GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

2014 წლის 17  ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გახსნა. შეკრებილ სტუმრებს მიესალმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ტომას მორისი.

https://m.flickr.com/#/photos/124789731@N04/15625822218/in/set-72157647003114374/

 

„გულწრფელად, შეულამაზებლად დავსვათ კითხვა, რამდენად იძლევა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი რეალობა, იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტულები, რომ სახელმწიფო ერთნაირად უზრუნველყოფს და იცავს ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის რელიგიის თავისუფლებას, რამდენად არიან დაცული დისკრიმინაციული მოპყრობისგან განსხვავებული ეთნოსის, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები, რამდენად არიან დაცული ქალები ძალადობისგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დამამცირებელი მოპყრობისგან, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ღონისძიების გახსნაზე.


აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტომას მორისმა ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრების საქმეში საქართველო–ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.


სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბექა მინდიაშვილმა მიმოიხილა 2014 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის სფეროში არსებული მიღწევები და პრობლემები. ისაუბრა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოეს „ტოლერანტობის ქომაგები“ – ის პიროვნებები, ორგანიზაციები და მედია საშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. წელს რელიგიათა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ტოლერანტობის ქომაგები სახელმწიფო მოხელეებს შორისაც გამოევლინათ.

 

რელიგიათა საბჭომ ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭა: ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს, ნარგიზ ჯინჭარაძეს, მედიის განვითარების ფონდს (MDF), ლევან სუთიძის საავტორი გადაცემას „საუბრები რელიგიაზე“ და საქართველოს პარლამენტის წევრს, თამარ კორძაიას.

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ტოლერანტობის ქომაგის წოდებით დააჯილდოვა ისტორიკოსი, გია ანჩაბაძე და „გურჯისტანის“ ყოფილი რედაქტორი სულეიმან სულეიმანოვი; საქართველოს პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი; საქართველოს ქალთა საბჭო და საზოგადოებრივი მაუწყებლის უმცირესობების ენებზე მაუწყებლობა.

 

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტომას მორისმა დააჯილდოვეს ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულები.

 

მედიაკონკურსში პირველი ადგილის მფლობელი გახდა  ეკა კუხალაშვილი  „ქუთაისი პოსტ-ში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის „ქართული „სტერილური“ ისტორიოგრაფია და სახელმძღვანელოები მუსლიმი მოღვაწეების გარეშე“; მეორე ადგილი წილად ხვდა გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს თამარ უჩიძეს სტატიისთვის „ბრძოლა სალოცავისთვის“; ხოლო  მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ  გელა მთივლიშვილი - კახეთის საინფორმაციო ცენტრი, სტატიით „აკრძალული ლოცვა“ და ირმა კახურაშვილი - ჟურნალი „National Geographic“ სტატიით „მუსლიმების ქართული სახლი“.

 

* * *

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group