GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

2017 წლის 16  ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები. ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ტოლერანტობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ტრადიციად იქცა „ტოლერანტობის ქომაგების“ გამოვლენა და დაჯილდოება. სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ავლენენ და საპატიო სიგელებითა და პრიზებით აჯილდოებენ იმ პიროვნებებს, ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.


სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოვეს 2017 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“. წლევანდელი ტოლერანტობის ქომაგები არიან: მწერალი ლაშა ბუღაძე, ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ“ ორგანიზატორი, მუსიკოსი და დამსახურებული პედაგოგი მანანა ალფაიძე; ორგანიზაციებიდან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - პროექტისთვის რელიგიათა კლუბი და „არტარეა“ – პროექტისათვის „თბილისური ეზო“, მედიადან გამოვლინდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და გაზეთი „გურჯისტანი“; საჯარო მოხელეთა შორის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გურამ ოდიშარია. საპატიო ჯილდოები გადაეცათ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს ჰანს-იოაჰიმ კიდერლენი და ჩეხთა სათვისტომოს „ზლატა პრაღას“ ხელმძღვანელს გაროლდ შმალცელს.


სახალხო დამცველის პრიზებით დაჯილდოვდნენ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მედიაკონკურსის გამარჯვებულებიც: კონკურსში პირველი და მესამე პრიზი ჟურნალ სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტებმა ნინო ნარიმანიშვილმა და თინათინ ზაზაძემ გაინაწილეს. პირველ ადგილზე გასული სტატია მუსლიმი მესხების რეპატრიაციის თემას ეძღვნება - „რთული გზა სამშობლოში დასაბრუნებლად“, ხოლო მესამე ადგილზე გასული მასალა -„სათავსოებად ქცეული სალოცავები“ - საქართველოს სოფლებში მეჩეთებისა და ჯამეების მდგომარეობას აღწერს. მეორე ადგილი ჟურნალ ლიბერალის რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს ერგო სტატიისათვის: „რას გვასწავლის დედა ისტორია“.


ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო.


***


ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group