GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებთან

2011 წლის 2 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. 2011 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და განათლების სამინისტროს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ერთ–ერთ პუნქტი სამინისტროსა და საბჭოს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს. შეხვედრა, რომელზეც ღია და გულწრფელი საუბარი გაიმართა საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ სხვადასხვა საკითხებზე, ამ მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობდა. ოსური თემის წარმომადგენელმა, ნაირა ბეპიევმა შეხვედრაზე დააყენა ოსებით დასახლებულ რამდენიმე სოფელში ოსური ენის შესწავლის საკითხი. მისი თქმით, ოსური ენა ამოღებულია სასწავლო ბადიდან და მას მინიჭებული აქვს ფაკულტატური ხასიათი. მინისტრმა განუმარტა ქალბატონ ბეპიევას, რომ ვერც ერთი ენა, რომლის ენობრივი სტანდარტი არ არსებობს, ვერ შევა სასწავლო ბადეში. (ამ ეტაპზე არსებობს ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული და აფხაზური ენების სტანდარტები). მინისტრმა შესთავაზა ოსურ დიასპორას ოსური ენის სტანდარტზე მუშაობის დაწყება. ჩეჩნური თემის წარმომოადგენელმა, მექა ხანგოშვილმა გამოთქვა წუხილი, საქართველოში ჩეჩნური ენის ასიმილაციის საშიშროების გამო და სთხოვა სამინისტროს, ოფიციალური წერილის გაგზავნა პანკისის სკოლების ადმინისტრაციებისათვის, რათა მათ სკოლებში ჩეჩნური ენის ფაკულტატური სწავლება დაუშვან. მინისტრის განცხადებით, სამინისტროს ოფიციალური წერილი ამისათვის საჭირო არ არის, რადგან ნებისმიერი სკოლის ადმინისტრაციასა და სამეურვეო საბჭოს აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელი საგნის ფაკულტატური სწავლება დაუშვას სკოლაში. ქალბატონმა მექამ ასევე აღნიშნა, რომ პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობას არა აქვს ინფორმაცია იმ შეღავათების შესახებ, რასაც სახელმწიფო აწესებს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესებში. დიმიტრი შაშკინი დაპირდა ქალბატონ მექას, რომ მინისტრის მოადგილე უახლოეს მომავალში ჩავა ხეობაში და ამ ინფორმაციას გაავრცელებს. სომხური ორგანიზაციების წარმომოადგენლებმა, მათ შორის ევროპულ–სომხური ფედერაციის წევრმა, სლავა მეჟდოიანმა და საქართველოს სომეხთა სათვისტომოს წევრმა, ალექსანდრე ოჰანიანმა დააყენეს სომხური სკოლებისა და სექტორების, სომხური ენის სწავლების საათების შემცირების საკითხი. მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხურ და აზერბაიჯანულ სკოლებსა და სექტორებს დახურვა არ ემუქრება, თუმცა მეორე მხრივ, სკოლებში ახალი კლასების გახსნა მცირერიცხოვანი მსურველებისათვის ვერ მოხერხდება. – „თუ მოთხოვნა და ინტერესი არ იქნა, ჩვენ ვერ ვაიძულებთ ჩვენს მოქალაქეებს ვერც სომხურ სკოლებში სიარულს და ვერც სომხური ენის შესწავლა უმაღლესებში“ – განაცხადა მინისტრმა. მინისტრი დაპირდა სომხური თემის წარმომადგენლებს, რომ იგი შეხვდება იმ სკოლების დირექტორებს, სადაც სომხური სექტორებია და კიდევ ერთხელ გაესაუბრება მათ სამინისტროს პოზიციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს სომეხთა კავშირის წარმომედგენელის, გენრიხ მურადიანის მოსაზრებით, ეთნიკურად სომხური წარმომავლობის ბავშვების ინტეგრაციისა და მომავალი წარმატებისათვის უმჯობესია მათ ქართულ სკოლებში ისწავლონ და პარალელურად მშობლიური ენისა და კულტურის შესწავლის საშუალებაც მიეცეთ. რუსული დიასპორის წარმომადგენლებს მინისტრმა უთხრა, რომ თბილისში არსებობს ორი რუსული სკოლა, სადაც სურვილის შემთხვევაში, მშობლებს შეუძლიათ ბავშვები ატარონ. დღეს ეს სკოლები მხოლოდ 50%–იანი დატვირთვით მუშაობენ. თუ რომელიმე სკოლის სამეურვეო საბჭო, მოთხოვნის სიმცირის გამო, რუსული სექტორის გაუქმებას გადაწყვეტს, სამინისტრო ამაში ვერ ჩაერევა. საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, სამირა ისმაილოვამ მინისტრს გადასცა ქვემო ქართლის სკოლების თხოვნა, მათთანაც დაინიშნონ მანდატურები. სამირა ისმაილოვამ ასევე გამოთქვა სურვილი დამატებითი ენის სახლი გაიხსნას ქვემო ქართლის რეგიონში, რისთვისაც მან სამინისტროს მათი ოფისის ფართის გამოყენება შესთავაზა. დასასრულს მინისტრმა მოუწოდა ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს ითანამშრომლონ სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group