GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

დესმონდ ტუტუ - სამართლიანობისთვის მებრძოლი "ცისარტყველას ქვეყნის" შვილი

ნინო ბექიშვილი


"ჩემი ჰუმანიზმი არ არსებობს თქვენი ჰუმანიზმის გარეშე.
ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიყოთ ჰუმანურები". დესმონდ ტუტუ

დესმონდ ტუტუს დღეს მთელ მსოფლიოში იცნობენ როგორც მშვიდობის დამცველ ცოტა ახირებულ, არაჩვეულებრივი იუმორის მქონე მოხუც ეპისკოპოსს “ცისარტყელას ქვეყნიდან”. გამოთქმა "ცისარტყველას ქვეყანა" მასვე ეკუთვნის, _ ოდესღაც ასე უწოდა თავის სამშობლოს, სამხრეთ აფრიკას, – მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ ქვეყანას, რომლის მცხოვრებლები ერთმანეთისგან კანის ფერითაც განსხვავდება.

 

გასული საუკუნის მეორე ნახევარი დესმონდ ტუტუს გარეშე ძალიან ბევრს დაკარგავდა. ადამიანი, ვინც ნელსონ მანდელასთან ერთად დაამარცხა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი აპარტეიდის რეჟიმი, დღეს უკვე მთელ პლანეტაზე მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისთვის იღვწის და ცდილობს, ყველა ჩაგრულ და გაჭირვებაში მყოფ ადამიანს გამოესარჩლოს, – არავის და არაფერს ერიდება და მრავალნაირ ხერხს მიმართავს: წიგნებს წერს, ბევრს მოგზაურობს, ლექციებს კითხულობს, სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე გამოდის, ჰოლივუდის ვარსკვლავებს ხვდება და ინტერვიუს აძლევს; დაბოლოს – 73 წლის ეპისკოპოსმა ბროდვეის სპექტაკლშიც კი ითამაშა, რომელსაც ასე ჰქვია: "გუანტანამო – ღირსებამ თავისუფლება უნდა დაიცვას". ტუტუს გმირი, მოსამართლე, ბრალს სდებს ამერიკის მთავრობას, რომელიც გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე ტყვე თალიბებს არაადამიანურ პირობებში ამყოფებდა. სპექტაკლს ადამიანის უფლებების შესახებ სემინარები და ლექციები ერთვოდა, რომლებშიც ცნობილი საზოგადო მოღვაწეები იღებდნენ მონაწილეობას.  “ეს უფრო ქადაგებაა, ვიდრე სპექტაკლი~, წერდა "თაიმსი", ამიტომაც მქადაგებლის კათედრას მიჩვეულ ეპისკოპოსს არ გაუჭირდა როლში შესვლა. ის, რასაც მთელი ცხოვრება ემსახურება, ანუ ადამიანის უფლებები, როცა დასჭირდა, დესმონდ ტუტუმ მსახიობის ამპლუაშიც დაიცვა".

 

დესმონდ ტუტუ მთელი მსოფლიოს ქრისტიანთა გაერთიანებისთვის იღვწის და ამბობს, რომ ეკლესიებს მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში შეუძლიათ ეფექტურად იბრძოლონ სამართლიანობისთვის. ~წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ჩრდილოეთ ირლანდიასა და სხვა ქვეყნებში, იქ რომ ეკლესიები ერთად გამოდიოდნენ და საუბრობდნენ. ეკლესიათა ცალ-ცალკე დგომა კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ  და სოციალურ უფსკრულს.

 

ტუტუ მსოფლიოში ცნობილ ოც სხვა აკადემიკოსთან, პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან ერთად გაეროს გენერალური მდივნის ერთ მნიშვნელოვან ინიციატიავაში მონაწილეობს.  ცივილიზაციების ალიანსი - ასე ჰქვია ამ წამოწყებას, რომლის მიზანი ექსტრემიზმის ჩახშობა და იმ კულტურული და სოციალური ბარიერების გადალახვაა, რომლებიც დასავლეთისა და მუსლიმური სამყაროს პოლარიზებას და მტრობას იწვევს.

 

დღეს ტუტუს ბევრი აკრიტიკებს პალესტინელი ხალხის ღია მხარდაჭერისთვის. "ჰოლოკოსტი არ აძლევს იმის უფლებას ებრაელებს, რომ მშვიდობიანი პალესტინელები დახოცონ" - ამგვარი გამონათქვამების გამო ტუტუს ანტისემიტიზმში დასდეს ბრალი და მკაცრადაც გააკრიტიკეს. 2006 წლის 30 ნოემბრიდან დესმონდ ტუტუ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მანდატით შექმნილ მისიას ხელმძღვანელობს, რომლის მიზანი ისრაელში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მოძიება და დადგენაა. ცნობილია, რომ ამ ოპერაციების დროს უამრავი უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპა.

 

შარშან ზაფხულში, პეკინის ოლიმპიადის დროს, დემონდ ტუტუმ, ვაცლავ ჰაველთან და სხვა რამდენიმე ნობელიანტთან ერთად მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა არ ჩასულიყვნენ პეკინში, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა; იმავე განცხადებაში მან მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი ჩეჩნეთის ომის გამო, და დანარჩენი მსოფლიო - იმიტომ, რომ თვალი დახუჭა ჩეჩნეთში ამდენი წლის განმავლობაში მიმდინარე ბარბაროსობაზე, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა.

 

დესმონდ ტუტუ რადიკალური განცხადებებით გამოდის ჰომოსექსუალთა უფლებების დასაცავადაც. 1998 წელს მან კენტერბერიის ეპისკოპოსს ჯორჯ კერის მისწერა, - მრცხვენია, ანგლიკანი რომ ვარო. ეს ლამბერტის კონფერენციის შემდეგ მოხდა, როცა ანგლიკანმა ეპისკოპოსებმა ჰომოსექსუალ მღვდლებს მსახურება აუკრძალეს და აღნიშნეს, რომ მათი სექსუალური ორიენტაცია შეუთავსებელი იყო წმიდა წერილთან. "ღმერთი, ალბათ, ქვითინებს, როცა ხედავს, რა საშინელებს ვუკეთებთ ერთმანეთს. და ამ ყველაფრის ფონზე ეკლესია, და განსაკუთრებით ანგლიკანური ეკლესია, პოულობს დროს იმისათვის, რომ ადამიანების სექსუალობაზე ისაუბროს. თუკი ღმერთი, როგორც ისინი ამბობენ, ჰომოფობია, მაშინ მე ვერ ვცემ თაყვანს ასეთ ღმერთს. გარყვნილებაა ჩათვალო, რომ ადამიანი ჰომოსექსუალობას თავად ირჩევს. მხოლოდ შეშლილი თუ მოინდომებს ისეთი ცხოვრების წესის არჩევას, რომლის გამოც ასე შეიძულებენ. რასისტულ საზოგადოებაში შეიძლება ასეთივე წარმატებით ამტკიცო, რომ ადამიანები თავად ირჩევენ კანის ფერს~. მაშინ, ამ განცხადების გამო დესმონდ ტუტუს ლამის მთელი საქრისტიანო დაუპირისპირდა. კენტერბერიის ეპისკოპოსმა ლორდ კერიმ განაცხადა, ტუტუ ტოლერანტობასა და ჰომოსექსუალობის პროპაგანდას ერთმანეში ურევსო, ინგლისში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელმა ენ ვიდკომბმა კი აღნიშნა, რომ დესმონდ ტუტუ ყველა ზღვარს გადავიდა და ცდილობს წაშალოს საზღვარი ორიენტაციასა და მოქმედებებს, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. ამ კრიტიკას ხანშიშესული ეპისკოპოსი ასე პასუხობს: ~ვერ გამაჩუმებთ. მე იმ რეალობიდან მოვდივარ, სადაც ადამიანებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ იმის გამო, რასაც, რომც მოენდომებინათ, ვერ შეცვლიდნენ _ თავიანთი ეთნიკური წარმომავლობის გამო. ჩვენ იმიტომ ვიტანჯებოდით, რომ არ გვქონდა თეთრი კანი. შემდეგ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი ეკლესია არ აღიარებდა ქალს და ჩვენც კაცობრიობის უდიდეს ნაწილს განვიკითხავდით და ვსჯიდით კვლავაც იმის გამო, რასაც ვერ შეცვლიდნენ _ თავიანთი სქესის გამო. და ამიტომ დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ეკლესიაში ბევრი რამ შეიცვალა. ბედნიერი ვარ, რომ აპარტეიდი წარსულს ჩაბარდა. ხოლო მაშინ, როცა ეს ყველაფერი იყო, მე ვერ ვჩუმდებოდი. ჩემი არსების არცერთ ნაწილს გულხელდაკრეფილი ჯდომა არ შეეძლო, იმიტომ, რომ ვხედავდი, ხალხს სჯიდნენ, დევნიდნენ, ისე ეპყრობოდნენ, როგორც ადამიანის მოდგმაზე დაბლა მდგომ არსებებს, თანაც მხოლოდ იმის გამო, რასაც ვერ შეცვლიდნენ _ კანის ფერისა და სექსუალური ორიენტაციის გამო. ქრისტე, რომლისაც მწამს, არის ღმერთი, რომელიც მუდამ დამცირებულთა, წამებულთა მხარეს იყო, მეტიც, მან განსაცდელში თავი სწორედ ამის გამო ჩაიგდო".

 

დესმონდ ტუტუ მთელ მსოფლიოში სიღარიბის დასაძლევადაც იბრძვის. სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ყველაფერი იღონონ სიღარიბის დასამარცხებლად. ინტერვიუში, რომელიც შარშან ბრედ პიტს მისცა, ტუტუმ ამ პრობლემაზეც ისაუბრა: ~საქმე ძალიან მარტივადაა, თუ საზოგადოება ღარიბია, ეს ლოგიკურად ხდება არასტაბილურობის სათავეც. თუ ამ ღარიბ საზოგადოებას მომგებიანი ეკონომიკური ცხოვრებიხ აწყობაში წაეხმარებიან, მაშინ ის არასტაბილურობის კერიდან კარგ საბაზრო ასპარეზად იქცევა ხოლმე. ვერ ვხვდები, როგორ შეგვიძლია ვხარჯოთ წარმოუდგენლად დიდი თანხები თავდაცვაზე. ზუსტად არ ვიცი, ეს რა ჯდება, მაგრამ ხომ ფაქტია - ლაპარაკია კოშმარულად დიდ თანხებზე, მილიარდებზე, ტრილიონებზე... ისღა დამრჩენია იმედი ვიქონიო, რომ ჯერ თქვენნაირი ადამიანები და შემდეგ ჩვენნაირი უბრალო ადამიანებიც ხმას აიმაღლებენ და იტყვიან: ~მოდით, შევწყვიტოთ ეს სისულელე. ეს, უბრალოდ, უაზრობაა!” ამხელა თანხების გამოყოფა თავდაცვის სისტემების შექმნაზე უკუშედეგს იწვევს - დღევანდელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანი თავს კიდევ უფრო დაუცველად გრძნობს. ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და ძვირადღირებული თავდაცვის სისტემა ამერიკას აქვს. მაგრამ მისი მწყობრიდან გამოყვანა კაბელის ერთი მაკრატლითაც შეიძლება. ანუ გამოდის, რომ არ არსებობს 100 პროცენტით დაცული და საიმედო სისტემა. გარწმუნებთ, გაცილებით უკეთესია, ჯერ მეგობრები შეიძინო, ვიდრე ყველა შენი მტერი გეგონოს მანამდე, სანამ საწინააღმდეგოში არ დარწმუნდები... სულ ამის თქმას ვცდილობ ხოლმე და ახლაც გავიმეორებ: თქვენ გინდათ ეომოთ ტერორიზმს? ერთს გეტყვით მხოლოდ: ამ ომს ვერ მოიგებთ! მორჩა! ამ ომს ვერ მოიგებთ მანამ, სანამ ძირფესვიანად არ აღმოფხვრით იმ ფაქტორებს, რაც ხალხის სასოწარკვეთისა და გამწარების მიზეზია. მხოლოდ ამის შემდეგ გაიაზრებთ, რომ უკვე შეგიძლიათ, მშვიდად ისხდეთ და აღარ განერვიულებდეთ ის ფაქტი, რომ ვიღაც თქვენზე გაბრაზებულია და შურისძიებას აპირებს".

 

უბუნტუს ფილოსოფია, მშობლიური ბანტუს ტომის გამოცდილება მთელ მსოფლიოს დესმონდ ტუტუმ გააგებინა.დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღია ოპერაციულ სისტემას ეს უცნაური სახელი - უბუნტუ - ჰქვია. თვითონ ტუტუ უბუნტუს არსს იმავე ინტერვიუში ასე განმარტავს: "უბუნტუ ადამიანად ყოფნის არსია. ჩვენს ენაზე ადამიანსაც ვეძახით უბუნტუს და ამ სიტყვასვე ვხმარობთ, როცა გვინდა ვთქვათ, რას ნიშნავს იყო ადამიანი. ძირეულად, უბუნტუ ისაა, რასაც ყველაზე ხშირად ძველ აღთქმაში აწყდები. სწორედ ძველი აღთქმის ტექსტებში - ვთქვათ, ფსალმუნების კითხვისას - ხანდახან ვერ ხვდები ზუსტად რა იგულისხმება ~მე~-ში: მხოლოდ ერთი ინდივიდი, თუ ინდივიდთა კრებული. ჩვენთანაც ასეა: ადამიანს ვაფასებთ სხვა ადამიანებთან მიმართებაში. არ შეიძლება იყო ადამიანი და სხვა ადამიანებისგან განცალკევებით იდგე. ადამიანი მხოლოდ ურთიერთობებში ხარ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის უნარი და პოტენციალი, რომ ყველა ვარჩინოთ, ყველა, მთელ პლანეტაზე. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ყველას ჰქონდეს სუფთა წყალი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ყველა ბავშვს ჩაუტარდეს საჭირო აცრები. შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ იმ სნეულებათა უმრავლესობა, რითაც უამრავი ბავშვი იტანჯება ჩვენი პლანეტის უღარიბეს ქვეყნებში. და ღვთის გულისთვის! რატომ არ შეგვიძლია იმ ფაქტის აღიარება, რომ არ შეგვწევს უნარი, მოვიპოვოთ სრული უსაფრთხოება? თუ აპირებ თავდაცვის სისტემა შექმნა, მაშინ ის გამონაკლისების გარეშე ყველას უნდა იცავდეს. თუ გინდა იყო თავისუფალი, უბრალოდ, ვერ შეძლებ ამ ფასეულობით კარანტინის პირობებში დატკბე. თუ გინდა თავისუფალი იყო, მაშინ ყველა, აბსოლუტურად ყველა შენს გარშემო, თავისუფალი უნდა იყოს. დაბოლოს, თუ გინდა იყო ადამიანი, მარტო ვერ იქნები. ადამიანები ადამიანურობას ერთად აღწევენ", - ამბობს დესმონდ ტუტუ და ეს მისი ძირითადი გზავნილია კაცობრიობისთვის.

 

დესმონდ ტუტუ სამხრეთ აფრიკაში, კლერკსდორპში დაიბადა 1931 წელს, მამამისი, ზაქარია ტუტუ, მეთოდისტური სკოლის პედაგოგი იყო, დედა - დიასახლისი. ტუტუ მეთოდისტურ ეკლესიაში მონათლეს, მაგრამ შემდეგ მთელმა ოჯახმა შეიცვალა რწმენა და ანგლიკანები გახდნენ. მას შემდეგ, რაც იოჰანესბურგში გადავიდნენ, მან სულიერ მოძღვრად თრევორ ჰადლსტონი აირჩია, მღვდელი, რომელიც ბედავდა დ აპარტეიდის მწვავე კრიტიკით გამოდიოდა. ტუტუმ საშუალო სკოლა იოჰანესბურგში დაამთავრა, ძალიან უნდოდა, ექიმი გამხდარიყო, მაგრამ მის ხელმოკლე მშობლებს სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლოთ. ბაკალავრის დიპლომი იოჰანესბურგის უნივერსიტეტში მიიღო და 1954-57 წლებში საშუალო სკოლაში დაიწყო მასწავლებლობა. 1957 წელს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ბანტუსთვის დისკრიმინაციული საგანმანათლებლო კანონები მიიღო, ტუტუმ პროტესტის ნიშნად მასწავლებლობა მიატოვა და გადაწყვიტა, მღვდელი გამხდარიყო. სწავლა გააგრძელა, 1960 წელს იოჰანესბურგის წმიდა პეტრეს სახელობის თეოლოგიური კოლეჯი დაამთავრა და სასულიერო სამსახურს შეუდგა.

 

მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გამოცდილება, რაც ლონდონის სამეფო კოლეჯში სწავლისას მიიღო. ტუტუ სამშობლოში თეოლოგიის მაგისტრის დიპლომით და საკუთარ თავში ბევრად უფრო დარწმუნებული დაბრუნდა. შემდეგ იგონებდა, რომ სწორედ ევროპაში მიღებულმა გამოცდილებამ მისცა საშუალება უფრო გაბედულად და მწვავედ ეკამათა "თეთრებთან".
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გამარჯვებულმა ნაციონალურმა პარტიამ ქვეყანაში დისკრიმინაციული რეჟიმი დაამყარა, რომელიც მთელ მსოფლიოში აპარტიედის სახელითაა ცნობილი. ეს რეჟიმი მკაცრ რასობრივ სეგრეგაციას გულისხმობდა, რასაც, ბუნებრივია, სამხრეთ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. პროტესტს თავიდან მასობრივი ხასიათი არ ჰქონია. მაშინ, 60-იან წლებში, ანტიაპარტეიდული მოძრაობა ჯერ მხოლოდ ფეხს იკიდებდა.

 

1975 წელს, დესმონდ ტუტუ იოჰანესბურგის ღვთისმშობლის ტაძრის მღვდელმთავარი გახდა; ის იყო პირველი შავკანიანი, რომელიც ამ პოსტზე დაინიშნა. მისი ანტიაპარტეიდული გამოსვლებიც ყველაზე აქტიურად ამ დროს დაიწყო. ამ პერიოდშივე გამძაფრდა ანტიაპარტეიდული მოძრაობა მთელ ქვეყანაში. ტუტუსთვის პოლიტიკა და რელიგია განუყოფელი ცნებებია. "ღმერთი ბიბლიაში ჩანს, როგორც პოლიტიკური გამოცდილების განსახიერება, ის, ვინც ადამიანებს მონობისგან ათავისუფლებს" - წერდა დესმონდ ტუტუ 1976 წელს, როცა სოუეტოს ახალგაზრდობამ აპარტეიდის წინააღმდეგ ძალადობრივი გზებით დაიწყო ბრძოლა. მაშინ დესმონდ ტუტუმ შავკანიან აქტივისტ მხატო მონალოისთან ერთად მოახერხა, რომ ახალგაზრდობის პროტესტს მშვიდობიანი ფორმები მიეღო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაშინ 600 ფერადკანიანი მოქალაქე გახდა აპარტეიდის რეჟიმის მსხვერპლი, ათასობით დაიჭრა, ძალიან ბევრი დააპატიმრეს. ახდა ის, რასაც დესმონდ ტუტუ პრემიერ-მინისტრ ვორსტერს პირად წერილში სწერდა - სამხრეთ აფრიკაში სიტუაცია დენთის კასრს ჰგავს, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდესო. მაშინ მინისტრმა შავკანიან მღვდელს არ უპასუხა. სამხრეთ აფრიკის მთავრობას ტუტუ უკვე არასაიმედო და საშიშ მოწინააღმდეგედ მიაჩნდა.

 

1978 წელს ლესოტის ეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ სამხრეთ აფრიკის ეკლესიათა საბჭოს გენერალურ მდივნად აირჩიეს. მის ორგანიზაციაში 13 მილიონი ქრისტიანი შედიოდა, რომელთა 80 პროცენტი ფერადკანიანები იყვნენ. ამ ორგანიზაციის სახელით ტუტუ აპარტეიდის დისკრიმინაციული სისტემის დასრულებას მოითხოვდა. მისი ქადაგებები ბეჭდური სახით მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა. ეკლესიათა საბჭოს ძირითადი სახსრები კი უკანონოდ დატუსაღებულ მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს ხმარდებოდა. ტუტუ შემდეგ იხსენებდა, რომ სამხრეთ აფრიკაში სამართლიანობისთვის ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები მაშინ დგებოდა, როცა ეკლესია აშკარად გამოდიოდა აპარტეიდის წინააღმდეგ: ~მახსოვს, ორმოცდაათი სასულიერო პირი, სხვადასხვა კონფესიის წამომადგენლები, ეკუმენური ჯგუფის წევრები, იოჰანესბურგში დაგვაპატიმრეს, იმიტომ, რომ დემონსტაცია გავმართეთ - ჩვენი კოლეგის დაკავება გავაპროტესტეთ. სასამართლოს სარდაფში კამერებში ვისხედით, განაჩენს ველოდით და თან ვლოცულობდით, ლიტურგიაც აღვავლინეთ. აწ განსვენებულმა კონგრეგაციონალური ეკლესიის მეთაურმა და ეკლესიის ერთობის კომისიის თავმჯდომარემ ვერ მოითმინა, აქვითინდა და მითხრა: ამდენი ხანია ეკლესიის ერთობისთვის ვიღვწი, მარამ არასდროს განმიცდია ის, რასაც ახლა განვიცდიო. მაშინ იქვე, კამერაში, მოვაგროვეთ ფული ერთი ახალგაზრდა ქალისთვის, რომელსაც, თუ ჯარიმას არ გადაიხდიდა, პატიმრობა ელოდა".

 

თავის ქადაგებებში, გამოსვლებში, წიგნებში დესმონდ ტუტუ ღიად აკრიტიკებდა სამხრეთ აფრიკის მთავრობას, რომელმაც დიდი ქალაქებიდან შავკანიანი მოსახლეობის შორ პროვინციებში მასობრივად გადასახლება დაიწყო. ამასთანავე ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა ლექციების წასაკითხად და კრიტიკის ტრიბუნად ევროპისა და აზიის ტელევიზიებს იყენებდა. დანიაში ყოფნისას ტუტუმ ტელევიზიით მოუწოდა ევროპის მთავრობებს, ეკონომიკურ ბლოკადაში მოექციათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ეს ბერკეტი სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი ფერადკანიანი მოქალაქეების დასაცავად გამოეყენებინათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დესმონდ ტუტუ არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკის მთავრობას აკრიტიკებდა, არამედ გმობდა რამდენიმე ანტიაპარტეიდული დაჯგუფების ძალადობრივ ტაქტიკასაც. მიაჩნდა, რომ საჭიროა მოლაპარაკება, რომ ტერორიზმი გამოსავალი არ არის. მისი ბრძოლა, ერთი მხრივ, ქვეყნის თეთრკანიანი მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული, მეორე მხრივ კი - ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ დესმონდ ტუტუს პასპორტი ორჯერ ჩამოართვეს (ეს კი სამხრეთ აფრიკაში სერიოზულ გაფრთხილებას ნიშნავდა), მას არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა. ის აფრთხილებდა მთავრობას, რომ რეჟიმის გამკაცრება ახალ სისხლისღვრებს გამოიწვევდა.

 

1984 წელს, მაშინ, როდესაც სამხრეთ აფრიკის მთავრობამ სამხრეთ-აფრიკის ეკლესიათა საბჭოს ფინანსური მოღვაწეობის შესწავლა გადაწყვიტა, და იქ ~დარღვევებიც~ აღმოაჩინა, დესმონდ ტუტუს მშვიდობის ნობელის პრემია მიანიჭეს. მაშინ ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ეგილ ორვიკმა განაცხადა: "წლევანდელი პრემია უნდა განვიხილოთ როგორც ყველა იმ სამხრეთ აფრიკელის გმირობისა და გამბედაობის აღიარება, ვინც მშვიდობიანი გზებით იბრძვის აპარტეიდის წინააღმდეგ. კომიტეტს სურს განაცხადოს, რომ მშვიდობის პრემია არა მხოლოდ დესმონდ ტუტუსა და სამხრეთ-აფრიკის ეკლესიათა საბჭოს აღიარებაა, არამედ სამხრეთ აფრიკის იმ მოქალაქეებისაც, რომლებმაც ჩვენი სიმპათია ადამიანური ღირსების, ერთობისა და დემოკრატიის ერთგულების გამო დაიმსახურეს".

 

სანობელე სიტყვაში დესმონდ ტუტუმ აღნიშნა: "მშვიდობა არ არის იქ, სადაც არ არის სამართლიანობა. ვიყოთ მშვიდობის მომხრეები, მშვიდობის მომხრეთ უფალმა ცათა სასუფეველი გაუმზადა. თუ მშვიდობა გვინდა, სამართლიანობის სახელით უნდა ვიბრძოლოთ".

 

1984 წლის ნოემბერში ანგლიკანურ ეპისკოპოსთა სინოდმა დესმონდ ტუტუ კეიპტაუნის ეპისკოპოსად აირჩია, ორი წლის შემდეგ ის პირველი შავკანიანი არქიეპისკოპოსი გახდა. მაშინ ტუტუ სოუეტოს შავკანიანთა უბანში დასახლდა. მას არასდროს უცხოვრია თეთკანიანთა პრესტიჟულ კვარტალში, მდიდრულ საეპისკოპოსო რეზიდენციაში.


1985 წელს ქალწული მარიამის ტაძარში ტუტუმ მოუწოდა სამხრეთ აფრიკის თეთრკანიან მოსახლეობას, გაგებით მოჰკიდებოდნენ ფერადკანიანებს. "საქმე ის არის, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ჩვენც გვიყვარს ოჯახთან ერთად ყოფნა, გვიხარია, როცა საღამოობით, სამსახურის შემდეგ შინ ვბრუნდებით და შვილები გვხვდებიან. ამაში არაფერია არაჩვეულებრივი. ეს ნებისმიერი ადამიანის მოთხოვნილებაა. ჩვენ გვინდა ვიხილოთ ახალი აფრიკა, სადაც ყველანი, თეთრკანიანები და შავკანიანები, ერთად შევხვდებით იმ მომავალს, რომელიც უფალმა გაგვიმზადა".

 

აპარტეიდის დასრულების შემდეგ, 1995 წელს ნელსონ მანდელამ დესმონდ ტუტუ ~სიმართლის და შერიგების საბჭოს~ თავმჯდომარედ დანიშნა. ეს ორგანიზაცია აპარტეიდის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს იძიებდა და საჭირო შემთხვევაში დამნაშავეების ამნისტიას აწერდა ხელს. 1999 წლამდე საბჭომ 7 ათასამდე საქმე განიხილა და აქედან მხოლოდ 150 ბრალდებულის შეწყალებას მოაწერა ხელი. დანარჩენების საქმეები შესაბამის ორგანოებს გადაეცა შემდგომი ძიებისთვის. დესმონდ ტუტუს პრინციპულობის გამო საბჭოს მუშაობას უამრავი სკანდალი სდევდა თან; მათი საშუალებით იმგვარ ფაქტებს ეხდებოდა ფარდა, რომელთა შესახებ ხმამაღლა ვერ იმსჯელებდნენ. საბჭოს მუშაობის შედეგად ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა პოლკოვნიკ იუჯინ დე კოკს, რომელიც აფრიკელების გამოსვლებს სასტიკი მეთოდებით ახშობდა. დესმონდ ტუტუს საბჭო არც ანტიაპარტეიდულად განწყობილ აფრიკელებს ინდობდა. მათ ამხილეს ნელსონ მანდელას ყოფილი მეუღლე ვინი მადიკიზელა-მანდელაც და აპარტეიდის დროს ძალადობაში დასდეს ბრალი.

 

დესმონდ ტუტუ ნობელის პრემიის გარდა უამრავ ჰუმანიტარულ ჯილდოს ფლობს, მათ შორის, განდის სახელობის პრემიასაც.  
ტუტუს სწამს, რომ მსოფლიოში არსებულ მრავალ დაპირისპირებასა და ომში დამნაშავეა არა რელიგია, არამედ ადამიანის უგუნურება: "პრობლემა რელიგიებში არ არის, რადგან რელიგია სინამდვილეში ბევრ არაჩვეულებრივ ადამიანს შობს... აი, თუნდაც ბუდიზმი. ბუდიზმმა შვა დალაი ლამა. აი, თუნდაც ინდუიზმი - მან შვა მაჰათმა განდი. ქრისტიანობის ნაყოფია დედა ტერეზა, მარტინ ლუთერ კინგი. ეს საერთო სურათია, რომელსაც ვერსად წაუხვალ, უნდა აღიარო. მაგრამ ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება ერთმა რამემ შვას კარგიც და ცუდიც? ამას იმიტომ ვამბობ, რომ არსებობდა იგივე კუ კლუქს კლანი. კუ კლუქს კლანი იჩემებდა, რომ ქრისტიანობის პრინციპებით მოქმედებდა. ანდა შეხედეთ, რას აკეთებენ ჩრდილოეთ ირლანდიაში. უყურებ ყოველივე ამას და გამოგაქვს დასკვნა: არა, ეს არ არის რელიგიისა და რწმენის პრობლემა, რადგან არასდროს არცერთი რელიგია მორწმუნისგან არ ითხოვს მკვლელობას. არცერთ რელიგიას არასდროს არ უქადაგია ერთი ადამიანის მიერ მეორის შევიწროება".


 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 21 სექტემბერი

როშ ჰაშანა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group