GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

იმედის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში

6-8 ივნისს საქართველოში იმედის საერთაშოირსო ფესტივალი ტარდება. იმედის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები ადგილობრივი და საერთაშორისო ქრისტიანულ-ევანგელური გაერთიანებები არიან. ფესტივალში მრავალი ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი იღებს მონაწილეობას.

 

იმედის ფესტივალზე სიტყვით გამოდის უმსხვილესი ამერიკული პროტესტანტული ორგანიზაციის - ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის (BGEA) დირექტორი და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "სამარიტელთა ქისის" (Samaritan´s Purse) პრეზიდენტი - ფრანკლინ გრემი. ფრანგკლინ გრემის მამა, ბილი გრემი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რელიგიური ლიდერია.

 

იმედის ფესტივალისათვის მზადება წლინახევრით ადრე დაიწყო და ყველანაირო ოფიციალური შეთანხმებების თანახმად, იგი სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო. თუმცა, ფესტივალის დაწყებამდე სამი დღით ადრე ორგანიზატორებისთვის ცნობილი გახდა, რომ სპორტის სასახლის ერთ-ერთი ფლიგელის სახურავზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც უმოკლეს დროში იქნა ლოკალიზებული. თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, ხანძარს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია. აღნიშნულის მიუხედავად, ხანძრიდან რამდენიმე საათში, შენობის მდგრადობის შეფასების გარეშე, სპორტის სასახლის დირექტორმა მათ განუცხადა, რომ შენობის უსაფრთხოების რისკების გამო, სპორტის სასახლეში ღონისძიების გამართვა შეუძლებელი იქნებოდა. ამის გამო, ფესტივალი ბევრად უფრო მცირე მასშტაბით, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, სახარებისეული რწმენის ეკლესიის (ორმოცდაათიანელთა) ეკლესიის ეზოში ჩატარდა.

 

ფესტივალის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, სარეკლამო კომპანია „აუთდორ.ჯი" -მ დაარღვია ფესტივალის ორგანიზატორებთან დადებული ხელშეკრულების პირობები და ჩამოხსნა გარე რეკლამის დიდი ნაწილი, რომელიც მედიისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან საკითხით დაინტერესების შემდეგ აღადგინეს.

 

2 ივნისს, იმედის ფესტივალთან დაკავშირებით ექსტრემისტული ქმედებებით ცნობილი ადამიანების მხრიდან განცხადებები გააკეთდა იმის თაობაზე, რომ ისინი არ დაუშვებდნენ ფესტივალის ჩატარებას და სირცხვილის კორდონს მოაწყობდნენ სპორტის სასახლეში მიმსვლელ ადამიანებს.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია); კონსტიტუციის 42-ე მუხლმა; მედიის განვითარების ფონდმა (MDF); საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) სპეციალური განცხადება გაავრცელეს და საქართველოს ხელისუფლებას საკითხის დაუყოვნებლივი გამოძიებისა და საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების უფლებების დაცვისაკენ მოუწოდეს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group