GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან

2011 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველს, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მემორანდუმის მიზანია სისტემური გახადოს უწყებებს შორის ურთიერთობა; ხელი შეუწყოს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას. მემორანდუმის გაფორმება გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 8 მაისს მიღებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციითა და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმით. გეგმის განხორციელებისა და შესრულების მონიტორინგში ჩაერთვება სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და შესაბამისად საქართველოს ეროვნული უმცირესობები. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა, ანა ქებაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში ქართული ენის სახლების, ბილინგვური სწავლების, ქართული ენის სასწავლო სახელმძღვანელოს, პედაგოგთა გადამზადებისა და არაქართულენოვან რეგიონებში გაგზავნის მიმართულებით. დღეს ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ბოლნისსა და დმანისში 4 ქართული ენის სახლი ფუნქციონირებს, სადაც ადამიანებს, ნებისმიერ ასაკში, საშუალება ეძლევათ გაიარონ ქართული ენის შესასწავლი სხვადასხვა დონის კურსები. იგეგმება კიდევ 8 დამატებითი ენის სახლის გახსნა ქვემო ქართლში, სამცხე–ჯავახეთსა და კახეთში. ენის სახლებისათვის მოხდება პროგრამის გადახალისება და მასწავლებელთა გადამზადება. ენის სახლები დაექვემდებარება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას. თავის მხრივ, ხდება ჟურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის კურიკულუმის განახლებაც. ამ სკოლაში პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციების წარმომოადგენლებს და საჯარო მოხელეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ განახლებული კურსები კომპიუტერულ პროგრამებში, ინგლისურ ენაში და მენეჯმენტის სასწავლო პროგრამაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე მუშაობს ბილინგვური სწავლების გაძლიერების მიმართულებით. დღეს ბილინგვური სწავლება საქარველოს 40 სკოლაში მიმდინარეობს, იგეგმება ამ ტიპის სწავლების გაფართოება და ამ მეთოდით ყველა არაქართულენოვანი სკოლის მოცვა. იმ მასწავლებლების წასახალისებლად, რომლებიც ბილინგვური სწავლის მეთოდს გამოიყენებენ, გათვალისწინებულია დანამატი ხელფასზე. ანა ქებაძემ ასევე წარმოადგინა არაქართულენოვანი სკოლებისათვის სპეციალურად შექმნილი პირველი საფეხურის ქართული ენის სახელმძღვანელო, რომელიც სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ სკოლებში დაინერგება. სახელმძღვანელო დაფუძნებულია კომუნიკაციური სწავლების პრინციპებზე და ახლავს აუდიო და ვიზუალური მასალები. (მზადდება სახელმძღვანელოს შესაბამისი კომპიუტერული თამაშებიც). 2011 წლის მანძილზე 1–4 დონის სახლემძღვანელოები შევა ყველა არაქართულენოვან სკოლაში, 2012 წლისათვის მომზადდება სახელმძღვანელოს 5–6 დონეები და შემდეგ ეტაპობრივად დაიფარება ყველა დონე. განათლების სამინისტრო ასევე ახორციელებს რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში ქართული მასწავლებლების გაგზავნის პროგრამას, დღეს 150 ასეთი მასწავლებელია გაგზავნილი სამცხე–ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში, სულ 600 პედაგოგის გაგზავნა იგეგმება. პროგრამაში მონაწილეობის წასახალისებლად, ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს სახელმწიფო მაგისტრატურაში სწავლის ხარჯებს დაუფარავს. ინტეგრაციის ხელშესაწყობად, სამინისტრო ასევე ახორციელებს მოსწავლეთა კონკურსებს, სკოლების პარტნიორობის პროგრამებსა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ანა ქებაძესთან ისაუბრეს უმცირესობათა ენების სწავლების დაცვისა და გაძლიერების აუცილებლობაზე.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group