GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრების შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან

2015 წლის 20 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრები იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდნენ.

 

საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა თემებს, რომელთა წარმომადგენლებიც არიან სახალხო დამცველთან არსებულ საბჭოში გაერთიანებული, განსხვავებული ხასიათის პრობლემები და გადასაჭრელი საკითხები ქონდათ იუსტიციის მინისტრთან განსახილველი.

 

განხილულ საკითხთა შორის იყო ძველი ტრადიციის მიხედვით, სახლის პირობებში გაჩენილი ბავშვების რეგისტრაციის სირთულეები. პრობლემების გადაჭრის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის თანახმად, დაბადებისა და გარდაცვლილების რეგისტრაცია სოფლის რწმუნებულებს დაევალებათ. ასევე, დაბადების ფაქტების  დასადგენად და მოწმობების გადასაცემად, მოეწყობა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა გასვლები რეგიონებში. საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებულად გაესვა ხაზი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების საქმეში საბჭოს წევრთა მონაწილეობის მნიშვნელობას.


საქართველოში მცხოვრები გერმანული თემის წარმომადგენლები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონის იმპლემენტაციის საკითხით დაინტერესდნენ. მინისტრის  განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საკომპენსაციო თანხა რამდენჯერმე გაიზარდა.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იეზიდური თემის გვარების იდენტიფიცირების პრობლემას და ამ პრობლემის მოგვარების გზებს. რუსეთის იმპერიის მთავრობამ კავკასიაში მცხოვრებ ქურთებს რეგისტრაციისას გვარები შეუცვალა. დღეს ეთნიკურად ქურთი მოსახლეობის ნაწილს თავისი ძველი გვარის აღდგენა სურს, რაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.


ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ყველა წევრისათვის საინტერესო იყო საქართველოდან სხვა ქვეყნებში წასული და მოქალაქეობაშეწყვეტილი პირებისათვის საკარმიდამო მიწების რეგისტრაციის საკითხი.


სამინისტროს განმარტებით, ის შეზღუდვები, რომელიც 2013 წლიდან 2014 წლის დეკემბრამდე მოქმედებდა, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, მოხსნილია და ამ ეტაპზე მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პრობლემა არ არსებობს, თუმცა სამინისტროს მომზადებული აქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს მიწის ფლობის უფლებას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მემკვიდრეებისათვის, კომლის წევრებისა და ინვესტორებისათვის.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ გადაამოწმა ქვეყანაში მაცხოვრებელთა მოქალაქეობის საკითხები და იმ პირებს, რომელთაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ქონდათ მიღებული, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ. ასეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი ადამიანი აღმოჩნდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი, ეროვნებით სომეხი მოქალაქეები. თუმცა, იუსტიციის სამინისტრომ ძირითადად დააკმაყოფილა ბინადრობის უფლების თხოვნის განცხადებები. მინისტრის ცნობით, ბოლო 6 თვის მანძილზე 2357 განმცხადებლიდან 1636 უკვე მიიღო ბინადრობის უფლება, 682 მოთხოვნა განხილვის პროცესშია და მხოლოდ 23 პირს ეთქვა უარი.


სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრები და სამინისტროს წარმომადგენლები მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.


„სახალხო დამცველი ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ხელისუფლებასთან დიალოგის წარმართვაში, რათა უშუალოდ პირველი პირებისგან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. იუსტიციის მინისტრთან გამართული შეხვედრა სწორედ ამ დიდი პროცესის ერთი ნაწილი იყო“, - განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group