძემ. განათლების მიმართულების ჯგუფის რეკომენდაციები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კულტურული მრავალფეროვნების ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში, მასწავლებელთა გადამზადება, ბილინგვური სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სხვ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან განათლების სისტემაში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ირინე ქურდაძემ და სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა, ანა ქებაძემ.

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური   უმცირესობების  საბჭოს ანგარიში კულტურის მიმართულების შესახებ  წარმოადგინეს, საქართველოს ებრაელ  ქალთა საერთაშორისო ფონდ “ლეას” წევრმა, მარინა სოლომონიშვილმა, საქართველოს რუს ქალთა ასოციაცია  “იაროსლავნას”  წევრმა, ალა ბეჟენცევამ და კულტურის მიმართულების ექსპერტმა, ეკა ჭითანავამ.  სახელმწიფოს მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა პეტრე კანკავამ. მოხსენება თემაზე „კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და სახელმწიფო  პოლიტიკა“ წარადგინა კულტურისა და ძეგლთა დაცვის   სამინისტროს ხელოვნების და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირინე საგანელიძემ.

რეგიონალური ინტეგრაციის   მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რეგიონალური განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველმა, ალექსანდრე მოვსესიანმა.

სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციი საკითხებზე ეროვნული უმცირესობების საბჭოს ანგარიში და რეკომენდაციები წარადგინეს , ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა  და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა, აგიტ მირზოევმა, ჟურნალისტმა მარი მიქოიანმა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის წარმომადგენელმა, გიორგი სორდიამ.

მედიის მიმართულების რეკომენდაციებზე დისკუსიას უძღვებიდნენ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი ზაურ ხალილოვმა, საქართველოს რუსულენოვან ჟურნალისტთა ასოციაციის წევრმა, მიხეილ აიდინოვმა და მედია ექსპერტმა ქეთევან მსხილაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებზე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, ისაუბრა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობის საკითხებზე საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ზვიად დევდარიანმა შეხვედრის წევრებს გააცნო სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიერ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების ანგარიში.

შეხვედრის ბოლოს ეროვნული უმცირესობების საბჭოს მონიტორინგის ჯგუფებმა ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეაჯერეს შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებსაც ახლო მომავალში ოფიციალურად წარუდგენენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭო და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი.

ღონისძიება ჩატარდა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება” უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ESMI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group