GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტოლერანტობა საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები (2012). ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის მოხსენება

წინამდებარე მოხსენაბა მიმდინარე, 2012 წლის ტენდენციებს ასახავს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობის კულტურა, რა გამოწვევების წინაშე დგანან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, როგორია სახელმწიფო პოლიტიკა და საზოგადოებისა და მედიის დამოკიდებულება განსხვავებულ ჯგუფებისადმი.

 

2012 წელს, მართალია, შემცირდა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკური თავდასხმების რაოდენობა, მაგრამ გამრავალფეროვნდა და იმატა ქსენოფობური რიტორიკის გამოყენების შემთხვევებმა. თუკი 2011 წელს ქსენოფობიის გამოვლინება უმთავრესად არმენოფობიასთან იყო დაკავშირებული, 2012 წელს ქსენოფობიის მთვარი ვექტორი ისლამოფობია და თურქოფობია გახდა. ამ ტენდენციამ თავი იჩინა 2012 წლის დამდეგს ბათუმში აზიზის სახელობის ისტორიული მეჩეთის აღდგენის გარშემო დაწყებული დისკუსიებისას, გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქცია, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურები და პოლიტიკური ფიგურები. მეჩეთის აღდგენის გარშემო დაწყებულმა მღელვარებამ ანტითურქული და ანტიისლამური განწყობების ესკალაცია განაპირობა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ბათუმში გამართულ ოპოზიციურ მიტინგებზე გაკეთდა ანტითურქული განცხადებები, რაც აკუმულირდა ხატოვანი ნათქვამში „მომენატრა ბათუმის ბულვარი ჩორბასა და დონერის სუნის გარეშე“ ბათუმის ქუჩებში გაჩნდა წარწერები „ბათუმი თურქების გარეშე“, ხოლო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო კლიპის მთავარი გზავნილი ზოგადად უცხოელების და კონკრეტულად საქართველოში ყველანაირი თურქული კომპონენტის შეზღუდვის დაპირება იყო.

 

სახიფათო ტენდენციად ქცეულ ისლამოფობიასა და ანტითურქულ განწყობებს საპროტესტო განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველტან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, ასევე სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა მოქალაქეთა საპროტესტო განცხადება რომელსაც 500 მდე ადამიანი აწერდა ხელს. ზოგადად, ქსენოფობია იმჟამინდელი ოპოზოციის წინაასააარჩევნო კამპანიაში არცთუ იშვიათად იჩენდა ხოლმე თავს. არ შეიძლება იმის ართქმაც, რომ ოპოზიიციის რიგებში თუ პარტიულ სიებში არაერთი კანდიდატი იყო წარმოდგენლი, რომლებიც მანამდეც და საარჩევნო კამპანიის დროსაც ქსენოფობური და რასისტული რიტორიკით გამოირჩეოდნენ. რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ოპონენტის დამცირების მცდელობას მისი ეთნიკურ წარმომავლობაზე აქცენტის დასმით ან სხვა ეთნიკური ჯგუფისთვის მიკუთვნებით. განსაკუტრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო პრეზინდენტის „სომეხად“ ან „ურჯულოდ“ მოხსენიებამ. მართალია, ზოგიერთი პოლიტიკოსი ნაწილობრივ იბოდიშებდა ქსენოფობიას, მაგრამ საერთო სურათი მაინც უცვლელი დარჩა.

 

წინასაარჩევნო ქსენოფობური განწყობების ერთგვარ რეზონანსად შეგვიძლია გურიაში, სოფ. ნიგვზიანში განვითარებული მოვლენები. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა, სამღვდელო პირების აქტიური მონაწილეობით აგრესიულად გააპროტესტა სოფელში მცხოვრები მუსლიმების ტრადიციული შეკრება საერთო ლოცვისათვის პარასკევ დღეს. 26 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს მათგან უკიდურესად შეუწყნარებელი და შეურაცხმყოფელი ფორმით მოითხოვდნენ საერთო ლოცვისთვის კერძო სახლში შეკრებაზე უარის თქმას. ადგილობრივი მუსლიმების თქმით, ეჭრებოდნენ სამოლოცველოში და იმუქრებოდნენ, რომ თუკი არ დამორჩილდებოდნენ ულტიმატუმებს მათი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგებოდა, გადაწვავდნენ სამლოცველოს, იყო მუსლიმი ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარებიც. ამ ქმედებებში, იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებიც, კერძოდ, 155 მუხლით გათვალისწინებული რელიგიური რიტუალებისთვის ხელის შეშლა, ასევე ხულიგნობა და სხვ. 2 ნოემბერს სოფელში ჩასულ ქართველ მუსლიმთა ლიდერს, მუფთი ჯემალ პაქსაძეს გადაუღობეს მეჩეთისკენ მიმავალი გზა, რის გამოც მან და სხვა მუსლიმებმა ვერ მოახერხეს სალოცავად შესვლა. ამ ქმედებებს სამართალდამველების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოყოლია, მათ არ გახსნეს დერეფანი რათა მუსლიმებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მისცემოდათ, არ აღკვეთეს დანაშაული, არ იქნა დაკავებული არცერთი პირი, რომელიც ამ უკანაონო ქმედებებში იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლების რეკომენდაციის შედეგად დაიკითხა 10–მდე სოფლის მაცხოვრებელი. თუმცა, მთლიანობაში, ვითარება განიმუხტა მას შემდეგ, რაც საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა მუფთსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის. უკვე მომდევნო პარასკევს მუსლიმების ლოცვისა და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა აღარ შეზღუდულა. ყოველივე ამის მიუხედავად, ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირები ისევ ულტიმატუმის სახით აცხადებდნენ, რომ ნიგვზიანში ლოცვის შესაძლებლობა მარტო ადგილობრივ მუსლიმებს მიეცემათ და არ დაუშვებენ მეჩეთის აგებას, ხოლო ნიგვზიანში მოსახლეობის განწყობები ისევ აგრესიულ ხასიათს ატარებს.

 

ამ ინციდენტთან დაკავშირებით ბუნდოვანი განცხადებები გაკეთდა სახელმწიფო უწყებების წარმოადგენლების მხრიდან იმის შესახებ, რომ უნდა ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესები დაცული და გათვალისწინებული, რომ ჯერ ეკლესიებს უნდა მისცემოდათ ერთმანეთში მორიგების საშუალება და თუ საჭირო გახდებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერეოდა სამართალდამცველი ორგანოები. ნიგვზიანის ინციდენტთან დაკავშირებით საპროტესტო განცხადებები გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა. ამ შემთხვევას გამოეხმაურა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოც.

 

საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ ისლამოფობურმა და თურქოფობულმა განწყობებმა ნიგვზიანში კონკეტურლი ძალადაობის კერის გაჩენას შეუწყო ხელი და ეს შემთხვევა, თუკი სამართალდამცველების არაადეკვატურ რეაგირეაბას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, საფუძველი გახდეს სამოვავლოდ სხვა და სხვა ადგილებში პრობლემების გაჩენისა, და არა მარტო მუსლიმების წინააღმდეგ.

 

რელიგიური შეუწყნარებლობა, ქსენოფობია, რასისტული ხასიათი გამოთქვამები და სიძულვილის ენის ტირაჟირება შეიძლება 2012 წლის უმთავრეს პრობლემად, უმთავრეს ტენდენციად დავასახელოთ.

 

სხვა პრობლემატური და გადაუჭრელი საკითხების შესახებ სახალხო დამცველი უკვე წლების განმავლობაში საუბრობს. კვლავ არ დაწყებულა რამდენიმე რელიგიური გაერთიაბისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი - ამ ფონზე ეს ტაძრები, ქართული კულტურის ეს შესანიშნავი ძეგლები, ინგრევა ან მიმზანმიმართულად ხდება მათი იერსახის შეცვლა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის შესახებ ჟურნალისტთან საუბარში, ახალი მთავრობის კულტურის მინისტრმაც ისაუბრა და გამოთქვა სურვილი, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა რელიგიური გაერთიანებების ისტორიული ქონების დაბრუნების საკითხს განიხილავს.

 

პრობლემატურია საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული გარემო. რელიგიური უმცირესობები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ სკოლებში ადგილი აქვს კანონმდებლობით აკრძალულ ქემედებებს: პროზელიტიზმს, ინდოქტრინაციას, რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოფენას, ბავშვების რელიგიურ რიტუალებში ჩაბმას, განსხვაებული რელიგიური მრწამსის მქონე ბავშვების დამცირებას და ყოველივე ეს მასშტაბურ, ფაქტობრივად, საყოველთაო ხასიათს ატარებს. საჯარო სკოლაში რელიგიური ნიშნით დისკრიმანიციის შესახებ საუბრობენ სოფელ ნიგვიზიანში მცხოვრები მუსლიმებიც.

 

2011 წლის იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი. აღნიშნული კანონი, ისევე, როგორც მანამდე მოქმედი, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას არ მიიჩნევს ეკონომიკურ საქმიანობად და შესაბამისად არ ხდება მათი დაბეგვრა რიგი გადასახადებით, თუმცა ეს წესი ყველა რელიგიური ორგანიზაციისათვის ერთნაირი არ არის. სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის დისკრიმინაციულია საგადასახოდო რეჟიმი, რამდენადაც ისინი, რამდენიმე საგადასახადო კომპონენტში, მართლამადიდებლი ეკლესიის საპტრიარქოსგან განსვავებული წესით იბეგრებიან. ასევე დისკრიმინაციული შეიძლება ვუწოდოთ მართლმადიდებელი ეკლესიის საბიუჯეტო დაფინენსების არსებულ პრაქტიკასაც, რადგან, წლებია, ფინანსდება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, ხოლო გადასახადის გადამხდელები, ცხადია, სხვა რელიგიური გაერთიანებები და მათი წევრებიც არიან. ამ კონტექსტში, ვფიქრობთ, განხილვის საგანი უნდა გახდეს რესპუბლიკური პარტიის წარმოამდგენლის დავით ბერძენიშვილის პოზიცია, რომლის თანახმად სამომავლოდ საპატრიარქო აღარ უნდა ფინანსდებოდეს, ხოლო მანამდე მას უნდა აუნაზღაურდეს საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალი და, შესაბამისად, უნდა განისაზღვროს კონკრეტული საკომპენსაციო თანხაც. ამავდროულად, რესტიტუციის ანალოგიური პროცესი უნდა დაიწყოს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართაც. აქვე აღვიშნავ, რომ 2013 წლის ბიუჯეტით მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაფინანსება წინა წელთან შედარებით უკვე 2 მილიონზე მეტით განესაზღვრა და 25 მილიონი ლარი შეადგინა.

 

მიმდინარე წელს ჩვენი განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი გახდა ის გარემოებაც, რომ მედიის დიდი ნაწილი არამარტო სიძულვილისა და ქსენოფობიის ტირაჟირებას ახდენდა, არამედ ხშირად თავად გვევლინებოდა შეუწყნარებლობის გამოხატვისა და გავრცელების წყაროდ. რამდეიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულმა მედიაკვლევამ ჩვენი შეშფოთება, ფაქტობრივად, დაადასტურა. კვლევების თანახმად განსაკუთრებით პრობლემატურია ბეჭდვითი გამოცემები, ხოლო მათ შორის ქსენოფოობიის, შეუწყნარებლობისა და რასისტული განცხადებების ტირაჟირების თვალსაზრისით ლიდერობს ისეთი პოპულარული გაზეთი, როგორიცაა „ასავალ დასავალი.“

 

კიდევ ერთ საყურადრებო და, ჩვენი აზრით, მეტისმეტად დამაფიქრებელ ტენდენციაზე გვსურს ყურადრების გამახვილება. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა, 2012 წელს თაობების მიხედვით ღირებულებების ცვლილების დინამიკის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ასაკის კლების შესაბამისად, კოლექტივისტური ღირებულებები მცირდება და ნელ-ნელა შერეული და ინდივიდუალისტური ღირებულებები ძლიერდება. კვლევის ავტორების თქმით, ამ ფონზე ერთი პარადოქსი შეიმჩნევა. 18-24 ასაკობრივი ჯგუფი უფროსი თაობის ადამიანებთან შედარებით უფრო რელიგიური და სხვა რელიგიის წარმომადგენლებისადმი ნაკლებად შემწყნარებელია. ისინი უფრო გახსნილები არიან სექსუალური და ეთნიკური უმცირესობისადმი და ეთანხმებიან გენდერული თანასწორობის იდეებს, თუმცა რელიგიის სფეროში ნაკლებად ტოლერანტულ განწყობებს ამჟღავნებენ.

 

“სხვადასხვა კულტურაში ჩატარებული კვლევების მონაცემების თანახმად, რელიგიისადმი ინტერესი ყველაზე მეტად უფროს თაობაშია გამოკვეთილი, საქართველოში კი რელიგიას ყველაზე მეტად დიდ მნიშვნელობას ახალგაზრდები ანიჭებენ.” - ვკითულობთ კვლევის დასკვნით ნაწილში. გამოკითხულდა უმეტესობა საერო და რელიგიური სფეროების ერთიანობის მომხრეა. თითქმის ნახევარს (49,4 პროცენტს) მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები, რომლებსაც ღმერთი არ სწამთ, არ უნდა იყვნენ არჩეულნი მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე. კვლევის ავტორის აზრით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის მართლმადიდებლობა უფრო მეტად წარმოადგენს იდენტობის საფუძველს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეობა.

 

ვფიქრობთ, აღნიშნული კვლევის მონაცემები სერიოზული ანალიზისა და სგანმანათლებლო საქმიანობის წამოწყების საფუძველი უნდა გახდეს როგორც შესამისი სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან. ფაქტია, რომ საგანმანათლებლო სისტემა, მედია და სამოქალაქო სექტორი წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ ხრივ, რბილად რომ ვთქვათ, არ იჩენდნენ სათანადო ყურადღებას.

 

რა ნაბიჯები იმსახურებს პოზიტიურ შეფასებას:

 

გასულ წლებში ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი სასულიერო პირების შესვლა საპატრიარქოს ნებართვის გარეშე შეუძლებელი იყო, რაც დისკრიმინაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა. 2010-2011 წლებში დაიწყო პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებზე მუშაობა. ამ ეტაპზე ეს პრობლემა დაძლეულად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა რელიგიური უმცირესობები, განსაკუთრებით კი, მუსლიმთა თემი, სვამენ საკითხს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რელიგიური რიტუალების განხორციელებისთვის შესაბამისი ადგილის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ.

 

2011 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელთან დაკავშირებით, რითაც აღიარა პირის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიმართ. სარჩელი შეეხებოდა „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენს იმ პირებისთვისაც, რომლებიც რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დასაქართველოსკონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენდა იმ პირთა მიმართ, რომლებიც რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე. შესაბამისად, წინა წლებში არსებული დისრიმინაციული პრქატიკა სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით შეიცვალა.

 

2012 წლის 27 მარტს, პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ამ ცვლილებების მიხედვით, შეუწყნარებლობის მოტივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალა. დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებად შეიძლება მიჩნეული იყოს „რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით“ ჩადენილი დანაშაული.

 

საქართველოს შინაგან სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, 2012 წელს დაიწყო და მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე „დისკრიმინაციის დაუშვებლობა“. პროექტი, რომელსაც საფუძვლად დაედო რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მიერ საქართველოსთვის მომზადებული რეკომენდაციები, ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მას სახალხო დამცველის აპარატის, ტოლერანტობის ცენტრისა და იუსტიციის სამინისტროს ექსპერტები უძღვებიან.

 

მისასალმებელია, რომ ბოლო წელებში, ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკასა და სიმბოლური მნიშვნელობის ქმედებებში ეთნიკურთან ერთად უფრო მეტად გამოიკვეთა რელიგიური უმცირესობების თემატიკაც. პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ტრადიციულად ულოცავენ რელიგიურ დღესასწაულებს მუსლიმთა და იუდაურ თემებს, ხოლო გასულ და მიმდინარე წელს პირველად ეწვივნენ სომხურ, კათოლიკურ, ბაპტისტურ, ლუთერულ და ორმოცდაათიანელთა ეკლესიებს. ვისურვებდით, რომ ეს ტრადიცია თამამად გააგრძელონ და კიდევ უფრო მეტად გაამრავალფეროვნონ ახალი მთავრობის წევრებმაც.

 

2011 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძვლეზე რელიგიურ გაერთიანებებს შესაძლებლობა მიეცათ აერჩიათ და რეგისტრაცია გაეარათ მათთვის მისაღები სამართლებრივი ფორმით. ამ ეტაპზე ახალი წესით 14 რელიგიური გაერთიანებაა რეგისტრირებული.

 

აქვე მინდა აღვნიშნო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს აქტიური საქმიანობა. 2012 წლს, რელიგიათა საბჭოს წევრებმა დაასრულეს მუშაობა რეკომენდაციების პაკეტზე, რომელთა ადრესატები მთელი რიგი სახელმწიფო უწყები და მედია ორგანიზაციები არიან. უახლოეს ხანში რელიგიათა საბჭო გეგმავს ამ რეკომენდაციების წარდგენას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, რაც, ვფიქრობ, დისკრიმაციის ელემენტების აღმოფხვრისა და ინტეგრაციის მეტად საინტერესო პროცესის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს.

 

რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობისა და ინტეგრაციის საკითხებს, 2012 წელს გაგრძელდა და განხორციელდა 2009–2011 წლებში შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში წამოწყებული მნიშვნელოვანი ინიციატივები. ამიტომ, ამ მიმართულებით, სიახლეების შესახებ ბევრი არაფერია სათქმელი.

 

მოგეხსენაბათ, რომ 2009 წელს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის გამარტივდა ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესი, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა.

 

პოზიტიური ცვლილებათა ნუსხაში შეგვიძლია შევიტანოთ არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისთვის გამოყოფილი საათების გაზრდა და ცალკეულ საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების დანერგვა-განვითარება. უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამაღლდა სახელმწიფო ენის შესწავლის მოტივაცია.

 

ხაზგასასმელია ინფრასტრუქტურის განვითარებისაკენ მიმართული მასშტაბური ღონისძიებები. ამოქმედდა ახალქალაქი–წალკა–თბილისის რეაბილიტირებული გზა, რომელიც უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონების სოციალურ–ეკონომიკური განვითარებისა და ინტეგრაციის საქმეში.

 

2010 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლით უმცირესობათა ენებზე ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამები გადაიცემა, რომლებიც პირველი და მეორე არხის გარდა, ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ტელევიზიების მეშვეობითაც ტრანსლირდება. თუმცა, საინფორმაციო პროგრამების ფორმატით ვერ ხერხდება ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული მოვლენების სრულფასოვანი გაშუქება, რაც მოსაგვარებელი პრობლემების რიგს განეკუთვება.

 

ინტეგრაციის პროცესის წარმართვაში აქტიურად იყო ჩართული რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და სხვა ცენტრალური თუ რეგიონული სახელმწიფო უწყებები. ცალკე უნდა აღინიშნოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ტოლერანტობის და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს საქმიანობა. უმცირესობათა საკითხებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა და იჩენს საქართველოს უშიშროების საბჭო.

 

დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ცენტრალურ საკონსულტაციო ფუნქციას ასრულებს, როგორც სახალხო დამცველის, ასევე ინტეგრაციის პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებებისთვისაც, სასურველია რომ ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდეს. მით უფრო, რომ ეროვნული უმცირესოებების საბჭო ახორციელებს სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის გეგმის შესრულების მონიტორინგს და სულ ახლო ხანში მთვრობისთვის ინიციატივიებისა და რეკომენდაციების გრძელი ნუსხის წარდგენას აპირებს.

 

ცხადია, რომ დადებითი ტენდენციების მიუხედავად, სამოქალაქო ინტეგრაციისა და უმცირესობების უფლებების დაცვის მხრივ კვლავაც არაერთი კონკრეტული და სისტემური პრობლემაა გადასაჭრელი.

 

ამ თვალსაზრისით ერთ–ერთი ყველაზე რთულად დასაძლევი გამოწვევა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ, კულტურულ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბალი მონაწილეობის ხარისხია. მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობების რაოდენაბა პარლამენტში მცირედით გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ისევ არასაკმარისი რაოდენობით არიან წარმოდგენილი ცენტრალური ხელისუფლების დონეზე – საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებში.

 

თუმცა, ამ კონტექსტში, აღსანიშნავი ფაქტია, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, 2012 წლის არჩევნების პროცესში ოპოზიცია გაცილებით მეტ ყურადღებას იჩენდა უმცირებობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისადმი, რაც აისახა კიდევაც ადგილობრივი მოსახლების შედარებით უფრო დიფერენცირებულად გამოვლენილ პოლიტიკურ სიმპატიებზეც.

 

სისტემურ და კულტურულ პრობლემას წარმოადგენს უმრავლესობისა და უმცირესობების ჯგუფებს შორის არსებული ურთიერთგაუცხოება და ნეგატიური სტერეოტიპებით გაჯერებული განწყობები. როგორც ზემოთ ითქვა, მიმდინარე წელს კვლავ იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ამა თუ იმ პოლიტიკოსის ეთნიკური წარმომავლობის საბაბით დისკრედიტაციის მცდელობას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ხშირად ყურადღებას ამახვილებენ მათი ისტორიულ ძეგლებისა და, ზოგადად, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხებზე. ძეგლების რეაბილიტაცია მატერიალური რესურსების სიმწირის გამო ვერ ხერხდება. ავარიულ მდგომაროებაშია აზერბაიჯანული და სომხური თეატრები, დავით ბააზოვის სახელობის ებრაული მუზეუმი და სხვა ისტორიული ნაგებობები.

 

გამორჩეულ ყურადღებას საჭიროებს მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების პრობლემატიკა, მათი ენის, იდენტობისა და კულტურის შენარჩუნების საკითხები.

 

ყველაფერი ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეფექტური წარმართვისკენ.

 

ამ თვალსაზრისით, აუცილებელია, განსაკუთრებული როლი შეასრულონ პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა მოძრაობებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ. პირველ რიგში, მათ, როგორც მინიმუმ, ხელი არ უნდა შეუწყონ ქსენოფობიასა და უცნაურ საუბარს უფლებების ხარჯთაღიცხვაზე: ვგულისხმობ იმ არასწორ მიდგომას, რომლის თანახმად, თიქთოს უმცირესობების უფლებათა დაცვა უმრავლესობის უფლებათა ხარჯზე არ უნდა მოხდეს. რა შეიძლება ითვქვას ამაზე: ეს უბრალოდ არასამართლებრივი და არაფრისმთქმელი პოზიციაა.

 

და კიდევ, სასურველია, რომ გაცილებით მეტად გააქტიურდნენ თავად ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები. საზოგადოებას მუდმივად უნდა ესმოდეს უმცირესობების ხმა.

 

მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს!

 

მოხსენება წაკითხული ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე

 

 

 

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group