GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

დისკრიმინაციის აკრძალვა

ბესარიონ ბოხაშვილი


I შესავალი


დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც აშკარად შეიმჩნევა ადამიანის უფლებათა დაცვის სულ უფრო და უფრო მზარდი სტანდარტების გამოვლინება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ამ სტანდარტებზე ადამიანთა თანასწორ ხელმისაწვდომობას და დისკრიმინაციის აკრძალვას. კანონის წინაშე თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა იმდენად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ამ კონცეპციის ვიწროდ ან მხოლოდ სიტყვასიტყვით, ლიტერატურული მნიშვნელობით განმარტება, დააკნინებდა მის სამართლებრივ მნიშვნელობას. იმისათვის რათა ჯეროვნად ჩავწვდეთ დისკრიმინაციის არსს აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული არამხოლოდ ფორმალური, არამედ პრაქტიკული მხარეებიც.

 

"კანონის წინაშე თანასწორობა არ ნიშნავს ... აბსოლუტურ თანასწორობას, სახელდობრ კი ადამიანთა მოპყრობას მათი ინდივიდუალური კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების გარეშე, არამედ იგი ასახირებს პრინციპს, რომლის თანახმადაც თანაბრად უნდა განხორციელდეს მოპყრობა მათდამი ვინც იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში, ასევე თანაბრად უნდა განხორციელდეს მოპყრობა მათდამი ვინც არ იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში".

 

ზემოხსნებულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს და ამავე დროს, ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი მრავალი საზედამხედველო ინსტიტუტის იურისპურდენციისა თუ პრეცედენტული სამართლის ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება გამოვავლინოთ სახელმწიფოების ფართო პასუხისმგებლობა და ვალდებულებათა სახეები დისკრიმინაციის აკრძალვის სფეროში. კერძოდ, სახელმწიფოებს ეკისრებათ, როგორც ნეგატიური ვალდებულება (თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს ) ასევე პოზიტიური ვალდებულება (განსხვავებულად მოეპყრან არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს, რათა მათ თანასწორი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უფლებებსა და თავისუფლებებზე). სახელმწიფოს როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის ეფექტურ პრევენციაში, რადგანაც მართლაც, რომ მრავლად არსებობს საშუალებები, გზები და ხშირად, სამწუხაროდ, სურვილიც (განზრახ ან დუმილით გამოხატული) არათანაბარი მოპყრობის განხორციელებასთან დაკავშირებით. პრაქტიკაში უმეტესწილად გვხვდება დისკრიმინაციის გამოვლინება პირდაპირ და არაპირდაპირ ფორმებში.

 

პირდაპირი დისკრიმინაციის კონცეპცია ეწინააღმდეგება ფორმალური თანასწორობის იდეას და წარმოადგენს თანაბარ პირობებში მყოფი პირების არათანასწორ მოპყრობას აკრძალულ ნიადაგზე.

 

არაპირდაპირ დისკრიმინაციას ადგილი აქვს მაშინ როდესაც გარკვეული პრაქტიკა, მოქმედი ნორმა, მოთხოვნა ან პირობა ერთი შეხედვით ნეიტრალური ჩანს, მაგრამ მათი შედეგი ან ზეგავლენა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს კონკრეტულ ჯგუფზე.

 

თუმცა ზემოხსენებული არ უნდა იქნეს აღქმული იმგვარად, რომ დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს `ობიექტური და გონივრული გამართლება~. რას წარმოადგენს ობიექტური და გონივრული გამართლება? იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. ასეთი აუცილებლობის დროს შესაძლებელია გამართლებული იქნეს დისკრიმინაცია თვით აკრძალულ ნიადაგზეც კი (ეროვნული კუთვნილების, რასის ან სქესის ნიადაგზე). მაგალითად დამსაქმებელს, რომელმაც გახსნა მექსიკური რესტორანი, შეუძლია შეფ მზარეულის ვაკანსიის დაკავების მსურველების წრე შეზღუდოს მხოლოდ ეთნიკური მექსიკელებით ხოლო ფილმის პროდიუსერმა კი მოითხოვოს შავი კანის ფერის მსახიობის მონაწილეობა ნელსონ მანდელას ცხოვრებასთან დაკავშირებული ფილმის გადაღებაში.

 

II. დისკრიმინაციის აკრძალვა საერთაშორისო აქტებსა და საზედამხედველო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში


დისკრიმინაციის აკრძალვა მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებაშია მოხსენებული. ადამიანის უფლებათა სფეროში უნივერსალურ დონეზე მიღებული აქტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. პაქტის მე-2 და 26-ე მუხლები კრძალავენ დისკრიმინაციას. შესაძლოა დაიბადოს ლოგიკური კითხვა: რა საჭიროა ერთ საერთაშორისო პაქტში ორი ანალოგიური დებულების არსებობა. პასუხი მარტივია. პაქტის მე-2 მუხლი დისკრიმინაციას კრძალავს მხოლოდ პაქტით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან მიმართებაში. პაქტის 26-ე მუხლი კი არ არის შეზღუდული მხოლოდ პაქტით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობით, არამედ ეს უკანასკნელი კრძალავს დისკრიმინაციას ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით (ეროვნული თუ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით) გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან მიმართებაში. პაქტის 26-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა ანალიზისას ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტმა საქმეზე Broesk v the Netherlands (No.172/1984, IჩჩPღ) დაადგინა, რომ მაშინ როდესაც 'სახელმწიფოები თავიანთი სუვერენული უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ კანონმდებლობას, პაქტის 26 მუხლი მოითხოვს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლება თუ შეღავათი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დისკრიმინაციის გარეშე~. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტმა თავის ზოგად კომენტარში განაცხადა, რომ 26-ე მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას აკრძალონ და იმოქმედონ დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ.

 

სწორედ სახელმწიფოში არსებულ კანონდმებლობაზე, აღმასრულებელი და მართლმსაჯულების ორგანოების სწორ პრაქტიკაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის, მიუხედავად მისი სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსისა, თანასწორი ხელმისაწვდომობა სამართლებრივ გარანტიებზე. პაქტის 26-ე მუხლის თანახმად დისკრიმინაციის საფუძვლების ჩამონათვალი ღიად არის დატოვებული. ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტის იურისპრუდენცია ნათლად მეტყველებს, რომ დებულება `სხვა სტატუსის ნიადაგზე" მიუთითებს დამატებით საფუძვლებზე, რომლებიც მართალია არ არის მითითებული პაქტის 26-ე მუხლში მაგრამ მათ საფუძველზე განხორციელებული დისკრიმინაცია თანაზომიერად არის აკრძალული. ხსენებული ნათლად იქნა დადასტურებული ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტის მიერ საქმეზე Gueye v. Franceე (N. 196/1983, ICCPR) მიღებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა, რომ მიუხედავად 26-ე მუხლში არსებულ ჩამონათვალში ეროვნულ ნიადაგზე დისკრიმინაციის აკრძალვის არ არსებობისა, დებულება "სხვა სტატუსი" მოიაზრებდა და შესაბამისად კრძალავდა დისკრიმინაციის განხორციელებას ისეთ საფუძველზე, როგორიც არის ეროვნული კუთვნილება.

 

რაც შეეხება ნათლად ფორმულირებულ დისკრიმინაციის საფუძვლებს ადამიანის უფლებათა კომიტეტი განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენს სქესის ნიადაგზე დაფუძვნებულ განსხვავებულ მოპყრობასთან მიმართებაში. საქმეში Avellanal v. Peru (N. 202/1986, ICCPR) ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაგმო და პაქტის 26-ე მუხლთან შეუსაბამოდ გამოაცხადა პერუს კანონმდებლობა, რომელიც არ აძლევდა უფლებას ქალებს ეროვნული სასამართლოების წინაშე ოჯახის საერთო საკუთრებასთან დაკავშირებით ედავათ. საქმეში Young v. Australia (N. 941/2000, ICCPR) ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კომიტეტისათვის დაედასტურებინა, თუ რა საჭიროებას წარმოადგენდა და რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა ერთი და იგივე სქესის პარტნიორებისათვის იმ შეღავათებზე უარის თქმა, რომლებიც უზრუნველყოფილი იყო ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალური დაუქორწინებელი წყვილებისათვის.

 

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ასევე გაეროს ფარგლებში მიღებული რამოდენიმე მნიშვნელოვანი აქტი 1965 წლის კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და 1979 წლის კონვენცია ქალების მიმართ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. მაშინ როდესაც პირველი კონვენციის მოქმედების სფერო ვრცელდება ყველა პირთან მიმართებაში, მეორე კონვენცია ძირითადად ორიენტირებულია კონკრეტული სამიზნე ჯგუფის ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ. განსხვავება მდგომარეობს ასევე დისკრიმინაციის საფუძვლებს შორის მაშინ როდესაც 1965 წლის კონვენცია დისკრიმინაციას კრძალავს რასის, კანის ფერის, წარმოშობის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის საფუძველზე, 1979 წლის კონვენცია ქალების მიმართ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ დისკრიმინაციას კრძალავს მხოლოდ სქესის ნიადაგზე.

 

რეგიონულ დონეზე განსაკუთრებულად აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მისი მე-14 მუხლი და მე-12 დამატებითი ოქმი. განსხვავება კონვენციის მე-14 მუხლსა და მე-12 ოქმს შორის ანალოგიურია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ გაეროს პაქტის მე-2 და 26-ე მუხლებს შორის არსებული განსხვავებისა. პაქტის მე-2 მუხლის მსგავსად კონვენციის მე-14 მუხლი დისკრიმინაციას კრძალავს მხოლოდ კონვენციითა და დამატებითი ოქმებით განსაზღვრულ უფლებებთან მიმართებაში, მაშინ როდესაც კონვენციის დამატებითი მე-12 ოქმი პაქტის 26-ე მუხლის მსგავსად კრძალავს დისკრიმინაციას ხელშემკვრელი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დებულებასთან მიმართებაში.
დისკრიმინაციის შესაძლო ფორმები, რომლებიც ჩამოთვლილია მე-14 მუხლში, ამომწურავი არ არის და დებულება `სხვა სტატუსი~ ფართო დისკრეციას უტოვებს კონვენციის საზედამხედველო ორგანოს დაადგინოს დისკრიმინაციის არსებობა ისეთ საფუძველზე, რომელიც ნათლად და ერთმნიშვნელოვნად არ არის მოხსენებული კონვენციის მე-14 მუხლში.


დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელიც განიხილა ევროპულმა სასამართლომ გახლდათ Bელგიან Lინგუისტიცს ვ. Bელგიუმ. საქმე ეხებოდა ფრანგულად მოლაპარაკე ბელგიელებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ჰოლანდიურად მოლაპარაკე მუნიციპალიტეტებში და მოითხოვდნენ უფლებას, თავიანთი შვილებისათვის უზრუნველეყოთ განათლება ფრანგულ ენაზე. საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ჩამოაყალიბა ძირითადი პრინციპები და მიდგომები მე-14 მუხლთან დაკავშირებით:

 

თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც განსხვავებას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება. გამართლების არსებობა უნდა შეფასდეს ღონისძიების მიზნებთან და შედეგებთან მიმართებით, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის პრინციპები, რომლებიც პრევალირებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოპყრობის განსხვავება კონვენციით განსაზღვრული უფლების განხორციელებისას არა მხოლოდ უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. მე-14 მუხლის დარღვევა იკვეთება მაშინაც, როცა დადგინდება, რომ პროპორციულობის პრინციპი იყო დარღვეული მისაღწევი მიზნის განხორციელებასა და გამოყენებულ საშუალებას შორის.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპები:


1. აქვს თუ არა ადგილი განსხვავებულ მოპყრობას?

 

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, შესაძლებელია თუ არა სიტუაციების შედარება? ხსენებულ კონტექსტში დისკრიმინაცია წარმოადგენს ხალხისადმი განსხვავებულ მოპყრობას განსხვავებულ სიტუაციებში.
საქმეზე - Van Der Mussels v. Belgium- განმცხადებელი იურისტი ამტკიცებდა, რომ მისი პროფესია მოითხოვდა სამართლებრივი დახმარების გაწევას ანაზღაურების გარეშე, რაც, მისი აზრით, ასევე ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-4 მუხლს. რაც შეეხება დისკრიმინაციას, ის გამოიხატებოდა იმაში, რომ სხვა პროფესიის პირებს არ ეკისრებოდათ ანაზღაურების გარეშე სამუშაოს შესრულების ვალდებულება - მაგალითად, ექიმებს, ვეტერინარებსა და სტომატოლოგებს. სწორედ ხსენებულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ამტკიცებდა დისკრიმინაციის ფაქტს მე-4 მუხლთან მიმართებით. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მე-4 მუხლის დარღვევას. თუმცა, მან იქვე დაადასტურა, რომ ხსენებული არ გამორიცხავს მე-4 მუხლის დარღვევას მე-14 მუხლთან კავშირში. ანალიზის შედეგად სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არსებობდა ფუნდამენტური ხასიათის სხვაობები სხვადასხვა პროფესიებს შორის, რაც ნიშნავდა იმას, რომ მათი შედარება არ შეიძლებოდა.

 

2. ახდენს თუ არა განსხვავებული ქმედება ზეგავლენას კონვენციით გარანტირებულ სუბსტანციურ უფლებაზე?

 

მაშინ, როდესაც მე-14 მუხლის დარღვევის დადგენა შესაძლებელია სასამართლოს მიერ სხვა სუბსტანციური მუხლის დარღვევის აღიარების გარეშე, აუცილებელია იმის დამტკიცება, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა კონვენციით გარანტირებული უფლების ფარგლებს გარეთ არ ხვდება. მაგალითად, საქმეში - K and W v. Netherlands - მოპასუხე მთავრობამ ნება დართო ჰოლანდიელ მოქალაქეთა უცხოელ ცოლებს (და არა ქმრებს), მოეპოვებინათ ჰოლანდიის მოქალაქეობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ დაადგინა, რომ მე-14 მუხლი არ ეხებოდა საჩივარს, რადგანაც კონვენციით მოქალაქეობასთან დაკავშირებული არავითარი უფლება არ არის გარანტირებული.

 


საქმეში - Gaygusuz v Austria - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მე-14 მუხლი ეხება გადაუდებელი სოციალური გადასახადის მიღების უფლებას, რადგანაც ამ უკანასკნელს მოიცავს კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი, როგორც "მატერიალურ სიკეთესთან დაკავშირებულ უფლებას".

 


აღსანიშნავია, რომ ევროპული კონვენციისაგან განსხვავებით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა პაქტი მოიცავს ზოგად დებულებას დისკრიმინაციასთან დაკავშირებით (26-ე მუხლი). ხსენებული დებულების დარღვევა, შესაძლებელია, გასაჩივრებულ იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოების წინააღმდეგ, როდესაც განსხვავებული მოპყრობა არანაირად არ არღვევს და ზეგავლენას არ ახდენს პაქტის სხვა უფლებაზე.

 

3. ემსახურება თუ არა კანონიერ მიზანს განსხვავებული მოპყრობა?

 

რა მიზანს ემსახურება განსხვავებული მოპყრობა? გამართლებულია თუ არა მიზანი ობიექტურად და გონივრულად?
სტრასბურგის სასამართლო მე-14 მუხლის დარღვევას დაადგენს მაშინ, თუკი გასაჩივრებული განსხვავებული მოპყრობა არ ემსახურება კანონიერ მიზანს. საქმეში - Darby v Sweden - განმცხადებელი მუშაობდა შვედეთში მრავალი წლის განმავლობაში _ საკუთარი ადგილსამყოფელის ოფიციალურად დარეგისტრრების გარეშე. მას მოსთხოვეს, გადაეხადა იმ ეკლესიის საეკლესიო მოსაკრებელი, რომელსაც იგი არ ეკუთვნოდა. არადა, ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ საცხოვრებელ ადგილზე, გათავისუფლებულ იქნენ გადასახადისაგან. სასამართლომ ვერ დაადგინა, თუ რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა ხსენებული არათანაბარი მოპყრობა და, შესაბამისად, აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა მე-14 მუხლის დარღვევას დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლთან კავშირში.

 

სასამართლომ ძალიან მტკიცე პოზიცია დაიკავა სქესის საფუძველზე განხორციელებულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, რადგანაც სქესობრივი თანასწორობა წარმოადგენს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს. საქმეში « ვან რაალტი ნიდერლანდების წინააღმდეგ » სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ "ძალიან მყარი მიზეზების არსებობას შეუძლია გაამართლოს მხოლოდ სქესობრივ ნიადაგზე განსხვავებული მოპყრობა, რათა ეს უკანასკნელი შესაბამისობაში იყოს კონვენციასთან". ხსენებულ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლისათვის გარკვეულ სიკეთეებზე უფლების ჩამორთმევა (უშვილო კაცი, რომელიც იყო 45 წლის) იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ეხება გარკვეულ შეღავათებს ბავშვების ყოლასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციული იყო სქესობრივ ნიადაგზე, რადგანაც იმავე ასაკის უშვილო ქალებს არ ეხებოდათ იგივე შეღავათები. სასამართლომ დაადგინა მე-14 მუხლის დარღვევა როგორც ქალებთან, ასევე კაცებთან მიმართებით.

 


სასამართლო ასევე ძალზედ კრიტიკული იყო დაბადების და ეროვნების საფუძველზე განხორციელებულ დისკრიმინაციასთან მიმართებით. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების უარი _ ეროვნების საფუძველზე მიენიჭებინათ თურქი განმცხადებლისათვის სოციალური შეღავათები, რომელიც გამომდინარეობდა სამუშაო შეღავათებიდან - არ ემყარებოდა არანაირი სახის ობიექტურ თუ გონივრულ გამართლებას.

 

4. გამოყენებული საშუალებები არის თუ არა მისაღწევი კანონიერი მიზნის პროპორციული?
მაშინ, როდესაც სხვაობა მოპყრობაში შესაძლოა გამართლებულ იქნეს მრავალ სიტუაციაში, ხსენებულს არ შეუძლია გაამართლოს არაპატიოსანი მოპყრობა. საქმეში Nacional Belgian Union Police v Belgium სასამართლომ დაადგინა, რომ პროფკავშირებისათვის (რომელიც იყო განმცხადებელი) კონსულტაციაზე უარის თქმა პროპორციული შეზღუდვა იყო. იგი ემსახურებოდა გონივრული ბალანსის მიღწევას პროფკავშირებსა და დასაქმებულთა ინტერესებს შორის, რათა უზრუნველყოფილიყო პოლიციელთა შტატის შეჯერება და დაბალანსება.

 

5. არასათანადო მოპყრობის ხარისხი ნებისმიერ შემთხვევაში აჭარბებს იმ თავისუფლებას, რაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფოებს კონვენციის გამოყენებისას?

 

მე-14 მუხლის გამოყენების დროს სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან, ისარგებლონ შეფასების ზღვრის გარკვეული თავისუფლებით მაშინ, როცა ხდება განსაზღვრა _ აქვს თუ არა ადგილი დარღვევას. ნებადართული შეფასების ზღვარი დამოკიდებულია განსახილველი საკითხის ხასიათთან, როგორიც არის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები. შეფასების ზღვარი როგორც წესი, ძალზედ ფართოა. არადა იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ეხება ოჯახურ ცხოვრებაზე უფლებას, ასევე, რასობრივ გადახრასთან დაკავშირებულ შემთხვევებში შეფასების ზღვარი შეზღუდული იქნება. შაქმე « პეტროვიცი ავსტრიის წინააღმდეგ »  ეხებოდა ხელისუფლების ორგანოების უარს, მიეცათ ანაზღაურებადი შვებულება მამებისათვის იმის საფუძველზე, რომ განსახილველი შეღავათი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ დედებისათვის. განმცხადებელი ამტკიცებდა მე-14 მუხლის დარღვევას მე-8 მუხლთან კავშირში (უფლება ოჯახურ ცხოვრებაზე). სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული უარი წარმოადგენდა განსხვავებულ მოპყრობას სქესობრივ საფუძველზე და რომ დედები და მამები იყვნენ ანალოგიურ მდგომარეობაში მაშინაც, როცა საქმე ეხებოდა შვილების მოვლას. თუმცაღა, სასამართლომ დაადგინა, რომ ავსტრიის ხელისუფლების ორგანოებს არ გადაულახავთ შეფასების ზღვარი, რადგანაც ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არ არსებობდა საერთო მიდგომა ამ სფეროში. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მე-14 მუხლის დარღვევას.

 


განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საქმეზე « ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ » (განაცხადები #43577/98 და 43579/98). აღნიშნულ განაცხადებში ძირითადად განხილული იყო მტკიცების ტვირთისა და შესაბამისი ხარისხის ასპექტები დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ევროპული სასამართლო მეტად მაღალი ხარისხით ითხოვს განმცხადებლებისაგან დისკრიმინაციის დადასტურებას, მრავალ განაცხადში, რომლებიც სასამართლომ განიხილა თურქეთის წინააღდეგ მის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების მიმართ განხორციელებულ მოპყრობებთან დაკავშირებული, თითქოსდა ერთი შეხედვით ნათელი იყო, რომ ადამიანის უფლებათა ის მრავალრიცხოვანი დარღვევები, რომლებიც ასეულობით საქმეში იქნა დადგენილი სასამართლოს მიერ, მოტივირებული იყო სწორედ დისკრიმინაციული მოპყრობით ეთნიკურ ნიადაგზე, სასამართლომ განაცხადა, რომ მას არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, რათა დაედგინა, რომ დარღვევები მოტივირებული იყო სწორედ მე-14 მუხლით აკრძალულ დისკრიმინაციულ ნიადაგზე.

 


სასამართლოს თანახმად წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ადგენს ყველაზე მაღალ სტანდარტს `გონივრული ეჭვის ზღვარს მიღმა~. სასამართლოს მტკიცებით აღნიშნული აუცილებელია იმისათვის, რომ განხილულ იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი და არა სისხლის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც განიხილება ხოლმე სახელმწიფოებში ეროვნულ დონეზე და რომელიც ხშირად არ ითხოვს მტკიცებულებათა წარდგენის ასეთ მაღალ სტანდარტს. ნაჩოვას საქმეში განმცხადებლები ამტკიცებდნენ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას, ვინაიდან ბ-ნი პეტკოვისა და ბ-ნი ანგელოვის სიკვდილის მიზეზი იყო ბოშური წარმოშობის პირთა მიმართ მტრული დამოკიდებულება. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, გამოეძიებინა შესაძლო რასისტული მოტივები. მთავრობა არ ეთანხმებოდა განმცხადებელთა ბრალდებას.

 

7 მოსამართლისაგან შემდგარმა პალატამ აღნიშნა, რომ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებში მე-2 და მე-14 მუხლები ერთად აკისრებდა სახელმწიფო ხელისუფლებას, ჩაატარონ ეფექტური გამოძიება მიუხედავად მსხვერპლის რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილებისა. მან ასევე მიიჩნია, რომ ხელისუფლებას ეკისრებოდა დამატებითი ვალდებულება, განეხორციელებია ყველა გონივრული ღონისძიება, რათა გამოევლინა ნებისმიერი რასობრივი მოტივი იმ შემთხვევებში, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენებასთან.

 

მოცემულ საქმეში, მიუხედავდ მ.მ-ის განცხადებისა რასობრივი სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ და სხვა მტკიცებულებებისა, რომლებსაც უნდა ხელისუფალთათვის მიენიშნებინათ შესაძლო რასისტული მოტივების შესახებ, მათ არ ჩაუტარებიათ გამოძიება აღნიშნული მიმართულებით. შესაბამისად, ხელისუფლებამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობდა ერთად აღებული კონვენციის მე-14 მუხლიდან და მე-2 მუხლიდან.

 

ვინაიდან არსებობდა გარკვეული მტკიცებულებითი სირთულეები დისკრიმინაციის არსებობის დასამტკიცებლად, პალატამ მიიჩნია, რომ მტკიცებულებების საკითხს სპეციალური მდიგომა სჭირდება: როდესაც ხელისფულება ბოლომდე არ გამოიძიებს ფაქტები, საიდანაც აშკარად ჩანს სახელმწიფო მოხელეთა მიერ ძალის გამოყენება, და არ მიაქცევს ყურადღებას შესაძლო დისკრიმინაციის თაობაზე მტკიცებულებებს, სასამართლომ შესაძლოა უარყოფითი დასკვნები გააკეთოს ან მტკიცების ტვირთი დააკისროს მოპასუხე სახელმწიფოს კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამიასდ შეტანილი განაცხადის განხილვისას.

 

საქმეზე არსებული ფაქტების შესახებ პალატამ მიიჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოების ქმედებებმა – კერძოდ ის, რომ მათ არ განუხილავთ, თუ რატომ გამოიყენა მაიორმა გ-მ აშკარად გადამეტებული ძალა და მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ იგი რასისტულ განცხადებებს აკეთებდა – გამოიწვია მტკიცების ტვირთის შეცვლა. ამრიგად, მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრებოდა ვალდებულება, დაერწმუნებინა სასამართლო დამატებითი მტკიცებულების ან დამარწმუნებელი ახსნა-განმარტების მეშვეობით, რომ გასაჩივრებული მოვლენები არ იყო განპირობებული სახელმწიფო მოხელეთა რასისტული განწყობით.

 

ვინაიდან მთავრობამ ვერ წარმოადგინა დამარწმუნებელი ახსნა-განმარტება და იმის გათვალისწინებით, რომ სხვა საქმეებში სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთში სამართალდამცავი ოფიცრები ბოშების მიმართ იყენებდნენ ძალას, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი, პალატამ დაასკვნა, რომ დაირღვა მე-14 მუხლის არსობრივი ასპექტები კონვენციის მე-2 მუხლთან ერთად აღებული.

 

დიდი პალატის წინაშე გამართული სამართალწარმოებისას განმცხადებლები იზიარებდნენ პალატის მოსაზრებას, რომ ხელშემკვრელმა სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება გამოიძიოს ძალადობის შემთხვევებში შესაძლო რასისტული მოტივები და რომ მტკიცების ტვირთი შეიძლება დაეკისროს მოპასუხე სახელმწიფოს. წერილობით ახსნა-განმარტებებში განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ დისკრიმინაციასტან დაკავშირებულ საქმეებზე მტკიცების ტვირთი არ უნდა იყოს “გონივრულ ეჭვს მიღმა” და ისეთ საქმეებში, როგორიც ესაა, მტკიცების ტვირთი ყოველთვის მოპასუხე სახელმწიფოს უნდა დაეკისროს, თუ prima facie დადასტურდება დისკრიმინაციასთან დაკავშირებული შემთხვევის არსებობა, ანუ თანაბარ მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა. საქმეში მე-3 მხარედ ჩართული ცნობილი ორგანიზაციაInteright, რომელიც მოქმედებს ადამიანის უფლებათა სფეროში, აკრიტიკებდა “გონივრულ ეჭვს მიღმა” სასამართლოს სტანდარტს, ვინაიდან ქმნიდა გადაულახავ წინააღმდეგობას დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად.Interight -ის პოზიციის თანამხად, დისკრიმინაციისაგან უკეთ იცავდნენ საერთო სამართლის იურისდიქციის ქვეყნები, სადაც გამოიყენებოდა “შესაძლებლობების ბალანსის” სტანდარტი მტკიცებულებათა განხილვისას. სამოქალაქო სამართლის ქვეყნებში მოსამართლეებს აქვთ ფაქტების დადგენის ფუნქცია და შესაბამისად, თეორიულად მაინც შეეძლოთ მოეთხოვათ მტკიცებულების უფრო მაღალი ხარისხი. აქედან გამომდინარე საერთო სამართლის ქვეყნებში დისრიმინაციისაგან სასამართლო დაცვა უკეთ ხორციელდებოდა.

 

Interight-ის მტკიცებით, საერთაშორისო პრაქტიკა მხარს უჭერს, რომ დისკრიმინაციის საქმეებში მტკიცების ტვირთი დაეკისროს მოპასუხეს, თუ მომჩივანი დაადასტურებდა რომ prima facie არსებობდა საქმე. ამ მოსაზრებას იზიარებდა ევროკავშირის რამდენიმე დირექტივა, ევროგაერთაინებების სამართლიანობის სასამართლო, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი და ეროვნული სასამართლოები ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და სხვა სახელმწიფოებში. Interight -მა ასევე მოიყვანა რამდენიმე მაგალითი თუ რა სახის მტკიცებულებებს შეუძლია ეროვნულ იურისდიქციაში prima facie დისკრიმინაციის შემთხვევის დადასტურება: არასასურველ მდგომარეობაში ყოფნის “ზოგადი სურათის” მტკიცებულება, დისკრიმინაციის შესახებ “საერთო ცოდნა”, ფაქტები “საერთო ცხოვრებიდან”, ფაქტები, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია და გარემოებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები.

 

მიუხედავად ზემოხსენებული არგუმენტაციისა სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლისა და მე-3 მხარის, ისევე როგორც 7 მოსამართლისაგან შემდგარი პალატის პოზიცია და განაცხადა, რომა დგილი არ ჰქონია მე-2 მუხლით დაკისრებული ნეგატიური ვალდებულების დარღვევას დისკრიმინაციულ ნიადაგზე. თუმცა სასამართლომ განაცხადა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა შეიძლებოდა იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოს მიერ გამოძიების არაჯეროვნად წარმოება და პოზიტიური ვალდებულების დარღვევა განპირობებული იყო დისკრიმინაციულ ნიადაგზე.

 

III დასკვნა


მიუხედავად მრავალი საერთაშორისო აქტისა, რომლებიც ცალსახად კრძალავენ დისკრიმინაციას, ჯერ კიდევ ჯეროვნად არ არის განმარტებული საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების მიერ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტორი. კვლავ კამათის საგნად რჩება თუ მტკიცების რა სტანდარტი უნდა იქნეს გამოყენებული, კვლავაც შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საზედამხედველო ორგანოები ძალიან დიდი სიფრთხილით უდგებიან დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების განხილვას და ხშირ შემთხვევაში ერიდებიან დისკრიმინაციის ფაქტის აღიარებას. ამავე დროს კვლავაც სადაო რჩება, რამდენად მართებულია კონკრეტული უფლების (მაგალითად სიცოცხლის უფლების ან წამების აკრძალვის) არსებითი და პროცედურული საკითხების დისკრიმინაციის ამკრძალველ დებულებებთან მიმართებაში ცალ-ცალკე განხილვა. ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების განუწყვეტელი ზრდა ისევე როგორც ისეთი მნიშვნელოვანი აქტების ამოქმედება და იმპლემენტაცია როგორიც არის მაგალითად ევროპული კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დისკრიმინაციასთან დაკავშირბეული დებულებების ყველა ასპექტის ნათლად წარმოჩენასა და განმარტებას.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group