GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

იუნესკოს ტოლერანტობის პრინციპთა დეკლარაცია


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური კონფერენციის ოცდამერვე სხდომა

პარიზი, 1995 წლის 25 ოქტომბერი – 16 ნოემბერი

 

პრეამბულა


შეგვახსენებენ რა, რომ გაეროს წესდებაში ნათქვამია: ,,ჩვენ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხებმა, მტკიცედ გადავწყვიტეთ, თავიდან ავაცილოთ მომავალ თაობებს ომის საშინელი შედეგები, ... კვლავ დავამკვიდროთ რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ფასეულობისა, ... და ამ მიზნით გამოვიჩინოთ შემწყნარებლობა და ერთად, ერთმანეთთან მშვიდობიანად და კეთილმეზობლურად ვიცხოვროთ”,

 

შეგვახსენებენ რა, რომ იუნესკოს 1945 წლის 16 ნოემბერს მიღებული წესდების პრეამბულაში ნათქვამია, რომ: ,,იმისათვის, რომ შენარჩუნდეს მშვიდობა, იგი უნდა დაეფუძნოს კაცობრიობის ინტელექტუალურ და ზნეობრივ სოლიდარობას”,

 

შეგვახსენებენ, აგრეთვე, რა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აცხადებს: ,,ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა” (მუხლი 18), ,,აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისა” (მუხლი 19), და რომ განათლებამ ,,ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას” (მუხლი 26),

 

ეყრდნობიან რა შესაბამის საერთაშორისო ინსტრუმენტებს, მათ შორის:

 

-         სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს,

-         ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტს,

-         საერთაშორის კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად,

-         კონვენციას გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ,

-         ბავშვის უფლებათა კონვენციას,

-         1951 წლის კონვენციას ლტოლვილთა სტატუსთან დაკავშირებით და მის 1967 წლის ოქმს და რეგიონულ ინსტრუმენტებს,

-         კონვენციას ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ,

-         კონვენციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის შესახებ,

-         დეკლარაციას რელიგიისა თუ რწმენის ნიადაგზე შეუწყნარებლობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ,

-         დეკლარაციას ეროვნული თუ ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობების უფლებათა შესახებ,

-         დეკლარაციას საერთაშორისო ტერორიზმის აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ,

-         ადამიანის უფლებათა მსოფლიო კონფერენციის ვენის დეკლარაციას და სამოქმედო პროგრამას,

-         სოციალური განვითარების თემაზე კოპენჰაგენში გამართული მსოფლიო სამიტის მიერ მიღებულ დეკლარაციას და სამოქმედო პროგრამას,

-         იუნესკოს დეკლარაციას რასისა და რასობრივი ცრურწმენების შესახებ,

-         იუნესკოს კონვენციას და რეკომენდაციას განათლებაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ;

 

ითვალისწინებენ რა რასიზმთან და რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის მესამე ათწლეულის, ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების მსოფლიო ათწლეულისა და მსოფლიოს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო ათწლეულის ფარგლებში დასახულ მიზნებს,

 

ითვალისწინებენ რა იუნესკოს გენერალური კონფერენციის № 27 C/5.14 რეზოლუციის შესაბამისად, გაეროს ტოლერანტობის წლის ფარგლებში ჩატარებული რეგიონული კონფერენციების რეკომენდაციებს, ასევე გაეროს ტოლერანტობის წლის პროგრამის ფარგლებში წევრი სახელმწიფოების მიერ ჩატარებულ სხვა კონფერენციებსა და შეხვედრებზე მიღებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს,

 

შეშფოთებულნი არიან რა ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობათა, ლტოლვილთა, მიგრანტ მშრომელთა, იმიგრანტთა და საზოგადოებების დაუცველ ჯგუფთა მიმართ ბოლო დროს გახშირებული შეუწყნარებლობის, ძალადობის, ტერორიზმის, ქსენოფობიის, აგრესიული ნაციონალიზმის, რასიზმის, ანტისემიტიზმის, გარიყვის, მარგინალიზაციისა და დისკრიმინაციის შემთხვევებით, ასევე ძალადობისა და დაშინების აქტებით იმ პირების მიმართ, ვინც სარგებლობს შეხედულებისა და გამოხატვის საკუთარი თავისუფლებით - ყველაფერი იმით, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და დემოკრატიის განმტკიცებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეებზე და წარმოადგენს დაბრკოლებას განვითარებისთვის,

 

ყურადღებას ამახვილებენ რა წევრ სახელმწიფოთა პასუხისმგებლობაზე - დაამკვიდრონ და ხელი შეუწყონ ყველა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას, რასის, სქესის, ენის, ეროვნული წარმომავლობის, რელიგიისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე განსხვავების გარეშე, და ებრძოლონ შეუწყნარებლობას,

 

ღებულობენ და საზეიმოდ აცხადებენ დეკლარაციას ტოლერანტობის პრინციპების შესახებ


მივიღეთ რა მტკიცე გადაწყვეტილება, განვახორციელოთ ყველანაირი პოზიტიური ზომები, რომლებიც აუცილებელია ჩვენს საზოგადოებებში ტოლერანტობის დამკვიდრების ხელშესაწყობად, ვინაიდან ტოლერანტობა არა მარტო უმნიშვნელოვანესი პრინციპია, არამედ აუცილებლობაც იმისათვის, რომ შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა, ასევე ყველა ხალხის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის აუცილებლობაც,

 

ვაცხადებთ შემდეგს:

 

მუხლი 1 - ტოლერანტობის მნიშვნელობა


1.1 ტოლერანტობა მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავაფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში, ეს მარტო მორალური ვალი კი არა, პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა. ტოლერანტობა სათნოებაა, რომელიც ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას განაპირობებს.

 

1.2 ტოლერანტობა არ არის დათმობა, მოწყალება ან შეწყნარება. უპირველეს ყოვლისა, ტოლერანტობა აქტიური დამოკიდებულებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სხვა ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება. არანაირ გარემოებებში არ შეიძლება ამ ძირითადი ფასეულობების ხელყოფის გამართლება ტოლერანტობით. ტოლერანტობა უნდა გამოიჩინონ ცალკეულმა ადამიანებმა, ჯგუფებმა და სახელმწიფოებმა.

 

1.3 ტოლერანტობა პასუხისმგებლობაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებების, პლურალიზმის (მათ შორის კულტურული პლურალიზმის), დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას. ტოლერანტობა გულისხმობს დოგმატიზმზე და აბსოლუტიზმზე უარის თქმას და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებში ჩამოყალიბებული სტანდარტების დადასტურებას.

 

1.4 ტოლერანტობის გამოვლინება, რაც ადამიანის უფლებების პატივისცემას გულისხმობს, არ ნიშნავს სოციალური უსამართლობის შეწყნარებას ან ადამიანის მიერ საკუთარ შეხედულებებზე უარის თქმას ან მათ დათმობას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი თავისუფალია, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები და მრწამსი იგი და აღიარებს სხვა ადამიანების უფლებას, ჰქონდეთ თავიანთი. ეს ნიშნავს იმ ფაქტის აღიარებას, რომ ადამიანებს, რომლებიც ბუნების ძალით განსხვავდებიან ერთმანეთისგან შესახედაობით, მდგომარეობით, მეტყველებით, ქცევით და ფასეულობებით, აქვთ უფლება, იცხოვრონ მშვიდობიანად და იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან.  ეს იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანის შეხედულებები არ უნდა მოეხვეს თავს სხვებს.

 

მუხლი 2 - სახელმწიფო დონე


2.1 ტოლერანტობა სახელმწიფო დონეზე საჭიროებს სამართლიან და მიუკერძოებელ კანონმდებლობას, კანონის დაცვას და სასამართლო და ადმინისტრაციულ საპროცესო ნორმებს. ასევე აუცილებელია, რომ თითოეული ადამიანისთვის, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობები. გარიყვამ და მარგინალიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების დათრგუნვა, მტრული დამოკიდებულებები და ფანატიზმი.

 

2.2 იმისათვის, რომ საზოგადოება უფრო ტოლერანტული გახდეს, სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ ადამიანის უფლებათა არსებული საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება და მიიღონ ახალი კანონმდებლობა, როდესაც ეს საჭიროა საზოგადოების ყველა ჯგუფისა და ცალკეული წევრის მიმართ თანასწორი დამოკიდებულებისა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

 

2.3 საერთაშორისო ჰარმონიის მისაღწევად არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანებმა, თემებმა და ერებმა აღიარონ ადამიანთა ოჯახის მრავალი კულტურისგან შემდგარი ხასიათი და პატივი სცენ მას. ტოლერანტობის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა, ხოლო მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება ან დემოკრატია.

 

2.4 შეუწყნარებლობამ შეიძლება მიიღოს საზოგადოების დაუცველი ჯგუფების მარგინალიზაციის, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან მათი გარიყვისა და მათ მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ფორმა. როგორც რასისა და რასობრივი ცრურწმენების შესახებ დეკლარაციაშია განცხადებული, ,,ყველა ადამიანს და ჯგუფს აქვს უფლება, იყოს სხვებისგან განსხვავებული” (მუხლი 1.2).

 

მუხლი 3 - სოციალური ასპექტები


3.1 თანამედროვე მსოფლიოში ტოლერანტობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდმე ოდესმე. ეს არის ეკონომიკის გლობალიზაციისა და სწრაფად მზარდი მობილურობის, კომუნიკაციების, ინტეგრაციისა და ურთიერთდამოკიდებულების ხანა, რომელსაც ახასიათებს ფართომასშტაბიანი მიგრაცია და მოსახლეობის გადანაცვლება, ურბანიზაცია და საზოგადოებათა მოდელების ცვლილება. ვინაიდან მსოფლიოს ყველა ნაწილს ახასიათებს მრავალფეროვნება, შეუწყნარებლობისა და შუღლის ესკალაცია ყველა რეგიონს ემუქრება. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნით – ეს გლობალური საფრთხეა.

 

3.2  ტოლერანტობა აუცლებელია როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობებში, ისე ოჯახისა და თემის დონეებზე. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, არაფორმალური განათლების მეშვეობით, შინ თუ სამსახურში უნდა ხდებოდეს ტოლერანტობის დამკვიდრება და ღიაობის, ერთმანეთის აზრების მოსმენის და სოლიდარობის განმტკიცება. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს აქვთ შესაძლებლობა, კონსტრუქციული როლი შეასრულონ თავისუფალი და ღია დიალოგისა და დისკუსიის ხელშეწყობაში – მათ შეუძლიათ საზოგადოებაში გაავრცელონ ტოლერანტობის ფასეულობები და ყურადღება გაამახვილონ იმ საფრთხეებზე, რომლებიც თან სდევს გულგრილობას შეუწყნარებლობის მქადაგებელი მომძლავრებული ჯგუფებისა და იდეოლოგიების მიმართ.

 

3.3 როგორც რასისა და რასობრივი ცრურწმენების შესახებ იუნესკოს დეკლარაციაშია ნათქვამი, უნდა გატარდეს ღონისძიებები, რათა ყველგან, სადაც ეს საჭიროა, უზრუნველყოფილი იქნეს ღირსებისა და უფლებების თანასწორობა ადამიანებისა და ჯგუფებისათვის. ამ თვალსაზრისით საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს დაუცველ, სოციალურად თუ ეკონომიკურად არახელსაყრელ პირობებში მყოფ ჯგუფებს, რათა მათთვის ხელმისაწვდომი იყოს სამართლებრივი და სოციალური დაცვა, კერძოდ, საცხოვრებლის, დასაქმების და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი კულტურისა და ფასეულობების თვითმყოფადობის მიმართ პატივისცემა და მათი სოციალური და პროფესიული წინსვლისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით განათლების მეშვეობით.

 

3.4 ამ გლობალურ გამოწვევაზე საერთაშორისო საზოგადოების რეაგირების კოორდინაციის მიზნით უნდა ჩატარდეს შესაბამისი სამეცნიერო კვლევები და დამყარდეს კონტაქტები, სოციალური მეცნიერებების მიერ უნდა ჩატარდეს ამ მოვლენის ძირეული მიზეზების და ქმედითი საპასუხო ზომების ანალიზი, ასევე უნდა ჩატარდეს კვლევა და მონიტორინგი წევრ სახელმწიფოთა მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და ნორმების შემოღების ხელშესაწყობად.

 

მუხლი 4 - განათლება


4.1 განათლება შეუწყნარებლობის თავიდან აცილების ყველაზე ქმედითი საშუალებაა. ტოლერანტობის სულისკვეთებით ადამიანებისთვის განათლების მიწოდება უპირველეს ყოვლისა გულისხმობს მათთვის იმის სწავლებას, თუ რას წარმოადგენს მათი საერთო უფლებები და თავისუფლებები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ამ უფლებებისა და თავისუფლებების ხორცშესხმა, ასევე გულისხმობს ადამიანებში სურვილის გაღვიძებას, დაიცვან სხვა ადამიანთა უფლებები და თავისუფლებები.

 

4.2 ტოლერანტობის დამკვიდრების მიზნით განათლება გადაუდებელი იმპერტივის სახით უნდა იქნეს განხილული; სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ხელი შეეწყოს ტოლერანტობის სწავლების სისტემატურ და რაციონალურ მეთოდებს, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებს შეუწყნარებლობის კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და რელიგიურ წყაროებზე - ძალადობისა და ადამიანების გარიყვის ამ ძირეულ ფესვებზე. საგანმანათლებლო პოლიტიკამ და პროგრამებმა ხელი უნდა შეუწყონ ურთიერთგაგების, სოლიდარობისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე ეთნიკურ, სოციალურ, კულტურულ, რელიგიურ და ენობრივ ჯგუფებს შორის.

 

4.3 ტოლერანტობასთან დაკავშირებული განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ისეთი სხვადასხვა ზეგავლენისთვის დაპირისპირებას, რომლებიც იწვევს შიშს და სხვა ადამიანების გარიყვას, და ხელს უნდა უწყობდეს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი, კრიტიკული და ზნეობრივ კატეგორიებზე დამყარებული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას.

 

4.4 ჩვენ საზეიმო დაპირებას ვიძლევით, რომ მხარს დავუჭერთ და განვახორციელებთ სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს სოციალურ სფეროში და ხელს შევუწყობთ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებებისა და ძალადობის უარყოფის დამკვიდრების მიზნით განათლებას. ეს გულისხმობს საგანგებო ყურადღების მიპყრობას მასწავლებელთა მომზადების, სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და გაკვეთილების შინაარსისა და სხვა სასწავლო მასალების, მათ შორის ახალი სასწავლო ტექნოლოგიების, გაუმჯობესებაზე, რაც მიზნად ისახავს ადამიანების აღზრდას მზრუნველ და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მოქალაქეებად, რომლებსაც აქვთ უნარი, აღიქვან სხვა კულტურები, დააფასონ თავისუფლება, პატივი სცენ ადამიანის ღირსებას და განსხვავებულობას და თავიდან აიცილონ კონფლიქტები ან გადაჭრან ისინი არაძალადობრივი საშუალებებით.

 

მუხლი 5 - მოქმედებისთვის მზადყოფნა


ჩვენ პირობას ვიძლევით, რომ ხელს შევუწყობთ ტოლერანტობისა და არაძალადობრივი ქმედების დამკვიდრებას  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და კომუნიკაციის სფეროებში პროგრამებისა და ინსტიტუტების მეშვეობით.

 

მუხლი 6 - ტოლერანტობის საერთაშორისო დღე


საზოგადოებაში ცოდნის გაღრმავების, შუწყნარებლობის საფრთხეებზე ყურადღების გამახვილებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობისა და მასთან დაკავშირებული განათლების მიმართულებით ძალისხმევის გაფართოებისა და განმტკიცების მიზნით საზეიმოდ ვაცხადებთ 16 ნოემბერს ტოლერანტობის ყოველწლიურ საერთაშორისო დღედ.

 

თარგმნილია ტოლერანტობის ცენტრის შეკვეთით

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group