GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა

2016 წლის 27-29 ოქტომბერს, კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის მიზანი იყო ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის, მიღწეული წარმატებებისა და ძირითადი გამოწვევების განხილვა, ასევე სამოქმედო გეგმის დასახვა საბჭოს სტრუქტურის უფრო ეფექტური და მოქნილი მუშაობის შესაძლებლობაზე.

 

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუშვილმა, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით, საბჭოს როლზე ისაუბრა და მოუწოდა საბჭოს წევრებს, ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის გზით, შექმნან იმგვარი ერთეულები, რომელიც უფრო ეფექტური იქნება სიტუაციის შესწავლის, მონიტორინგისა და რეკომენდაციების შემუშავების თვალსაზრისით და მეტ გავლენას მოახდენს უმცირესობათა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე.

 

ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლებმა, კობა ჩოფლიანმა და ბელა ოსიპოვამ ისაუბრეს იმ პოზიტიურ შედეგებზე, რაც ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებით, უმცირესობათა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით განხორციელდა, კერძოდ,  2015 წელს, საბჭოს წევრების აქტიური რეკომენდაციების შედეგად, განათლებისა და მეცნიერების სამინინსტრომ მიიღო გადაწყვეტილება საჯარო სკოლებში ექვსი მცირე ენის სწავლებასთან დაკავშირებით; ეროვნული უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის სწავლების  ცენტრებში შექმნილი მობილური ჯგუფების მეშვეობით, 1600-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ენის გადამზადების კურსები; საბჭოს წევრთა ჩართულობით, მოხდა აზერბაიჯანული სახელმძღვანელოების ხელახალი თარგმნა და რედაქტირება; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სამართლებრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, შესაძლებელი გახდა, მოქალაქეებმა საჯარო დაწესებულებაში ინფორმაცია მიიღონ მათ მშობლიურ ენაზე; ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რიგი ინიციატივები ასახულია ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.

 

საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორმა, რუსუდან ჭანტურიამ საბჭოს მიაწოდა რეკომენდაცია, ჩაერთონ მილენიუმის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი, სკოლის დირექტორებისა და საბუნებისმეტყველო პედაგოგების გადამზადების სქემის განხორციელებისას და ასევე მოითხოვონ საბჭოს წარმომადგენლის ჩართვა სახელმძღვანელოთა გრიფირების წესის კომისიაში, რათა ორივე ამ მიმართულებით მოხდეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების ასახვა და ტოლერანტობის თემის გააქტიურება.

 

შეხვედრის მანძილზე, სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი საბჭოს წევრები საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის გეგმაზე მუშაობდნენ და შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია საბჭოს შიგნით პროფესიონალებით დაკომპლექტებბული ისეთი თემატური ჯგუფების შექმნა როგორიცაა - განათლება, კულტურა, მედიის საკითხი და პოლიტიკური ჩართულობა; ასევე ადვოკატორების კამპანიების გააქტიურება ფობიური განწყობების წინააღმდეგ, რეგლამენტისა, ქცევის კოდექსის ვალდებულებების გააზრება, მაკორდინირებელი წარმომდგენლობითი საბჭოს შექმნა, ასოცირებული წევრობის მექანიზმის შემოღება და სხვა.

 

შეხვედრის ბოლოს, საბჭომ 2016 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“ აირჩიეს, რომლებსაც საბჭოს წევრები ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დააჯილდოვებენ.

 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველი, ტოლერანტობის ცენტრი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).

 

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო 2005 წელს შეიქმნა. საბჭოში გაერთიანებულია საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ასზე მეტი ორგანიზაცია. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ეროვნულ უმცირესობათა საბჭო წარმოადგენს ძირითად საკონსულტაციო ორგანოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო უწყებებისთვის. საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group