GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის შეხვედრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან

2016 წლის 15 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს შეხვდნენ.


შეხვედრაზე  კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირინე საგანელიძემ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარუდგინა სამინინსტროს 2015-2016 წლების ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც ეროვნულ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების საკითხებს ეხება. კერძოდ, მან ისაუბრა აზერბაიჯანული, ებრაული და რუსული მუზეუმების მხარდაჭერის პროგრამებსა და პროექტებზე. საუბრისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები აზერბაიჯანული ხალიჩების ქსოვას ეუფლებიან. გარდა ამისა, 2015-2016 წლებში წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოიცა ოსი პოეტების კრებულები, ჩატარდა ოსური კლასიკური მუსიკის საღამო, აღიწერა და გამოიცა ალბომი - „გერმანელი მხატვრები საქართველოში“ და ასევე გამოიცა წიგნი - „სერგო ფარაჯანოვი - 21 საუკუნის სიზმარი“.


კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დაწვრილებით ისაუბრა თბილისში სომხური და აზერბაიჯანული თეატრების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სომხური თეატრის რეაბილიტაციის გეგმა და მოსამზადებელი სამუშაოები 15 ივლისისათვის დასრულდება, რის შემდეგაც სამინისტრო თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოს შესახებ ტენდერს გამოცხადებს; რაც შეეხება აზერბაიჯანულ თეატრს, მის რეკონსტრუქციას გარკვეული ტექნიკური პრობლემები უკავშირდება და სამინისტრო, თეატრის დასთან ერთად, ამ პრობლემების გადაჭრაზე მსჯელობს.


კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს პანკისში, სოფელ დუისში, 21 მაისს საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების ღონისძიების აღნიშვნის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ყოველ 21 მაისს პანკისობა აღინიშნოს.


ირინე საგანელიძემ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს ასევე გააცნო სამინისტროს პროგრამა - მრავალფეროვანი საქართველო - რომლის ფარგლებშიც სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა მწერლებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩადიან, ხვდებიან ადგილობრივ ახალგაზრდებს და ბიბლიოთეკებს წიგნებით ამარაგებენ.


პრეზენტაციის შემდეგ საბჭოს წევრებმა თავისი მოსაზრებები გამოთქვეს ეროვნული უმცირესობების მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პოპულარიზების, ეროვნული უმცირესობების შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლების მხარდაჭერის, სამინისტროს საგრანტო კონკურსების შესახებ რეგიონებში ინფორმაციის უფრო აქტიურად გავრცელების შესახებ. ასევე აღნიშნეს, რომ სასურველი იქნებოდა, თუ სამინისტრო მეტ ყურადღებას დათმობს მცირე ეთნიკური ჯგუფების კულტურულ მემკვიდრეობებს.


ღონისძიება ორგანიზებული იყო  სახალხო დამცველის, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ. ტოლერანტობის ცენტრს მხარს უჭერს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA).

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group