შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედი გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში

2014 წლის 30 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და 2012-13 წლების სამოქმედი გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის სამუშაო ვერსიის წარდგენა სახელმწიფო უწყებებისადმი.
ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და ტოლერანტობის ცენტრის მიერ, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება” (ANI) მხარდაჭერით.
შეხვედრას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი, რეინტეგრაციის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, პაატა ბელთაძემ.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოსა და ექსპერტების ანგარიშები კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობის კუთხით წარმოადგინა საქართველოს რეფორმების ასოციაციის წევრმა დენოლა ჩხარტიშვილმა, სახელმწიფო ენისა და განათლების საკითხებზე ისაუბრა სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელმა, კახა გაბუნიამ, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების თემაზე მოხსენება წარმოადგინა კულტურის მიმართულების ექსპერტმა, ეკა ჭითანავამ, ხოლო მედიის მიმართულებით, მედიის ექსპერტმა, ქეთევან მსხილაძემ.
მოხსენებების გარშემო გაიმართა დისკუსია; საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშის სამუშაო ვერსიაში შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციებს ერთი კვირის განმავლობაში წარუდგენენ დარგის ექსპერტებს.