GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა სოფელ წინწყაროში მომხდარი ინციდენტის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას შეისწავლოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მომხდარი ინციდენტი და გაატაროს სათანადო ღონისძიებები ამ სოფლის მუსლიმი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნით. 

  
2012 წლის 29 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ადგილობრივ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირების შესახებ. 
  
2012 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფელ წინწყაროში და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ადგილობრივი მეჩეთის წინამძღოლს, მარად ღორჯომელაძეს. ახსნა-განმარტების თანახმად, სოფლის ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი  აპროტესტებს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან რელიგიური თავისუფლებით სარგებლობას, რის გამოც, მარად ღორჯომელაძეზე რელიგიური ნიშნით ზეწოლას ახორციელებს. კერძოდ, 2012 წლის 29 ნოემბერს მარად ღორჯომელაძეს რელიგიურ ნიადაგზე სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხოფა და დაემუქრნენ, რომ თუ არ შეწყვეტდა მეჩეთის მშენებლობას დაუწვავდნენ სახლს და გააძევებდნენ სოფლიდან. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, მისი ოჯახის მიმართ მუქარა დღემდე გრძელდება. 

ინციდენტს ჰქონდა ადგილი 2012 წლის 30 ნოემბერსაც. კერძოდ, მუსლიმურ სალოცავთან შეკრებილი მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილმა, მუსლიმების მიერ რელიგიური წეს-ჩვეულებების აღსრულება გააპროტესტა. პროტესტი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა ადგილზე მყოფი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ჩარევის შემდგომ, სიტუაცია განიმუხტა და მუსლიმ მოსახლეობას რელიგიური რიტუალების შესრულებაში ხელი არ შეშლია. 
  
სამწუხაროდ, სოფელ წინწყაროში მიმდინარე პროცესები ბოლო პერიოდში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა მუსლიმ მოსახლეობას უპირისპირდება და აცხადებს პროტესტს მათი მხრიდან რელიგიური თავისუფლების განხორციელებაზე. პირველ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სოფელ ნიგვზიანში 2012 წლის ოქტომბრის თვეში. 
  
  
საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა, თუმცა ჩვენთვის ამ ეტაპზე ოფიციალური პასუხი გატარებული ღონისძიებების შესახებ ცნობილი არ არის.  
  
ვინაიდან, მსგავსი ფაქტები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შუღლის საფუძველი, კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველა სათანადო ორგანოს გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group