GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ბერნჰარდ ჰერინგი - მღვდელი და თეოლოგი

მერაბ ღაღანიძე


იმ დღეებში, 1998 წლის ზაფხულში, მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიური თუ არარელიგიური პერიოდული გამოცემა ჯერ კიდევ თავიანთ პირველ გამოხმაურებებს ბეჭდავდა მამა ბერნჰარდ ჰერინგის ავტობიოგრაფიული წიგნის გამო, - რომლის სახელწოდებაა “თავისუფალი და ერთგული: ჩემი ცხოვრება კათოლიკე ეკლესიაში”, - როცა გამოქვეყნდა ცნობა, რომ 86 წლის ცნობილი გერმანელი თეოლოგი და რედემპტორისტი მღვდელი ბავარიაში გარდაიცვალა. “სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე მცნება”, - ამბობდა საქვეყნოდ აღიარებული ღმრთისმეტყველი და ამ თვალსაზრისს, ამ თავის თეოლოგიურ პოზიციას ახორციელებდა იგი თავის სამოძღვრო თუ სამონაზვნო მოღვაწეობაში, თავის ლექციებსა თუ მოხსენებებში, თავის 90-ზე მეტ წიგნსა თუ ასობით ნარკვევში. ამ თვალსაზრისს იცავდა და ატარებდა იგი როგორც ზნეობრივი ღმრთისმეტყველების პროფესორი და როგორც რომის პაპების საგანგებო მრჩეველი, როგორც ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების თეოლოგ-კონსულტანტი.

 

 
ბერნჰარდ ჰერინგი 1912 წელს დაიბადა გერმანიაში და სიყმაწვილიდანვე სასულიერო სამსახურისათვის განეწყო. 22 წლისა იგი რედემპტორისტთა კონგრეგაციის წევრი ხდება, ხოლო 27 წლისა ხელდასხმულ იქნა მღვდლად. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში იგი სასულიერო სამსახურს სამედიცინო სამსახურს უთავსებს, ხოლო ომის დამთავრების შემდგომ მამა ჰერინგი რომის ალფონსიანას პაპის აკადემიის პროფესორი ხდება. ეს უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, რომელიც წმიდა ალფონსუს ლიგუორის, ეკლესიის მოძღვრის, სულიერ-ინტელექტუალურ ტრადიციებს აგრძელებს, ზნეობრივი ღმრთისმეტყველების ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია კათოლიკურ სამყაროში. ბერნჰარდ ჰერინგის იქაური სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა -  პიუს XII-ის პაპობის ჟამიდან - მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია XX საუკუნის ზნეობრივი ღმრთისმეტყველების განვითარებისათვის. ალფონსიანაში მისი მიწვევა კი შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ჯერ კიდევ 1947 წელს მის მიერ ტუბინგენის უნივერსიტეტში დაცულ სადოქტორო დისერტაციას - “წმიდა და კეთილი: რელიგიასა და ზნეობას შორის დამოკიდებულების გამო” - არაერთი დადებითი გამოხმაურება ხვდა წილად როგორც საეკლესიო, ასევე აკადემიურ წრეებში. თუმცა მის მთავარ ნაშრომად, რომელიც XX საუკუნის თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვან შენაძენადაა აღიარებული, მიჩნეულია სამტომიანი კომპენდიუმ-მონოგრაფია “ქრისტეს სჯული: ზნეობრივი ღმრთისმეტყველება სამღვდელოთა და საეროთათვის”, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლების დასასრულს გამოქვეყნდა, მაგრამ რომელიც, ამის მიუხედავად, დღემდე მიიჩნევა ზნეობრივი თეოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს სახელმძღვანელოდ კათოლიკურ საღმრთისმეტყველო წრეებში.

 

 
ბუნებრივია, რომ ამდენად ავტორიტეტული თეოლოგი რომის პაპმა, იოანე XXIII-მ, ვატიკანის II კრების (1962-1965) ერთ-ერთ კონსულტანტად მიიწვია მოსამზადებელ ეტაპზევე და იგი მის დამთავრებამდე, 1965 წლის 8 დეკემბრამდე, ასრულებდა ამ მოვალეობას. კათოლიკური სამყაროსათვის ამ კრების მნიშვნელობა წარუვალი და განმსაზღვრელია; ამ კრებაზე მიღებული აქტებით ცხოვრობს დღევანდელი კათოლიკე ეკლესია, მისი სამღვდელოება, ბერ-მონაზვნობა, საერონი; ამ კრების მიერ განსაზღვრული კალაპოტით მიემართება თანამედროვე კათოლიკური თეოლოგია. ბერნჰარდ ჰერინგმა კი უშუალო მონაწილეობა მიიღო კრებაზე მიღებულ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა ჩამოყალიბებაში, როგორებიცაა ადამიანის ღირსებისა და მოწოდების ეკლესიისეული ხედვა, ეკლესიის დამოკიდებულება ომისა და მშვიდობის, ქორწინების მიზნების, ეკლესიაში საეროთა ადგილისა და დანიშნულების მიმართ. კრების შემდეგ მან დიდი დრო და გარჯა მოანდომა სამედიცინო ეთიკის კვლევას და ეკლესიის პოზიციის ჩამოყალიბებას ამ მწვავე სფეროში.

 

 
1986 წლის შემდეგ იგი საცხოვრებლად ჰარცის მონასტერში გადადის, მაგრამ სამოძღვრო, საგანმანათლებლო და აკადემიური მოღვაწეობა მას კიდევ თორმეტი წელი - სიკვდილამდე - არ შეუწყვეტია.

 

თავისი დაძაბული და სისხლსავსე ცხოვრების განმავლობაში ბერნჰარდ ჰერინგი ყოველთვის აღსავსე იყო მადლიერების გრძნობით ღმრთაებრივი ნების წინაშე. “არასოდეს შევწყვეტ გაკვირვებას ღმრთის მოსიყვარულე განგების მიმართ და იმის მიმართ, თუ როგორ მზრუნველად მივყავართ მას თავისუფლების გზაზე”, - წერდა იგი თავის ავტობიოგრაფიაში, რომელიც მის გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე გამოქვეყნდა. მისი ცხოვრება კი, როგორც ყველა ნამდვილი ქრისტიანის ცხოვრება, არასოდეს ყოფილა ადვილი.
მას თავდაპირველად მღვდლად მსახურება მოუწია ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიაში, სადაც არა მარტო უნდობლად და ეჭვით უყურებდნენ  კათოლიკე ეკლესიას, არამედ საბოლოო მიზნად ისახავდნენ მის განადგურებას, თუმცა ნაციზმის ფუძემდებლებს მიაჩნდათ, რომ ომის დამთავრებამდე აჩქარება არ ღირდა, რადგან ეკლესიის გაქრობა მხოლოდ დროის საკითხი იყო (ამიტომ, ბოლშევიკებისაგან განსხვავებით, ისინი 10 ან 15 წელიწადში არ აპირებდნენ და არ ვარაუდობდნენ მის მოსპობას).

 

 
ომის დაწყებისთანავე ჰერინგი ფერშლად იქნა გამწესებული ვერმახტის სანიტარულ ბატალიონში: თავდაპირველად - ოკუპირებულ საფრანგეთში, შემდგომ კი - აღმოსავლეთის ფრონტზე, რუსეთში. თითქოსდა სამედიცინო სამსახური უსაფრთხო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბრძოლებში მოხვედრილი სასულიერო პირი არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს, იგი რამდენჯერმე დაიჭრა.

 

 
იმ დროიდან, რაც ომის შემდეგ იგი სასულიერო და თეოლოგიურ საქმიანობას დაუბრუნდა, მისი კოლეგები არცთუ იშვიათად ეჭვით და უნდობლად უყურებდნენ მის თეოლოგიურ თვალსაზრისს, მის ამა თუ იმ პოზიციას, მის დამოკიდებულებას მწვავე ზნეობრივი საკითხების მიმართ; ზოგიერთი მას დაჟინებით მიიჩნევდა ეკლესიის შიგნით “მემარცხენე-რადიკალური ფრთის” წარმომადგენლად. ერთი პირობა, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ, რაკი ჰერინგის რამდენიმე შეხედულება არ ეთანხმებოდა ეკლესიის ოფიციალურ მოძღვრებას, ზნეობრივი თეოლოგიის პროფესორს მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომის აღძვრის საფრთხეც კი დაემუქრა, თუმცა ეკლესია მაინც შემწყნარებელი აღმოჩნდა მის მიმართ, მისი განსხვავებული აზრის მიმართ (დისციპლინური ზომა გამოიხატება იმით, რომ სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია, საკითხის მრავალწლიანი შესწავლის შედეგად, ამა თუ იმ თეოლოგის ან თეოლოგთა შეხედულებას გამოაცხადებს შეუთავსებლად კათოლიკე ეკლესიის მოძღვრებასთან, რის შემდეგაც ამ შეხედულების ავტორს აღარ აქვს უფლება, თავისი თვალსაზრისი გაავრცელოს კათოლიკე ეკლესიის სახელით; ამ კონგრეგაციას უკანასკნელ ხანებამდე, პაპად არჩევამდე, სათავეში ედგა კარდინალი იოზეფ რაცინგერი, ამჟამად - პაპი ბენედიქტე XVI).

 

  
ჰერინგი ვერც ფიზიკურ განსაცდელს გადაურჩა: გარდაცვალებამდე ოცი წლით ადრე, ონკოლოგიური დაავადების გამო, მას  მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა, რის შედეგადაც მას ამოაჭრეს ხორხი. ბერნჰარდ ჰერინგი იძულებული გახდა, ხმის იოგების გარეშე დაუფლებოდა მეტყველებას. და მაინც, ამის შემდეგაც, სიკვდილამდე, იგი ისევ განაგრძობდა თავის ყოველდღიურ მოღვაწეობას - აღასრულებდა ღმრთისმსახურებას, კითხულობდა ლექციებს, ყოველთვის მზად იყო დახმარება აღმოეჩინა ყველა იმისთვის, ვისაც სულიერი ძიებების გზაზე მხარში ამოდგომა ან მეგზურობა სჭირდებოდა.

 
დაბოლოს, ერთი ეპიზოდი მამა ბერნჰარდ ჰერინგის საფრონტო წარსულიდან, რომლის შესახებაც იგი თავის ავტობიოგრაფიულ მოგონებებში მოგვითხრობს:


როცა მძაფრი ბრძოლებისას ერთ რუსულ სოფელს სასტიკად უტევდა არტილერია, იმ სახლში, სადაც გერმანელი ფერშალი, იგივე კათოლიკე მღვდელ-მონაზონი, შემთხვევით აღმოჩნდა, დიასახლისმა დაიჩივლა, რომ მისი სამი მცირეწლოვანი შვილიდან ორი მოუნათლავი იყო. მაშინ მამა ჰერინგმა გადაწყვიტა, რომ ყმაწვილების მონათვლა - სიკვდილის საფრთხის წინაშე - მთელი იმ სადღესასწაულო ზეიმურობით ჩაეტარებინა, როგორიც კი შესაძლებელი იყო იმ პირობებში.

 
რა თქმა უნდა, გერმანელი თეოლოგი მღვდლისაგან განსხვავებით, რუსმა გლეხის ქალმა არ იცოდა, რომ ქრისტიანული ეკლესიის კანონიკური სამართალი განსაკუთრებულ, საგანგებო და გამოუვალ მდგომარეობაში სრულიად შესაძლოდ მიიჩნევს მონათვლას არა მარტო სხვა აღმსარებლობის ღმრთისმსახურის, არამედ ერისკაცის მიერ და თვით უწყლოდაც კი. ამიტომ კათოლიკე მღვდელმა გადაწყვეტა, ქრისტეს ნათლის გარეშე არ დაეტოვებინა სასიკვდილო საფრთხეში აღმოჩენილი ყმაწვილები. “ზედმეტია იმის თქმა, რომ მე ისინი მართლმადიდებელ ქრისტიანებად მოვნათლე, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია იყო მათი სულიერი სამკვიდრებელი, - იხსენებდა შემდგომში ჰერინგი, - პირჯვარსაც მე იმ წუთებში მართლმადიდებლურად ვიწერდი  მარჯვნიდან მარცხნივ. ამ გამოცდილებამ კი ჩემი აზროვნების საზღვრები უფრო მეტად გააფართოვა”.

 

 
ამის შემდეგ, როცა აუცილებლობა მოითხოვდა, ომის ქარცეცხლში აღმოჩენილი რუსი თუ უკრაინელი ყმაწვილების მონათვლა ბერნჰარდ ჰერინგის სამღვდელო მოღვაწეობის განუყოფელ ნაწილად იქცა, იმ ხანგძლივი ცხოვრებისა და მოღვაწეობისა, რომელიც მიწიერ განზომილებაში 1998 წლის 3 ივლისს, ბავარიის მომცრო ქალაქ ჰაგ ინ ობერბაიბერნში, დასრულდა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group